ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალი სტუდენტური წელიწდეული ჰუმანიტარული კვლევები |
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘ დავით ნაჭყებია ოპტიმისტური პარალელები შოთა რუსთველისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში შოთა რუსთველისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში იმთავითვე თვალში საცემია მკვეთრად გამოვლენილი ოპტიმიზმი; ორივე შემოქმედთან გვხვდება უმნიშვნელოვანესი ფილოსოფიური საკითხები: ადამიანის არსებობის საზრისი (წუთისოფელი) და ბედისწერა, ანუ რამდენად საზღვარდადებულია პიროვნების შესაძლებლობათა ფარგლები. რუსთველიცა და ბარათაშვილიც იწყებენ რა მსჯელობას გავრცელებული პესიმისტური თვალსაზრისით, ბოლოს საკითხს მაინც ოპტიმისტურად წყვეტენ. აღსანიშნავია, ასევე, რომ მათ თავისებური დამოკიდებულება აქვთ ადამიანის ბუნებასთან მიმართების საკითხისადმიც. განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე: ადამიანის საზრისის (წუთისოფლის) საკითხი რუსთველთან ვხვდებით წუთისოფლის შესახებ არსებულ გაბატონებულ ფილოსოფიურ შეხედულებას, რომ იგი არის მუხთალი და დაუნდობელი, რომელიც ყოველთვის ავს უქადის ადამიანს: “ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა” მაგრამ ეს არის წუთიერი განცდა, სევდა, რაც ბუნებრივიცაა მოკვდავი ადამიანისათვის. არსებითი კი ისაა, რომ რუსთველი ამ განცდას ყოველთვის უპირისპირებს ოპტიმიზმს, მოუწოდებს მკითხველს, რომ არასდროს დაიმონოს სევდამ, შეაგონებს ჭირთათმენისა და ბრძოლისაკენ: “ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად” [152,4]. წუთისოფელთან მიმართებით თავისი სათქმელი რუსთველს ყველაზე მკაფიოდ შემდეგ სტროფში აქვს ჩამოყალიბებული; პირველი სამი სტრიქონი მოიცავს წუთისოფლის ჩვეულებრივ გმობას: “ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა! და ლოგიკურად მოსალოდნელი იყო, რომ ბოლო სტრიქონში რუსთველი განაზოგადებდა პესიმისტურ თვალსაზრისს წუთისოფლის მუხანათობაზე, მაგრამ იგი მოულოდნელად ამთავრებს ამ სტროფს: “მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა!” [943,4] და სწორედ ამითაა რუსთველი გენიალური შემოქმედი, სევდას იგი არასდროს არ მიჰყავს სასოწარკვეთამდე. ლექსში “ფიქრნი მტკვრის პირას” ნ. ბარათაშვილმაც გადმოგვცა პესიმისტური ფილოსოფიური შეხედულება, რომ ამქვეყნად ყველაფერი ამაოა, ერთხელაც ამ ყოველივეს ბოლო მოეღება და სვამს კითხვას: “მაგრამ თუ ერთხელ სოფელს უნდა ბოლო მოეღოს, აქედან გამომდინარეობს ლოგიკური დასკვნა: ყოველგვარი ქმედება ადამიანისა ამაოა. მაგრამ სწორედ აქ აკეთებს ბარათაშვილი მოულოდნელ, ერთი შეხედვით ალოგიკურ, შეუსაბამო დასკვნას: “მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან – შვილნი სოფლისა, სწორედ ამაშია ბარათაშვილის სიდიადე. მან ადამიანის არსებობის აზრი “სოფლისთვის ზრუნვაში” დაინახა და ამით უმოქმედობის იდეას აქტიური მოქმედება დაუპირისპირა. ამ საკითხს განიხილავდნენ წინა თაობის რომანტიკოსი პოეტებიც და, ჩვეულებრივ, იმ დასკვნამდე მიდიოდნენ, რომ მარადიული ამ ქვეყნად არაფერი არ არის, თვით ადამიანის სიცოცხლესაც კი არა აქვს ფასი. ნ. ბარათაშვილი კი აშკარად წინააღმდეგია ამ თვალსაზრისისა, მან მოვლენები განიხილა ცოცხალი ადამიანის პოზიციიდან და უდიდეს შეცდომად მიიჩნია მისი მოთხოვნილებების უარყოფა და უმოქმედობა. ისიც არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია მართლაც ამაო იყოს ყოველივე, მაგრამ მისთვის მაინც დაუშვებელია მოსაზრება ადამიანის სიცოცხლის უაზრობაზე. “ნიკოლოზ ბარათაშვილმა ცხადყო, რომ ადამიანის არსებობის წარმმართველი შინაგანი ლოგიკა არავითარ შემთხვევაში არ ექვემდებარება ამ პოეტთა არგუმენტაციას ადამიანთა სიცოცხლის უაზრობის შესახებ. მათი თვალსაზრისის საწინააღმდეგო არგუმენტად ბარათაშვილმა თვით ადამიანის არსებობისა და სიცოცხლისაკენ მათი მისწრაფების ფაქტი მიიჩნია” [ახალი ქართული... 1972: 141]. მართალია, ლექსში “ფიქრნი მტკვრის პირას” ნ. ბარათაშვილი რუსთველისგან განსხვავებულ გზას გვთავაზობს, იგი “სოფლისთვის ზრუნვაში” ხედავს ხსნას, მაგრამ აქ არსებითი ის არის, რომ ორივე შემოქმედი საკითხს პოზიტიურად წყვეტს. არც ბარათაშვილი და არც რუსთველი წუთისოფლის მუხანათობას არ მიჰყვავს პესიმიზმამდე და სოფლის უარყოფამდე. ბედისწერის საკითხი რუსთველთან ვხვდებით ბედისწერის, განგების რწმენას, რწმენას, რომ ადამიანის მომავალი განსაზღვრულია: “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების” [787,1]. მიუხედავად ამისა, რუსთველი არ გამორიცხავს ადამინის მიერ განგების შეცვლის შესაძლებლობას. ამისათვის კი საჭიროა ცდა, ბრძოლა ბედის წინააღმდეგ, დაუმორჩილებლობა მისდამი. რა თქმა უნდა, ამას უფლის ნებაც უნდა ერთოდეს: “ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა!” [1182,2]. აღნიშნულით ვლინდება რუსთველის აზროვნების ხასიათი: იგი პროგრესულია და ოპტიმისტური. მთელს პოემაში განგების წინააღმდეგ ბრძოლაა ასახული, რაც საბოლოოდ ადამიანის გამარჯვებით მთავრდება. ბედთან მიმართების საკითხში ანალოგიური ტენდენცია ვლინდება ნ. ბარათაშვილთანაც. მასაც სწამს ბედის, მაგრამ არც ერთი წამით არ ემორჩილება მას და დარწმუნებულია, რომ ადამიანის ბრძოლას შეუძლია “ბედის სამზღვრის” გადალახვა, რომ ბედის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ბედისადმი მიმართების თვალსაზრისით, ნ. ბარათაშვილი გამოირჩევა მრავალი რომანტიკოსისაგან, “მისი თავისებურებაა არა მარტო ის, რომ იგი ბრძოლას უცხადებს ბედს და არ ემორჩილება მას: ბედისადმი ბრმა მორჩილების წინააღმდეგ პროტესტი სხვა რომანტიკოსებსაც ახასიათებთ.Nნიკოლოზ ბარათაშვილის, როგორც პოეტისა და მოაზროვნის, უპირველესი ღირსება იმაში უნდა დავინახოთ, რომ იგი მიისწრაფვის გამოამზეუროს ბედის მოქმედების ფარული მიზნები; მის შემოქმდებაში ჩანს ერთგვარი რწმენა, რომ შესაძლებელია ბედის იმ განზრახვათა წვდომა, რომლებიც მანამდე გამოუცნობად იყო მიჩნეული” [ახალი ქართული... 1972: 148], სწორედ ეს რწმენა ჩანს შემდეგ სიტყვებში: “ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი, ამასთანავე, ნ. ბარათაშვილმა დაინახა, რომ ბედთან ბრძოლას აქვს დადებითი შედეგი. ამ კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანია ლექსი “მერანი”, რომელშიც ადამიანსა და ბედს შორის დაუნდობელი, უკომპრომისო ბრძოლაა გადმოცემული. ლირიკული გმირი ცდილობს ბედის საზღვრების გადალახვას და უმაღლეს მიზნად თავისუფლების მოპოვება მიაჩნია. იგი მზადაა ამ მიზნის მისაღწევად ყველანაირი მსხვერპლი გაიღოს და მოუწოდებს თავის მერანს ქროლვისაკენ, არც ერთი წამით არ მიდის დათმობაზე, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი არ დანებდეს ბედს; სწამს, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს, თუნდაც იგი გმირის სიკვდილით დასრულდეს: “ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულის კვეთება, ბედის ამგვარი გააზრებით ნ. ბარათაშვილმა შეარყია რწმენა განგების გარდაუვალობაზე. მანამდე მიუწვდომელსა და ყოვლისშემძლე ბედს ადამიანური ძალები დაუპირისპირა.
ბუნებისადმი დამოკიდებულების საკითხი
საინტერესოა, ამ ორი შემოქმედის ბუნებისადმი დამოკიდებულების საკითხიც: რუსთველს ბუნება, როგორც თავისთავადი რამ, არ აინტერესებს. იგი არ ხატავს ბუნების დამოუკიდებელ სურათებს და თუკი სადმე აღწერს მათ, მხოლოდ გმირთა სულიერი სამყაროს გადმოსაცემად. ფრიდონისაკენ მიმავალი ავთანდილი თხოვნით მიმართავს მნათობებს და ახასითებს მათ ასტროლოგიური შეხედულებების შესაბამისად. ავთანდილს ეს მნათობები აინტერესებს იმდენად, რამდენადაც ისინი ახლოს არიან მის სულიერ მდგომარეობასთან და ხაზს უსვამს მათ მხოლოდ იმ თვისებებს, რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდება კონკრეტულ შემთხვევაში. მნათობთა მიმართვის შემდეგ ავთანდილი იწყებს სიმღერას: “მიიმღერდის ხმასა ტკბილსა, არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა” [958,3]. მისი ნამღერით მონუსხულია მთელი ბუნება: “რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან, აქ საინტერესოა ის ფაქტი, რომ გმირს კი არ იტყვევებს ბუნება თავისი მშვენიერებით, არამედ, პირიქით, თვითონ ბუნებაა დატყვევებული ავთანდილის სრულყოფილებით. შემდეგი ეპიზოდი: რაინდები - ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი - მიემართებიან ქაჯეთის ციხის ასაღებად. წინ ურთულესი ომი ელით... რუსთველი ასე ახასიათებს გმირებს ომის წინ: “ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია: აქ დიდი პოეტური ოსტატობით არის გადმოცემული ბუნების სტიქია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, რუსთველს წარღვნა და მეწყერი კი არ აინტერესებს, არამედ ამ სტიქიით გადმოგვცემს და გვაგრძნობინებს საომრად ატეხილი გმირების განწყობას. დაახლოებით მსგავსი ვითარება გვაქვს ბარათაშვილთანაც: მასაც ბუნება მხოლოდ ლირიკული გმირის სულიერ განწყობილებათა გადმოსაცემად სჭირდება. “მთავარი ის კი არ არის, რომ ბარათაშვილის შემოქმედებაში ხშირად გვხვდება რომანტიკოსთათვის საყვარელი ღამე და მთვარე, ცა და ვარსკვლავები, მდელო და ცვარი, ნიავი და ნისლი, არამედ ის, რომ ბუნების ამ მხარეებს პოეტის სულიერი მდგომარეობის გამოხატვა ეკისრებათ. ისინი ისეთ მდგომარეობაში არიან წარმოდგენილნი, რომ სრულიად უეჭველი ხდება მათი სიახლოვე პოეტის განწყობილებებთან” [ახალი ქართული... 1972: 153]. ლექსში “შემოღამება მთაწმინდაზედ” პოეტი პირდაპირ ამბობს: “და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი, “ბარათაშვილის პოეზიაში ბუნება უმთავრესად ადამიანის რთული სულიერი სამყაროს ერთ-ერთი კომპონენტია... ადამიანის სულიერი მოძრაობისადმი ბუნების დაქვემდებარება, ბუნებაში მხოლოდ ადამიანის განცდათა შესაბამისი დანახვა – აი, რა არის დამახასიათებელი ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებისთვის” [ახალი ქართული... 1972: 154]. პოეტს იმდენად ხიბლავს მთაწმინდის “დამაფიქვრელნი, ვერანანი და უდაბურნი” ადგილნი, “ღრუბლიანი მთა”, “შუქმიბინდული მთვარე”, რამდენადაც ისინი ახლოს არიან მის სულიერ განწყობასთან. მართალია, ბუნების სურათები მეტწილად მწუხარეა, მაგრამ აქ არსებითია ბუნების დაქვემდებარება ადამიანის განწყობისადმი, რაც თავისთავად პოზიტიური ნაბიჯია. ასე რომ, ბარათაშვილთანაც და რუსთველთანაც ბუნების საკითხის გადაწყვეტა ადამიანთან მიმართებით ოპტიმისტურია. მათი გმირები კი არ ექცევიან ბუნების ტყვეობაში, კი არ იძირებიან მის წიაღში, არამედ, პირიქით, აქეთ იტყვევებენ და იმონებენ ბუნებას; ორივე შემოქმედს ბუნება მხოლოდ გმირთა სულიერი განწყობილების გადმოსაცემად სჭირდება. ამდენად, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და შოთა რუსთველის შემოქმედების განმსაზღვრელი ტენდენცია ძლიერი ოპტიმიზმია. განიხილავს რა პრობლემურ საკითხებს, ბოლოს ორივე შემოქმედი მოუწოდებს მკითხველს ჭირთათმენისა და ბრძოლისაკენ, რაც საბოლოოდ ადამიანის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. გამოყენებული ლიტერატურა:
|