English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 6 ∘ მარიტა ხარშილაძე
ფლორენციელი მედიჩებისა და ოსმალეთის იმპერიის ურთიერთობები 1454 – 1481

XV საუკუნის მეორე ნახევარში მცირე აზიაში განსაკუთრებით გაძლიერდა ოსმალეთის სახელმწიფო, რომელიც ექსპანსიურ პოლიტიკას აწარმოებდა როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში, ამიტომ შემდგომი ხუთი საუკუნის მანძილზე თურქ-ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლა ევროპის და პირველ რიგში, იტალიის დიპლომატიის ერთ - ერთ მნიშვნელოვან საკითხად იქცა.

ოსმალეთისა და ფლორენციის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულ ისტორიოგრაფიაში დეტალურად შესწავლილი არ გახლავთ. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგად ცნობებს ვხვდებით, რამაც გვიბიძგა წინამდებარე სტატიაზე გვემუშავა. მოცემულ ნაშრომზე მუშაობის პროცესში შევეცადეთ გავცნობოდით ქართველი, თურქი და ევროპელი ავტორების, მაგალითად: ი. ხუბაშვილის, მ.სვანიძის, გ. ახალკაციშვილის, მ. აჯიპინარის და კ. ვირჯილიოს მოსაზრებებს. შევისწავლეთ დასახელებული ავტორების ნაშრომები და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე შევეცადეთ წარმოგვედგინა პირველი სტატია ფლორენციელი მედიჩებისა და ოსმალეთის იმპერიის ურთიერთობების შესახებ 1454 – 1481 წლებში.
მას შემდეგ, რაც ოსმალებმა 1389 წკოსოვოს ველზე და 1396 წ ნიკოპოლისთან ბრძოლებში დაამარცხეს ევროპის ქვეყნების კოალიციური ჯარი, ოსმალთა სახელმწიფოს გავლენის სფეროების გაფართოება ევროპის ტერიტორიაზე საგრძნობლად გაძლიერდა. მათი წინსვლა 1402 წელს თემურ-ლენგის წინააღმდეგ ანკარასთან ბრძოლაში შეფერხდა. [სვანიძე, 2007: 28] ეს უკანასკნელი ოსმალეთის დროებითი დასუსტების მიზეზი გახდა, თუმცა შემდგომში, იგი მაინც ახერხებს ძალების აღდგენას და განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ბიზანტიის იმპერიას, რომელმაც XIV საუკუნის დასასრულისათვის ტერიტორიების უდიდესი ნაწილი დაკარგა.
1453 წლის 29 მაისს, ოსმალთა იმპერიის არქიტექტორმა მეჰმედ II ფათიჰმა (1451-1481) 53 დღიანი ალყის შემდეგ კონსტანტინოპოლი აიღო. [ახალკაციშვილი, 2020:26] ეს ნიშნავდა აღმოსავლეთ რომის იმპერიის ფაქტობრივ დასასრულს, რომელიც 700 წლის მანძილზე აწარმოებდა, ხან დაპყრობით და ხანაც თავდაცვით ომებს არაბებისა და თურქების წინააღმდეგ ქრისტიანობის დასაცავად. გამარჯვებულმა ოსმალებმა სრული ჰეგემონობა დაამყარეს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე.
შავი ზღვა, სადაც ჯერ კიდევ XIII საუკუნიდან არსებობდა ვენეციისა და გენუის სავაჭრო ფაქტორიები, „ოსმალურ ტბად“ იქცა. სწორედ ამიტომ, შავ ზღვაზე ოსმალთა გაბატონება, ყველაზე მძიმედ ვენეციას და გენუას შეეხო. მეჰმედ II სხვა იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებთან შედარებით უპირატესობას ფლორენციას ანიჭებდა. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ფლორენციის „უგვირგვინო მეფეებთან’’- მედიჩებთან, რომლებთანაც მან დიპლომატიური კავშირები დაამყარა. [ხუბაშვილი, 2004:195]
ფლორენციის დიპლომატიამ აჩვენა პრაგმატული თანმიმდევრულობა თავის პოლიტიკაში. ბიზანტიის იმპერატორ იოანე VIII-ის (1425-1448) პრივილეგიებმა 1439 წელს ფლორენციას მაქსიმალური სარგებელი მოუტანა. ფლორენცია ეძებდა ადგილებს თავისი მერკანტილური საქმიანობის გასაუმჯობესებლად. შესაბამისად, მისთვის დაპირისპირებები კარგი შედეგის მომტანი არ გახლდათ. ქალაქს არ გააჩნდა ზღვაზე გასასვლელი და ფლოტი. მისი ეკონომიკის ფუნდამენტს მანუფაქტურული წარმოება და სავაჭრო მიმოქცევა წარმოადგენდა.
კონსტანტინოპოლის აღების შემდგომი პერიოდიდან, ფლორენცია აქტიურად ცდილობდა სულტან მეჰმედ II-ის დადებითი განწყობის მოპოვებას. ამ სრულიად ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში ფლორენციას მიეცა კარგი შესაძლებლობა და სივრცე, რათა კონსტანტინოპოლის ბაზარზე თავისი კომერციული ძალა გაეფართოებინა. ამრიგად, ჩვენს ნაშრომში წარმოდგენილია ფლორენციის, კერძოდ „ფლორენციელი მედიჩების“ მიერ, სულტანთან გაკეთებული უვერტიურები, საიდანაც იწყება მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების დამყარება ფლორენციასა და ოსმალეთის იმპერიას შორის.
შუა საუკუნეების ფლორენციაში მედიჩები საუკეთესო ბანკირებისა და წარმატებული ვაჭრების ოჯახი გახლდათ. ისინი ფლორენციას თითქმის სამი საუკუნე მართავდნენ, მათი ოჯახი ყოველთვის გამორჩეული და ძლიერი წარმომადგენლებით ხასიათდებოდა, მათ შორის აღსანიშნავია კოზიმო მედიჩი (1389-1464), რომელიც ფლორენციელი ხალხის მოთხოვნით 1434 წლიდან ქალაქის უგვირგვინო მეფე გახდა. [შუა საუკუნეების ისტორია, 2005: 469] მედიჩები გამჭრიახი და მოქნილი პოლიტიკოსები იყვნენ, მათი მთავარი მიზანი იტალიის ძალებს შორის პოლიტიკური ბალანსის შენარჩუნება და ფლორენციის საერთაშორისო ასპარეზზე დაწინაურება იყო.
ვირჯილიოს ქრონიკებში აღნიშნულია XV საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და ავანტიურისტი პიროვნება- ბენედეტო დეი (1418-1492). სწორედ, ეს უკანასკნელი გვევლინება, როგორც შუამავალი და აგენტი (როგორც ჩანს საიდუმლოდ) მედიჩებსა და მეჰმედ II-ს შორის. გარდა ამისა, იგი თავს იდანაშაულებს ოსმალეთის სახელით ვენეციელების ჯაშუშობაშიც.
ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის ნაკლებად ცნობილი წყარო, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის მედიჩებსა და მეჰმედ II-ს შორის არსებულ ურთიერთობებზე. აღმოჩენილია 1456 წლის ანონიმური წერილი, რომელიც, სავარაუდოდ, კონსტანტინოპოლელი ვაჭრის მიერ იყო გაგზავნილი ჯოვანი დე მედიჩისადმი (1421–1463), იგი გახლდათ კოზიმო მედიჩის (1389 –1464) უფროსი ვაჟი და მათი საგვარეულოს პოტენციური გამგრძელებელი.
აღნიშნული წერილი ნათელს ჰფენს მნიშვნელოვან გარემოებებს. კერძოდ, მოცემულია, რომ ფლორენცია სულტან მეჰმედისგან იღებდა რიგ დათმობებსა და პრივილეგიებს განვითარებისთვის. სულტნის ამგვარ კეთილგანწყობას და დადებით დამოკიდებულებას უნდა ვუმადლოდეთ მის პირად ექიმს, სავარაუდოდ, გაეტას იაკოპუსს, როგორც ოსმალურ წყაროებში მოიხსენიება, იაკუბ ფაშას, რომელიც, დიდი ალბათობით, მედიჩებსა და სულტანს შორის შუამდგომლობდა.
გაეტას იაკოპუსი წარმოშობით ებრაელი გახლდათ, რომელმაც მედიცინა იტალიაში შეისწავლა. მოგვიანებით, ეს უკანასკნელი მურად II-ის (1421- 1451) დროს ედირნეში (ადრიანოპოლი) ჩავიდა. სწორედ იქ ჩასვლის შემდგომ გვევლინება იაკუბ ფაშა (ვინაიდან, გაეტას იაკოპუსი იაკუბ ფაშას ტიტულით მკვიდრდება ოსმალეთში, სავარაუდოა, რომ მან ისლამი მიიღო) მეჰმედ II-ის პირად ექიმად. იაკუბ ფაშა სულტანს გადასახადებისაგან სრულად გათავისუფლებული ჰყავდა და მისი დიდი კეთილგანწყობით სარგებლობდა.
გარდა ამისა, ფლორენციასა და ოსმალეთს შორის მჭიდრო ურთიერთობას ადასტურებს, 1455 წლისთვის ფლორენციიდან სტამბოლში გაგზავნილი ოფიციალური წერილი, სადაც გამოხატულია სულტნისადმი მადლიერება, ფლორენციელი ვაჭრებისადმი კარგი დამოკიდებულების გამო. შესაბამისად, 1455 წლამდეც კი კონსტანტინოპოლში უკვე იმყოფებოდნენ ფლორენციელები, თუმცა ყოველგვარი ოფიციალური ტიტულატურის გარეშე.
მედიჩებისა და მეჰმედ II-ს ურთიერთობა იკვეთება ლევანტის საკითხთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ფლორენციისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლევანტში სავაჭრო მონოპოლიის დაკავებას, იგი ამ გეგმის სისრულეში მოყვანას ცდილობდა. ლევანტის მიმართ ფლორენციის გეგმის შესახებ ვხვდებით ცნობებს კიდევ ერთ ტექსტში, სადაც საუბარია კომუნის მიერ მიღებულ დებულებაზე ლევანტში მყოფ ფლორენციულ გალერებთან დაკავშირებით, რომლებიც კონსტანტინოპოლში მხოლოდ ვაჭრობის მიზნით არ მიდიოდნენ. [Virgilio, 2013:207] შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მოგზაურობა ფლორენციის მცდელობა იყო მეჰმედ II-სთან პირადად კომერციულ პრივილეგიებზე მოსალაპარაკებლად.
პირველი წერილის საფუძველზე, რომელიც კომუნამ გაუგზავნა მეჰმედ II-ს, დებულებაში ნათქვამია, რომ თავდაპირველად ფლორენცია მხოლოდ ერთი გალერის გაგზავნას გეგმავდა, მეორე ნაწილში ასევე აღნიშნულია ფლორენციელთა მიერ მეჰმედ II-სთვის ძვირადღირებული საჩუქრის გაგზავნის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია, 1456 წლის 9 დეკემბერს დაწერილი კიდევ ერთი წერილი ანონიმური ავტორის მიერ, რომლის ადრესატიც კოზიმო მედიჩის ვაჟი-ჯოვანი დე მედიჩი გახლავთ. ქრონოლოგიური თვალსაზრისით ეს წერილი სულტნის საჩუქრის აღნიშნულ ფაქტამდეა დაწერილი:
“სინიორიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხზე (ფლორენციის კონსულის არჩევა კონსტანტინოპოლში) და (აირჩიოს) მე ან ვინმე სხვა... რამეთუ სასარგებლო იქნებოდა კონსულის ყოფნა, რომელიც ჩვენს სინიორიას პრესტიჟს მიანიჭებდა და დახმარებას გაუწევდა ფლორენციელ ვაჭრებს... დარწმუნებული ვარ...თურქის უფალი... ყველაფერს მოგვცემს...მადლიერი ვარ ჩემი ახლო მეგობრობით სულტნის ექიმთან, რომლისგანაც შემიძლია მივიღო ყველაფერი... და ჩვენ კიდევ უფრო მეტი მეგობარი გვყავს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მისგან (სულტნისგან) ყველაფერს მივიღებთ’’. [Virgilio, 2013:208]
აღნიშნული წერილი გახლავთ პეტიცია (შუამდგომლობა), რომელიც ანონიმის მიერ იყო შედგენილი, წერილის ადრესატიც კოზიმო მედიჩის უფროსი ვაჟი, ჯოვანი დე მედიჩია. ავტორი ნათლად სთხოვს ამ უკანასკნელს უშუამდგომლოს სინიორიასთან და აღნიშნავს, რომ მას თავად შეუძლია იყოს კონსტანტინოპოლის სრულყოფილი ელჩი სულტნის პირად ექიმთან, სავარაუდოდ, ჩვენ მიერ ნახსენებ იაკუბ ფაშასთან, ახლო კონტაქტების წყალობით.
ფლორენციელი მედიჩების და მეჰმედ II-ს შორის ურთიერთობა გრძელდება შემდგომ პერიოდშიც. ფლორენცია, სხვა იტალიურ თუ ევროპულ სავაჭრო ფაქტორიებთან შედარებით მნიშვნელოვან მატერიალურ პრივილეგიებს იღებს ოსმალთა იმპერიისგან. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ პრივილეგიის მატერიალურ გარანტებზე. პირველადი დოკუმენტები წარმოგვიდგენს რამდენიმე საინტერესო დეტალს,მაგალითად: ბენედეტო დეის წერილი, რომელიც 1461 წლით თარიღდება, აღწერილია კარლო მარტელის მიერ. კარლო მარტელი (შესაძლოა, და ამის დიდი ალბათობაა, რომ მარტელს ჰოსპიტალიერ რაინდებთანაც ჰქონდა კავშირი, რადგან ისინი მართავდნენ კუნძულ როდოსს) მედიჩებთან დაახლოებული პირი და კუნძულ როდოსის მკვიდრი გახლდათ. აი, ამ წერილის ნაწყვეტიც:
“ჩვენი „ნაციოს“ სახლი აიღეს,ეს სახლი კონსულს ეკუთვნოდა... ის ტასინას (სახელიტექსტში) უნდოდა. ახლა კი ის (კონსული) რჩება ეკლესიაში…“ [Virgilio, 2013:219]
ეს წერილი ასევე ძვირფასია, რადგან იგი მოწმობს კონსტანტინოპოლში კათოლიკეთა ეკლესიის თავისუფლად არსებობას, სადაც კათოლიკე ფლორენციელებსაც შეზღუდვების გარეშე შეეძლოთ ლოცვა. მაშასადამე, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მეჰმედ II-ის მიერ ფლორენციისადმი მიცემული პოტენციური კაპიტულაცია მოიცავდა რამდენიმე პრივილეგიას საზღვრებთან, მოგზაურებთან, ვაჭრებთან, ეკლესიასთან და საკონსულოსთან დაკავშირებით.
საინტერესოა, რომ ბენედიტო დეი ადასტურებს 1460-1472 წლებში ფლორენციის პირდაპირ კავშირს ოსმალეთის ადმინისტრაციასთან. სულტან მეჰმედსა და მის ვეზირს- მაჰმუდ ფაშას (ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1456-1466 წლებში, 1474 წ სულტნის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს) უშუალო ურთიერთობა აქვთ სტამბოლში ფლორენციელებთან. აღსანიშნავია, რომ 1461 წლამდე ფლორენციას სტამბოლთან მჭიდრო კონტაქტები არ აკავშირებდა. სწორედ ამ პერიოდში, სტამბოლში გაგზავნილია ფლორენციელი წარმომადგენელი, ეს პირი გახლდათ ცნობილი ფლორენციული ოჯახის წევრი- მაინარდო უბალდინი.
1464 წლის 2 და 24 მაისს გაგზავნილი ორი მოკლე წერილი, ჯოვანი მედიჩისადმი, ადასტურებს ფლორენციელთა საქმიანობას სტამბოლში. არსებობს კიდევ სამი სახის დოკუმენტი: 1469წ და 1472 წ ორი წერილი. [Acıpınar, 2018:542] 1462 წლის დასაწყისში ბენედიტო დეი სტამბოლში ჩავიდა,მრავალი წლის განმავლობაში მისი მოლაპარაკებები ოსმალეთთან გრძელდებოდა, რის შედეგადაც 1472 წლისთვის ფლორენციასა და ოსმალთა სახელმწიფოს შორის ინტენსიური ურთიერთობები დამყარდა. დეი, თავის ბატონს-ლორენცო მედიჩს (1449 -1492) წერილებს უგზავნიდა, სადაც აღწერილია მეჰმედ II-სთან დივანის სხდომაზე შეხვედრის დეტალები.
სტამბოლში გაგზავნილ ფლორენციელ ელჩს, მაინარდო უბალდინს, ცვლის ბართოლომეო დელ ნერო. ფლორენციელი ვაჭრები მოღვაწეობენ ოსმალეთის იმპერიაში. მაგ: კარლო ბარონჩელი-მედიჩების მიერ სტამბოლში გაგზავნილი ელჩი და ფლორენციელი დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელი, 1476 წლის 24 აპრილამდე აგრძელებდა სტამბოლში დაკისრებულ მოვალეობას. ბერნანდო ბანდინი(1479 წ სულტან მეჰმედის ბრძანებით დააპატიმრეს) - სავარაუდოდ, გახლდათ ლორენცო დე მედიჩის მდივანი, რომელიც სტამბოლში მოღვაწეობდა და ახორციელებდა მიმოწერებს ამ უკანასკნელთან.
აღსანიშნავია, ფლორენციელი ელჩების მოღვაწეობის ქრონოლოგია ოსმალეთის იმპერიაში. XV ს-ის 60-იანი წლებიდან, ფლორენციის რესპუბლიკამ ოსმალთა იმპერიაში თავისი ელჩები ოფიციალურად მოავლინა: მაინარდო უბალდინი (1460-1471), ბართოლომეო დი სიმონე დელ ნერო (1471-1472), კარლო ბარონჩელი (1472-1476) და ლორენცო კარდუჩი (1477-1481). [Acıpınar, 2018:492] ისინი პირად მიმოწერებში მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდნენ მედიჩებს სტამბოლში არსებული ვითარების შესახებ.
საბოლოო ჯამში, იმ პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიო ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ერთიანდებოდა, ფლორენციის ქალაქ-სახელმწიფო სულტნისგან დიდი პრივილეგიებითა და ხელშეწყობით სარგებლობდა. ვფიქრობთ, ფლორენციელებმა კარგად გაიაზრეს ევროპული ძალების სისუსტე ოსმალთა წინააღმდეგ და მათ, როგორც ვაჭრებმა, საკუთარი მერკანტილური პოლიტიკიდან გამომდინარე, სულტნის ადმინისტრაციასთან კარგი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ამჯობინეს. “ფლორენციის უგვირგვინო მეფეებსა“ და ოსმალეთის იმპერიას შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკურ ურთიერთობებს ადასტურებს ჩვენ მიერ განხილული წყაროები, პირადი წერილები და უცხოური ლიტერატურაც.

გამოყენებული ლიტერატურა:
ახალკაციშვილი, გ. 2020. ბიოგრაფიები ოსმალეთის სულთნებისა დასტამბოლის შესახებ - 1453-1700. თბილისი.
სვანიძე, მ. 2007. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბილისი.
შუა საუკუნეების ისტორია (გურამ კუტალიას რედაქციით). 2005. თბილისი.
ხუბაშვილი, ი. 2004. ვენეციისა და ფლორენციის დიპლომატია XIII-XV საუკუნეებში. თბილისი.
VIRGILIO, C. 2013. FLORENCE, BYZANTIUM AND THE OTTOMANS (1439-1481).
POLITICS AND ECONOMICS. The University of Birmingham.
Acıpınar, M. 2018. Osmanlı İstanbulu’nda Floransalılar. İzmir Kâtip Çelebi Üniversitesi.

 


bahçe dekorasyonu evde ek gelir eskişehir haber sondakika haberleri magazin haberleri seo sorgulama site analiz seo analiz google sıra bulucu backlink sorgulama sunucu tarama çekiliş çekiliş sitesi Who is html kod şifreleme seo hacklink hacklink satış hacklink panel youtube video indir instagram video indir facebook video indir wso shell php shell hacklink hacklink panel hızlı seo hacklink seo nedir wso shell instagram takipçi hilesi instagram takipçi hilesi
Warning: file_get_contents(): php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known in /var/www/html/index.php on line 108

Warning: file_get_contents(https://seolink.in/data.php?x=asj.tsu.ge): failed to open stream: php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known in /var/www/html/index.php on line 108