English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘თამარ ჩოგოვაძე
ცხენის ლაგმები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური კოლექციიდან

ცხენის ლაგმებს უძველესი დროიდან, უმეტესად, მდიდარ ან გავლენიან პირებს ატანდნენ სამარხში. როგორც ცნობილია, ბრინჯაოსაგან და რკინისაგან დამზადებული უძველესი ლაგმები აღმოჩენილია დღევანდელი დასავლეთ ირანის ტერიტორიტორიაზე, ლურისტანში და ძვ. წ. მე - 2 ათასწლეულით თარიღდება. დაახლოებით ამ პერიოდიდან მოყოლებული თითქმის ყველა კულტურისათვის დამახასიათებელი იყო ლაგმის გამორჩეული სტილი, რამაც გამოიწვია არქეოლოგიაში ლაგმების ტიპოლოგიის შემუშავების აუცილებლობა. სხვადასხვა ტიპოლოგიების ავტორები არიან: ა. ა. იესენი [Иессен, 1953: 50 -54], ვ.რ. ერლიხი [Эрлих, 2010: 71– 89] და ა. შ. ლაგამს, უძველესი დროიდან, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სარიტუალო კუთხითაც. მაგალითად, კუნძულ სამოსზე ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისის ჰერას ტაძარში - ჰერაიონში ღვთაებისადმი შეწირულ სხვადასხვა ნივთებს შორის აღმოჩნდა ცხენის ლაგმებიც [Licheli, 2008: 22 - 27 ]. ასეთი ფაქტი დადასტურდა საქართველოშიც - სოფელ მელაანში ომის ღმერთის ტაძრის ტერიტორიაზე, სადაც სპეციალურად გამზადებულ ორმოში შეწირულობათა შორის აღმოჩნდა ცხენის ლაგმებიც [ფიცხელაური, 1965: 82 – 110].

საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული იყო როგორც ადგილობრივი წარმოების ასევე იმპორტული ლაგმები. ი. გაგოშიძის მიხედვით ძვ. წ. მეხუთე - მეოთხე საუკუნეებში საქართველოში წარმოდგენილი იყო ლაგმის ახალი და განსხვავებული ტიპი, რომლის საპირე ნაწილი შედგებოდა დაკბილული დისკოსგან. ასეთი ლაგმები გვხვდება ახალგორის განძში, ითხვისში, საირხეში და სხვა [გაგოშიძე, 1965: 54 – 62]. აღსანიშნავია მსგავსი ლაგმის შემთხვევითი აღმოჩენა სოფელ ჩიბათში [Licheli, 2015: 148-158 ]

საკმაოდ დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი საქართველოს ტერიტორიაზე აქემენიდური კულტურის ლაგმები (ვანი, ენაგეტი, ითხვისი, წითელი შუქურა, ქსნის ხეობა და სხვ. [Эрлих, 2010: 72 – 74]), რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იბერიას და კოლხეთს გარკვეული კულტურული ურთიერთობა ჰქონდათ აქემენიდებთან. ეს ლაგმები, დიდი ალბათობით, იმპორტულია.

ნაშრომში წარმოდგენილია 5 ლაგამი უნივერსიტეტის არქეოლოგიური კოლექციიდან. ერთ - ერთი მათგანი აფხაზეთიდან, სოფ. ყულანურხვადანაა (სურ.1), რომელიც ვ.რ. ერლიხის მიერ შემუშავებული ტიპოლოგიის მიხედვით, შესაძლოა მიეკუთვნოს აქემენიდურ ტიპის ნიმუშს [Эрлих, 2010: 71–74]. ამ ლაგმის საყბეური ლათინური ‘’C” - ს ფორმისაა და წყვილი ნახვრეტი აქვს დატანილი მასზე, ხოლო საპირე ნაწილი გაფორმებულია წვეტიანი ბურცობებით. ანალოგიური ლაგამი აღმოჩენილია ქსნის ხეობაში, რომელსაც ვ. ერლიხი ძვ.წ. მეხუთე - მეოთხე საუკუნეებით ათარიღებს [Эрлих, 2010: 72].

დანარჩენი 4 ლაგამი კი გრაკლიანი გორის სამაროვანზეა აღმოჩენილი. ოთხივე მათგანს განვიხილავ თანმიმდევრობით:

1. ბრტყელ საყბეურიანი ლაგამი. რკინის ლაგამს, რომელიც აღმოჩნდა #63 სამარხიდან ჩრდილოეთით, 1,5 მ - ის დაშორებით, სავარაუდოდ საპირე ნაწილი გაფორმებული ჰქონდა მილაკებით მისი საყბეური კი, ბრტყელია (სურ.2). #63 ორმო სამარხში აღმოჩენილია ერთი მიცვალებულის ჩონჩხი, რომელსაც ჩაყოლებული ჰქონდა: მონაცრისფროდ გამომწვარი კოჭობი, წითელკეციანი დოქი, შავკეციანი ფიალა, შავად გამომწვარი ქოთანი და ცხოველის ძვლები (აღაპის ნაშთი). რაც შეეხება ლაგამს, ანალოგებად შესაძლოა ჩაითვალოს ახალგორისა და საირხეში აღმოჩენილი ლაგმები, თუმცა ისინი ბრინჯაოსგანაა დამზადებული. ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ სამარყუჟე ხვრელები, რომლებიც აღენიშნება საირხისა და ახალგორის ლაგმებს, სავარაუდოდ, გრაკლიანის ლაგამსაც ჰქონდა, თუმცა იგი დაზიანებულია. ბრტყელ საყბეურიანი ლაგმები ძალიან იშვიათია საქართველოს არქეოლოგიაში. ი. გაგოშიძე მათ ძვ.წ. მეოთხე - მესამე საუკუნეებით ათარიღებს და მიიჩნევს, რომ ისინი ადგილობრივადაა დამზადებული [გაგოშიძე, 1965: 54 – 62]. ასევე, ვ. რ. ერლიხიც გამოჰყოფს ადგილობრივი წარმოების ბრტყელ საყბეურიანი ლაგმების ჯგუფს და იმავე პერიოდით ათარიღებს მათ [Эрлих, 2010: 74 – 77]. რაც შეეხება გრაკლიანის ლაგამს, თუ ზემოთ დასახელებულ ფაქტებს გავითვალისწინებთ მაშინ, შესაძლებელია, ისიც ძვ.წ. მეოთხე - მესამე საუკუნეებით დათარიღდეს.

2. სამ სამარყუჟე ხვრელიანი რკინის ლაგამი. ეს ლაგამი აღმოჩნდა კომპლექსთან ერთად, რომელშიც შედის: ოქროს საყურეები, ბრინჯაოს საკისრე რგოლი, რკინის რგოლი და რკინის ბუნიკი (სურ.3). კომპლექსის ყველაზე გამორჩეული არტეფაქტი არის თავგახსნილი საყურეები. ისინი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული იყო მხოლოდ ძვ.წ. მეხუთე - მესამე საუკუნეებში. ამიტომაც ფაქტია, რომ მთლიანი კომპლექსი და ლაგამიც ამ პერიოდით უნდა დათარიღდეს. ამ საყურეების განსაკუთრებული დეტალია გახვრეტილი ბოლოები. გახვრეტილი ბოლოებით საყურეები, ასევე, აღმოჩენილია გომარეთისა და კუშჩის სამაროვნებზე [დავლიანიძე, 1983: 147 – 149] აღსანიშნავია, რომ ვერცხლის ბოლოებგახვრეტილი საყურეები აღმოჩენილია გრაკლიანი გორის სამაროვნის ერთ - ერთ პოსტ - აქემენიდური ხანის სამარხშიც. რაც შეეხება ამ კომპლექსის ლაგამს, მას აქვს სამი სამარყუჟე რგოლი, რაც დამახასიათებელია სკვითური ტიპისთვის. ასეთი ლაგამი საქართველოში აღმოჩენილია წითელ შუქურაზე და თარიღდება ძვ.წ. მეშვიდე - მეექვსე საუკუნეებით. გრაკლიანის ლაგამი კი შეუძლებელია დათარიღდეს ამ პერიოდით, რადგან მისი კომპლექსი შეიცავს პოსტ - აქემენიდურ ხანაში გავრცელებულ საყურეებს. შესაბამისად, გარკლიანის ამ ლაგამის თარიღიც ძვ.წ. მეხუთე - მესამე საუკუნეებს შორის ექცევა.

3. ბრტყელსაყბეურიანი რკინის ლაგამი (სურ.4) აღმოჩნდა გრაკლიანი გორის სამაროვნის #254 სამარხშიც, რომელიც შეიცავდა ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობებს, სხვადასხვანაირ მძივებს, თიხის ჭურჭლებს. აქ, ასევე, აღმოჩნდა ცხენის აღკაზმულობის ბრინჯაოს კილიტებიც. ამ სამარხის წითლად გამომწვარი სურის ანალოგები ქართლშია გავრცელებული (კამარახევი, მუხათგვერდი, კაზრეთი) და თარიღდება ძვ.წ. მეოთხე - მესამე საუკუნეებით [Нариманишвили, 1991: 42, 51]. სამარხში აღმოჩენილი ჭრაქიც (კამარახევი, მუხათგვერდი), იმავე პერიოდით თარიღდება, ხოლო, პასტის, სარდიონის და თვალადი მძივები #254 სამარხიდან, ელინისტურ ხანას უნდა ეკუთვნოდეს, რადგან მსგავსი მძივები აღმოჩენილია, მაგალითად, დაფნარში [თოლორდავა, 1980: 19] ფიჭვნარში [კახიძე, 2004: 45 - 48] და სხვ. ელინისტური ხანის სამაროვნებზე. #254 სამარხის ლაგამი გამორჩეულია ერთი დეტალით - მის საყბეურს ნახევარწრიული ფორმა აქვს. თუ გავითვალისწინებთ ამ ფაქტს, მაშინ ლაგამს საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგი ჯერ - ჯერობით არ აქვს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბრტყელსაყბეურიანი ლაგმები აღმოჩენილია ვანში, საირხეში და სხვა არქეოლოგიურ ძეგლებზე, თუმცა, კიდევ ერთი განსხვავება სხვა ძეგლებსა და გრაკლიანის #254 სამარხში აღმოჩენილ ბრტყელსაყბეურიან ლაგამებს შორის არის ის რომ, მისი საპირე ნაწილი არ შეიცავს არც მილაკებს და არც დისკოებს, როგორც, მაგალითად, საირხის, ყანჩაეთის და ვანის ბრტყელსაყბეურიანი ლაგმები. დიდი ვარაუდით, გრაკლიანის ლაგამი ადგილობრივი წარმოებისაა და თარიღად შეგვიძლია ჩავთვალოთ ძვ.წ. მეოთხე - მესამე საუკუნეები, რადგან საქართველოში, სწორედ, ამ პერიოდში იყო გავრცელებული ბრტყელსაყბეურიანი ლაგმები [Эрлих, 2010: 75]. სამარხეული კომპლექსის თარიღიც ადასტურებს ამ თარიღს.

4. ბრტყელსაყბეურიანი რკინის ლაგამი აღმოჩნდა #85 სამარხშიც (სურ.5). ისიც შესაძლებელია, დათარიღდეს ძვ.წ. მეოთხე - მესამე საუკუნეებით. სამარხში აღმოჩნდა ცხენის ჩონჩხი, რომელთანაც დაფიქსირდა აქემენიდური ტიპის ოქროს დისკო (სურ.6), სავარაუდოდ, იმპორტული. „პალმეტები“ - ორნამენტი, რომელიც წარმოდგენილია ამ დისკოზე გვხვდება აპადანას კიბეების ფასადის დეკორაციასა და აქემენიდური თასების ძირებზეც [Schmidt, 1957: 105, 110, 251, 286, 287]. განსხვავებული აქემენიდური კულტურის დისკოები არის აღმოჩენილი ციხიაგორაზე [ცქიტიშვილი, 2001: 41 – 46]. დისკო აღმოჩნდა ახალგორის განძშიც (ძვ.წ. მეოთხე - მესამე საუკუნეები). თუმცა მათი ზომა 4 - ჯერ აღემატება გრაკლიანისას და ორნამენტიც დიდად განხვავებულია, ამიტომ ოქროს დისკო #85 სამარხიდან უნიკალურია საქართველოს არქეოლოგიაში. მისი ფლობა მხოლოდ მდიდარი ან გავლენიანი პირის პრივილეგია უნდა ყოფილიყო. აქემენიდური ტიპის დისკო ინახება კასპის მუზეუმშიც.

საქართველოში ცხენიანი სამარხები აღმოჩენილია თლიაში, ვანში, აწყურში, საირხეში და სხვ. აწყურში აღმოჩენილი ცხენიანი სამარხი, შესაძლოა, უკავშირდება სკვითურ ტრადიციას, რადგან აქ აღმოჩენილ 2 ძვლის საყბეურს გარკვეული მსგავსება აქვს სკვითურ ტიპებთან და თარიღდება ძვ.წ. მეშვიდე საუკუნით [Личели, 2015: 254 - 263]. საირხეში „საბადურის“ ბორცვზე აღმოჩნდა სამარხები #5 და #8. 3 ადამიანი დაკრძალული იყო 5 ცხენით და თითქმის ყველა მათგანს დამაგრებული ჰქონდა ლაგამი. სამარხებში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებიც, აქედან გამომდინარე ისინი გავლენიან პირებს ეკუთვნოდათ [ნადირაძე, 1990: 22 – 24]. ცხენიანი სამარხი აღმოჩნდა ვანშიც. 7 ადამიანი დაკრძალული იყო 4 ცხენით [ვანი IV, 1979: 72]. სამარხი თარიღდება ძვ.წ. მესამე საუკუნით. საბოლოოდ ყველა ზემოთ დასახელებული სამარხი, თლიასა და აწყურის გარდა, თარიღდება პოსტ - აქემენიდური ხანით. შესაძლოა გრაკლიანის ცხენიანი სამარხიც ამ პერიოდით დათარიღდეს.

აღსანიშნავია, რომ ვანში #12 სამარხში აღმოჩენილი ცხენების ძვლების ანალიზია გაკეთებული, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ყველა მათგანის ასაკი 6 დან 12 წლამდეა [ვანი IV, 1979: 38 - 40]. ნაშრომში დასახელებული ლაგმების საპირე ნაწილის ზომების მიხედვით, შესაძლებელი გახდა იმ ცხენების ყბების ზომების დადგენა, რომლებსაც ეკუთვნოდათ დასახელებული ლაგმები. ყბის ზომებით კი განისაზღვრა მთლიანად ცხენების ზომები (სურ.7). ვანის #12 სამარხში აღმოჩენილი ცხენების ზომები შევადარე გრაკლიანის და ყულანურხვას იმ ცხენების ზომებს, რომლებსაც, შესაძლებელია, ეკუთვნოდათ ზემოთ განხილული ლაგმები. შედეგად - იმ შემთხვევაში, თუ აქ ერთიდაიმავე ცხენის ჯიშთან გვაქვს საქმე, მაშინ დადგინდა ყულანურხვას ცხენის სავარაუდო ასაკი, რომელიც ვანის ცხენების მსგავსად 6 დან 12 წლამდე განისაზღვრება.

ყველა ლაგამი, რომელიც აღმოჩნდა გრაკლიან გორაზე დამზადებულია რკინისგან, განსხვავებით მათი ანალოგებისა. მათ აქვთ სხვა ლაგმებისათვის დამახასიათებელი გარკვეული ნიშნები, თუმცა, ახასიათებთ თავისებურებებიც, რომლებიც შესაძლოა მხოლოდ გრაკლიან გორაზე გავრცელებული კულტურისთვის [ლიჩელი, 2014: 2 -22] იყოს დამახასიათებელი. მაგალითად, ლაგამს #254 სამარხიდან არ მოეპოვება ანალოგი საქართველოს ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, რომ ლაგმები ამავე ძეგლზე ყოფილიყო დამზადებული. მით უფრო, რომ გრაკლიანზე ადგილობრივი წარმოება დადასტურებული ფაქტია.


გამოყენებული ლიტერატურა:


1. გაგოშიძე ი. 1964. ადრე ანტიკური ხანის ძეგლები ქსნის ხეობიდან. თბილისი
2. დავლიანიძე ც. 1983. ქვემო ქართლის (თრიალეთის) კულტურა ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარში. თბილისი
3. ვანი IV. 1979. თბილისი
4. თოლორდავა ვ. 1980. დაკრძალვის წესები ელინისტური ხანის საქართველოში. თბილისი
5. კახიძე ა. 2004. ფიჭვნარი I. ბათუმი
6. ლიჩელი ვ. 2014. გრაკლიანის კულტურა. თბილისი
7. ნადირაძე ჯ. 1990. საირხე საქართველოს უძველესი ქალაქი. თბილისი
8. საქართველოს არქეოლოგიის საკითხები I. 1978. თბილისი
9. ფიცხელაური კ. 1965. იორ - ალაზნის ტერიტორიაზე მოსახლე ტომთა უძველესი კულტურა. თბილისი
10. ცქიტიშვილი გ. 2001. მდიდრული სამარხი ციხიაგორას სამაროვნიდან. ძიებანი #7. თბილისი
11. ხიდაშელი მ. 1982. ცენტრალური ამიერკავკასიის გრაფიკული ხელოვნება ადრეულ რკინის ხანაში. თბილისი
12. Иессен А.А. 1953. К вопросу памятниках VIII – VII вв. до н.е. на юге Европейской части СССР. Советская Археология XVIII. Москва.
13. Личели В. 2015. С Митридата дует ветер. Боспор и причерноморье в античности. К 70 –летую В.П. Толстикова. Греко – Ахеменидские тенденции в южной Грузии (Материалы к стратиграфии Ацкури). Москва
14. Нариманишвили Г. К. 1991. Керамика Картли V – I в.в. до нашей еры. Тбилиси.
15. Эрлих В. Р. 2010. Узда Колхиды и Центральной Грузии античной эпохи. Археология и палеоантропология евразийских степей и сопредельных территорий. М., «Таус», сс. 73-108
16. Licheli V. 2008. The statue of colchian knight on the Samos Island – accidental or reasonable - Pontika, recent research on the Northern and Eastern Black sea in Ancient Times. Cracow.
17. Licheli V. 2015. Achaemeneid type pottery in Central Transcucasia and eastern Anatolia- one way of development. In: International Synposium on East Anatolia – South Caucasus Cultures. Proceeding II, Ed. M.Ishikli and M. Birol Can, Cambridge Scholars Publishing, p. 148-158
18. Moorey P. R. S. 2011. The Iranian Contribution to Achaemenid Material Culture. British Institute of Persian Studies
19. Muscarella o. 1989. bronze and iron ancient near eastern artifacts in the Metropolitan museum of art. New York
20. Schmidt E. 1955. Persepolis II: contents of the treasury and other discoveries. The university of Chicago. Press Chicago. Illinois
21. Watson P. 2011. Luristan bronzes in Birmigham museum and art gallery. Birmigham museum and art gallery

სურათების აღწერილობა:
სურ.1 - ლაგამი ყულანურხვადან
სურ.2 - ადგილობრივად დამზადებული ლაგამი გრაკლიანი გორიდან
სურ.3 - ლაგამი გრაკლიანი გორიდან. კომპლექსთან ერთად
სურ.4 - ლაგამი # 254 სამარხიდან
სურ.5 – # 85 ცხენიანი სამარხი
სურ.6 - ოქროს დისკო #85 სამარხიდან
სურ.7 - ცხენის ტიპები, რომლებთაც შესაძლოა ეკუთვნოდათ ეს ლაგმები

 

სურათები


wso shell IndoXploit shell c99 shell instagram takipçi hilesi hacklink wordpress download hacklink Google mersin escort