ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალი სტუდენტური წელიწდეული ჰუმანიტარული კვლევები |
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘ სოფიო ყანჩაშვილი ბიბლიური რუთი რუთის წიგნი - ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნია, რომელსაც პროტაგონისტის სახელი ჰქვია. ებრაულ კანონში ის წერილებშია ჩართული, ხოლო ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, ის ისტორიულ წიგნებს შორის არის მოთავსებული. ავტორი მოგვითხრობს, როგორ გახდა ისრაელის ღმერთი - მოაბელი ქალის ღმერთი, ისრაელიანები - მისი ხალხი, თავად კი - დავით მეფის დიდი ბებია. სიკეთის ქებათა ქების (როგორც ს. გოიტეინი უწოდებს ნოველას [Simon, 1975:187]) დომინანტური თემაა חֶסֶד (ḥesed), რაც აბსოლუტურ თავდადებას, მადლს, სიკეთეს აღნიშნავს. მრავალმხრივობის გამო ამ პატარა, ოთხიოდე თავისაგან შედგენილ წიგნს არცთუ იშვიათად ადარებენ ალმასს, რომლის წახნაგებზე დაცემული სხივთა კონა ნაირფერად ელვარებს. ჩვენში რუთის წიგნი, როგორც სხვა არაერთი წიგნი თანახისა, ნაკლებადაა შესწავლილი. კანონთა შესახებ უფლის საკრებულოს კარი დახშულია იმ ტომებისათვის, რომლებთანაც ისრაელს საერთო წარმოშობა და ისტორიული მეზობლობა აქვს - მოაბელები და ყამონელები - „ეს იმიტომ, რომ პურითა და წყლით არ დაგხვდნენ გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით; და იმიტომ, რომ დაიქირავეს შენს წინააღმდეგ ბალაამ ბეყორის ძე, შუამდინარეთის ფეთორიდან შენს დასაწყევლად“ [რჯლ. 23:4]. რჯული მათთან ზავის დადებასაც კრძალავს. აკრძალვის მიზეზი მათი კერპთაყვანისმცემლობაცაა. მიწა შეიძლება გაყიდოს მისმა მფლობელმა, თუ გაღარიბდა, მაგრამ მის ახლო ნათესავს ევალება გამოისყიდოს გაყიდული მიწა, რათა იგი სანათესაოს ხელში დარჩეს. რჯული უფლის სახელით იცავს მდგმურს, რომლისადმი სამართლებრივი მოპყრობა ისრაელიანს იმიტომ მართებს, რომ თავად იყო მდგმური და მონა ეგვიპტეში. მათ სასარგებლოდაა დადგენილი ნამცვრევის წესი. „თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მისი ქვრივი არ უნდა მისთხოვდეს გარეთ უცხო კაცს, არამედ მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და მაზლობის წესი შეუსრულოს მას. პირმშო, რომელსაც ქალი შობს, მკვდარი ძმის სახელზე აღდგება, რომ არ წაიშალოს მისი სახელი ისრაელში“ [რჯლ. 25:5-6] - ეს არის მაზლობის (ლევირატის) წესი, გავრცელებული მსოფლიოს ხალხებში. შეუღლების შედეგად დაბადებული გარდაცვლილის სახელზე დაიწერება, მის შვილად ჩაითვლება და მემკვიდრეობადაც იმას მიიღებს, რასაც მამის სიცოცხლეში მიიღებდა [რჯლ. 25:6]. რჯული არ სჯის ამ წესის უარმყოფელს, ოღონდ მას „ფეხგახდილის სახლს“ შეარქმევენ. თანახში ორი ამბავი ეხება ლევირატის კანონს: ერთი, თამარისა და იუდასი შესაქმეში [დაბ. 38:6-30] და მეორე, რუთის წიგნში, თუმცა მათ შორის ზღვარი დიდია. ფაბულა მსაჯულთა ხანაში ჩამოვარდნილი შიმშილობის გამო იუდას ბეთლემიდან მოაბის ველზე საცხოვრებლად წავიდა ელიმელექი, ცოლთან, ნაყომისთან და ვაჟებთან ერთად. ელიმელექი გარდაიცვალა, მისი ვაჟები კი მოაბელ ქალებზე დაქორწინდნენ და 10 წლის შემდეგ ისინიც გარდაიცვალნენ. დედამთილმა იუდას ქვეყანაში დაბრუნება განიზრახა. იგი მოაბელმა რძალმა (1), რუთმა (2), არ მიატოვა და ბეთლემში გაჰყვა. რუთი ყანებში თავთავების კრეფისას მოხვდა ელიმელექის ნათესავის, ბოყაზის, ყანაში, რომელმაც ნება დართო თავთავები არა მხოლოდ მომკელთა კვალზე, ძნებს შორის და ხელეურებიდანაც აეკრიფა, ისიც უთხრა, სხვის ყანაში აღარ გადასულიყო. ქალიც დარჩა, სანამ ქერისა და პურის მკა არ დასრულდა. დედამთილის რჩევით, რუთმა ბოყაზისაგან ლევირატის წესის შესრულება მოითხოვა. მანაც შეასრულა ნათესაობის მოვალეობა მას შემდეგ, რაც უფრო ახლო ნათესავმა უარი თქვა დაქორწინებულიყო რუთზე. რუთმა შვა ყობედი, რომლის გამდელიც ნოყამა გახდა და რომელიც დავითის ბაბუა შეიქნა. ხიაზმები (3) და პროვიდენცია ხიაზმები ძირითადად ბიბლიის პოეტურ პასაჟებში დასტურდება, თუმცა პროზაულ თხრობაშიც გვხვდება: ზაქარიასა და ამოსის წიგნებში, მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებში, ებრაელთა მიმართ ეპისტოლესა და აპოკალიფსში. რუთის წიგნში ხიასტურ სტრუქტურას მის ღვთისმეტყველებასთან აქვს მჭიდრო კავშირი ნაცვლად შემოქმედისა, მისი განგებულების გზებს გამოაჩენს. არ ჩანს ღვთის ხელი, რომელიც სასწაულებს იქმს. მოვლენები ხდება, ვითარდება ბუნებრივად, თუმცა ბუნებრივი მოვლენებიც საღვთო პროვიდენციის შედეგია. რუთის წიგნის სტრუქტურა [Hongisto, 1985:23]: A. ნაყომი ხანდაზმულია, რომ ვაჟები შობოს [რუთ. 1] პროვიდენცია წიგნის დასასრულთან ერთად არ წყდება და ტერმინ גֹּאֵל (gō’ēl) (4) – ის დიდ მნიშვნელობას გამოკვეთს: იუდეველთა რწმენით, გამოხსნა მესიას, მეფე დავითის შთამომავალს - מָשִׁיחַ בֶּן־דָוִד (māšīaḥ ben dāwid) - მესამე ტაძრის აღმდგენს და დაკარგული ათი ტომის შეკრების შემდეგ, თორმეტივე ტომის მმართველს უკავშირდება; ახალ აღთქმაში კი ქრისტეს მიერ ადამიანის გამოსყიდვაა აქსიომა - extra Christum nulla salus. ნაწარმოების შექმნის დრო რუთის წიგნის დაწერის დროს შესახებ მკვლევართა აზრი ორად იყოფა: ნაწილი მას პირველი ტაძრის, ნაწილი კი მეორე ტაძრის ხანას აკუთვნებს. იმ ვარაუდის საფუძველს, რომ ნაწარმოები ადრეულ ეპოქაში დაიწერა, რიგ შემთხვევებში გამოყენებული არქაული ფორმები იძლევა. თალმუდური ტრადიციით, წიგნის ავტორი სამუელია, მაგრამ რუთის წიგნის დასასრული - ყობედი...იყო მამა იესესი, დავითის მამისა [რუთ. 4:17] (5) - მიუთითებს, რომ იგი არათუ დავითის დროს, არამედ უფრო გვიან დაიწერა, რადგან დავითი აქ ახსოვთ, როგორც ისტორიული გმირი, დიდი მეფე, რომელიც წარსულს ეკუთვნის. მოგვიანო ხანაში რომ დაიწერა, ამას გაცვლისა და გამოსყიდვის ჩვეულებაც ამტკიცებს [რუთ. 4:7 შდრ.: იერ. 32:6-12]. ვხვდებით ლექსიკურ ერთეულებსა და გამოთქმებს, რომლებზეც არამეულ ენას მოუხდენია გავლენა [რუთ. 1:13; 1:20; 2:3; 2:14; 4:7]. ლევირატის წესი, უფრო ადრე ვრცელდებოდა ნათესავებზეც, შემდეგ გარდაცვლილის ძმებით შემოისაზღვრა. ფეხსაცმლის გაძრობაც სამარცხვინოდ ითვლებოდა გარდაცვლილის ძმისათვის, რომელიც უარობდა ლევირატის მცნება შეესრულებინა, აქ კი მოლაპარაკების დასრულების ნიშანია და უეჭველია, რომ ადრინდელია. ამ წიგნში მინიშნებაც არაა ზიზღზე მოაბელებისა თუ წარმართებისადმი [შდრ.: 1 ეზრა 9:10; ნეემ. 9:2; 13:23]. ეს არც ისე ძველი დროა, თუმცა, უფრო ძველია, ვიდრე ეზრა-ნეემიასი. ამრიგად, რუთის წიგნი იუდას ბოლო მეფეების დროს უნდა დაწერილიყო. რუთი და ქებათა ქება ბიბლიის ხუთ გრაგნილს დღესასწაულებსა თუ ტრაგიკული მოვლენების გასახსენებლად კითხულობენ: ქებათა ქება - ფესახი, რუთი - შავუოთი, გოდება - 9 აბი (დღე, როცა ბაბილონელებმა პირველი (ძვ. წ. აღ. 586წ.), ხოლო რომაელებმა (70წ.) მეორე ტაძარი დაანგრიეს), ეკლესიასტე - კარვობა, ესთერი - ფურიმი. ფესახის დღესასწაულზე (6), რომელიც ეგვიპტიდან გამოსვლას აღნიშნავს, ქებათა ქება იკითხება. ეს ის დროა, როცა სამიჯნურო ურთიერთობა დაიწყო ღმერთსა და ისრაელს შორის. ამიტომაც დაუკავშირეს ბრძენებმა ამ დღესასწაულს ქებათა ქება (7; 8). ფესახიდან შვიდგზის შვიდეულის გასვლის შემდეგ, ანუ ორმოცდამეათე დღეს აღინიშნება შავუოთი (ებრ.: კვირები) - მოსავლის აღების დასასრული, სინის მთაზე ისრაელისათვის თორის გამოცხადების დღე. სწორედ შავუოთზე იკითხება რუთის წიგნი (9): მოაბის ველიდან ნაყომი რუთთან ერთად თავთავების მკის დაწყებამდე ბრუნდება. რუთი და ბოყაზი კალოზე მომკალთა კვალზე თავთავების შეგროვებისას ხვდებიან, მკის დასრულებისას ამბავიც მთავრდება. ქებათა ქებაში გაზაფხული, რუთის წიგნში კი ზაფხული დგას. სეზონები წიგნების შინაარსის შესაბამისია: ქებათა ქებაში მეტრფე და სატრფო ერთმანეთს ეძიებენ და პოვებენ; რუთი კი ქმართან ერთად საფუძველს უყრის ახალ ცხოვრებასა და შთამომავლობას.
შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:
|