English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ბექა ვალიშვილი
ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებში (აზერბაიჯანი, სომხეთი) 21-ე საუკუნეში

1991 წლის 26 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონით არ დაინტერესებულა. მისი ძირითადი საზრუნავი იმ პერიოდში აღმოსავლეთ ევროპა იყო. კერძოდ, ევროპაში ერთიანი ევროატლანტიკური სივრცის ჩამოყალიბება. 90-იანი წლების ბოლოს კი სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი ინტერესი მკვეთრად იზრდება. თანდათან იწყება რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური კურსის განსაზღვრა: გეზი დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ? სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნები და დაინტერესებული მხარეები ებმებიან პოლიტიკურ თამაშებში. ამ თამაშებს კი, ერთი მხრივ, გეოპოლიტიკური და მეორე მხრივ, მატერიალური კეთილდღეობა განაპირობებს. [Azrebi.ge. 2016: 4] ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, ჩემი კვლევის ობიექტია ამერიკის შეერთებული შტატები და მისი სტრატეგიული ინტერესი ჩვენს რეგიონში, ასევე, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით აშშ-ს მოქიშპე სახელმწიფოს რეგიონში ბატონობისთვის - რუსეთის ფედერაციას და განვიხილავ მის მიზნებსა და რეალურ შესაძლებლობებს. ვფიქრობ, აღნიშნული საკითხი აქტუალობას 2017 წელსაც არ კარგავს, შესაბამისად, საინტერესო იქნება განვიხილო თემა, თუ რა ფაქტორებმა განაპირობა მრავალი ათასი კილომეტრით დაშორებული აშშ-ის გააქტიურება საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში. საერთოდ, რითი დაიწყო და შემდგომში როგორ განვითარდა ამერიკის სტრატეგიული ინტერესი საქართველოს მიმართ.

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია განვსაზღვრო, თუ რა პერიოდიდან დაიწყო დასავლეთმა სამხრეთ კავკასიის რეგიონით დაინტერესება და რამ განაპირობა იგი? 90-იანი წლების ბოლოდან დასავლეთის ინტერესი ნელ-ნელა თვალშისაცემი ხდება ჩვენს რეგიონში, ინტერესი განსაკუთრებით გამოიხატა აზერბაიჯანზე, ნავთობის მფლობელ ქვეყანაზე, რომლის პოტენციალი ამ თვალსაზრისით იზრდება. სამხრეთ კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და საკვანძო ენერგეტიკული დერეფანია კასპიის მდიდარი საბადოებიდან ევროპისკენ ნავთობისა და გაზის გადასაქაჩად, დასავლეთის გათვლებით არასტაბილური და არადემოკრატიული ნავთობის ექსპორტიორი რუსეთი უნდა ჩანაცვლდეს, ნაწილობრივ მაინც, აზერბაიჯანული რესურსებით, რაც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მზარდი კონკურენციის მოედნად იქცა. [Global research, Xinhua News Agency. 27.12.2009: 5] რუსეთი კავკასიაში გავლენის მოსაპოვებლად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს, უპირველეს ყოვლისა, იგი იყენებს მძლავრ ბერკეტს - ბუნებრივ გაზს, რაც მაშინ ეფექტური იყო, რადგანაც საქართველო და სომხეთი სწორედ რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული. არაერთი ცნობილი ექსპერტი აღნიშნავს, რომ რუსეთი ვერასდროს გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამიტომ მას სჭირდება ალტერნატიული იმპერიის შექმნა, რისი გაკეთებაც მას ამ გაზის პოლიტიკის საშუალებით შეუძლია. [ამერიკის შესწავლის საკითხები. ტომი 4. 2006 გვ:64-66: 2]

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ შეერთებული შტატების მთავრობამ განსაზღვრა სტრატეგიული ინტერესების სამი მიმართულება, პირველი ინტერესი გამოიხატებოდა დემოკრატიის შენების პროცესის წინსვლით, მეორე - ენერგეტიკული და სავაჭრო პროექტების განსახორციელებლად ალტერნატიული შესაძლებლობის გამოყენებით და ბოლო, ჩვენს ქვეყნებში უსაფრთხოების მყარი სისტემის შექმნა, რათა ეფექტურად ვებრძოლოთ საერთაშორისო ტერორიზმს, უკანონო ტრეფიკინგსა და მოვაგვაროთ ეგრეთ წოდებული „გაყინული“ კონფლიქტები. [ამერიკის შესწავლის საკითხები. ტომი 5. 2008 გვ:154-159: 3] 2001 წლის 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტის მოვლენებმა დაგვანახა, რომ აშშ არის გლობალური ძალისა და ავტორიტეტის მქონე სახელმწიფო, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პროფესორი, ალექსანდრე რონდელი მიიჩნევს, რომ ამერიკა არ უნდა ხელმძღვანელობდეს იზოლაციონიზმის პრინციპით, როგორც ეს ადრე ხდებოდა, სურს თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს, იგი ამჟამად საერთაშორისო ასპარეზზე ერთადერთი სუპერ სახელმწიფოა და სწორედ მას ენიჭება საერთაშორისო წესრიგის დამყარებაში გადამწყვეტი როლი. [ამერიკის შესწავლის საკითხები. ტომი 1. 2002 გვ:20-23: 1] 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენს რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, ცენტრალურ აზიაში რუსეთმა თავისი გეოპოლიტიკური გავლენა დასავლეთთან გაიყო. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რუსეთი მზად იყო მსგავსი რამ სამხრეთ კავკასიაშიც გაეკეთებინა. 2002 წლის დამდეგს აშშ-მა მიზნად დაისახა სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება, ის მზად არის განახორციელოს ენერგოპროექტები, საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების განვითარებაში დინამიზმი შეიტანოს. აშშ სხვა სახელმწიფოებს მანევრირებისათვის ადგილს არ უტოვებს. სამხრეთ კავკასია უკვე რეალურად ენაცვლება ბალკანეთს, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი იყო. 2002 წლის თებერვლიდან საქართველოში უკვე ამერიკელი სამხედრო პირები გამოჩდნენ. ამერიკის საქართველოსათვის დახმარება რუსეთს უკვე აშკარად თვალში ხვდებოდა, რადგან რუსეთი თავის ძველ კოლონიაში უცხო ძალის გამოჩენას არ იყო შეჩვეული. საქართველოში ამერიკელი სამხედრო ექსპერტების გამოჩენის შემდეგ კი რუსეთის შეშფოთება უფრო გაძლიერდა. რუსულ მედიასა და საკანონმდებლო ორგანოში ატეხილი ისტერიის შემდეგ ვითარება ჩაწყნარდა და რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობა საქართველოს ანტიტერორისტულ კამპანიაში მონაწილეობას ,,გაგებით” მოეკიდა. რუსეთში მიაჩნიათ, რომ აშშ-მა ტერორიზმთან ბრძოლა საქართველოში სამხედრო სფეროში გააქტიურებისათვის გამოიყენა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი უკვე იძულებულია მხოლოდ მიესალმოს პანკისის ხეობაში დაბანაკებული ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვს საკუთარ განცხადებებთან დაპირისპირება მოუწევდა, როდესაც რუსეთი საქართველოს პანკისის ხეობაში მყოფი ტერორისტების წინააღმდეგ პასიურ პოზიციაში ადანაშაულებდა. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ დსთ-ს ანტიტერორისტული ცენტრის იმდროინდელი ხელმძღვანელის მილნიკოვის განაცხადიდან ვკითხულობთ, რომ, „მიუხედავად საქართველოს ჩართულობისა დსთ-ს ანტიტერორისტულ კამპანიაში, ისინი მაინც, სულ აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორებისკენ იყურებიან.“ [ამერიკის შესწავლის საკითხები. ტომი 5. 2008 გვ:65-69: 3]

საქართველოს მთავრობა ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით ცდილობს დაახლოვდეს დასავლეთის ქვეყნებთან, საქართველოს თავდაცვის იმ დროინდელმა მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა [The Washington Post. May 06, 2001: 6], რომ მისი სამშობლო მთელი თავისი ისტორიის მანძილზე განიხილავდა თავს დასავლურ ცივილიზაციად, რუსეთის მოახლოებამდე დიდი ხნით ადრე. ევროპული არჩევანის დამადასტურებლად საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო კავკასიის რეგიონიდან, რომელიც გაერთიანდა ევროპის საბჭოში 1999 წელს. მოგვიანებით, 2005 წლისთვის საქართველო იმედოვნებდა ნატოში გაწევრიანებას. ამ ყველაფრის საპასუხოდ არც ქმედითი ნაბიჯები გვიანდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, კერძოდ კი, საქართველოს პირველი პირის დასაცავად CIA-მ მოამზადა ედუარდ შევარდნაძის პირადი მცველები, ასევე, საჩუქრად გადმოგვცეს დაჯავშნული ლიმუზინი მაღალი რანგის პირთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით. მოგვიანებით, უკვე ქართულ საჯარისო დანაყოფებს თურქეთის არმია წვრთნის, რაც უდავოდ ნაკარნახევია აშშ-სგან. [The Washington Post. May 06, 2001: 6] გარდა ამისა, შეერთებული შტატები საქართველოს, როგორც კავკასიის რეგიონის „გასაღებს“, ეხმარება სამშვიდობო შეიარაღებული ძალების ფორმირებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობა საქართველოში არათუ იკლებდა, პირიქით, უფრო თვალშისაცემი ხდებოდა. უკანასკნელ პერიოდში ამერიკელი სამხედროების ხშირი ვიზიტები თბილისში მაშინ, როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ მყარად არის განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები, სამხრეთ კავკასიაში სერიოზული დაპირისპირების საფრთხეს ქმნის.
2003 წელს საქართველოს ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდგომ გაჩნდა შესაძლებლობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისა. ამერიკის როლი მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, განსაკუთრებით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. აშშ-ს მთავარი მიზანია, საბოლოოდ გამოდევნოს რუსეთი სამხრეთ კავკასიიდან და ამისთვის შესანიშნავ პლაცდარმს იქმნის საქართველოში. სწორედ ამიტომ აშშ ცდილობს საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო საქართველოს ჯერ კიდევ უარს ეუბნებიან ალიანსში მიღებაზე. პრეზიდენტი სააკაშვილი აშშ-სთან მტკიცე თანამშრომლობასთან ერთად შეეცადა რუსეთთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაეწყო. თუმცა სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქართულმა მხარემ რუსული ბაზების გაყვანა მოითხოვა საქართველოს ტერიტორიიდან. ეს მოთხოვნა ნამდვილად არ იყო უცხო რუსეთის ფედერაციისათვის, რადგანაც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის მინისტრმა, დავით თევზაძემ, უცხოურ პრესასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს სურვილია, თავის ტერიტორიაზე არ იყოს განლაგებული უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები. [The Washington Post. May 06, 2001: 6] 2005 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, რუსეთს უნდა გაეყვანა თავისი ბაზები საქართველოს ტერიტორიებიდან. ფაქტის წინაშე დამდგარმა რუსეთმა ოფიციალურად დაადასტურა ჯარების გაყვანა 2008 წლის ბოლომდე. თუმცა საქართველო - რუსეთს შორის დაძაბულობა ახალი ძალით 2006 წელს გამწვავდა . 2006 წლის სექტემბერში საქართველოს NATO-სთან ურთიერთობებში ინტენსიურ დიალოგზე გადასვლამ გამოიწვია რუსული მხარის ღრმა შეშფოთება. პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიისპირეთის გარდა, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც სრულად აკმაყოფილებდა დასავლეთის მოკავშირეობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს. თბილისი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის იღებს ყველაზე დიდ სამხედრო დახმარებას შეერთებული შტატებისაგან და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივად დასავლეთის პოზიციის აქტიური მხარდამჭერია. თბილისი ჯერჯერობით არ არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი, თუმცა ორგანიზაციაში წევრობის რეალურ კანდიდატად მოიაზრება. რუსეთის ფედერაციას კარგად ახსოვს 2004 წელი, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები დასავლურ ბანაკში ოფიციალურად გაწევრიანდნენ [ნასრაშვილი, ლევან. November 14, 2012: 7], სწორედ ამიტომ მოსკოვის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში კიდევ უფრო მკაცრდება, უჩვეულო სიხისტეს იძენს და რეალურად ყველა მეთოდის გამოყენებით ცდილობს არ დაუშვას მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება, ამჯერად სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამის განსაზღვრა ნამდვილად რთულია, რადგანაც ამ პროცესს წინ უნდა უძღოდეს ორი მთავარი წინაპირობა: სუსტი რუსეთი და აშშ-ის რეალური ინტერესი, რომ ათწლეულის დასაწყისის მსგავსი ხისტი პოლიტიკით საკუთარ ბანაკში გადაიყვანოს პოსტსაბჭოთა ქვეყნები. ყოველგვარი ამის ნიადაგზე საქართველო-რუსეთს შორის შეწყდა ყოველგვარი ურთიერთობა. ამ მეტად დაძაბულმა ურთიერთობამ პიკს 2008 წლის აგვისტოში მიაღწია. რუსეთ-საქართველოს ომმა ცხადყო, რომ რუსეთი ვერანაირად ვერ შეეგუება საქართველოს დაკარგვას და აქ ამერიკის გავლენის ზრდას.[კობახიძე, ვლადიმერ, 2013. გვ:43-47: 8]

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა აგვისტოს ომზე ასეთი რამ განაცხადა: „ჩვენ სწორედ ასეთი პასუხი უნდა გაგვეცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შევწყვეტდით საკუთარი თავის პატივისცემას, დავკარგავდით კავკასიას და, საბოლოო ჯამში, დავკარგავდით მთლიანად რუსეთს... უბრალო ჭეშმარიტებაა, რომ რუსეთს შეუძლია იყოს ძლიერი და დიდი, ან ის არ იქნება საერთოდ. ეს ძალიან ტკბილი ლუკმაა, ჩვენი ტერიტორია, ბუნებრივი რესურსები, მთელი ჩვენი შესაძლებლობები ყოველთვის იზიდავდა და იზიდავს მრავალი შურიანის მზერას. მსოფლიოში ცხოვრება არ გაიოლებულა, მაგრამ რუსეთის სახით გამოჩნდა კიდევ ერთი ძალა, რომელსაც შეუძლია დაიცვას წესრიგი მსოფლიოში და, ალბათ, ეს არის კავკასიის ომის მთავარი გაკვეთილი“ [ნასრაშვილი, ლევან. November 14, 2012: 7], - მიმაჩნია, რომ ეს განცხადება სრულად ხსნის რუსეთის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და, კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებაში. მოსკოვს მიაჩნია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში და განსაკუთრებით კავკასიაში ექსკლუზიური ინტერესები აქვს, ხოლო საქართველო, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „პოსტსაბჭოთა სივრცის ანომალია“ [ნასრაშვილი, ლევან. November 14, 2012: 7] უწოდა და რომელიც რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევას ცდილობს, რუსეთმა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დასაჯა. ამას ადასტურებს რუსი სოციოლოგების მონაცემებიც იმის შესახებ, რომ რუსეთის მტერი ქვეყნების ათეულში საქართველო ლატვიის შემდეგ მე-2 ადგილს იკავებს, რაც ნამდვილად არაა გასაკვირი. [ამერიკის შესწავლის საკითხები. ტომი 4. 2006. გვ:123-124: 2] აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველო განხილულია წარმოშობით პოლონელი, პოლიტიკის მეცნიერის ზბიგნევ ბჟეზინსკის მიერ, რომელიც თავის წიგნში “ამერიკა და გლობალური ძალაუფლების კრიზისი“, ჩვენს სახელმწიფოს მოიხსენიებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ქვეყნად. [Brzezinski, Zbigniew. Strategic Vision: 11]

ვაშინგტონი დიდი ხანია ცდილობს კავკასიის რეგიონში საქართველოს გარდა კიდევ ორ რესპუბლიკაში აზერბაიჯანსა და სომხეთში რუსეთის გავლენის შესუსტებას. სამივე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომლებსაც რუსეთი ”ბუფერულ ზონებად” მიიჩნევს, სადაც არ უნდა გავრცელდეს ნატოს გავლენა. მოსკოვის აზრით, ეს რეგიონი მის ძალისხმევაზე, სტაბილურობა შეინარჩუნოს შფოთიან ჩრდილოეთ კავკასიაში, პირდაპირ გავლენას ახდენს. იმავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ მდგომარეობას, ირანზე ზეწოლის გაძლიერებისა და ავღანეთში საკუთარი ოპერაციების მხარდასაჭერად იყენებს. აშშ ასევე ყურადღებით აკვირდება ამ რეგიონში ნავთობისა და გაზის მსხვილ მარაგებს, რომელსაც შეუძლია შეამციროს თავისი დამოკიდებულება სპარსეთის ყურის ენერგორესურსებზე. ამერიკის ნავთობ კომპანიები მონაწილეობას იღებენ კასპიის ენერგო რესურსების ათვისებაში. აშშ მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას(ლაპარაკია ყარაბაღზე). [ ForeignPress. December 29,2012: 12] აშშ-ს ინტერესი აზერბაიჯანზე არ შემოიფარგლება მხოლოდ ენერგორესურსებით, განსაკუთრებით კი ანტიტერორისტული კამპანიის წამოწყების შემდეგ ამერიკას სჭირდება ახლო აღმოსავლეთში ოპერაციების საწარმოებლად სატრანზიტო დერეფანი, რაც საჭიროა ამერიკული იარაღისა თუ ჰუმანიტარული დახმარების გადასაზიდად ზემოთაღნიშნულ რეგიონში.

გარდა ზემოთქმულისა, 2014 წელს, ამერიკა ავღანეთიდან გამოიყვანს შეიარაღებული ძალების ძირითად კონტიგენტს და წინასწარი მოლაპარაკებების შემდეგ, ბაქოს თანხმობის შემთხვევაში, მათი ნაწილი განთავსდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ამის შესახებ განაცხადა NATO-ს ოფიცერ-კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიის მიმართულებით უილიამ ლახუამ [ნასრაშვილი, ლევან. November 14, 2012: 7], აზერბაიჯანში ვიზიტის დროს. რიგი ექსპერტების აზრით, აზერბაიჯანი დათანხმდება ამ შეთავაზებას. ამერიკული ძალები შეიძლება აზერბაიჯანისთვის იქცეს ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის ერთ-ერთ ფაქტორად. ამერიკისათვის კი ეს იქნება პლაცდარმი ირანის წინააღმდეგ და პირდაპირი გასასვლელი ”ახალი აბრეშუმის გზის” კიდევ ერთ მონაკვეთზე. ჩვენი საქართველოს გადმოსახედიდან, კი ეს იქნება დასაფიქრებელი, რადგანაც არ ვიცით რას მოიმოქმედებს რუსეთი ამგვარად სიტუაციის შესაძლო განვითარების წინააღმდეგ. მან შეიძლება მოინდომოს საქართველოზე პირდაპირი გზის გაჭრა სომხეთამდე და ეს ნებით ან ძალით განახორციელოს. ეს რა თქმა უნდა, ვარაუდია, თუმცა რუსეთისგან არაფერია გასაკვირი.

მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაშიც არსებობს პრობლემები, რაც მათ შორის მოკავშირეობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მათ შორის უპირველესი კი აზერბაიჯანში არსებული ავტორიტარული რეჟიმია. ბაქოში არსებობს შიში, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა, წაახალისოს დემოკრატიული ცვლილებები, რაც მმართველ რეჟიმს საფრთხეს შეუქმნის. ეს კი ილჰამ ალიევის ხელისუფლების მიერ აზერბაიჯანის დასავლურ ინსტიტუტებში ღრმა ინტეგრაციაზე უარის თქმის წინაპირობაა.

ჩვენს კიდევ ერთ მეზობელ სახელმწიფოს, სომხეთს, რომელსაც ნამდვილად ვერ ეთქმის, რომ გეოსტრატეგიულად ხელსაყრელი პოზიცია უკავია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცის რესპუბლიკებს შორის ყველაზე კარგი ურთიერთობა სწორედ რუსეთთან აქვს. ოფიციალური ერევანი მოსკოვის მოკავშირეობის ყველა ინდიკატორს აკმაყოფილებს. იგი საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის პოზიციის მუდმივი მხარდამჭერია, იღებს მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. რაც შეეხება შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის ურთიერთობას, იგი რუსეთის ხუთ მოკავშირე რესპუბლიკას შორის ერთადერთია, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის ISAF-ის მისიაში მონაწილეობს. ერევანმა ავღანეთში სამხედროები 2009 წლის ბოლოს გააგზავნა და მათი რაოდენობა 131-ს არ აღემატება.[Daniel Resnick. Security Assistance Monitor. 2013: 9] მიუხედავად ამისა, სომხეთი შეერთებული შტატების მოკავშირეობის ინდიკატორებს შორის სრულად არცერთს არ აკმაყოფილებს. რაც, რა თქმა უნდა, რუსეთ-სომხეთის მჭიდრო ურთიერთობებისაგან არის ნაკარნახევი. ამას კიდევ ემატება 2005 წელს ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან გიუმრიში გადატანილი სამხედრო ბაზა, რომელიც ერთადერთი გარანტი და იმედია აზერბაიჯანთან დაპირისპირების შემთხვევაში ერევნის ინტერესების დაცვისა. ყოველგვარი ამის ნიადაგზე გასაკვირი არ არის, რომ აშშ-მ ვერ მოახერხა თავისი ინტერესების გავრცელება სომხეთის რესპუბლიკაში.

ამგვარად, როგორც ვხედავთ, სამხრეთ კავკასია თავის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დღევანდელ დღეს, 2017 წელშიც არ კარგავს. ერთი მხრივ, აშშ თავის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად და მეორე მხრივ, რუსეთის ფედერაცია ცდილობს თავისი გავლენის სფეროებში მოაქციოს ზემოთხსენებული რეგიონი, დაპირისპირების საფრთხეს ქმნის. დასავლეთის სახელმწიფოები ყველანაირად ცდილობენ რუსეთის გვერდის ავლით მიიღონ ენერგო რესურსები კასპიისპირეთიდან. ეს კი რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, რუსეთი სერიოზულ საფრთხედ აღიქვამს ევროკავშირისა და NATO-ს გაფართოებას სამხრეთ კავკასიისაკენ. იგი არაფრით არ დაუშვებს დასავლეთის გავლენის ზრდას რეგიონში, ამიტომ იგი არ მოერიდება სიტუაციის დესტაბილიზაციას რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, საქართველო კვლავ მყარად ადგას დასავლურ კურსს, შესაბამისად რეგიონში კვლავ მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება, რაც კრემლის ინტერესებთან, გააკონტროლოს მთელი კავკასია საქართველოს გაკონტროლებით, შეუსაბამობაში მოდის. რუსეთი აქტიურად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და დღესდღეობით ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20%. აშშ რჩება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირე ქვეყნად, რომლისათვისაც მნიშვნელოვანია კავკასიის უსაფრთხოება. ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ საქართველოს საგარეო მინისტრთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობა მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოში მთავარი ყურადღება ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისკენაა მიმართული. სჯერათ, რომ დამოუკიდებელი, ერთიანი და აყვავებული საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. [საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 2016: 10]

რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, რუსეთი ამ სახელმწიფოებში სულ სხვაგვარ ტაქტიკას მიმართავს. იგი აღვივებს შუღლს სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის და ამისთვის შესანიშნავად იყენებს ყარაბაღის დღემდე მოუგვარებელ კონფლიქტს. როგორც თემაში აღვნიშნე, აშშ-მ ვერ შეძლო სომხეთის სახით მოკავშირე ქვეყნის შეძენა, რასაც ვერ ვიტყვით აზერბაიჯანის შემთხვევაში, რადგანაც აშშ-ს სწორედ ზემოთხსენებული ქვეყნის გავლით შეაქვს იარაღი და ჰუმანიტარული დახმარება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ეს ამერიკული დაინტერესება ჩვენი რეგიონით, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი გადმოსახედიდან საქართველოზე არ უნდა იყოს მხოლოდ ცალმხრივი დაინტერესება და ჩვენც უნდა შევეცადოთ მივიღოთ მისგან სარგებელი სხვადასხვა სფეროში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. "აშშ-სთან პარტნიორობამ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე გადამწყვეტი როლი შეასრულა." საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. March 16, 2016. Accessed March 31, 2016. http://mfa.gov.ge/News/აშშ-სთან-პარტნიორობამ-საქართველოს-დემოკრატიული-გან.aspx?CatID=5.
  2. დვალიშვილი, თინათინ. "სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური თამაშები." Azrebi.ge. March 04, 2010. Accessed April 03, 2016. http://azrebi.ge/index.php?pid=1044.
  3. კაჭარავა, ვასილ, ed. ამერიკის შესწავლის საკითხები. ტომი 1. გვ:20-23, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2002
  4. კაჭარავა, ვასილ, ed. ამერიკის შესწავლის საკითხები. ტომი 4. გვ:64-66, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2006
  5. კაჭარავა, ვასილ, ed. ამერიკის შესწავლის საკითხები. ტომი 5. გვ:154-159, თბილისი: კლიო, 2008.
  6. კობახიძე, ვლადიმერ. "Eurasia Problems in World Politics and Its Importance for the South Caucasus." PhD diss., გვ:43-47, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2013. Accessed July 09, 2013.
  7. ნასრაშვილი, ლევან. "ცივი ომი პოსტსაბჭოთა სივრცეში." ლევან ნასრაშვილის ბლოგი (blog), November 14, 2012. Accessed April 02, 2016. http://nasrashvili.blogspot.com/2012/11/blog-post.html.
  8. Baker, Peter. "For Georgia, Russia Remains An Intimidating Neighbor." The Washington Post. May 06, 2001. Accessed April 01, 2016. https://www.washingtonpost.com/archive/politics/2001/05/06/for-georgia-russia-remains-an-intimidating-neighbor/09fcbfe6-6d92-4305-b5e8-ecf7a2ce40fe/.
  9. Brzezinski, Zbigniew. Strategic Vision. New York: Basic Books. Accessed April 08, 2016. http://www.otvoroci.com/uploads/3/8/0/5/38053843/strategic_vision__america_and_the_crisis_of_global_power.pdf
  10. Daniel Resnick, “CONTRIBUTIONS BY GEORGIA, AZERBAIJAN AND ARMENIA TO THE ISAF MISSION”, Security Assistance Monitor. December 5, 2013. Accessed March 30, 2016. https://securityassistancemonitor.wordpress.com/2013/12/05/contributions-by-georgia-azerbaijan-and-armenia-to-isaf-mission/
  11. Global Research, "აშშ და რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაძლიერებისთვის იბრძვიან," ForeignPress. 22:00 December 29, 2012. Accessed 06.04.2016. http://foreignpress.ge/analitika/1993-ashsh-da-rusethi-samkhreth-kavkasiashi-gavlenis-gadzlierebisthvis-ibrdzvian.html?lang=ka-GE
  12. Global research, “U.S., Russia Vying for Bigger Sway in South Caucasus”, Xinhua News Agency. 27.12.2009, Accessed March 29,2016. http://www.globalresearch.ca/yearender-u-s-russia-vying-for-bigger-sway-in-south-caucasus/16681

wso shell IndoXploit shell c99 shell instagram takipçi hilesi hacklink wordpress download hacklink Google mersin escort