ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალი სტუდენტური წელიწდეული ჰუმანიტარული კვლევები |
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘ თამთა ღონღაძე ვაჟა-ფშაველას მოთხრობის, ,,ირემი“, სიმბოლურ-ალეგორიული გააზრებისათვის ვაჟა-ფშაველას მოთხრობა ,,ირემი“ ინტერპრეტაციის ფართო გზას გვიხსნის. თხრობას ავტორი იწყებს შემდეგი კონტრასტის აღწერით: ერთი მხრივ, ყვირილითა და კიჟინით მდევარი შეიარაღებული ხალხი: ,,ხელში ზოგს თოფი ეჭირა, ზოგს ხმალი, სხვას ხანჯალი, შუბი, ყველას — ერთი რამ მომაკვდინებელი იარაღი“ [ვაჟა-ფშაველა, 1964:123]; მეორე მხრივ კი, ,,ყოვლად უვნებელი, მშვიდი ცხოველი — ირემი, რომლის დანაშაული ის არის მხოლოდ, რომ ტყეში თავისუფლად სცხოვრობს, არავითარი თავის დასაცავი მტრისაგან, გარდა ფეხებისა, თვალებისა და ყურებისა, იარაღი არ მოეპოვება“[ვაჟა-ფშაველა, 1964:123]. კონტრასტს კიდევ უფრო ძლიერს ხდის მდევრის განსაკუთრებული ჟინი, თითქოს მისი თვითმიზანი სიცოცხლის მოსპობაა და არა თავად ირმის ხორცი: ,,უკმაყოფილო სახით, რომ ცოცხალი გადაჰრჩენოდათ, ყველა წინ მიიწევდა, კბილებს აღრჭენდა, გულში მუშტს იცემდა. დიდი და პატარა, კაცი და ქალი იმას მისდევდა, — ერი, მღვდელი და ბერი; ძაღლებს უტევდენ. ,,დაიჭით, მოჰკალით, მოჰკალით!“ — გაისმოდა მძლავრად ჰაერში ხმა ერისა...“[ვაჟა-ფშაველა, 1964:123]. მოყვანილი ციტატა ცხადყოფს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ნადირობის სცენა. ჰიპერბოლური გზით მწერალი ერთგვარ განზოგადებას ახდენს. ეს ტექსტი საშუალებას გვაძლევს მასში კაცობრიობის საერთო ლტოლვაც კი დავინახოთ განადგურებისა და სიკვდილისადმი. როგორც ცნობილია, ფსიქოანალიზმმა არაცნობიერში განდევნილი ბიოლოგიური ძალები ორ კატეგორიად დაყო და მათ ეროსი (ბერძნულ მითოლოგიაში სიყვარულისა და აღმშენებლობის კოსმიური ძალა) და თანატოსი (რკინის გულის მქონე სიკვდილის ღვთაება, ღამისა და წყვდიადის შვილი) უწოდა. პირველი სიცოცხლის შენარჩუნებასა და გამრავლებასთან დაკავშირებულ მოთხოვნილებებს აერთიანებს, თანატოსი კი ,,ეროსისგან საპირისპიროდ, დესტრუქციული საწყისია და აგრესიას, როგორც სიცოცხლის განადგურების იმპულსს, უკავშირდება. ფსიქიკაში არსებულ ურთიერთსაპირისპირო ძალებს ფროიდი ასევე სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტებსაც უწოდებს“[მირცხულავა,2010:36]. ვაჟა-ფშაველას რეალიზმი ძლიერი და თავისებური ფენომენია. ზოგჯერ იგი სწორედ არარეალისტურ სურათში ხატავს ადამიანის რეალურ ბუნებას, წარმოგვიჩენს რა იმ ძირითად ინსტინქტებს, რომლებიც მას ამოძრავებს. თხრობა თანდათან ფანტასმაგორიული ხდება: ,,ირემი რქებგადაგდებული გარბოდა, უკანმიწეულ სიკვდილს წინშეჯახებული ერჩივნა. გარბოდა სოფლებზე, ქალაქებზე, არავის და არაფერს არ ერიდებოდა, ... რიცხვი მდევართა კი ამასობაში ერთი ათასად მატულობდა“[ვაჟა-ფშაველა,1964:124]. ჩვენს წარმოდგენაში გაცოცხლებულმა ამ სცენამ — ქალაქში გაქცეული ირემი, მდევარი, ქაოსი და არეულობა, რომელიც ამ სიტუაციას თან სდევს — ასოციაციურად მკითხველს შესაძლოა მოაგონოს პაოლო იაშვილის სიმბოლისტური ლექსი ,,ფარშავანგები ქალაქში“: ,,და ფრთებდამწვრებს ვერ ეპოვათ ვერსად ბინა. / ... / თითქოს ვინმე მოსდევდა ფარშევანგებს მზის ხმლით. / ... / და ქალაქში მოფრენილნი გაგიჟებულ მზის დარდებით, / ქუჩებს, ოქროს მდინარეებს, აკვნესებდნენ ახალ შიშით- / და აივსო ეს ქალაქი ხმაურობით და სიგიჟით“.[იაშვილი, 1975:78] რაღა თქმა უნდა, ვაჟა-ფშაველას ირემი ალეგორიას წარმოადგენს, ფარშევანგი კი მოცემულ ლექსში სიმბოლოა, ისევე, როგორც ქალაქი, თუმცა, მხატვრული ნაწარმოები ჩვენს წარმოდგენაში, უპირველეს ყოვლისა, ხატებს აცოცხლებს, შემდეგ კი ვეძებთ იდეებს და ქვეტექსტს. ასოციაციის მიზეზი შემდეგია: მოთხრობა ,,ირემიც“ და პაოლო იაშვილის ლექსიც აღბეჭდილია ურბანული ნიშნით, ერთი მხრივ — ქალაქში მოფრენილი ფარშევანგები, მეორე მხრივ — ქალაქებზე გაქცეული ირემი, ამ ხატებს კი ორივე ნაწარმოებში თან ახლავს სიკვდილის, შიშის, გაქცევის, თავშესაფრის ძიების, არეულობის ნიშნები. მიწაზე თავშესაფარი ვერსად იპოვა ირემმა, ვისაც მფარველობა სთხოვა, ყველამ მოკვლა დაუპირა. არ იყო ხმელეთზე მისთვის ადგილი და აი, ზღვა გამოჩნდა, შეტოპა წყალში და გასწია უფსკრულისაკენ. გზადაგზა ბევრი ცხოველი თუ თევზი ხვდებოდა, მაგრამ არავინ ერჩოდა მას, ვეშაპიც კი. ურიგო არ იქნება, აქ თუ მოვიშველიებთ გრიგოლ კიკნაძის აზრს, რომ ,,ვაჟას შემოქმედებაში ბუნების მოვლენები ურთიერთგაგების უნარით ხასიათდებიან; ყოველი მონაკვეთი ბუნებისა, არსება თუ მოვლენა, ფლობს უნარს სწვდეს მეორის გულისწადილს და გამოხატოს იგი“[კიკნაძე, 1989: 117]. ირემმა თავისუფლება იგრძნო და ღმერთს მადლობა შესწირა, უკანაც აღარ იყურებოდა, უფსკრულისაკენ მიიწევდა, რადგან იქ მას ადამიანი ვერ გამოეკიდებოდა მოსაკლავად. ზღვის სიმბოლიკა თუ ალეგორია სხვადასხვა კონტექსტში განსხვავებულია. თავად ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაშიც იგი არაა ცალსახოვანი. მაგალითად, ლექსში ,,ადამიანი“ პოეტი შემდეგ სურათს ხატავს: ზღვის ტალღები ბავშვის აკვანს ათამაშებს, აკვანში ჩვილი წევს, დედას კი არავინ ჰყავს მშველელი, რის გამოც ლირიკული გმირი ამბობს: ,,როდი ხედავდა ან გრძნობდა, / რომ ჯოჯოხეთის მხარესა / ზღვა არ დაინდობს მარგალიტს / და უფსკრულს მიაბარებსა, / თევზებს შეაჭმევს პატარას, /ვეშაპი შთანთქავს აკვანსა”[ვაჟა-ფშაველა,1964:97], ანუ ამ შემთხვევაში ვაჟა ზღვის რეალურ ბუნებას წარმოგვიჩენს: უფსკრული, რომელიც ირმისთვის თავშესაფრად იქცა მოთხრობაში, ამ ლექსში ჩვილს დაღუპვას უქადის; ასევე, თევზები და ვეშაპი თუ დევნილ ცხოველს არაფერს ვნებენ, ბავშვს აუცილებლად შეჭამენ. მიუხედავად ამისა, ლექსში წყლის სტიქიის ერთგვარ ფერისცვალებას მაინც ვხედავთ, რისი მიზეზიც გახლავთ მოყვასისთვის თავგადადებული ვაჟკაცი, რომელმაც წყალში შეცურა ჩვილის გადასარჩენად: ,,გამოიცვალა სურათი, / ტანით ტყავ-ჩოხა გაიძრო / ზღვამ და იმისი გულ-მკერდი / ნაზ მყუდროებამ შაიპყრო, / ვაჟკაცის გაბედულობამ / ზღვის მძვინვარება დაიპყრო“[ვაჟა-ფშაველა,1964:98]. უცნობი წყლიდან გამოყვანილ ბავშვს დედას აბარებს და სთხოვს: ,,ასწავლე მოყვასის შველა, / როს სჭირდეს რამე სენია“[ვაჟა-ფშაველა,1964:99]. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, ლექსის მიხედვით, უმაღლესი სიკეთის წინაშე, რომელიც, ამ შემთხვევაში, მოყვასის სამსახურსა და მისთვის თავგანწირვაში გამოიხატა, ბუნების ძალაც კი ფერს იცვლის. ,,ირემში“ და ,,ადამიანში“ წარმოდგენილი ზღვა, ერთი შეხედვით, თითქოს მსგავსია, რადგან პირველ ნაწარმოებში თუ ბუნების ძალა თავის უჩვეულო სახეს ავლენს და უცოდველი ცხოველის მფარველი ხდება, ზღვა სიკეთის წინაშე იცვლება და, გარკვეულწილად, მისი თანამოზიარე ხდება მეორე ნაწარმოებშიც, თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მთავარი — მოთხრობაში ,,ირემი“ ზღვას სიმბოლურ-ალეგორიული დატვირთვა აქვს, იგი გარკვეულწილად სხვა სამყაროს წარმოადგენს, სადაც ადამიანს აღარ მიუწვდება ხელი. ლექსში ,,ადამიანი“ კი ზღვა შედარებით რეალისტურ პლანშია წარმოდგენილი, თუმცა, თუ მას გავიაზრებთ გადატანითი მნიშვნელობით, მაშინ იგი, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების ალეგორიაა, სადაც თავის გადარჩენა მოყვასის გვერდში დგომითაა შესაძლებელი. ზღვას საინტერესო მხატვრული დატვირთვა აქვს ვაჟა-ფშაველას ლექსში ,,ზღვაში შევცურდი“. ნაწარმოებში ლირიკული გმირი საკუთარ ძალებს ცდის: ,,როცა მაღალი მთა ვცადე, / ჭირიც მაჩვენა მრავალი; / თვალ-წინ ვერაფერს ვხედავდი, არა ჩნდა კაცის ნავალი / ... მაშინ ვსთქვი — არა ყოფილა / ადვილი გადასავალი / ... / ზღვა ვცადე: მეორე ნაპირს / სატრფოსთან გასვლას ვლამობდი; / ... / ჩემს სისუსტეზე ზღვაშია / ბოლოს დროს კიდეც ვცხარობდი. / დავრჩი და დავრჩი ზღვის შუა, / მათამაშებენ ტალღები, / ,,ის რა ჩვარი სჩანს ზღვაშია?“ / ამას ამბობენ ბალღები, / ... დაკეტილი მაქვს ორივე / სიკვდილ-სიცოცხლის კარები“ [ვაჟა-ფშაველა, ტ. I, 1964:333]. ეს ლექსი, ისევე, როგორც მოთხრობა ,,ირემი“, ალეგორიულია. ალეგორიულია ზღვაც ორივე ნაწარმოებში და დევნილი ცხოველის მსგავსად ლირიკული გმირი წყალშია დარჩენილი, არ შეუძლია გამოსვლა, თუმცა განსხვავებას ამ შემთხვევაშიც პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ლექსში ლირიკული სუბიექტი თავის პიროვნულ, სულიერ ძალებს გამოცდის ჯერ მთაზე, რომელიც ღვთაებრივისკენ სწრაფვის სიმბოლოა, შემდეგ კი ზღვაში, რომელსაც ძველი და ახალი აღთქმა წუთისოფლის ალეგორიად მოიაზრებს. ეს გადააზრება ტრადიციული გახდა ქართული ლიტერატურისთვის. გავიხსენოთ, მაგალითად, გრიგოლ ხანძთელის თარგმანი: ,,სოფლისა ზღვაი აღძრულ არს / ღელვითა ცოდვისაითა, / საშინელად დამნთქამს მე, / და მოვივლტი შენდა ნავთსაყუდლისა...“ [ქართული მწერლობა, ტ. I, 1987:476]; და დავით გურამიშვილის ,,საწუთრო სოფლის სამდურავი“: ,,მიდის-მოდის ეს სოფელი, ქარტეხილთა ზღვისებრ ღელავს! / უკან დასდევს დრო და ჟამი, მის ნაქსელავს ქსოვს და სთელავს“ [გურამიშვილი, 1986:116]. ეს გადააზრება მიესადაგება ვაჟა-ფშაველას ჩვენ მიერ განხილულ ლექსსაც, ვინაიდან ლირიკული გმირი რჩება ზღვაში, არა როგორც თავშესაფარში, მსგავსად ირმისა, არამედ მისი ტყვე ხდება, არ შესწევს მისგან თავის დაღწევის ძალა. ვაჟა-ფშაველას მოთხრობა არ მთავრდება ირმის ზღვაში ჩანთქმით. მას შემდეგ, რაც ცხოველი გაუჩინარდა, მწერალი მოგვითხრობს, რომ ქვეყანაზე უკმაყოფილების ხმა გაისმოდა: ,,აღარ არის სიმართლე! დაიკარგა სიმართლე!“ [ვაჟა-ფშაველა, 1964:126] გამოჩნდა მქადაგებელი, რომელიც ხალხს არიგებდა, რომ აღვადგინოთ სიმართლე, უსამართლობა დაგვღუპავს, ქვეყანა წახდება, ცხოვრებას ლაზათი დაეკარგა, ცოდვა გამრავლდაო. ,,—აღვადგინოთ, აღვადგინოთ! — გუგუნებდა, ღრიალებდა ხალხი ისეთის მაღალის ხმით, რომ ცა და დედამიწა ინძრეოდა. ერთი რა არის, ერთი ადამიანიც კი არ გამოჩენილა, თვით უსამართლოზე უსამართლო, ეთქვა: არა, ნუ აღვადგენთო“[ვაჟა-ფშაველა, 1964:126]. როგორც დავინახეთ, თხრობა არარეალისტურია, მაგრამ ავტორის სათქმელი და დამოკიდებულება ცხოვრებისადმი — რეალისტური, რადგან, შემდეგ, ნაწარმოებში ასეთი განყენებული მსჯელობა გვხვდება:,, ... განა რასაც ვამბობთ, ყოველთვის იმას ვაკეთებთ? ენით ნათქვამ სიტყვაზე ძლიერი ვნებაა, რომლითაც შეპყრობილია ადამიანი, იმას ემონება იგი, ვნების ყურმოჭრილი ყმაა. ამიტომ აღდგენა სიმართლისა ყველას თავისებურად ესმოდა: ...“ [ვაჟა-ფშაველა, 1964:126] ეს მოტივი მწერლის შემოქმედებაში არაა შემთხვევითი, იგი სხვა ნაწარმოებებშიც გვეუბნება, რომ ადამიანი ხშირად სიტყვიერად გამოთქვამს იმას, რაც მოსაწონი და მისაღებია ზნეობრივად, კულტურულად, მაგრამ ქმედებით არ არის თავისი სიტყვის თანმიმდევრული. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ალეგორიული მოთხრობა ,,ყორანი“ სრულდება მთავარი გმირის შემდგომი სიტყვებით: ,,რამოდენა ცოდვას ვიღებ კისრად! რადა? რისთვის? ... რამდენჯერ გადავწყვიტე გულში, ამეღო ხელი ყორნობაზე და მეცხოვრა თავის ოფლით და შრომით, როგორც ბევრნი სხვანი ცხოვრობენ. ნუთუ იმდენს ვერ შევიძლებდი, მუდამ დღეს ლუკმა მეშოვა? ... მაგრამ, არა და არა, არ იქნა: ვერ დავძლიე ჩემი ფიქრი, ჩემი გუნება...“ [ვაჟა-ფშაველა, ტ. VI, 1964:103]. აზრი, რომ ადამიანები მხოლოდ გარეგნულად, სიტყვიერად არიან კეთილნი და შემბრალებელნი გვხვდება ვაჟას ლექსშიც ,,საშობაო სიმღერა“, რომელშიც პოეტი რელიგიურ ჭრილში განიხილავს ამ საკითხს: ,,ვინ აასრულა მოძღვრება: / ,,მოყვასი შეიბრალია!“ / გარეგნულად ვსცემთ პატივსა, / ფორმისთვის უკრავს ზარია. / ... / აზრი კი, აზრი მაღალი, / ჰგოდებს ბედ-განამწარია!“ [ვაჟა-ფშაველა, ტ. II:75]. ამ მოტივის დამუშავებით ვაჟა-ფშაველა ავლენს ადამიანის ბუნების სიღრმისეულ ცოდნას. მაღალი იდეების გამოთქმა და მიზნად დასახვა, თუნდაც ნათქვამის გაკეთების უნარი არ შეგვწევდეს, ფსიქოანალიზის მიხედვით, განპირობებულია კერძო თავდაცვითი მექანიზმით — სუბლიმაციით, რაც გულისხმობს ფსიქოლოგიურ პროცესს, რომლის მეშვეობითაც ბიოლოგიური ენერგია გარდაიქმნება არაბიოლოგიურად და სოციო-კულტურული მიზნებისადმი წარიმართება. ,,სუბლიმაციის ძალით ადამიანი ისეთი ,,წმინდა ადამიანური“ ამოცანების დასახვას ახერხებს, როგორიცაა შემეცნება, ბრძოლა სამართლიანობისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის, მშვენიერების ჭვრეტა ...“ [მირცხულავა, 2010:44]. ,,ირემში“ ეს აზრი სხვა ადგილასაც აქვს გამოთქმული ავტორს. როდესაც ხალხმა დაინახა, როგორ გაუჩინარდა ცხოველი ზღვაში, დაბრუნდა უკან და ყველა იმას ამბობდა, ეს რა ნადირი წაგვივიდა ხელიდანო, მაგრამ თან ამატებდა, რა გვინდა, რისთვის ვიკლავთ თავს, რა შეგვისვა და შეგვიჭამა, იცოცხლოს, გაიხაროს მაგანაც ამ წუთისოფელშიო. შემდეგ კი მწერალი გვეუბნება, რომ, თუმცა ამას ამბობნენ, მაგრამ სადმე ირემი რომ გამოჩენილიყო, არცერთი არ დაინდობდა. მსგავსად ზემოთ განხილული ეპიზოდისა, ამ სცენასაც ავტორის განყენებული მსჯელობა მოსდევს: ,,ასეა ადამიანის ბუნება: ბევრჯელ ისეთს რასმე ამბობს, რის წინააღმდეგი არ შეიძლება იყოს; მაინც ამბობს სათვალთმაქცოდ, რათა ერთიმეორეს ეჩვენოს კეთილმოწყალე და ქველ ადამიანად. ენა ადამიანისა სველია, ხოლო გული მისი მგელია“ [ვაჟა-ფშაველა, ტ. VI, 1964: 125]. ვფიქრობ, ეს მოტივია ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი იდეა. რას წარმოადგენს მოთხრობაში ირემი? ავტორი პირდაპირ, სიტყვიერი კავშირით არ მიგვითითებს, რომ ცხოველის გაქრობის შემდეგ ატყდა ჩოჩქოლი სიმართლის დაკარგვის გამო, მაგრამ თხრობა სწორედ ამგვარი თანმიმდევრობითაა მოცემული, რაც გვაძლევს ინტერპრეტაციის საშუალებას, რომ ირემი ნაწარმოებში სამართლიანობის ალეგორიაა, რომელიც განადგურების ჟინით შეპყრობილ ხალხს გაექცა. შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ვაჟა-ფშაველას პოემასთან ,,სვინიდისი“, რომელშიც მოთხრობილია, რომ ადამიანებმა შეიძულეს და გააგდეს სინდისი, ამიტომ ევედრება იგი ღმერთს: ,,აღარ მაქვს, ღმერთო, / კაცთ შორის ბინა. / მუხლ-მოდრეკილი / ვდგევარ შენს წინა. / ... მიმიღე შენთან, / ... ვნახოთ, რას იზმენ, / უჩემოდ იყვნენ!..“ [ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, 1964: 236]. მოთხრობაში თუ ქვეყანა სიმართლის გარეშე დარჩა, ამ პოემაში ციდან მოვლენილი ხმა უბრძანებს სინდისს, რომ არ მიატოვოს ადამიანები და ამოწვდილ ხმალად დაადგეს მათ თავზე. საყურადღებო და მაღალმხატვრულია, რომ მოთხრობა სრულდება ირმის ტირილით, მას ლოცვის დროს ცრემლი მოსდის და ზღვის უთვალავ ცვარს უერთდება. სინდისის გოდებით მთავრდება პოემა ,,სვინიდისიც“ და ლექსის ,,საშობაო სიმღერის“ დასასრულიც ანალოგიურია: ,,აზრი კი, აზრი მაღალი, / ჰგოდებს ბედ-განამწარია!“ [ვაჟა-ფშაველა, ტ. II, 1964:75]. ვფიქრობ, ავტორმა პოემაში თუ თავად სინდისს შესძინა ადამიანური თვისებები და ამ გზით გვიჩვენა მისი მდგომარეობა და მნიშვნელობა კაცობრიობისთვის, განხილულ მოთხრობაში მწერალი ალეგორიის გზით ახერხებს მხატვრულად წარმოგვისახოს კაცობრიობის მიერ სამართლიანობის განდევნა მათი ცხოვრებიდან. ნაწარმოები გვაძლევს სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებასაც. ირემი შესაძლოა გავიაზროთ, როგორც უმაღლესი სიკეთე, მშვენიერება, განდევნილი ადამიანთა წრიდან, რადგან სიმართლე აღარ არის ქვეყანაზე (ეს ცხოველი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში ხშირადაა წარმოდგენილი, როგორც მაღალზნეობრივი, კეთილი არსება. მაგალითად, მოთხრობაში ,,უძლური ვირი“, ლექსში ,,ობოლი“ და სხვ.), ხოლო ზღვა, რომელიც მის თავშესაფრად იქცა, ფეერიული სამყაროა, სადაც ელის სამართლიანობის აღდგენას. ინტერპრეტაციის მრავალფეროვნება ლიტერატურის სპეციფიკაა. ,,ესთეტიკას თავისი სიბრძნე და თავისი სიმართლე აქვს. ესთეტიკა თვლის, რომ ერთსადაიმავე მოვლენაზე რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო ჭეშმარიტი აზრი შეიძლება არსებობდეს“ [სირაძე, 1982:138].
1. გურამიშვილი დ. 1986. დავითიანი. თბილისი. |