kadikoy escort ankara escort mugla escort istanbul escort ჟურნალი ეკონომისტი
English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ლია ლონდარიძე
„ბავშვური“ ტრაგედიები – არის კი ისინი ბავშვური?!..

მსოფლიო ლიტერატურისთვის არასაბავშვო ლიტერატურა, რომლის ნარატივის ცენტრში ბავშვია, არ არის უცხო. ავტორი მკითხველს სწორედ ბავშვის ენით ესაუბრება, რასაც, თავის მხრივ, ბევრი მიზეზი აქვს. ეს შეიძლება იყოს ავტორის მიერ საზოგადოების კრიტიკის შენიღბვა, რასაც იმდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა აიძულებს, და/ან ასევე ბავშვით, როგორც დაუცველი არსებით მანიპულირება და სიტუაციის გამძაფრება მკითხველის თვალში.

ორი შინაგანად მეამბოხე არაბი მწერლის – იუსუფ იდრისისა და ღასან ქანაფანის ნოველებში („ეგვიპტელი ჯოკონდა“, „სევდიანი ფორთოხლების მიწა“) ამ ყველაფერთან ერთად იკვეთება მათი პროტესტი ზოგადად ადამიანთა დაწესებული სოციალური ურთიერთობების მიმართ, რომელთა მიერ დადგენილმა წესებმა, აკრძალვებმა, ნორმებმა თუ სამშვიდობო ოპერაციებმა გამოიწვია უფრო მეტი დაპირისპირება, უწესრიგობა და არაპროგნოზირებადი საფრთხე. ხშირად ბავშვი ერთი შეხედვით მარტივ კითხვებს სვამს, კაცობრიობას კი მასზე პასუხი არ აქვს. არის მხოლოდ ინტერპრეტაციები, რომელთა მეშვეობით პრობლემები არ გვარდება და მუდმივი მსჯელობის საგნად რჩება. რაც შეეხება სიუჟეტს, მას შეიძლება ვუწოდოთ ანარეკლი იმ გარემო პირობებისა, სადაც ავტორს მოუწია ცხოვრება, ანუ მისი სოციალური ფონი.

ასეთი შინაარსის მხატვრულ ნაწარმოებთა ნარატივი სწორედ ე.წ. „ბავშვური ტრაგედიების“ ხაზით ვითარდება და კონცენტრირებულია ლოკალურ პრობლემებზე, რომელთა უმეტესობა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობამდეც აიყვანება და საბოლოოდ გლობალური გადაუჭრელი პრობლემების ჯგუფში ერთიანდება. 

ეგვიპტელი მწერალი იუსუფ იდრისი (1927-1991) ეგვიპტური ნოველის II თაობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია, რომლის სტუდენტობა დაემთხვა ბრიტანეთის ოკუპაციის პერიოდს და შემდგომში, ფარუკის მეფობას. მებრძოლი და დაუმორჩილებელი ხასიათის გამო ის გამუდმებით უპირისპირდებოდა სოციალურ რეჟიმებს, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელმაც ლიტერატურული საქმიანობა ადრეული სტუდენტობის წლებიდან დაიწყო, იყო პოლიტიკურად აქტიური, რამაც გარდაუვალი გახადა მისი, ისევე, როგორც იმ დროის ბევრი სხვა ინტელექტუალის, პატიმრობაში ყოფნა. იუსუფ იდრისის ლიტერატურულ საქმიანობაში გადამწყვეტი როლი სწორედ ქვეყნის პოლიტიკურმა მდგომარეობამ შეასრულა, რადგან, მისი აზრით, სასარგებლო ცვლილებები რევოლუციური გზით მიიღწეოდა, თუმცა, საბოლოოდ, არასასურველმა ცვლილებებმა და იმედგაცრუებამ ის მორალურად გაანადგურა, რამაც გამოიწვია მისი თხრობის და წერის სტილის გადასვლა რეალისტურიდან სიურრეალისტურზე. ეს იყო ერთადერთი გზა –გამოეთქვა საკუთარი აზრი და დაპირისპირებოდა გაბატონებულ წეს-ჩვეულებებს, რომელთაც, მისი აზრით, პრობლემების მეტი არაფერი მოჰქონდა. „ეგვიპტელი ჯოკონდა“ მწერლის ჯერ კიდევ რეალისტურ პერიოდს ეკუთვნის, აშკარა და ღია კრიტიკაა იმ საზოგადოებრივი ბარიერების, რომლებიც რელიგიურმა განსხვავებებმა წარმოქმნა ერთმანეთის გვერდიგვერდ მცხოვრებ, ორი სხვადასხვა რელიგიური თემის ხალხს შორის და ამავდროულად, გაანადგურა გულწრფელი გრძნობა და ნამდვილი სიყვარული.

პალესტინელი პროზაიკოსის ღასან ქანაფანის (1936-1972) ცხოვრებაც, რაღაც კუთხით, ჰგავს ეგვიპტელი იუსუფ იდრისის ცხოვრებას. ორივე მწერალზე განსაკუთრებით მძაფრად აისახა ისრაელ-პალესტინის მოვლენები და არაბული პოლიტიკური გაერთიანების მარცხი 1948, 1956 და 1967 წლებში. იქიდან გამომდინარე, რომ ეგვიპტე და პალესტინა ამ ომებში მოკავშირეები იყვნენ ისრაელის წინააღმდეგ, მათმა წარუმატებლობამ ორივე ქვეყნის წარმომადგენლებზე და განსაკუთრებით, ინტელიგენციაზე დამანგრევლად იმოქმედა და დიდი დეპრესიის მიზეზად იქცა. „სევდიანი ფორთოხლების მიწა“ 1948 წლის მოვლენებს ასახავს, იმ დროს, როდესაც ღასან ქანაფანის თავად მოუწია ამ მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა და აქქაში მოულოდნელად შემოჭრილი ისრაელის არმიის პირისპირ შეხვედრა. ამ მოვლენამ განაპირობა მისი ლიბანში, შემდგომ კი სირიასა და ქუვეითში გადასვლა. სამშობლოდან ლტოლვილად ქცეული პალესტინელი მწერლის ინტერესის ძირითად სფეროებს კულტურა, პოლიტიკა და პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევისთვის ბრძოლა წარმოადგენდა. მისი ნაწარმოებებიც სწორედ ამ იდეების კატალიზატორები არიან, რომელთა საშუალებით ავტორი პირად განცდებთან ერთად, პალესტინელების მტკიცე და ბრძოლისუნარიან ხასიათს გადმოსცემს, რაც ტოვებს იმედს, რომ ერთ დღესაც მათი სამშობლოში დაბრუნება რეალობა გახდება. 

„დიდები აუცილებლად და ყოველთვის ერევიან ჩვენს საქმეებში... ამით მხოლოდ იმას გვაიძულებენ, რომ თავი კი არ შევიკავოთ და უარი ვთქვათ ჩვენს სასურველზე, არამედ ვითვალთმაქცოთ, ვატყუოთ...“ – ამბობს „ეგვიპტელი ჯოკონდას“ პროტაგონისტი გმირი მუჰამედი, 14 წლის მუსლიმი ბიჭი, რომელსაც ვერაფრით გაუგია, რატომ არ შეიძლება, უყვარდეს ბავშვობის მეგობარი და მეზობელი, მასზე რამდენიმე წლით უფროსი ქრისტიანი გოგო ჰანუნა. მისთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია რელიგიური განსხვავებების გამო მეგობრობის აკრძალვა, ასევე ვერაფრით ხსნის მეგობრული სიახლოვის დაუშვებლობას გოგოსა და ბიჭს შორის. ეს ის პრობლემებია, რაც უფროსების ჩარევით იქცა პრობლემად. იმ უფროსების, რომლებიც, მუჰამედის თქმით, ცდილობენ, ყველაფერი გამიჯნონ და კანონს და წესს დაუქვემდებარონ. ამ წესებს დამორჩილებული მუჰამედისა და ჰანუნას მშობლებიც, თავის მხრივ, ცდილობენ, საკუთარ შვილებს აარიდონ ის საფრთხე, რაც გარდაუვალია თავიანთი რელიგიური თემის მხრიდან მათი ყოფითი რელიგიური წეს-ჩვეულებებით განსაზღვრული ნორმების დარღვევის შემთხვევაში. 

„თურმე ამქვეყნად სხვა ხალხიც ყოფილა, ჩვენგან განსხვავებული, მე რომ მთელი დუნია მუსლიმი მეგონა“ – მუჰამედი ამ აღმოჩენამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ჰანუნამ მასთან სახარება, წმინდა პური და კირიელეისონი ახსენა. ამან თავიდან გამოიწვია დიდი ინტერესი და მიზიდულობა ჰანუნას მიმართ, თუმცა, მოგვიანებით, გააცნობიერა, რომ მათ ურთიერთობებს შორის იდეოლოგიურ საზღვარს რელიგიური განსხვავებები ქმნიდა და რომ „სხვა ხალხი“ ყოველთვის ამ საზღვრის იქით მხარეს აღმოჩნდებოდა და ისევ „სხვად“ დარჩებოდა მათთვის. ნოველაში მუსლიმებიც და ქრისტიანებიც ერთ უბანში ცხოვრობენ, ყოველგვარი იურიდიული საზღვრის გარეშე, ერთი შეხედვით, მშვიდად და უკონფლიქტოდაც, თუმცა უცხო რელიგიის შიშით გამოწვეული ერთმანეთის მიუღებლობა მათ ცხოვრებაში მაინც დიდ გაუგებრობასა და დისკომფორტს იწვევს. მშობლების მცდელობა კი, ბავშვებისთვის შეუმჩნეველი დატოვონ მათი უთანხმოება, მაინც წარუმატებლად მთავრდება. „ვიცი, რა აზრისაა მასზე დედაჩემი და მისი აზრიც დედაჩემზე კარგად მომეხსენება“ – ამბობს მუჰამედი, რომელიც, ასაკისა და გამოცდილების სიმცირის მიუხედავად, ხვდება, რომ მისი და ჰანუნას მშობლების კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ მოჩვენებითია, ამის გამო ჰანუნას დედის მოკითხვებს არასდროს გადასცემდა ხოლმე დედამისს. მუჰამედს თავისი ასაკი და გამოცდილება მხოლოდ იმის მიხვედრის საშუალებას აძლევს, რაც ზედაპირზეა, პრობლემის ღრმა ანალიზი კი მას არ შეუძლია. აქ უნებლიე პარალელით გვახსენდება, რომ მსგავს მდგომარეობაშია ჰარპერ ლის გმირი ჭყიტა („ნუ მოკლავ ჯაფარას“), რომელიც ვერ ხვდება, შავკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის, ფერის გარდა, რა განსხვავებაა, რატომ უწოდებენ შავკანიანებს ზანგებს და რატომ ჟღერს ეს სახელი ასე დამამცირებლად. მას უჩნდება კითხვები – „თუ ყველა ადამიანი ერთნაირია, მაშინ რატომღა ვერ ეგუებიან ერთმანეთს?! თუ ერთმანეთს ჰგვანან ყველანი, მაშინ რა ემართებათ, რატომ გადაეკიდებიან ხოლმე სამკვდრო-სასიცოცხლოდ ერთმანეთს?!“ საბოლოოდ, ორივე გაურკვეველ მდგომარეობაშია და უწევთ იმ წესების მორჩილება, რომლებიც უფროსების მიერ ხელოვნურად შექმნილ ამოუხსნელ ტანჯვად ეჩვენებათ. 

რაც შეეხება ღასან ქანაფანის ნოველის გმირს, რომლის პროტაგონისტი თავად მწერალია („სევდიანი ფორთოხლების მიწა“), ის ერთი ჩვეულებრივი ბავშვია, რომელიც 1948 წლის ტრაგიკულ ამბებს – ისრაელის არმიის შეჭრასა და პალესტინელების სამშობლოდან განდევნის დღეს – იხსენებს. მათი ოჯახის შემთხვევა ყველა დანარჩენი პალესტინელი ოჯახების შემთხვევათა მსგავსია, ამიტომ ავტორი მათი იდენტობის განმსაზღვრელად არ იყენებს საკუთარ სახელებს და მხოლოდ ოჯახის წევრების ნათესაური ხაზის (მამა, დედა, ბიძა და ა.შ.) ჩამოთვლით შემოიფარგლება. ის ერთი ოჯახის ტრაგედიით მთელ პალესტინურ ტრაგედიას გადმოსცემს, რამაც სამყარო კიდევ ერთი ურთულესი და დიდი, გადაუჭრელი პრობლემის წინაშე დააყენა – ესაა ლტოლვილად ქცეული ერი, პალესტინელი ლტოლვილები – უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები, რომლებსაც გაორმაგებული გამძაფრებით უწევთ სამყაროში საკუთარი ადგილის ძიება, იქნება ეს ტერიტორიული თუ პიროვნული, რამაც მათ საბოლოოდ მშობლიური და სტაბილური გარემო უნდა შეუქმნას. ნოველის ამ სიუჟეტურ ისტორიას ამძაფრებს ის აზრები და შეხედულებები, რაც ბავშვის ენითაა გადმოცემული და ასევე ხალხის ხსოვნა, ე.წ. კოლექტიური მეხსიერება, რამაც ფორთოხალი სამშობლოს სიმბოლოდ აქცია. 

„ჩვენი თაობის ყველა ბავშვი პატარები ვიყავით საიმისოდ, რომ თავიდან ბოლომდე მივმხვდარიყავით, რას ნიშნავდა ეს ისტორია... მაგრამ იმ ღამით გორგალს ძაფი გამოეშალა...“ – ამბობს ნოველის პატარა მთავარი გმირი, რომელსაც, სკოლის არდადეგებზე აქქაში ჩასულს, მოსალოდნელი დასვენება მოულოდნელ უბედურებად გადაექცა. უეცარი ქაოსი და უფროსების სასოწარკვეთილი იერი მისთვის აუხსნელია, თუმცა სატვირთო მანქანაზე ბარგივით მოთავსებული უკვე ხვდება, რომ რაღაც საფრთხეს გაურბის. მისთვის კიდევ ერთი მტკივნეული აღმოჩენა, რამაც სახლის, სამშობლოს დაკარგვა აგრძნობინა, იყო გზად შემხვედრი გასაყიდი ფორთოხალი, რომლის დანახვა უფროსების მოთქმა-ტირილით სრულდებოდა. „დავინახე დიდი მანქანების მწკრივი კლაკნილი გზების ხვეულებით როგორ შედიოდა ლიბანში და სწრაფად შორდებოდა ფორთოხლების მიწას... მე ვიქეცი სხვად და ავტირდი...“ – ბიჭმა გააცნობიერა, რომ ფორთოხალი იყო რაღაც მშობლიური და საკუთარი, რასთან დაშორებაც მას „სხვად“ აქცევდა, საკუთარ თავთან აუცხოებდა.

იუსუფ იდრისის ნოველაში („ეგვიპტელი ჯოკონდა“) „სხვა“ გაუცხოებული „მე“ როდია, „სხვაში“ მოიაზრებიან არამუსლიმები, ანუ მუჰამედისთვის იდეოლოგიური საზღვრის მიღმა დგას ქრისტიანი გოგო ჰანუნა, მისთვის საზღვარი ჩნდება რელიგიებს შორის, ისევე, როგორც პალესტინელი ბიჭისთვის – სამშობლოსა და უსამშობლობას შორის. 

ორივე პერსონაჟის, – მუჰამედისა და პალესტინელი ბიჭის – პიროვნებად ჩამოყალიბების ეტაპები უეცარი ცვლილებებით დაიწყო, რაც დროს აჩქარებს თითქოს. იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა სახის მოულოდნელობით, – იქნება ეს სასიხარულო თუ ტრაგიკული, – ადამიანის ასაკი მენტალურ დონეზე იზრდება, ამ შემთხვევაში ორივე ნოველის მთავარი გმირი მათთვის აქამდე უცნობ შეგრძნებებსა და მოვლენებს ეზიარება, რომლებიც მათ ცნობიერებაზე დიდ კვალს ტოვებს და ასაკის მატების მიუხედავად, მეხსიერებიდან ვერაფრით გაქრება. მუჰამედის შემთხვევაში, ეს იყო სასურველი მოულოდნელობა – ჰანუნას შეხება და კოცნა, რის შემდეგაც უკვე დიდ კაცად იგრძნო თავი და სამუდამოდ ასეთად დარჩა („იმ დროიდან მოყოლებული, დღემდე ის კაცი ვარ“). იმ დროს აღიქვა სამყარო ისეთად, როგორიც რეალურად იყო და რაც ეწინააღმდეგებოდა მის წარმოსახვასა და ილუზიებს. პალესტინელი ბიჭის შემთხვევაში კი მისი ცხოვრების განმსაზღვრელი ის საშინელი მოულოდნელობა აღმოჩნდა, რამაც სამშობლოსთან ერთად საკუთარ ბავშვობასაც დააშორა – „როდესაც სახლს დავშორდი, იმავდროულად დავშორდი ჩემს ბავშვობასაც“, ამბობს ის. სწორედ ამ დროს, როდესაც ადამიანი ინსტინქტური მოქმედებებიდან აზროვნებაზე გადადის და მის გარშემო მომხდარი მოვლენების შეფასებას იწყებს, ამის პარალელურად იწყებს გაგონილი ამბებისა და ინფორმაციების გადახედვას, ახსნის მოძებნას საკუთარ თავში, რათა შემდეგ გადაწყვიტოს, რა ჩათვალოს სარწმუნოდ და რა – მიუღებლად, პალესტინელ ბიჭს ამ გადარჩევაში პირველი, რაც ხვდება, ესაა რწმენის, ღმერთის არსებობისა და მისი დანიშნულების, შესაძლებლობების საკითხი. მას უჩნდება კითხვა, თუ არსებობს ღმერთი და თუ უფროსების თქმით, ის ყოვლისშემძლეა, სად არის მაშინ, როცა ხალხს მისი დახმარება სჭირდება?! საბოლოოდ, მიდის იმ დასკვნამდე, რომ ღმერთიც, მათ მსგავსად, ლტოლვილად იქცა (ოღონდ არ იცის, საით) და ამის გამოა, რომ ვერ ეხმარება მათ – „ადამიან-ლტოლვილებს“. ნოველის ავტორისგან განსხვავებით, მისი გმირი ქრისტიანია. შესაძლოა, იმიტომაც, რომ უფლის მიწიდან – პალესტინიდან დევნილი უფლის ხატება ყველაზე ტრაგიკული სურათია, რაც კი ბავშვურ ფანტაზიას შეეძლო წარმოედგინა. როდესაც „მკაცრ რელიგიურ სკოლაში აღზრდილი ბავშვი“ (ასე უწოდებს პალესტინელი ბიჭი საკუთარ თავს), რეალური სამყაროს პირისპირ აღმოჩნდა, ამავდროულად, გაუჩნდა კითხვები და ეჭვები სკოლაში ნასწავლი დოგმატიკის მიმართ, სადაც ყველაფერს პოზიტიური ახსნა და ჭეშმარიტების ერთადერთი გაგება აქვს. შედარებისთვის, მსგავს მდგომრეობაშია მარკ ტვენის პერსონაჟი ჰეკლბერი ფინი („ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“), რომელიც უფროსებისგან არასრულყოფილი პასუხების საფუძველზე გადაწყვეტს, რომ არსებობს ქვრივისა და მის უოტსონის ღმერთი, რომელთაგან, მისი თქმით, სიკეთითა და გულმოწყალებით არც ერთი გამოირჩევა, რადგან მათ თხოვნებს არ ასრულებს („თუკი ადამიანს შეუძლია, ლოცვით მიიღოს, რაც უნდა, რატომ არ დაუბრუნდება ქვრივს ვერცხლის სათუთუნე, რომელიც მოპარეს? რატომ ვერ სუსტდება მის უოტსონი?“). ღასან ქანაფანის სევდიანი თხრობის სტილისგან განსხვავებით, მარკ ტვენი იმავე პრობლემას, რასაც ღმერთის იდეის ბავშვური აღქმა და გაგება ჰქვია, იუმორისტულად გადმოსცემს, თუმცა ამით პრობლემის არსი არ იცვლება.

ამ კონტექსტში, სევდანარევი იუმორი კიდევ ერთი არაბი მწერლის, სირიულ-ამერიკული ლიტერატურული სკოლის ცნობილი წარმომადგენლის, ლიბანელი მართლმადიდებლის, ახალი არაბული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურის – მიხაილ ნუაიმეს (1889 - 1988) ავტობიოგრაფიული ნაშრომის „ჩემი სამოცდაათი წელი“ ერთ ფრაგმენტს გვახსენებს, სადაც დედისა და ბებია-ბაბუის მზრუნველობის ქვეშ დარჩენილი პატარა ბიჭი (ნუაიმეს პატარაობა), რომლის მამაც ოჯახის გამოსაკვებად და ფიზიკურად გადასარჩენად ამერიკაშია სამუშაოდ გადახვეწილი, ყოველ საღამოს დედის კვალდაკვალ კითხულობს „მამაო ჩვენოს“ და შემდეგ დედისავე დირექტივით იმეორებს მის ვედრებას ზეცად მყოფი მამისადმი ამერიკაში მყოფი მამისა და ოჯახის სხვა წევრთა დასახმარებლად – „ღმერთო, დაეხმარე მამაჩემს ამერიკაში! დაე, ოქროდ გადაიქცეს მის ხელში მიწა, რომელსაც ის შეეხება! ღმერთო, დაგვიბრუნე ის ჯანმრთელი და უვნებელი! ღმერთო, დაიფარე ჩემი ძმები, ღმერთო, დაიფარე ბიძაჩემი იბრაჰიმი და ბიძაჩემი სულეიმანი, შეეწიე და მიეცი მათ შვილები!“ ბიჭი უღიმღამოდ იმეორებს იმას, რასაც დედამისი ამბობს; ქუთუთოები უმძიმდება და თვლემა ერევა, ხუჭავს თვალებს და ხედავს საოცარ სურათებს, რომლებსაც დედის სიტყვები ხატავენ მის წარმოსახვაში. ხედავს ღმერთს, რომელსაც, დედის თქმით, არც სისხლი აქვს და არც ხორცი და რომელიც ცხოვრობს ზეცაში, ცისფერ უსასრულობაში, სადაც დღისით მზეა, ღამით კი – მთვარე და ვარსკვლავები. ღმერთის სამყოფელი, ალბათ, არ შეიძლება, ჰგავდეს მათ სახლს აქ!.. ის უფრო დიდი და ლამაზია, თანაც ნამდვილად კრამიტითაა გადახურული. ხედავს მამის სახებას, ვისაც გააჩნია სისხლი და ხორცი და ის არის ქვეყანაში, რომელსაც უწოდებენ ამერიკას. წარმოიდგენს მამას ულვაშებიან გოლიათად და ბიჭის თვალებს უფრო დიდი ულვაშები, ვიდრე მას აქვს, არ უნახავთ არასდროს. ამერიკა კი წარმოესახება ქვეყანად ჰორიზონტს მიღმა, სადაც ადამიანები მუჭით იღებენ მიწას, რომელიც ოქროდ გადაიქცევა. ოქრო კი, რომელიც არასდროს უნახავს, ესახება ძალიან ძვირფას რამედ. ბიჭი გაოცებულია, რატომ გაემგზავრა მამა ამერიკაში ოქროს ჩამოსატანად, როცა დედას ასე მარტივად შეუძლია სთხოვოს ცაში მყოფ მამას, გადააქციოს მიწა ოქროდ. აქ ხომ მათი სახლის იატაკიცა და ჭერიც მიწისაა და გარშემოც ხომ ყველგან მიწაა?! ნუთუ მიწა ამერიკაში განსხვავდება აქაური მიწისაგან?! ალბათ ასეც არის... და ბიჭს ეს წარმოსახვები აბნევს.

ნოველაში „სევდიანი ფორთოხლების მიწა“ მამის მცდელობა, როგორმე დაუბრუნდეს საკუთარ მიწას, რომელიც ისრაელის არმიამ დაიკავა, უშედეგოდ მთავრდება. პალესტინელ ბიჭს ახსენდება გლეხის სიტყვები: „ფორთოხალი ჭკნება, თუკი შეეცვალა ხელი, რომლისგან მორწყვასაც ის მიჩვეულია...“ ამით ის აცნობიერებს, რომ მათ დაკარგეს ძალიან პირადი რამ, ურომლისოდაც არა მხოლოდ მათი არსებობა კარგავს აზრს, არამედ ისიც, რასაც მათ გარეშე არსებობა არ შეუძლია. თუმცა, ნოველის დასასრულს, მაგიდაზე დამჭკნარი ფორთოხლის გვერდით მამის რევოლვერი დევს, ნიშანი იმისა, რომ პალესტინელი ხალხი არ შეწყვეტს ბრძოლას და სამშობლოში დაბრუნების იმედი ყოველთვის იარსებებს. აქ ეს სრულიად მშვიდობიანი და ნოსტალგიური ხატი დამჭკნარი ფორთოხლისა რევოლვერის გვერდით არანაკლები შინაგანი პროტესტის მუხტის მატარებელია, ვიდრე რომელიმე სხვა ხმაურიანი, რევოლუციური და ღია საბრძოლო მოწოდების ფინალი.

„ეგვიპტელი ჯოკონდას“ შემთხვევაში კი დასასრული ერთმნიშვნელოვნად უფრო უიმედოა. მუჰამედს, რომელიც ჰანუნას ღვთისმშობელს ამსგავსებდა და სურდა, თავად მისი იესო ყოფილიყო, მშობლების აკრძალვების მიუხედავად, ყოველთვის რომ ცდილობდა მის გვერდით ყოფნას და იმ წესების უგულებელყოფას, რაც, მისივე თქმით, უფრო მეტ პრობლემას ქმნიდა სამყაროში, ვიდრე აწესრიგებდა..., საბოლოოდ მაინც მოუწია უსამართლობასთან შეგუება და იმ ქორწილის ყურება, სადაც ჰანუნას გვერდით მისთვის იმ დღემდე უცნობი საქმრო იდგა. „მისი თვალების მოხეტიალე მზერა რაღაცას ეძებდა... ღვთისმშობელს გავდა, რომლისთვისაც იესო წაერთმიათ“ – ამ მომენტში ბიჭმა საკუთარი უსუსურობა გააცნობიერა. იმ ყველაფერმა, რამაც მას სამყაროს მრავალფეროვნება შეაცნობინა, ისიც დაანახვა, რომ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთან ერთ ჭერქვეშ თანაარსებობა იმდენად შორია თვით ისეთ სიახლოვეშიც კი, როგორიც ერთი რეგიონის პატარა დასახლებაა, რომ წარმოუდგენელია ამ სიშორის გადალახვა, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ორივე მხარე საკუთარი რელიგიით შემოზღუდული, მორალურად დაუსაბუთებელ წესებს ბრმად მიჰყვება და იცავს. 

შეიძლება ითქვას, რომ ორივე ნოველა მათი რევოლუციონერი ავტორების გამოთქმული შენიღბული კრიტიკაა უმრავლესობის დაკანონებული შეხედულებებისა. მთელი სიმძაფრითაა წარმოდგენილი ბავშვის, როგორც ადამიანთა ჯგუფის ჯერ კიდევ უცოდველი წარმომადგენლის თვალით დანახული სამყარო და მასზე აღბეჭდილი „დიდების“ შექმნილი აკრძალვებისა და კანონების შედეგები. პერსონაჟების მცდელობა კი, შეცვალონ არასასურველი რეალობა და დაუპირისპირდნენ მათზე უსამართლოდ გაბატონებულ ძალებს, წარუმატებლად სრულდება – ყველაფერი უცვლელად და გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

გამოყენებული ლიტერატურა: 


  1. იდრისი, იუსუფ, ეგვიპტელი ჯოკონდა. საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი „არილი“ #2 (182), 2002 წ. (მთარგმნელი დარეჯან გარდავაძე), გვ. 43-48
  2. ნუაიმე, მიხაილ, სამოცდაათი წელი – ზეციური მამა და ამერიკაში მყოფი მამა. აღმოსავლური ჟურნალი „არმაღანი“ #5, 2016 წ. (მთარგმნელი მარიამ ქარდავა), გვ. 10-16
  3. ქანაფანი, ღასან, სევდიანი ფორთოხლების მიწა. აღმოსავლური ჟურნალი „არმაღანი“ #2, 2016 წ. (მთარგმნელი დარეჯან გარდავაძე), გვ. 18-22
  4. Johnson-Davies, Denys. The Essential Yusuf Idris / Edited by Denys Johnson-Davies. - Cairo: The American University in Cairo Press 2008
  5. Steinmetz, Linda: Extremely Young & Incredibly Wise: The Function of Child Narrators in Adult Fiction. Atert-Lycée, Luxembourg, 2011

kurumsal seo seo uzmanı halı saha yapan firmalar ofis taşıma fiyatları atasehir nakliyat gebze nakliyat tuzla nakliyat samandıra nakliyat basaksehir klima tamiri basaksehir klima montaji bagcilar klima montaji bagcilar klima tamiri bagcilar klima tamiri yenibosna klima montaji yenibosna klima tamiri temizlik firmaları ofis taşıma