English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘
ხის სამარხეული ეტლების გავრცელება ბედენის კულტურაში

ადრეული ყორღანების კულტურა მკვლევართა არაერთი თაობის შესწავლის საგანი იყო, რის საფუძველზეც მიღებულია აზრი, რომ იგი განეკუთვნება ეკონომიკურად დაწინაურებულ მესაქონლე-მიწათმოქმედ ტომებს, რომელთა განვითარებას ხელს უწყობდა სამხ. კავკასიის მდიდარი ბუნებრივი რესურსები. ყოველი მკვლევარი ხაზგასმით აღნიშნავდა ამ კულტურის ხის ხელოსნური ნაწარმის ინოვაციურ ფორმებს, მხატვრულ სტილს და არქიტექტურულ თავისებურებებს, რომელიც პრაქტიკულ მიზნებთან ერთად საკრალურ-რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებთანაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული.

ადრეული ყორღანების კულტურა ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში წარმოდგენილია სავსებით ინდივიდუალური და ნოვატორული ბედენის კულტურით, რომელშიც პირველად შეიმჩნევა მიცვალებულის ხის ოთხთვალა ეტლთან დაკრძალვის ტრადიცია. წინამდებარე ჟურნალის პირველ ნომერში ბედენის კულტურის კვლევის ისტორიის შესახებ ზოგადად უკვე გვქონდა საუბარი, ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდებით და პირდაპირ სტატიის კვლევის მთავარ ობიექტს - ხის ეტლების განხილვაზე გადავალთ. მიუხედავად უკვე დაგროვილი საკმაოდ სოლიდური არქეოლოგიური მასალებისა (არქეოლოგიური გათხრები ჩატარებულია 100-მდე ბედენურ ყორღანზე და 3 ნამოსახლარზე) და მეტ-ნაკლებად არგუმენტირებული თეორიებისა არსებობისა, კვლავ საკამათო და პრობლემურია ხის ეტლთან დაკრძალვის ტრადიციის გენეზისი, ლოკალიზაცია, დანიშნულება, პარალელიზაცია, გავრცელების არეალი და აშ. წინამდებარე ნაშრომის მიზანია ბედენური ყორღანულ სამარხებში აღმოჩენილი ხის ოთხთვალა ეტლებზე სამეცნიერო ლიტერატურაში დაგროვილი გაბნეული ინფორმაციების თავმოყრა, ეტლიანი ყორღანების გამორჩეული თვისებების აღწერა, ასეთი სამარხების ეტლებისა და სხვა მასალების ერთმანეთთან შედარება. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა 2012 წ. აღმოჩენილ ანანაურის #3 დიდი ყორღანს და მის 2 ეტლს, რომლის სრული ლაბორატორიული კვლევის შედეგები სულ ახლახანს, 2016 წლის დეკემბერში გამოვიდა მზის სინათლეზე.

 ბედენის კულტურის წარმომავლობის საკითხი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. როგორც ყორღანულ კულტურას მას ჩრდილოეთიდან შემოსულად მიიჩნევენ. ყორღანი, როგორც სამარხის ტიპი უნდა წარმოქმნილიყო გაშლილ ადგილას, სტეპში, სადაც სამარხის თავზე ამოზიდული ხელოვნური ყრილი ადვილად გასარჩევი იქნებოდა. ამავე დროს მიწაყრილი და ქვის ჯავშანი ერთგვარი ხელოვნური ბარიერი იქნებოდა მძარცველებისგან თავის დასაცავად. ტრადიციის გაჩენის ადგილად მიჩნეულია კავკასიის ჩრდილოეთით გავრცელებულ ეწ. ძველი ორმოსამარხების კულტურა და შემდგომ სამხრეთით - კავკასიაში და დასავლეთით - აღმ. ევროპასა და ბალკანეთში გავრცელება. [ჯაფარიძე, 1998:102]. თუმცა შედარებით საკამათოა ეტლების ჩაყოლების ტრადიციის გენეზისი, რაც მახასიათებელია როგორც ჩრდილოეთის ორღანებისთვის, ასევე სამხრეთული სამარხებისთვის. ჩრდილოეთით – აზოვისპირეთში, შავიზღვისპირა სტეპურ ზოლში, ვოლგისპირეთში, კავკასიისპირეთში გათხრილ ყორღანებში ჩანს ბედენის მსგავსად მიცვალებულის დაკრძალვა ეტლთან ერთად, რაც განსაკუთრებით ყუბანისპირეთში, ნოვოტიტაროვკის ყორღანებში შეინიშნება, სადაც თითქმის ყველა სამარხშია ეტლის ნაკვალევი [Резепкин, 2012:114]. იმავდროულად გ. ჩაილდი ბორბლიანი ტრანსპორტის გამომგონებლად ურუქის პერიოდის შუმერებს მიიჩნევს, საიდანაც ჯერ კავკასიაში, შემდეგ კი აღმოსავლეთ ევროპაში გავრცელდა [Чайлд, 1956:358]. წინა აზიაში ოთხთვალა ეტლი უკვე IV ათასწლეულიდანაა ცნობილი. ამ თეორიას ამყარებს შუამდინარული კულტურის კუთვნილი თიხისა და ლითონისგან დამზადებული ურმის მცირე მოდელები ტელ-ფარადან, თეფე-გავრადან და ხაფუს-თეფედან [ჯაფარიძე, 1998:100]. ასევე ხის ეტლები ნაპოვნია ქალაქების ურის, კიშის, სუზის დიდებულთა სამარხებში, რომელთაც ბედენურ და თრიალეთური ეტლების მსგავსად ფარული სოგმანებით შეერთებული ორ ან სამ ნაწილიანი ბორბლები აქვთ. როგორც ვხედავთ ეს საკითხი საკმაოდ პრობლემურია და ორივე თეორიას საკმაოდ მყარი არგუმენტები გააჩნია, რომელი უფრო ჭეშმარიტია ამ ეტაპზე რთული სათქმელი, ამავე დროს შესაძლოა ორივე ვერსია თავისებურად მართებული იყოს - გავლენა ორივე მხრიდან თანადროულად არსებობდა. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ სრულიად ნათელია, ეტლთან ერთად მიცვალებულის დაკრძალვის წესი როგორც სამხრეთ რუსეთის სტეპურ ზოლში, ისე წინა აზიასა და შუამდინარეთში, კავკასიაზე რამდენადმე უფრო ადრე ვრცელდება.

ბედენის კულტურის ლოკაციური საზღვრები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია მოქცეული (იხ. ტაბ. I) და მოიცავს ქვემო ქართლს, შიდა ქართლს, სამცხე-ჯავახეთს და კახეთს. ასევე ვრცელდება სომხეთსა (ტაშირ-ძორაგეტის ზოგიერთ ნამოსახლარზე) და აზერბაიჯანში (მუღანის ველზე, განჯა-ხანლარის მხარეში, მდ. ხაჩანაგეტის აუზში, მთიან ყარაბახში) სწორედ ქვემო ქართლში, ბედენის პლატოსა და იორ-ალაზნის აუზში გამოვლენილი ყორღანების საფუძველზე XX ს.-ის 70-80 წლებში გამოიყო ახალი, მანამდე უცნობი და უცხო ტრადიციების მქონე ყორღანული კულტურა.[i] ბედენური სამარხების ხის ეტლების შემადგენელ დეტალებზე, ზომებზე, დანიშნულებასა და ტექნიკურ შესაძლებლობებზე ზოგადად უკვე ვისაუბრეთ („ხის ნაკეთობები ბედენის კულტურიდან“ - „სტუდენტური წელიწდეული“ #1), ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდებით და პირდაპირ გადავალთ საქართველოში გეოგრაფიული არეალების მიხედვით დაჯგუფებულ ბედენის კულტურის ხის ეტლებიანი ყორღანების მოკლე აღწერა-დახასიათებაზე.

შიდა ქართლის ლოკაციურ ჯგუფში სულ ხის ეტლიანი 4 ბედენური სამარხია შესწავლილი. პირველის - ბერიკლდეების # 1 ყორღანის ორმოს ძირზე გაიწმინდა ოთხთვალა ურმის თვლების ჩასადგმელი თხრილები. როგორც მიცვალებულის ჩონჩხი, ისე მთელი სამარხეული ინვენტარი ეწყო ურმის თვლის ღარებს შორის. მეორე - თედოწმინდის ყორღანი, რომლის ოთხკუთხა ფორმის დასაკრძალავი ორმოს იატაკზე აღმოჩნდა ოთხბორბლიანი ურმის ბორბლების კვალი. ზოგადად ბედენურ ყორღანებში იშვიათად გვხვდება მთლიანი ეტლი, უფრო მეტად მისი რომელიმე ნაწილი (ძირითადად ბორბალი) ან მხოლოდ მისი ნაკვალევია შემორჩენილი. ასეთი ნაკვალევი ჯერ კიდევ ბ. კუფტინმა შენიშნა 1940-იან წლებში თრიალეთის მე-11 ყორღანში. ძირითადი ინვენტარი დაფიქსირდა ურმის ბორბლებს შორის: ბრინჯაოს ყუნწიანი ისრისპირი, პირამიდულთავიანი ისრისპირი, ყუნწიანი სატევრისპირები და სხვ. ძეგლის მკვლევარი ყორღანს ძვ. წ. XXIV – XXII ს.ს. ათარიღებს და თვლის, რომ მასში ერთადაა წარმოდგენილი როგორც მარტყოფული, ისე ბედენური კულტურების შესატყვისი მასალები [Миндиашвили 2004:94 - 95]. მესამე - ხელთუბნის # 2 ყორღანი, ორმოს ფსკერზე ურმისთვის ამოღებული იყო ორი პარალელური პატარა თხრილი, ხოლო ორმოს კედელზე გაიწმინდა ამავე ურმის თვლის ანაბეჭდი. მეოთხე - იგივე ხელთუბნის # 4 ყორღანის იატაკზე ოთხთვალა ურმისათვის ორი პარალელური ღარი იყო ამოღებული. ამ ღარებს შორის აღმოჩნდა მიცვალებულის ჩონჩხის ნაშთები, არეული სამარხულ ინვენტართან.

ერთი ეტლიანი ბედენური ყორღანითაა წარმოდგენილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონი. ფარავნის ყორღანის კამერის კედლებზე ჩანდა ხის ოთხბორბლიანი ეტლის ნაშთის ანაბეჭდი.

ოთხი ყორღანითაა წარმოდგენილი თრიალეთის ჯგუფის ეტლიანი სამარხები (XII, XXIV, XXV, XLVI) ოთხივე მათგანი მხოლოდ ეტლის ნაკვალევითაა წარმოდგენილი. ანალოგიურად იგივე მდგომარეობაა მარნეულის რ.-ში, სოფ. სადახლოს სამ ყორღანში, რომელთა ორმოს ფსკერზე მხოლოდ ურმის თვლების კვალი შემორჩა.

ყველა ზემოთ ხსენებული ყორღანი მცირე მასშტაბებისაა და ძალზედ ღარიბული ინვენტარის მქონეა, ხის ეტლიც თითქმის არ შემორჩენილა. თუმცა ამისგან რადიკალურად განსხვავდება ბედენის პლატოს # 1,4,5,8,10 ყორღანები. ბედენის # 1 ყორღანი[ii] გაძარცვული იყო, თუმცა ბრინჯაოს ყუნწიან დანასა და ოქროს ბიკონუსურ მძივებთან ერთად ხის ნივთებიც შემორჩა, კერძოდ მარცვლეულის გასანიავებელი ხის სამი ნიჩაბი, რაც მეჯოგე-მესაქონლე ბედენელთა სამიწათმოქმედო საქმიანობაზეც მიუთითებს [ძიძიგური, 2000:194]; ასევე ხის დაუდგენელი ნივთების ნაწილები, რომელთაგან ერთი აღმომჩენის ვარაუდით ურმის კოფოს ფრაგმენტია. (ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში #22, 2014:83)

# 4 ყორღანში ოსტეოლოგიური მასალა საერთოდ არ შემონახულა, სამაგიეროდ შემორჩა ხის მრავალრიცხოვანი დეტალი, მათ შორის ეტლის ღერძის, უღლის და 2 თვლის ნაწილები. გაცილებით უკეთ შემორჩა # 5 ყორღანის ხის ეტლი, რომელსაც სპილენძის დისკოებურთავიანი საკინძი ამშვენებდა, აღმომჩენის აზრით ის ეტლის ღერძის სამკაული უნდა ყოფილიყო, თუმცა ეწ. „გასამშვენებელი საკინძი“ ვიზუალურ-მორფოლოგიური მახასიათებლებითა (იხ. ტაბ. II) და ლითონის სახეობით[iii] ძლიერ ემსგავსება ანანურის #3 ყორღანში აღმოჩენილ 3 ცალ ღერო-დისკოებს, ბორბლის ეწ. ჩამკეტებს (იხ. ტაბ. III), შესაბამისად მასაც სამშვენისზე მეტად პრაქტიკული დანიშნულება უფრო უნდა ჰქონოდა (ავტორის აზრი). ანანაურის #3 ყორღანთან, ასევე საბიდ-ახჩის და ლჭაშენის გორასამარხების ანალოგიურია ეტლთან დიდი რაოდენობით ხის წნელები არსებობა, რაც ეტლების გადახურვაზე მიუთითებს [გობეჯიშვილი, 1981]. თავად თვლის დიამეტრია 1,5 მ. სისქე 4-10 სმ. ეტლის მნიშვნელოვანი დეტალია ცალფა ხელნა ანუ რვილი, სიგრძით 3,05 მ. კიბისებური საგანი 4 სახიდარით, სიგრძით 1,55 მ. რაც ალბათ საკაცე უნდა ყოფილიყო. აქვე აღმოჩნდა 2 ვოლუტიანი საკინძი, რომლის დეკორი და ქიმიური შემადგენლობა ძალზედ ემსგავსება ანანაურის #3 ყორღანის ოქროს უმბონის მხატვრულს სტილს.

# 8 ყორღანის ძირზე ჭილოფი ეფინა, რომელზეც აღმოჩნდა შავპრიალა კერამიკა, ოქროს სამი ფუყე მძივი, ხის ოთხთვლიანი ურმის ნაწილები. ისევე როგორც # 8 სამარხში, # 10 ყორღანის ფსკერზეც ეფინა თელისა და ცაცხვის ჭილოფი და შავი ქეჩა, რაც ანანურის # 3 ყორღანშიც დასტურდება. სამარხის შუაში იდგა ხის ოთხთვალა ეტლი. ურემთან გაიწმინდა მოკრუნჩხულ პოზაში არსებული მიცვალებულის ჩონჩხი, ხოლო ჩრდ.აღმ. მეორე ახალგაზრდა კაცის, „მეეტლეს“ ჩონჩხი. სამარხში აღმოჩნდა მოწნული კალათები, ხორბლის გროვა, სხვადასხვა მცენარეული თესლი, კურკოვანი ხილის ნაშთები და სხვ. [გობეჯიშვილი 1981; საქართველოს არქეოლოგია 1992]. ყორღანების მასშტაბებისა და ინვენტარის მდიდრულობიდან გამომდინარე ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მოსახლეობა ბედენის პლატოზე სოციალურად უფრო დაწინაურებული იყო ვიდრე თრიალეთსა და შიდა ქართლში. იგივე ტენდენცია გრძელდება იორ-ალაზნის გრანდიოზულ გორასამარხებში. რომელთაგან პირველ რიგში აღსანიშნია წნორის I და II, ბაკურციხის, მარტყოფის III, ანაგის I, ასევე ზეიანის I, კაჭრეთის, ხრამების, თეთრიქვების IV და ჩიხისწყლის ყორღანები. ყველა ამ და ზემოთ ხსენებულ სამარხში დასტურდება თითო ხის ეტლის, ან მისი დეტალების ჩაყოლების ტრადიცია, თუმცა მათგან სრულიად გამოირჩევა ანანაურის III ყორღანი, რომელშიც აბსოლუტურად უნიკალური 2 ეტლის ჩაყოლებაა დაფიქსირებული.

ანანაურის # 3 დიდი ყორღანის (ლაგოდეხის რაიონში, სოფ. ჭაბუკიანთან) დასაკრძალავ კამერაში აღმოჩნდა ორი ოთხთვალა ეტლი (იხ. ტაბ. IV, V) დაკრძალული იყო მინიმუ 8 მიცვალებული[iv], მათი ძვლები მიმობნეული იყო როგორც ეტლზე და ეტლის ქვეშ, ასევე კამერის ჩრდ.-აღმ. ნაწილში. ეტლების კონსტრუქცია იდენტურია, მცირე განსხვავებით დეტალებში: სიგრძე – 2,8 მ, სიგანე – 1,1-1,2 მ. ძარა წარმოადგენდა შეკრულ ხის ჩარჩოს, ფიცრული იატაკით, ფიგურული ხის დეტალებით წინა და უკანა მხარეს. ჭალები 0,35-0,4 მ სიმაღლის, ვერტიკალური წვრილი ხის წნელებით იყო აგებული. # 1 ეტლის შემთხვევაში, ისინი შიგნიდან ტყავით იყო ამოკრული, გარედან კი წითლად შეღებილი ქსოვილით. # 2 ეტლის შემთხვევაში, ჭალები შიგნიდან ტყავით იყო ამოკრული, ინკრუსტირებული ხის თხელი, ორნამენტით შემკული ფირფიტებით. ბორბლების ღერძები ძარის ქვეშ გადიოდა. ბორბლების დიამეტრი: ეტლი #1 -1,55 მ; ეტლი #2 – 1,45 მ. ორივე ეტლს ზევიდან ედო 3,5 მ. სიგრძის, 15 სმ. დიამეტრის ხელნა. # 1 ეტლთან, ბორბლების და ეტლის ქვეშ აღმოჩნდა ხის სავარძლის მარჯვენა გვერდი ორნამენტირებული დეტალებით , რომელიც მკვლევარის აზრით სიმბოლურად იყო ჩატანებული, როგორც ძალაუფლების სიმბოლო - ტახტი [ მახარაძე, კალანდაძე, მურვანიძე 2016:22]. მიუხედავად გაძარცვისა, სამარხში გარდა ეტლებისა აღმოჩნდა მრავალფეროვანი ინვენტარი: ოქროს, სარდიონის, ქარვისა და შავი ონიქსის მძივები, ტექსტილი, ტყავი. აქვე იყო შესანიშნავად შემონახული ტყის ნაყოფები: თხილი, წაბლი, რკო, კენკრა. თუმცა საინტერესო დეტალია რომ არ გვხვდება არც ცხოველთა ძვლები (თუ არ ჩავთვლით ცხვრის ხუთ კოჭს) და არც კულტურული მარცვლეული (ხორბალი, ქერი), რაც ასე ხშირია სხვა თანადროულ სამარხებსა თუ ნამოსახლარებზე. კიდევ ერთი საინტერესო და უცნაური თვისება გამოვლინდა ძვლებიდან აღებული კოლაგენის ბიოქიმიური ანალიზის დროს, ტრადიციისამებრ ეტლზე დასვენებული ინდივიდი, ყველაზე დაწინაურებული პიროვნება უნდა ყოფილიყო, თუმცა ანანაურის შემთხვევაში ეტლზე მყოფის კვების რაციონი გაცილებით მცენარეული ყოფილა, ვიდრე დანარჩენი ინდივიდების [მახარაძე, კალანდაძე, მურვანიძე 2016:259]. კამერაში ასევე აღმოჩნდა ოცამდე თიხის ჭურჭელი, ძირითადად შავპრიალა დერგების ფრაგმენტები, შემკული რელიეფური სპირალური სახეებით, შევრონებით, კოპებით, რაც მათ მტკვარ-არაქსულ კერამიკას ამსგავსებს და მასთან გენეტიკურ ნათესაობაზე მიუთითებს.

დღევანდელი მონაცემებით სულ ესაა ბედენის კულტურის ის ყორღანული სამარხები, რომლებშიც ხის ეტლის ან მისი რომელიმე დეტალის ჩაყოლება დასტურდება. ჩვენთვის ხელმისაწვდომი მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიაზე სულ ასეთი ძეგლების რიცხვი 29-ს აღწევს, ზოგი მათგანი აშკარად ემსგავსება ერთმანეთს და ერთიან ადგილობრივ ტიპობრივ ჯგუფებს ქმნის (თრიალეთის, ბედენის, იორ-ალაზნის ჯგუფები). ამ ეტაპზე ფორმატის შეზღუდულობიდან გამომდინარე ვერ მიმოვიხილეთ თითოეული ეტლი დეტალურად, თუმცა ბედენის ეტლიანი სამარხებზე სამეცნიერო ლიტერატურაში გაბნეული ინფორმაციის თავმოყრასთან ერთად მოხდა ამ ძეგლების კარტოგრაფირება, რაც საშუალებას იძლევა კიდევ უფრო თვალნათლივ იქნას დანახული მსგავსი ტიპის სამარხების გავრცელების მასშტაბები და თავისებურებები.

 

 

 

ტაბულები

ტაბ. I

ბედენის კულტურის ხის ეტლიანი სამარხების გავრცელება აღმ. საქართველოში,

სულ 29 ძეგლი. (სატელიტური ფოტოზე - ბედენის კულტურის გავრცელება სამხ. კავკასიაში)

1


ტაბ. II

ბედენის პლატოს # 5 ყორღანის ხის ეტლის ღერძის სამკაული, დისკოებრთავიანი „საკინძი“.

2


ტაბ. III

ანანურის #3 ყორღანში აღმოჩენილი ბორბლის ეწ. ჩამკეტები.

3

 

ტაბ. IV

ანანურის # 3 ყორღანის დასაკრძალავი კამერა და ეტლების სივრცითი მდებარეობა.

4


ტაბ. V

ანანურის # 3 ყორღანის დასაკრძალავი კამერის რეკონსტრუქცია და ეტლის ციფრული მოდელი.

5

 



[i]ყორღანული დაკრძალვის წესის გაბატონება უფრო ადრეულ მარტყოფის ჯგუფის ძეგლებშიც შეიმჩნევა, თუმცა ოთხთვალა ეტლის ან მისი რომელიმე დეტალის ჩატანება მხოლოდ ბედენის კულტურიდან იწყება და თრიალეთურ ყორღანებშიც გრძელდება. ამასთან ერთად გარკვეულ მეცნიერთა პოზიციით ზოგი ბედენური ტიპის ხის ეტლიანი ყორღანში (ზეიანის I, თედოწმინდის, თრიალეთის XXIV, ჩიხისწყლის, ფარავნის) აშკარად ბედენამდელი, მარტყოფის ტიპის კერამიკაა ჩატანებული, რის საფუზველზეც ისინი ორ კულტურას შორის შულედურ, გარდამავალ ეტაპზეა მიკუთვნებული.

[ii] იგულისხმება მარაბდა-ახალქალაქის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1984 წ. გათხრილი ყორღანი #1 (ხელმ. ზ. შატბერაშვილი)

[iii] დეტალური მიკროსკოპული, რენტგენოფაზური და რენტგენო-ფლუორესცენტული კვლევების საფუძველზე მიიჩნევა, რომ ჩამკეტების საწყისი მასალა სპილენძი ან სპილენძის შენადნობი იყო, რომელიც კოროზიის შედეგად ქალკოზინსა და კოველინშია გადასული [მახარაძე, კალანდაძე, მურვანიძე, 2016:208]

[iv] დასაკრძალავ კამერაში სულ 89 ძვალი აღმოჩნდა, რომელიც მინიმუმ 8 ინდივიდს ეკუთვნოდა, მათგან ოთხი აშკარად ზრდასრულია (მათგან 2 ქალი) ერთი კი 5-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდია.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • გასტიაშვილი გ. 1962. ხის დამუშავების ხალხური წესები. თბილისი.
  • გეგეშიძე მ. 1956. ქართული ხალხური ტრანსპორტი, ტ.1. თბილისი.
  • გობეჯიშვილი გ.1967. ბედენის აკლდამა; ძეგლის მეგობარი #12. თბილისი.
  • გობეჯიშვილი გ. 1980. ბედენის გორასამარხების კულტურა. თბილისი.
  • ვადაჭკორია რ. 2013. ხითხუროობა ბედენურ კულტურაში, ნაშრომი არქეოლოგიის მაგისტრის ხარისხის მასაპოვებლად. თბილისი.
  • ლორთქიფანიძე ოთ. 2002. ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან. თბილისი.
  • მახარაძე ზ. კალანდაძე ნ. მურვანიძე ბ. 2016. ანანაურის #3 დიდი ყორღანი. თბილისი.
  • ნიორაძე გ. 1940. ალაზნის ველის გათხრები. თბილისი.
  • ორჯონიკიძე ალ. 2015. ადრეული ყორღანები საქართველოში. თბილისი.
  • საქართველოს არქეოლოგია ტ. 2. 1991. თბილისი.
  • ფიცხელაური კ. დედაბრიშვილი შ. 1975. ახალი საყურადღებო არქეოლოგიური აღმოჩენა კახეთში. ძეგლის მეგობარი. თბილისი.
  • ფიცხელაური კ. 1969. იორ-ალაზნის ტერიტორიაზე მოსახლე ტომთა უძველესი კულტურა. თბილისი.
  • ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში # 22. 2014. თბილისი.
  • ძიძიგური ლ. 2000. ამიერკავკასიის უძველესი სამიწათმოქმედო კულტურა თბილისი.
  • ჯალაბაძე მ. 1998. ბედენის კულტურა შიდა ქართლში. თბილისი.
  • ჯაფარიძე ოთ. 2003. საქართველოს ისტორიის სათავეებთან. თბილისი.
  • ჯაფარიძე ოთ. 1998. ქართველი ტომების ეთნოკულტურული ისტორიისათვის ძვ.წ. III ათასწლეულში. თბილისი.
  • Дедабришвили Ш. 1979г. Курганы Алазанской долины. Труды кахетской археологической экспедиции. Тбилиси.

wso shell IndoXploit shell wso shell hacklink hacklink satış hacklink wso shell