ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალი სტუდენტური წელიწდეული ჰუმანიტარული კვლევები |
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘ დავით გრძელიშვილი მეფეთა ზეთისცხება ბიბლიაში და მისი ასახვა ევროპელ მონარქთა კორონაციაში შუა საუკუნეების მონარქთა ზეთისცხების ტრადიცია ბიბლიურ მეფეთა ისტორიიდან იღებს სათავეს. რას განასახიერებდა მეფეთა ზეთისცხება? ვინ სცხებდა მეფეს ზეთს? რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი ეს რიტუალი? ზეთისცხების ფაქტის უადრესი შემთხვევა ბიბლიაში, მეფეთა პირველ წიგნში დასტურდება. მოვლენები ძვ. წ. XI საუკუნეში ვითარდება, როცა იწყება ისრაელის სამეფოს სახელმწიფოებრივ ერთეულად ჩამოყალიბებისა და 12 ტომის გაერთიანების პროცესი: „შეიკრიბა ისრაელის უხუცესობა და მივიდა სამუელთან რამათს. უთხრეს: შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას. დაგვიდგინე ახლა მეფე, რომ სხვა ხალხების წესისამებრ განგვსჯიდეს“ [1 მეფ. 8:1-5]. მოვლენების უკეთ გასააზრებლად, ვფიქრობ, საჭიროა ჯერ განიმარტოს, ვინ იყო სამუელი და რატომ ითხოვდა ხალხი მეფის დადგინებას. სამუელი იყო ბიბლიური ხანის ორი უძველესი ინსტიტუციის წარმომადგენელი: მსაჯულისა და წინასწარმეტყველის. მეფის დადგინებამდე სწორედ მსაჯულები და წინასწარმეტყველები მიუძღოდნენ წინ ისრაელიანებს და მწყემსავდნენ მათ. მსაჯულის ფუნქციები უმეტესწილად საერო ხელისუფლებაზე ვრცელდებოდა. ის წინამძღოლობდა ბრძოლაში ისრაელიანებს (მაგ: სამსონი, გედეონი და ა.შ.) და განაგებდა მათ, ხოლო წინასწარმეტყველი უმეტესად სასულიერო მისიის აღმასრულებელი იყო. ის ერთგვარი შემაკავშირებელი იყო ხალხისა და უფლისა. ღვთის სიტყვასაც სწორედ ის უცხადებს ერს. მისი პირდაპირი მოვალეობა იყო განესაჯა ისრაელიანები იმ ქმედებების გამო, რომლებიც მიუღებელი იყო უფლისათვის. სამუელი კი ის ადამიანი იყო, რომლშიც თავი მოიყარა ამ ორმა „ნიჭმა“. მისი მსაჯულობისას ისრაელის ქვეყანაში მშვიდობა სუფევს და ის მნიშვნელოვან გამარჯვებებს აღწევს მთავარ მტერთან, ფილისტიმელებთან ბრძოლაში. ასეთ ვითარებაში იბადება კითხვა: რატომ სთხოვს ისრაელის უხუცესობა სამუელს მეფის დადგინებას, თუ მსაჯულთა ინსიტუტი გამართულად მუშაობს? საქმე ისაა, რომ მსაჯულობა არ არის მემკვიდრეობითი. როგორც პროფესორი ზურაბ კიკნაძე წიგნში „საუბრები ბიბლიაზე“ აღნიშნავს, მსაჯულობა დამოკიდებულია ქარიზმასა და უფლის არჩევანზე. არავინ იცის, რა კრიტერიუმებით აფასებს კანდიდატებს და როგორ გადაეცემა მათ; განსხვავებით მეფეთა ხელისუფლებისგან, რომელიც მემკვიდრეობითია და მამიდან შვილზე გადადის [ზ.კიკნაძე,1989: 85]. როგორც ჩანს, ხალხმა არ იცის, ვინ იქნება მათი მომავალი წინამძღოლი. ის მუდმივად დამოკიდებულია უფლის ნებაზე. თუმცა, იკვეთება ერთი საინტერესო მომენტი, რომელმაც, ვფიქრობთ, თავისი წვლილი შეიტანა მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმებაში. „როცა მოხუცდა სამუელი, ისრაელის მსაჯულებად თავისი შვილები დაადგინა. მის პირმშოს ერქვა იოველი, უმცროსს - აბია. ბეერ-შებაში მსაჯულობდნენ ისინი. არ გაჰყვნენ შვილები მამის გზას, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ“ [I მეფ. 8:1-3]. ფაქტია, რომ სამუელმა დაარღვია ღვთივრჩეულობის წესი და თავისი ნებით დაადგინა შვილები მსაჯულებად, მაგრამ სამუელის ამ გადაწყვეტილებაზე ბიბლია ყურადღებას ნაკლებად ამახვილებს. ისრაელის უხუცესობა უკმაყოფილოა ამ გადაწყვეტილებით და ამიტომაც სთხოვს ხალხი სამუელს მეფის დადგინებას, მაგრამ ამ ქმედებით ის უარყოფს უფლის, როგორც ერთადერთის არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისთვის მიუღებელია მათი გადაწყვეტილება, ის მაინც თანხმდება ამ მოთხოვნას: „უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ“ [I მეფ. 8:7]. საინტერესოა, რომ ღმერთი არ ეწინააღმდეგება ხალხის გადაწყვეტილებას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადამიანის არჩევანის თავისუფლებას. მეფის ინსტიტუტის შემოღება გადაწყვეტილია. მას, ცხადია, უფალი შეურჩევს თავის ერს, ამქვეყნიური ხელისუფლება კი სამუელმა, როგორც მსაჯულმა, ერის წინამძღოლმა და წინასწარმეტყველმა, უფლის გადაწყვეტილების მიწაზე განმცხადებელმა უნდა გადასცეს მას. „იყო ერთი კაცი ბენიამინის შტოდან, სახელად კიში, ძე აბიელისა...მაგარი ვაჟკაცი. ჰყავდა ვაჟი, გამორჩეული და მშვენიერი, სახელად საული. ისრაელიანთა შორის მასზე უკეთესი არავინ იყო; ერთი თავით მაღალი იყო მთელ ხალხზე“ [I მეფ. 9:1-2]. საინტერესოა, საულის სიმაღლეში რას გულისხმობს ბიბლიური ტექსტი - ფიზიკურ რჩეულობას, თუ სულიერ ამაღლებულობას. პროფესორი ზურაბ კიკნაძე ამ ფრაზას ფიზიკურ გამორჩეულობად მიიჩნევს. ჩვენი აზრით, აქ საუბარი სულიერ სიმაღლეზეა, ვინაიდან მომდევნო თავებში, როდესაც სამუელი უკვე დავითის საკურთხებლად მიდის და მის ძმას, გარეგნობით გამორჩეულ ელიაბს დაინახავს, უფალი ამბობს: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე დავიწუნე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს.“ ასე რომ, უმჯობესია ვთქვათ, რომ უფალმა საული თავისი სულიერი სიმაღლის გამო გამოარჩია დანარჩენთაგან. „აიღო სამუელმა ზეთით სავსე ქილა, თავზე დაასხა, აკოცა და უთხრა: აჰა, გცხო უფალმა თავისი სამკვიდროს მთავრად“ [I მეფ. 10:1]. „ღვთის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად აქადაგდები, სხვა კაცად გარდაიქმნები..“[I მეფ. 10:6] „როგორც კი გატრიალდა საული წასასვლელად სამუელისაგან, სხვა გული ჩაუდგა მას ღმერთმა...“ [I მეფ. 10:9] და მაინც, რას ნიშნავს ზეთისცხება? ტექსტიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მეფის ზეთის ცხება გაიგივებულია მის ღვთივრჩეულობასთან. ეს არის ერთგვარი ნიშანი უფლისა, რომელიც თავის რჩეულს გამოარჩევს დანარჩენთაგან და აღმატებულ ხარისხში აჰყავს ის. ზეთისცხება ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს გარდაქმნასთან, განახლებასთან, ვინაიდან კურთხეულზე უფლის მადლი გადადის, განსაკუთრებულ "ნიჭს" აძლევს და სხვა კაცად გარდაქმნის მას. ის ანიჭებს მეფეს იმ ქარიზმას, რომელიც მნიშნელოვანია წინამძღოლისთვის, რათა წარუძღვეს ხალხს, განსაჯოს და ავტორიტეტით ისარგებლოს მათ შორის. ამ ქმედებით ღმერთი უფლებამოსილებას ანიჭებს თავის რჩეულს და განსაკუთრებულად მფარველობს მას. ასე მოხდა დავითის შემთხვევაშიც, როდესაც საულის ქმედებებით უკმაყოფილო ღმერთმა შეცვალა გადაწყვეტილება და ისრაელის მეფედ სხვა შეარჩია. „აიღო სამუელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს.“ (I მეფ. 16:13) რიგ შემთხვევებში ზეთის ცხება წარმოჩინდება, როგორც კაენის ერთგვარი ნიშანი, რომელიც იფარავს მეფეს და მისი მოკვლა განსაკუთრებულ სასჯელთანაა დაკავშირებული, ეს მოსაზრება მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიური ტექსტის მოხმობით შეგვიძლია გავამყაროთ. მაშინ, როდესაც საული დავითს სამკვდრო - სასიცოცხლოდ გადაემტერება და მის შესაპყრობად მთებსა და უდაბნოებში ათენებს და აღამებს, შემთხვევით აღმოჩნდება იმ გამოქვაბულში, სადაც დავითი და მისი თანამზრახველები აფარებენ თავს. „უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: აჰა, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა, აჰა, ხელში ჩაგიგდებო შენს მტრებს და უყავი მათ, რაც გენებოსო. წამოდგა დავითი და ჩუმად მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს. ამის შემდეგ სტკიოდა გული დავითს, რომ მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს. უთხრა თავის ხალხს: ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი! გაკიცხა თავისი კაცები დავითმა და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს“ [I. მეფ. 22:5–8]. და კიდევ, უდაბნოში, საულის ბანაკში ღამით დავითი შეიპარება. ის მეფის კარავშიც დაუბრკოლებლად შევა და კვლავ უარს იტყვის მის მოკვლაზე სწორედ იმავე მიზეზით: „უთხრა აბიშაიმ დავითს: ღმერთმა ჩაგაგდებინა დღეს ხელში შენი მტერი. ახლა ერთი დაკვრით დავაკლავ მიწას, მეორე აღარ დამჭირდება. უთხრა დავითმა აბიშაის: ნუ დაღუპავ მას, რადგან უფლის ცხებულზე ხელის აღმმართველი დაუსჯელად არ გადარჩება. ...უფალმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე ხელი აღვმართო“ [I. მეფ. 26:8-11]. საინტერესოა, იმდენად დიდია ღვთივრჩეულობის განცდა დავითში, რომ მის დასაღუპად განწყობილი საულის მოკვლაზე ორჯერ ამბობს უარს და ბოლოს საულის მკვლელ ყამალეკელს სიკვდილითაც დასჯის. ზეთისცხების შემდეგ გადასული ღვთის სულის არსებობა ერთდროულად თითქოს მხოლოდ ერთ ადამიანშია შესაძლებელი, ანუ მხოლოდ ერთი რჩეულის არსებობაა დაშვებული. ამ ვარაუდის გამოთქმის საფუძველს იძლევა ის, რომ მას შემდეგ, რაც სამუელი საულს აკურთხებს მეფედ, ის მსაჯული აღარ არის, აღარ მიუძღვის ჯარს ბრძოლაში და არ ხელმძღვანელობს მათ. მისი ფუნქციები ახლა უკვე მხოლოდ წინასწარმეტყველის ქმედებების აღსრულებით შემოიფარგლება. სწირავს მსხვერპლს და უფლის სიტყვას ამცნობს მეფესა და ხალხს. დაახლოებით ასეთივე ვითარებაა დავითთანაც. ბიბლიური მემატიანე სამუელის მიერ დავითის ზეთისცხებას აღწერს, ხოლო მომდევნო მუხლში ვკითხულობთ: „განეშორა საულს უფლის სული და დაუწყო მას წვალება ბოროტმა სულმა უფლისგან“ [I. მეფ. 16:14] ზეთისცხების შემდეგ, ღვთის სულმა მიატოვა თავისი ადრინდელი „ჭურჭელი“ - საული და ჩასახლდა დავითში. დავითის სიცოცხლის ბოლო წლებში დაკანონდა მეფედ კურთხევის ცერემონია, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ზეთისცხების რიტუალი. „თქვა მეფე დავითმა: დამიძახეთ ცადოკ მღვდელს, ნათან წინასწარმეტყველს, და ბენაია იეჰოიადაყის ძეს. ისინიც წარსდგნენ მეფის წინაშე. უთხრა მათ მეფემ: იახლეთ თქვენი ბატონის მორჩილნი, შესვით ჩემი შვილი სოლომონი ჩემს ჯორზე და გიხონში ჩაიყვანეთ. აქ სცხონ იგი ისრაელის მეფედ ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა. მერე ჰკარით ბუკს და გამოაცხადეთ: იცოცხლოს მეფე სოლომონმა! მერე ამოჰყევით მას, მოვა და დაჯდება ჩემს ტახტზე და იმეფებს ჩემს ნაცვლად. ის დავნიშნე მე ისრაელისა და იუდას მეფედ. ჩავიდნენ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქერეთელნი და ფელეთელნი, შესვეს სოლომონ მეფე დავითის ჯორზე და გიხონისკენ წაიყვანეს. გამოიტანა ცადოკ მღვდელმა კარვიდან რქით ზეთი და სცხო სოლომონს. ჰკრეს ბუკს და დაიძახა მთელმა ხალხმა: იცოცხლოს მეფე სოლომონმა!“ [III მეფ. 1:32-39]. სოლომონის გამეფება არ ჰგავს არც საულისა და არც დავითის მეფედ კურთხევის ცერემონიას. ამ რიტუალში მონაწილეობენ, როგორც სასულიერო, ისე საერო პირები (მაგ: ცადოკ მღვდელი და ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოდოაყის ძე), ვინც გადასცემს სოლომონს ხელისუფლებას. სოლომონი უფლისწულად დაიბადა და მემკვიდრეობითობის წესი, რომელიც მეფის ინსტიტუტისათვის არის დამახასიათებელი, პირველად სწორედ სოლომონზე აღსრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ ზეთისცხების რიტუალის შესრულების უფლებამოსილებამ წინასწარმეტყველიდან მღვდელზე გადაინაცვლა და სოლომონს, ნათან წინასწარმეტყველის ნაცვლად, ცადოკ მღვდელმა სცხო ზეთი. ვფიქრობ, ეს ფაქტიც მეფედ კურთხევის კანონიკურ რიტუალად ქცევისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, რადგან მღვდლები სწორედ რიტუალების შესრულებაში იყვნენ გაწაფულნი. განსხვავებით წინასწარმეტყველთაგან, რომლებშიც ბობოქარი სული მკვიდრობს და მუდმივად არასწორხაზოვნად მოქმედებს, ამიტომ მისი რიტუალის ნაწილად გადაქცევა რთულია. მიუხედავად იმისა, რომ მღვდელიცა და წინასწარმეტყველიც სასულიერო პირები არიან, წინასწარმეტყველი მაინც აღმატებულია მღვდელზე, რადგან მას უშუალო კონტაქტი აქვს ღმერთთან და მისი ბაგით გადაეცემა ხალხს უფლის სიტყვა. ზეთისცხების რიტუალად გადაქცევით, ამ ქმედებამ თითქოს დაკარგა თავისი მისტიკური მნიშვნელობა და უბრალო რიტუალად იქცა, რაზეც ისიც მიგვანიშნებს, რომ სოლომონის გამეფებისას ბიბლიაში ვერსად ვხვდებით მინიშნებას სოლომონზე ღვთის სულის გადასვლის შესახებ, ან მის გარდაქმნას, რაც ასე დეტალურად იყო აღწერილი დავითისა და საულის გამეფების ეპიზოდებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოლომონის შემდგომ, ბიბლია არც ერთ მეფეს აღარ იხსენიებს კურთხეულად. ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ სოლომონის შთამომავლობამ დაივიწყა უფლის გზები და ბიბლია აღარ მიიჩნევს მათ ღვთივრჩეულ მმართველებად. დავითის მიერ დადგენილი მეფედ კურთხევის რიტუალი აიტაცეს, ქრისტიანული დეტალები შესძინეს და დაამკვიდრეს ევროპელმა მონარქებმა. ასე მაგალითად, ხლოდვიგ I მეფედ კურთხევის ცერემონიალი ბევრი ნიშნით ჰგავს ბიბლიური მეფეების კურთხევას. ხლოდვიგს მეფედ აკურთხებს ფრანკთა მოციქული რემიგიუსი, რომელიც "თავისი ფუნქციებით" ერთგვარად წააგავს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველს. ის წინასწარმეტყველივით დადის და უფლის სიტყვას უცხადებს ხალხს და მისი მორჩილებისკენ მოუწოდებს მათ. ბიბლიური მეფეების მსგავსად, ხლოდვიგიც რემიგიუსის მეშვეობითაა „ცხებული“, ოღონდ ერთი განსხვავებით: ახლა ზეთის ნაცვლად უკვე მირონს იყენებენ. თუმცა მირონიც ერთგვარი ზეთია, რომელიც სხვადასხვა სურნელოვანი ნივთიერებებისგან შედგება, თანაც ძველი აღთქმა დუმს იმის შესახებ, თუ როგორ ზეთს იყენებდა სამუელი დავითისა და საულის კურთხევისას. აქვეა ღვთივრჩეულობის ნიშნებიც. რემიგიუსს „წმინდა ჭურჭლით“ მირონი უფლის ანგელოზმა მიუტანა, რომელიც მტრედის სახით გამოეცხადა. ხლოდვიგის შემდეგაც საფრანგეთის მეფეები პაპის ან ეპისკოპოსების ხელით ეკურთხებოდნენ და ზეთსაც იმ ჭურჭლიდან სცხებდნენ, რომელიც „რემიგიუსს ღვთის ანგელოზმა მიუტანა“. სამწუხაროდ, ჩვენამდე არ არის მოღწეული დეტალური ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ ხორციელდებოდა შუა საუკუნეებში საქართველოს მეფედ კურთხევა, მაგრამ თეიმურაზ II შესახებ აღნიშნულია, რომ მისი მეფედ კურთხევისას, როდესაც 140 წლის შემდეგ პირველად ეკურთხა ქართლის მეფე ქრისტიანული წესით, ანტონ კათალიკოსმა მოიძია მეფედ კურთხევის უძველესი ქართული წესები. ჩვენ შეგვიძლია გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას იმის შესახებ, თუ როგორ აკურთხებდნენ ერთიანი ქართული სამეფოს არსებობის ჟამს ქართველ მეფეებს, იმ ისტორიული წყაროების მიხედვით, რომლებშიც ასახულია თეიმურაზის გამეფება. ამ ეპოქის თანამედროვე, პაპუნა ორბელიანი წერს: „მიიწვიეს მეფე საკურთხეველად, ცალი მკლავი სარდალს ქაიხოსროს ეპყრა და მეორე მკლავი - მუხრანბატონს, აღსავლის კარზე მთავარეპისკოპოსი და ალავერდელი მოეგებნეს და შეიყვანეს საკურთხევლად, სცხეს საცხებელი შუბლთა, ბეჭთა და გულთა ჯვარის სახედ, განსრულდა ამით წირვა, გამობრძანდა მეფე ცხებული საკურთხეველით, ცალკერძ პატრიარქს ეპყრა მკლავი, ცალკერძ მთავარ-ეპისკოპოსს, მოიყვანეს, მარჯვენით კერძო სამეფო ტახტი იყო, იქ დაბრძანდა. [ორბელიანი. 1981:67] ვფიქრობ, თეიმურაზისა და სოლომონის კურთხევის რიტუალს შორისაც იკვეთება ერთგვარი პარალელები. აქაც საერო და სასულიერო ხელისუფლება გადასცემს ძალაუფლებას მეფეს. ამ შემთხვევაშიც ხორციელდება ზეთის ცხება და მას უმაღლესი სასულიერო პირი ასრულებს. ზეთისცხების საიდუმლო მონარქთათვის ერთ-ერთი შესაძლებლობა იყო თავიანთი უფლებამოსილების ღვთისაგან მომდინარეობის დასადასტურებლად, რასაც საკმაოდ კარგად იყენებდნენ ხალხის სამართავად და თავიანთი ხელისუფლების დასადასტურებლად. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიური ზეთისცხების მთავარი არსი, ღვთივრჩეულობის გამოხატვა და მეფის ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღნიშვნა იყო, რაც კარგად გაიაზრეს შუა საუკუნეების ქრისტიანმა მონარქებმა და გამოიყენეს საკუთარი ხელისუფლების ღვთიურობის განსამტკიცებლად.
გამოყენებული ლიტერატურა: 1. ბათოშვილი ა. 1991. ებრაელი ხალხის ისტორიიდან. თბილისი. |