ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალი სტუდენტური წელიწდეული ჰუმანიტარული კვლევები |
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘ ირაკლი გობრონიძე „ვარსკვლავური ომების საგა“, როგორც ამერიკის სიმბოლო ამერიკული სიმბოლოები ფართო ცნებაა. რომელი სიმბოლოები უკეთესად წარმოადგენს ამერიკულ მენტალობას და კულტურას? რა განასხვავებს მათ სხვა ერების არტეფაქტებისგან? ამ კითხვებზე ერთ-ერთი საუკეთესო პასუხი გასცა პროფესორმა ჯონ კუენჰოუვენმა თავის ესეში „რა არის ამერიკული ამერიკულად“. ამ ესეში არის თორმეტი ელემენტისგან შემდგარი სია, რომელიც, კუენჰოუვენის აზრით, შეიცავს აშშ-სთვის დამახასიათებელ სიმბოლოებს, როგორიც არის კომიქსები, ცათამბჯენი და კონსტიტუცია. ერთი შეხედვით ამ საგნებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ, მაგრამ კუენჰოუვენი ასეთ კავშირს თავისი „პროცესის და პროდუქტის“ თეორიით ამყარებს. სიაში მოცემული ელემენტები პროცესის კატეგორიას განეკუთვნება და მათ ახასიათებთ დაუმთავრებლობა და იმპროვიზაციულობა, ისინი ახალი მსოფლიოს ღირებულებებისა და შეხედულებებისთვის დამახასიათებელი ნიშნებია, რაც კონტრასტულია ძველი მსოფლიოს სიმბოლოებთან შედარებით, რომლებსაც უკვე დასრულებული, სტატიკური სახე აქვს. ამის მაგალითია კონტრასტი ევროპულ ეიფელის კოშკსა და ამერიკულ ეშმაკის ბორბალს შორის. ეიფელის კოშკი მუდამ სტატიკურ მდგომარეობაშია, ეშმაკის ბორბალი კი მუდამ მოძრაობს და არ დგას ერთ ადგილზე. ამერიკული სიმბოლოს შესანიშნავი მაგალითია კინო, კონკრეტულად ჰოლივუდი, როგორც წმინდა ამერიკული მოვლენა. ის მართლაც მუდმივი ცვლილების პროცესშია. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში კი ჰოლივუდში გამოვიდა კინოსურათი, რომელიც კუენჰოუვენის თეორიის კარგი მაგალითია. 1977 წელს ამერიკის კინოთეატრებში გამოჩნდა თავისი დროისათვის არატიპიური ფილმი „ვარსკვლავური ომები“. მე-20 საუკუნის 70-იანი წლები ბნელი პერიოდი იყო ჰოლივუდისთვის, ფილმები იყო სტატიკური ან დეპრესიული. ამერიკამ თითქოს დაივიწყა ეკრანის მამაცი კინოგმირები და მათი თავგადასავლები. 70-იანი წლების ფილმების მოქმედი პერსონაჟები იყვნენ ამორალური ანტიგმირები. ეს არ არის გასაკვირი, ამ დროს უოტერგეიტის სკანდალმა და ვიეტნამის ომმა ამერიკა ორად გაყო, ამერიკელები თავის რეალურ გმირებს ცინიკურად უყურებდნენ და, ბუნებრივია, ეს კინემატოგრაფის ხელოვნებაშიც აისახა. ამ ეპოქის ფილმების მთავარი თემატიკა იყო ომი, ნარკოტიკები, კორუფცია და ძალადობა. ამერიკელი მაყურებელი ვეღარ ხედავდა გზის მაძიებელ გმირებს, რომლებიც ფილმის დასასრულისთვის ხალხის მისაბაძი მაგალითები ხდებოდნენ. კინოსტუდიები მიხვდნენ, რომ მალე ისინი ახალგაზრდა მაყურებელს დაკარგავდნენ და ამიტომაც მიმართეს კინოაკადემიებს ახალი ნიჭის საძებნელად. 70-იანი წლების ბოლოს, კინოხელოვნების ასპარეზზე გამოდიან ახალგაზრდა რეჟისორები, როგორებიც იყვნენ: ფრენსის ფორდ კოპოლა, ბრაიან დე პალმა, მარტინ სკორცეზე, სტივენ სპილბერგი და ყველაზე გამორჩეული მათთაგან, ჯორჯ ლუკასი. ბავშვობაში ლუკასი აღფრთოვანებული იყო კლასიკური ამერიკული ფილმებით კოვბოებზე და სწრაფი ტემპის მქონე სამეცნიერო- ფანტასტიკური სერიალებით. მას უნდოდა რაღაც მსგავსი თვითონაც გაეკეთებინა, ისევ შემოეტანა მოძრაობა, დინამიურობა და თავგადასავალი ამერიკული საზოგადოებისთვის. იმ დროისთვის სამეცნიერო ფანტასტიკა ასოცირდებოდა პოსტ-აპოკალიპტურ სიუჟეტებთან ან ნელ, სტატიკურ შინაარსთან. ლუკასის მხატვრული ხედვა განსხვავებული იყო. მას უნდოდა „კოსმოსური ზღაპრის“ შექმნა, ისეთი ფილმისა, რომელიც შეიცავდა კლასიკური ამერიკული კინოს ელემენტებს, მითოლოგიურ თემატიკას, იყო სწრაფი და დინამიური. ლუკასი თავის ქმნილებას ეპიკურ კოსმოსურ ოპერას უწოდებდა. ახალგაზრდა რეჟისორის ხედვა იმდენად უცნაური იყო, რომ ბევრი მეგობარი ურჩევდა მას ამ იდეისთვის თავის დანებებას, რადგან იგი წარუმატებელი ეგონათ. მართლაც, იმ დროისათვის ისეთი ფილმის გადაღება, რომელსაც ლუკასი აღწერდა, წარმოუდგენელი ჩანდა. ბევრი წვალების შემდეგ ლუკასმა შეძლო შეექმნა თავისი საოცნებო ფილმი. აუდიტორიის რეაქცია წარმოუდგენელი იყო. არავინ არ მოელოდა, რომ ეს ფილმი პოპკულტურული ფენომენი გახდებოდა. ვარსკვლავურმა ომებმა შეცვალეს კინო, თავისი თვალწარმტაცი სპეცეფექტებით, საინტერესო პერსონაჟებით და დინამიური ისტორიით. ეს ფილმი ყველა მომავალი წარმატებული ფილმისთვის მისაბაძი მაგალითი გახდა. შეიცვალა კინოს შექმნის წესი, რადგან შეიქმნა ბლოკბასტერის ფენომენი. რაც მთავარია, ვარსკვლავურმა ომებმა ჰოლივუდში ერთდროულად კლასიკა დააბრუნა და, ამავდროულად, რაღაც ახალი შემოიტანა. [i] ბევრს მიაჩნდა, რომ ამერიკული კინო ევროპულს დაემსგავსებოდა თავისი სტატიკურობით, ვარსკვლავურმა ომებმა კი ეკრანზე ოქროს ხანის ჰოლივუდის ელემენტები დააბრუნა, როგორიც არის: ვესტერნის სტილი, კლასიკური სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ, გზის ამსახველი თავგადასავალი. ვარსკვლავური ომების წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ვესტერნების გავლენამ, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მოქმედება ვითარდება კოსმოსში, ძალიან ბევრი სცენა წააგავს ვესტერნს. მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი გმირი, ჰან სოლო, ტიპიურ კოვბოის წააგავს, ცნობილი სცენა ბარში ვესტერნებში ნაჩვენებ სალუნებში განვითარებული სცენების მაგვარია, იმ განსხვავებით, რომ აქ უცხოპლანეტელები მოქმედებენ და ასევე პლანეტა ტატუინი, რომელიც ყველა ფილმში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ერთი დიდი უდაბნოა და ველური დასავლეთის შთაბეჭდილებას ქმნის. ფილმი ასევე შთამბეჭდავია თავისი ტემპითა და დინამიურობით. [ii] შინაარსი მიჰყვება კლასიკური ამერიკული კინოს გეგმას, ფილმში დიდი ყურადღება ექცევა მოგზაურობას გალაქტიკაში. მთავარი გმირები მუდამ მოძრაობენ. ფილმი კარგად გვიჩვენებს კონტრასტს მეამბოხე, თავისუფლებისმოყვარე გმირებსა და მონოლითურ, კონსერვატიულ იმპერიას შორის. ეს კონტრასტი ძირითადად ვიზუალურად არის წარმოდგენილი, პერსონაჟების გარეგნობით და მათი კოსმოსური ხომალდებით. მაგალითად, მეამბოხე ძალების ფლოტი შედგება მრავალი პატარა ზომის ხომალდისგან, რომლებიც მუდამ მოძრაობაში არიან და ქარავნის შთაბეჭდილებას ტოვებენ. იმპერიის ფლოტი დიდი ზომის ნაკლებად მობილური ხომალდებისგან შედგება, ისინი ან ერთ ადგილას დგას მოწინააღმდეგის დასაფრთხობად, ან ძალიან ნელი ტემპით მოძრაობს. იმპერია ბრძოლაში ფიზიკურ ძალას ანიჭებს უპირატესობას და არა სისწრაფეს და მოქნილობას. ასევე, იმპერიის ყველა ხომალდი მკაცრი, მართკუთხა გეომეტრიული ფორმის არის, ხოლო მეამბოხეების გემებს უჩვეულო ფორმა აქვს. ყველაზე დიდი კონტრასტი ჩანს მოწინააღმდეგე მხარეების მთავარი თავშესაფრების შედარების დროს. მეამბოხეებს არ გააჩნიათ მუდმივი თავშესაფარი, ისინი მუდმივად ერთი პლანეტიდან მეორეზე გადადიან და მზად არიან ნებისმიერ დროს ადგილსამყოფელი შეიცვალონ. იმპერიას კი უზარმაზარი კოსმოსური სადგური გააჩნია, სახელად „სიკვდილის ვარსკვლავი“. სადგური თანამგზავრის ზომის არის და შეუძლია ერთი დარტყმით გაანადგუროს პლანეტა, ამ „ტექნიკური მონსტრის“ წინაშე შიშის მეშვეობით იმპერია აკონტროლებს გალაქტიკას, თუმცა, რამდენადაც შემაშინებელი არ უნდა იყოს სადგურის ზომა, ეს მისი უდიდესი სისუსტეა. სადგური თითქმის სტატიკურია, მას არ შეუძლია თავისუფლად მოძრაობა კოსმოსში, ის მოძრაობს ისე, როგორც იმოძრავებდა მისი ზომის და მასის ნატურალური თანამგზავრი. მუდმივად „გზაზე“ მყოფი, პროგრესიული და მოხერხებული გმირების ჯგუფი ტოტალიტარულ, წარსულში ჩარჩენილ იმპერიას ამარცხებს. ეს არის ამ საგის მთავარი თემატიკა. მთავარი გმირი, ლუკ სკაივოლკერი ტიპური ვესტერნის პერსონაჟია, ის ფერმერი ჭაბუკია, რომელიც მუდამ ვარსკვლავებს შეჰყურებს და მოგზაურობა სურს. თავგადასავლის ბოლოს ის უკვე სხვა ადამიანი ხდება, ბრძენი და გონიერი. მაყურებელი ნათლად ხედავს, თუ რა ცვლილებას განიცდის მისი პერსონაჟი და რა იწვევს ამ ცვლილებას. საგის განმავლობაში ლუკი ეცნობა უფროსი თაობების წარმომადგენლებს, რომლებიც მოძღვრავენ მას. ყველაზე გამორჩეული მათგან არის მოხუცი უცხოპლანეტელი იოდა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს ნახევარმეტრიანი არსება არის გალაქტიკის უდიდესი ბრძენი. ზუსტად ის ასწავლის ლუკს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოთმინება და კონცენტრაცია აწმყოზე, მომავლის გასათვლელად და არა პირიქით. იოდა მზად არის თავისი ცოდნა გადასცეს ახალ თაობას, ზუსტად ეს, ახალგაზრდების მომზადება მომავლისთვის, მას თავის უდიდეს მიღწევად მიაჩნია. იოდას სრული ანტიპოდი არის საგის მთავარი ბოროტმოქმედი, იმპერატორი პალპატინი. იმპერატორი ძველ ეპოქაში ჩარჩენილი კაცია, ის იმპერიის თვითდანიშნული უზენაესი ლიდერია და ოცნებობს, რომ მართოს გალაქტიკა საუკუნეების განმავლობაში. იმპერატორი ამას დროის დამარცხებით და უკვდავების მოპოვებით აპირებს. მას აქვს თავისი სიბერის პროცესის შეჩერების საშუალება, მაგრამ ბუნებრივი პროცესის წიმააღმდეგ სვლა იმპერატორს სულიერად და ფიზიკურად ასახიჩრებს, ამიტომ იგი უფრო დემონს წააგავს, ვიდრე ადამიანს. ეს ქმნის კონტრასტს იოდასთან, რომელიც სიკვდილს ცხოვრებისეული ციკლის ბუნებრივ ელემენტად აღიქვამს და მას ღირსეულად მიიღებს, იმის შემდეგ, რაც ლუკს თავის ცოდნას გადასცემს. გალაქტიკის დიქტატორს კი სიკვდილის ეშინია, მასაც ყავს მოსწავლეები, მაგრამ ის მათ მხოლოდ საკუთარი გავლენის გავრცელებისთვის და არა ცოდნის გადაცემისთვის იყენებს. იმპერიის ტოტალიტარული რეჟიმი წარსულის პროდუქტია. იმპერატორს არ სურს არანაირი პროგრესი. სტაგნაცია და ქვეყნიერების დასასრულამდე სრული ძალაუფლების ფლობა მის ხილვას წარმოადგენს. ზუსტად ამ დიქტატურის წინააღმდეგ იბრძვიან მთავარი გმირები. რაც შეეხება თვით გალაქტიკურ იმპერიას, იგი ბევრ რეალურ ევროპულ იმპერიას წააგავს. იმპერიის ევროპულობა რამოდენიმე ფაქტორით გამოიხატება, მაგალითად: ყველა იმპერიული ოფიცერი, ლეიტენანტი და გენერალი მკვეთრი ბრიტანული აქცენტით ლაპარაკობს, გალაქტიკური იმპერიის შექმნის პროცესი რომის იმპერიის შექმნის პროცესთან თითქმის იდენტურია, იმპერიული ოფიცრების უნიფორმა ძალიან ჰგავს გერმანელი ფაშისტების სამხედრო ფორმას და ზოგადად იმპერია ინფრასტრუქტურით, პოლიტიკური წყობით და სიმბოლიკით ძალიან ჰგავს ნაცისტურ გერმანიას. ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ იმპერიის ჯარისკაცების სახელწოდებაა „Stormtroopers”, ასეთივე იყო გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის არარეგულალური არმიის სახელი (Sturmabteilung, SA[iii]). ეს დამთხვევა არ არის, რადგან ჯორჯ ლუკასი ბევრ თავის მომდევნო ფილმში ნაცისტებს მთავარ ბოროტმოქმედებებად იყენებს. მართლაც, გალაქტიკური იმპერიის მილიტარისტული წყობა, იმიჯი და კლასიკური ნაციონალიზმი მაყურებელში აუცილებლად გამოიწვევს ფაშიზმთან ასოციაციას. იმპერიის ტრადიციულობა და კონფორმიზმი ისევ და ისევ ვიზუალურ კონტრასტს ქმნის მთავარი გმირების გარეგნულ შესახედაობასთან, რომელიც 70-იანი წლების ამერიკის უჩვეულო ახალგაზრდული მოდისა და მომავლის ჩაცმულობაზე იმდროინდელი წარმოდგენის ნაჯვარს წარმოადგენს ვარსკვლავურმა ომებმა წვლილი არა მარტო ჰოლივუდის ინდუსტრიაში, არამედ პოპკულტურაშიც შეიტანა. ბევრი ამერიკელი, ისიც კი, ვისაც ფილმი არ უნახავს, ადვილად ამოიცნობს ვარსკვლავური ომების პერსონაჟებს, პლანეტებს ან მოვლენებს, იმდენად დიდია ამ ფილმის გავლენა საზოგადოებაზე. მაგალითად, მთავარი ანტიგონისტი დარტ ვეიდერი კინოისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბოროტმოქმედად ითვლება, მისმა შავმა მოსასხამმა, დაბალმა ხმამ და სადისტურმა ხასიათმა ახალი არქეტიპი შექმნა (ვეიდერის სახელობის კლიშე[iv]). საგის ყველაზე ადვილად ამოსაცნობი პერსონაჟი, ორი დამხმარე რობოტი, R2-D2 და C3PO არიან. თვით ფილმის მოქმედება ამ დინამიური წყვილით იწყება, რომელიც საგის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. ამ რობოტების გავლენა ამერიკულ პოპკულტურაზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათი ანაბეჭდები ასახულია „გრაუმანის ჩინური თეატრის“ დიდების ხეივანში. 40 წლის განმავლობაში „ვარსკვლავურმა ომებმა“ ამერიკის სიმბოლოს სტატუსი მოიპოვა. 2015 წლის ბოლოს გამოვიდა ახალი ფილმი, რომელმაც წინა საგის მოვლენები განავითარა. როგორც ჩანს, ეს საგა შთამომავლობას დარჩება, მუდამ განვითარების პროცესში იქნება და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ყველა ასაკის ადამიანს დააინტერესებს. გამოყენებული ლიტერატურა:
წყაროები ინტერნეტში
1. Star Wars Empire of Dreams the documentary of the original Star Wars Movie Trilogy by Kevin Burns. September 21, 2004. Accessed on October 31, 2015. https://www.youtube.com/watch?v=coPi6fvskF4 2. “An American Mythology: Why Star Wars Still Matters.“ Decentfilms.com. Accessed on November 2, 2015. http://decentfilms.com/articles/starwars 3. Cole Horton. „From World War 2 to Star Wars: Stormtroopers.“ Starwars.com. October 15, 2014. Accessed November 3, 2015. http://www.starwars.com/news/from-world-war-to-star-wars-stormtroopers 4. “Darth Vader Clone.” tvtropes.org. Accessed November 5, 2015. http://tvtropes.org/pmwiki/pmwiki.php/Main/DarthVaderClone
|