English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 6 ∘ ანანო ნატროშვილი
კარლოს დიდი და ლეგენდა პირველი ჯვაროსნის შესახებ

კარლოს დიდი არის მონარქი, რომელიც მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ერთგვარ მისაბაძ მაგალითს სხვა დასავლელი მმართველებისათვის. მან სიცოცხლეშივე შეიქმნა ძლიერი მეფის, მამაცი წინამძღოლის, ქრისტიანობის ერთგული დამცველისა და წარმართთა, ე.ი. მუსლიმთა, წინააღმდეგ შეუპოვარი მებრძოლის სახე. მისი საგმირო საქმეების შესახებ ისტორიები ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი მმართველობის დასრულებიდან საუკუნეების განმავლობაში. ეს ისტორიები გამოხატულებას ძირითადად ჰპოვებდა(განსაკუთრებით XI-XIII საუკუნეებში) ლიტერატურის სახით-იქმნებოდა მრავალი პოემა თუ ეპოსი. ბუნებრივია, საზოგადოებაში გავრცელებული ეს ამბები ყოველთვის სრულად არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ამ პერიოდში გვხვდება მრავალი ლეგენდა, თქმულება თუ გადმოცემა, რომელთა ჭეშმარიტების დადგენა, თანამედროვე ისტორიული ნორმების მიხედვით, მეტ-ნაკლებად არ წარმოადგენს ჩვენთვის სირთულეს. მაგრამ არსებობს ისტორიაში დამკვიდრებული ერთი, სამეცნიერო სივრცისთვის შედარებით ნაკლებად ცნობილი, ლეგენდა, დაკავშირებული სწორედ კარლოს დიდის სახელთან, რომელიც თავს სრულყოფილად იმკვიდრებს ჰუმანისტთა ეპოქაში და თავისი არაორდინალური შინაარსისა და ხასიათიდან გამომდინარე იქცევს ყურადღებას. ლეგენდის არსი მდგომარეობს შემდეგში: კარლოს დიდმა ილაშქრა აღმოსავლეთში, დაიპყრო იერუსალიმი, გაათავისუფლა წმინდა მიწა მუსლიმებისაგან და აქედან გამომდინარე მას მიენიჭა პირველი ჯვაროსნის ტიტული. როგორც ვახსენე, მოყვანილი „ლეგენდა“ სრულყოფილად იმკვიდრებს თავს ჰუმანისტთა ეპოქაში. იგულისხმება ის, რომ მსგავსი შინაარსის მქონე ისტორიები ფართოდ იყო გავრცელებული ჯერ კიდევ რენესანსის ეპოქამდე, ჰუმანისტებმა მხოლოდ განსაკუთრებულად წამოსწიეს ის წინა პლანზე და, ფაქტობრივად, ისტორიულ ფაქტად აქციეს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ლეგენდის საწყისი ბუნდოვანია, ჯერჯერობით შეგვიძლია დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა, რომ იგი წარმოიშვა სხვადასხვა წყაროთა შეერთების შედეგად[Stuckey, 2008] (შესაბამისად ჩნდება კითხვა-რომელი წყაროები უნდა ყოფილიყო და რატომ). კარლოსის მიერ იერუსალიმში ლაშქრობისა და მისი გათავისუფლების მოვლენა ისტორიული ცნობებით არ დასტურდება, შესაბამისად, ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს ლეგენდის სისწორეში დასარწმუნებლად. მაგრამ, იმის გამო, რომ ეს ამბავი მოექცა ჰუმანისტთა(რომლებიც უკვე აზროვნებდნენ კრიტიკულად და, რომელთა დაინტერესება მტკიცებულების არმქონე თქმულებით სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა) ინტერესის ქვეშ და იგი სწორედ ამ უკანასკნელთა დამსახურებით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ კარგავდა აქტუალურობას, ჩნდება კითხვა, თუ რა უნდა ყოფილიყო ამ ყოველივეს გამომწვევი მიზეზი და მიზანი. ამ სტატიაში შევეცდები სწორედ ამ მთავარი საკითხის გადაჭრას, რაც ვფიქრობ ძირითადად შესაძლებელი გახდება კონკრეტული ჰუმანისტებისა და მათი იმ კონკრეტული ნაშრომების, რომლებშიც არის აღწერილი მოცემული ლეგენდა, მაგალითად მოყვანის შედეგად. შედეგად პასუხი გაეცემა მთავარ შეკითხვებს: ნამდვილად ილაშქრა, თუ არა კარლოს დიდმა პალესტინაში და დაიპყრო იერუსალიმი, და თანამედროვე ისტორიული ტრადიციით, ითვლება თუ არა იგი პირველ ჯვაროსნად?
სანამ უშუალოდ ჰუმანისტებსა და მათ ნაშრომებზე გადავიდოდე, მსურს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე გავამახვილო ყურადღება. როგორც შესავალში აღვნიშნე, ჰუმანისტებამდე უკვე არსებობდა ლეგენდა კარლოსის იერუსალიმში ლაშქრობისა და მის მიერ წმინდა მიწის გათავისუფლების შესახებ. უკვე პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს კარლოს დიდს ჰქონდა შექმნილი პირველი ჯვაროსნის რეპუტაცია. ამ პერიოდში, XI საუკუნეში, ლეგენდის გავრცელება ძირითადად დაკავშირებულია ეპისკოპოსების სახელთან. ყველაზე ნათელი მაგალითი არის აურას მონასტრის, ამ ეპოქაში მოღვაწე ეპისკოპოსის, ეკეჰარდის ჩანაწერები. იგი გადმოგვცემს ისტორიას, თუ როგორ აღდგა კარლოსი მკვდრეთით, რათა სათავეში ჩადგომოდა და გაძღოლოდა ლაშქრობას წმინდა მიწისკენ[Latowsky, 2013]. მსგავსი შინაარსის გადმოცემები ძალიან გავრცელებული იყო XI საუკუნის საზოგადოებაში. თანამედროვე ინგლისელი მკვლევარი როზამონდ მაკკიტერიკი საკუთარ ნაშრომში საუბრობს, რომ „ისტორიის დისემინაცია გამოიყენებოდა კაროლინგური ელიტის მიერ საერთო მოგონებისთვის გარკვეული ფორმის მისაცემად და ამასთანავე საერთო აწმყოს ჩამოსაყალიბებლად“[McKitterick, 2004:21-22]. მისი თქმით მსგავსმა ფენომენმა თავი იჩინა ჯვაროსნული ლაშქრობების დროს, როდესაც მწერლები მოქმედებდნენ შეთანხმებულად კარლოს დიდის სავარაუდო ჯვაროსნული საქმიანობის მოგონების ჩამოსაყალიბებლად. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ყოველივე ამის მიზეზი?
საკითხის უკეთ გასაგებად საჭიროა მისი ეტაპობრივად მიყოლა და ლეგენდის განვითარების გზის ჩვენება. უკვე XII საუკუნის განსაკუთრებით I ნახევრიდან XIV საუკუნემდე კიდევ უფრო იზრდება კარლოსის, როგორც ჯვაროსნის რეპუტაცია. XII საუკუნიდან ყალიბდება პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის სურათი და კარლოსის ლეგენდა ხდება ამ ისტორიის ნაწილი. ამ ყოველივეს ხელს უწყობს ამ პერიოდში შემოღებული და ფართოდ გავრცელებული ლიტერატურა-განსაკუთრებით XII-XIII საუკუნეებში ფრანგულ ენაზე შექმნილი ძეგლები. აქ მინდა გამოვყო ამ ეპოქის ლიტერატურის სამი უმთავრესი, სხვადასხვა ენაზე შესრულებული ძეგლი, რომელიც რეალურად გადმოსცემს ერთსა და იმავე ისტორიას, მაგრამ გარკვეულწილად მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. პირველი და, შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი, არის ფრანგულად შესრულებული „სიმღერა როლანდზე“, რომელიც შემდგომ სათავეს უდებს ამ ისტორიის სხვა ეროვნულ ენებზე გადმოცემის ტრადიციას. მისი ძირითადი შინაარსი ეხება კარლოსის ესპანურ ომებს-მის ლაშქრობებს ესპანეთში მუსლიმთა წინააღმდეგ(ამ მოვლენის შედეგად იმკვიდრებს იგი თავს, როგორც ქრისტიანობის დამცველი და მუსლიმთა წინააღმდეგ მებრძოლი). ჩემ მიერ შესავალში აღნიშნული დებულება-რომ ლეგენდა საფუძველს სხვადასხვა წყაროთა შერწყმის შედეგად იღებს, ვფიქრობ, ერთ-ერთ გამოძახილს სწორედ აღნიშნული მოვლენიდან ჰპოვებს. მიუხედავად გადმოცემების არარეალური შინაარსისა, მაინც მნიშვნელოვანი იყო მათთვის ძლიერი საყრდენის შექმნა.
ფრანგული ვერსია ეპიკურ პოემაზე „სიმღერა როლანდზე“ შექმნილია XI საუკუნეში, ავტორი, ბუნებრივია, ჩვენთვის უცნობია. პოეტი მიყვება ისტორიას და აღწერს ბრძოლას ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, ამ პროცესში კი წარმოგვიდგენს კარლოს დიდს, როგორც უშიშარ, გულად მეომარს და ქრისტიანობის დამცველს. კარლოსი და მისი პალადინები იპყრობენ ესპანეთის საუკეთესო ნაწილს და მუსლიმ მოსახლეობას აქრისტიანებენ: „წარმართი აღარ დარჩენილა ქალაქში, რომელიც იძულებული არ იყო გაეკეთებინა არჩევანი სიკვდილსა და ქრისტიანობაზე მოქცევას შორის“[Gautier, 1875:13].
ფრანგული ვერსიის მსგავსად, ლათინური ტექსტიც, რომელიც XII საუკუნეშია შექმნილი, გადმოგვცემს კარლოსის ესპანური ომების სერიას. მის შემთხვევაში ხაზი განსაკუთრებულად გასმულია კარლოსის წმინდა კავშირზე ღმერთთან და წმინდანებთან-მის ღვთიურ სახეზე. არსებობს ვარაუდები, რომ თითქოს სწორედ ეს ტექსტები იქნა გამოყენებული პილიგრიმობისათვის ხელის შესაწყობად და რეკონკისტის დასაჩქარებლად; ან, რომ მოცემულ პოემებში კარლოსის მსგავსი სახით გამოყვანამ გამოძახილი მისცა შემდგომ ჯვაროსნულ ლაშქრობებს(მაგალითად, მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობას, როდესაც 1147 წელს პაპ ევგენი III იმპერატორ ალფონსო VII-ს ესპანეთში მუსლიმთა წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის წინამძღოლობის ნებართვას აძლევს[Stuckey, 2008]). ფრანგი ისტორიკოსი რობერ მორისეი კიდევ უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ აღნიშნული ტექსტები კარლოსს წარმოადგენს ჯვაროსანი მეფის მოდელად და, რომ ეს სურათი მოგვიანებით გამოყენებული იქნება წმინდა მიწაზე განხორციელებული ექსპედიციებისათვის[Morrissey, 1997]. იმის მიუხედავად, რომ არ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, 1096 წელს იერუსალიმისაკენ მიმავალი ჯვაროსნები ნამდვილად თვლიდნენ, თუ არა საკუთარ თავებს კარლოსის გზის ღირსეულ გამგრძელებლებად, ფაქტია, რომ XI-XIII საუკუნეებში შემოღებული და მასშტაბურად გავრცელებული გადმოცემები, ლეგენდები, პოემები, ეპოსები თუ ა.შ. მოწმობენ ამ ისტორიის აქტუალურობას და, რომ ეს „პროპაგანდა“ საზოგადოებაში ნამდვილად დიდი წარმატებით მუშაობდა.
XIV საუკუნიდან ასპარეზზე უკვე გამოდიან ჰუმანისტები და ლეგენდა სულ სხვა საფეხურზე აჰყავთ. მსურს მაგალითად მოვიყვანო რამდენიმე მათგანი მათივე ნაშრომებით და ვნახოთ, შეიმჩნევა თუ არა მათ შორის რაიმე საერთო-შესაბამისად, იყო თუ არა ჰუმანისტებს შორის მიღებული გარკვეული სახის შეთანხმებულობა; თუ თითოეული მათგანი არის ინდივიდუალური ხასიათის-ე.ი. ჰუმანისტები, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად მოქმედებდნენ საკუთარი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.
პირველი ჰუმანისტი, რომლის მოყვანაც მსურს, არის XIV საუკუნეში მოღვაწე ფლორენციელი ჰუმანისტი, ჯოვანი ვილანი. იგი კარლოსის ლეგენდარულ მოგზაურობას წმინდა მიწაზე აღწერს შემდეგნაირად: „კარლოსმა თავის პალადინებთან ერთად ბიზანტიის იმპერატორ მიხაელის და იერუსალიმის პატრიარქის თხოვნით დაიპყრო წმინდა მიწა, რომელიც დაკავებული ჰქონდათ სარაცინებს და იმპერატორს დაუბრუნა მთელი ლევანტი. კონსტანტინოპოლში დაბრუნებისას იმპერატორს კარლოსისთვის მრავალი სიმდიდრის ბოძება სურდა, მაგრამ კარლოსმა ყველაფერზე უარი განაცხადა, გარდა წმინდა ჯვრიდან ცოტაოდენი ხისა და ლურსმნისა“[Bisaha, 2004:35]. აღნიშნული პიროვნება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საკითხისთვის-იგი არის ერთ-ერთი პირველი ჰუმანისტი, რომელიც იწყებს საკუთარ ნაშრომში საუბარს ამ ლეგენდის შესახებ და მისი შემდგომი მოღვაწეები, ფაქტობრივად, მის მიერ აღწერილის მსგავსი შინაარსის მქონე ისტორიების გადმოცემას იწყებენ(განსხვავება მხოლოდ დეტალებშია, რაც განპირობებულია სწორედ ჰუმანისტთა მიზნებით-ამბისადმი მიდგომა ერთია). მოცემულ მონაკვეთში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კარლოსი იმპერატორისა და პატრიარქის თხოვნის შედეგად დგამს ნაბიჯს და, რომ იგი ამას აკეთებს ქრისტიანობის დაცვის, და არა საკუთარი, ინტერესებიდან გამომდინარე(რაც ჩანს მის მიერ სიმდიდრეზე უარის თქმის ეპიზოდში). ეს ყველაფერი ემსახურება კარლოსის პიროვნების მაქსიმალურად კეთილშობილად და სამაგალითო ქრისტიან მმართველად გამოყვანას.
შემდეგი ჰუმანისტი არის XV საუკუნეში მოღვაწე ფლორენციელი დონატო აჩაიოლი. იგი 1461 წელს აქვეყნებს ნაშრომს სახელად „Vita Caroli Magni“(„კარლოს დიდის ცხოვრება“), რომელშიც წერია: „ამბობენ, რომ როდესაც იერუსალიმი იყო ბარბაროსთა სასტიკი მმართველობის ქვეშ, კარლოსი იმპერატორ კონსტანტინეს ვედრების შედეგად იქნა გამოძახებული. ამბით შეძრული, იგი გაემართა ყველაზე წმინდა ადგილის გასათავისუფლებლად. მთელი რეგიონიდან განდევნის ბარბაროსებს და ქალაქს ქრისტიანებს დაუბრუნებს“[Bisaha, 2004:36]. ერთი შეხედვით პრინციპი არის იგივე, თუმცა აქ აღსანიშნავია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. დონატო ამ წიგნს ფლორენციის სახელმწიფოს დავალებით წარუდგენს მეფე ლუი XI-ს მისსავე კორონაციაზე. ისტორიიდან ვიცით, რომ ლუი საკუთარ თავს კარლოსის შთამომავლად და ამასთანავე ჯვაროსნად თვლიდა. ნაშრომით კი, რომელიც სრულად ემსახურება კარლოსისთვის ხოტბის შესხმას, და, რომელიც მიეძღვნებოდა მომავალ მეფეს, აუცილებლად უნდა გამოეწვია ამ უკანასკნელში დიდი სიამოვნება(ვიცით, რომ მეფე აღფრთოვანებული დარჩენილა ამ საჩუქრით). აქედან გამომდინარე, როგორც ამერიკელი ისტორიკოსი ნენსი ბისაჰა მიიჩნევს და მეც სრულიად ვიზიარებ მის ამ მოსაზრებას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დონატო აჩაიოლის მიზნები, ამ ლეგენდის ნაშრომში მოხსენებისას, გამომდინარეობდა მისი პირადი ინტერესებიდან.
ანალოგიურის თქმა შეგვიძლია შემდეგ ჰუმანისტზეც, XV საუკუნეში მოღვაწე პოეტსა და ჰუმანისტზე, უგოლინო ვერინოზე, რომლის თხუთმეტი წიგნისაგან შემდგარ კრებულში „Carlias“ აღწერილია კარლოსისა და მისი პალადინების მოგზაურობა იერუსალიმში. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მეორე წიგნი, სადაც ჰუმანისტი საინტერესო ხერხით(იგი კარლოსის სახით, პირველ პირში გადმოგვცემს ისტორიას) მოგვითხრობს კარლოსის მიერ წმინდა მიწის გამოხსნას. ვერინო ნაშრომს საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ს უძღვნის, ეს უკანასკნელი კი ლუი XI-ის მსგავსად თავს კარლოსის მემკვიდრედ და ჯვაროსნად მიიჩნევდა.
მიუხედავად ჰუმანისტთა ამ არსებული კატეგორიისა, არსებობდნენ ისეთებიც(და ვფიქრობ მათი რიცხვი გაცილებით უფრო მეტი იყო), რომელთა მიზნებიც გაცილებით უფრო კეთილშობილური იყო. ამის ნათელ მაგალითად მინდა მოვიყვანო XIV-XV საუკუნეებში მოღვაწე კრეტელი ფილოსოფოსი და ჰუმანისტი გიორგი ტრაპიზონელი. იგი წლების განმავლობაში ემსახურებოდა პაპებს და იმის შემყურემ, თუ როგორ ემუქრებოდა ევროპას საფრთხე ოსმალთა მხრიდან და, როგორ მიიწევდნენ ოტომანები ბერძენთა ტერიტორიებისაკენ, დაიწყო დასავლელი მმართველების მოწოდება იმპერიის გადარჩენისაკენ. ეს ყველაფერი კარგად ჩანს მის მიერ იმპერატორ ფრიდრიხ III-მისადმი მიწერილ წერილში: „განა არ იყო იერუსალიმი გათავისუფლებული, ხოლო ეგვიპტე და სირია მისი ბატონობის ქვეშ მოქცეული?“[Bisaha, 2004:37]. ჰუმანისტი იყენებს კარლოსის ლეგენდას დასავლელი მონარქისათვის შთაგონების მისაცემად. იქიდან გამომდინარე, რომ კარლოსი მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა მისაბაძ მაგალითს დასავლელი მმართველებისათვის, ასეთ მიმართვას აუცილებლად უნდა გამოწვია სასურველი გამოხმაურება.
იგივე შეიძლება ვთქვათ XV საუკუნეში მოღვაწე ჰუმანისტზე, ენეა სილვიო პიკოლომინიზე. მის მიერ 1453 წელს კარდინალ ნიკოლ კუზელისადმი მიწერილი წერილი: „დიდი ძალისხმევით კარლოსმა პირველმა განაცხადა პრეტენზია წმინდა მიწაზე. ამის შემდეგ ის დაიკარგა, მაგრამ შემდგომ გოტფრიდმა დაიბრუნა“[Bisaha, 2004: 36], ამის ნათელი მაგალითია. იმის გათვალისწინებით, რომ ენეა სილვიო პიკოლომინი(მოგვიანებით პაპ პიუს II) იყო უდიდესი მოწინააღმდეგე ოტომანთა იმპერიისა, ანტიოსმალური კოალიციების დამაარსებელი, ბუნებრივია, რომ მის ერთადერთ მიზანს უნდა წარმოადგენდეს დასავლელი მონარქის შთაგონება და მოწოდება ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობაზე.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვკვეთოთ ის ძირითადი კატეგორიები-მიზნები, რომლებიც ჰუმანისტებს განასხვავებდათ: იყვნენ ერთნი, რომელნიც ლეგენდას პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად იყენებდნენ; და მეორენი, რომელნიც სარგებლობდნენ კარლოსის დიდი გავლენით დასავლელ საზოგადოებაზე და ცდილობდნენ ეს გავლენა გარდაექმნათ შთაგონებად და მიემართათ იგი იმ დიდი საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ემუქრებოდა იმ პერიოდის ევროპას. არის მესამე კატეგორიაც, რომელში შემავალი პირებიც უბრალოდ იზიარებდნენ ლეგენდის შინაარსს და აღწერდნენ მას საკუთარ ნაშრომებში, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ჰუმანისტთა შორის ყოფილიყო ასეთ ადამიანთა დიდი რიცხვი.
რაც შეეხება იმ ძირითად გამოძახილებს, რომლებიც ვფიქრობ გახდა მთავარი საფუძველი ლეგენდის შექმნისა, გარდა უკვე გარჩეული ესპანური ომებისა, მათ რიცხვში აუცილებლად შედის კარლოსის დანამდვილებით არსებული კავშირი იერუსალიმთან და მისი ურთიერთობა ჰარუნ არ-რაშიდთან.
მიუხედავად იმისა, რომ კარლოსს არ ულაშქრია იერუსალიმში, მას ნამდვილად ჰქონდა გარკვეული კავშირები მასთან. ეს კავშირები გამოიხატება იერუსალიმის პატრიარქთან ურთიერთობით. 799 წელს ეს უკანასკნელი მას უგზავნის საკუთარ კურთხევასა და წმინდა საფლავიდან რელიქვიებს, ხოლო 800 წელს კი, წმინდა საფლავის გასაღებს. ყველაზე ძველი ცნობა(დაახლოებით 1000 წელს), რომლის მიხედვითაც კარლოსმა ილაშქრა აღმოსავლეთში, ეკუთვნის ბერ ბენედეტოს. ამ ცნობაში აღწერილია იერუსალიმსა და ბიზანტიის სამეფო კარზე კარლოსის ვიზიტის შესახებ, საიდანაც მან უკან წამოიღო რელიქვიები და შესწირა ბენედეტოს მონასტერს[Runciman, 1935] (ინგლისელი ისტორიკოსის, სტივენ რანსიმენის მოსაზრებით, ეს ვიზიტი, თითქოსდა, ეძღვნებოდა ახალი პატრიარქის გამოცხადებას, მაგრამ დიდი ალბათობით ემსახურებოდა ფრანკი მეფისაგან დიდი შემოწირულობის „გამოძალვას“). კარლოსის კავშირი წმინდა მიწასთან მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და კიდევ უფრო ღრმავდება ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდთან ურთიერთობის საფუძველზე. ამ ორ მმართველს შორის ურთიერთობა დასტურდება ისტორიული წყაროებით. ეინჰარდი, რომელიც იყო კარლოსის თანამედროვე და მისი მთავარი ისტორიკოსი, ამბობს, რომ მათ შორის წარმოებდა აქტიური მიმოწერა. გარდა ამისა, ფაქტად ვიცით, რომ ხალიფას ფრანკთა მეფისათვის საჩუქრად გაუგზავნია სპილო, და ამასთანავე მიუნიჭებია მისთვის იურისდიქცია წმინდა საფლავზე. ბისაჰას თქმით, ამ ცნობებიდან გამომდინარე, ეინჰარდის მკითხველსა და იერუსალიმისაკენ მიმავალ პილიგრიმს შეიძლებოდათ შექმნოდათ წარმოდგენა, რომ „კარლოსი ოდესღაც ამ ქალაქში დიდ ავტორიტეტს ფლობდა“[Bisaha, 2004:34]. შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობა ხალიფასთან მნიშვნელოვნად ამყარებდა კავშირს იერუსალიმთან. ეს ორი მოვლენა კი ერთად კიდევ უფრო უმყარებდა ლეგენდის შექმნას საფუძველს.
ამ მსჯელობიდან გამომდინარე, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუკუნოვანი განვითარების გზაზე მდგომი ლეგენდა თავისი შინაარსიდან გამომდინარე ძირითად მიზნად მუდამ ერთს ისახავდა-მიეცა დასავლელი საზოგადოებისათვის შთაგონების წყარო წინ აღდგომოდნენ და დაპირისპირებოდნენ აგრესორს(ძირითადი განმარტებით ქრისტიანობის მტერს და წარმართს). იმის გამო, რომ კარლოსი ევროპაში სარგებლობდა ძალიან დიდი ავტორიტეტით და მოღწეული ისტორიული ცნობებიც(ესპანური ომები, ურთიერთობა ჰარუნ არ-რაშიდთან, კავშირი წმინდა მიწასთან) ხელს უწყობდნენ ძლიერი საყრდენის შექმნას, ამ დიდი მისიის შესასრულებლად სწორედ მისი პიროვნება და სახე შეირჩა. XI საუკუნიდან მოყოლებული მთავარ მტერს წარმოადგენდნენ მუსლიმები, რომელთა წინააღმდეგაც, შეიძლება ითქვას, იქმნება ლეგენდა და, როგორც ვნახეთ, პოპულარობის პიკს იგი ჰუმანისტთა ეპოქაში აღწევს. მაგრამ დღევანდელი ისტორიული ტრადიციიდან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია იგი ისტორიულ ფაქტად ვაღიაროთ და მივანიჭოთ კარლოს დიდს პირველი ჯვაროსნის ტიტული. მიუხედავად ამისა, ეს არ სცემს დაბლა მის ავტორიტეტს და იგი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ მმართველად. შეიძლება ითქვას, რომ მთელი შუა საუკუნეების ევროპისათვის არსებობდა ორი მონარქი, რომელიც მუდამ წარმოადგენდა ევროპელ მმართველთათვის მისაბაძ მაგალითს-კონსტანტინე დიდი და კარლოს დიდი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:
Latowsky A. 2013. Emperor of the world, Charlemagne and the construction of imperial authority, 800- 1229. New York: Cornell University Press.
Stuckey J. & Gabriel M. ed,. 2008. The legend of Charlemagne in the middle ages: Power, Faith and Crusade: Jace Stuckey „Charlemagne as Crusader? Memory, Propaganda, and the Many Uses of Charlemagne’s Legendary Expedition to Spain. New York: St. Martin’s Press LLC.
Bisaha N. 2004. Creating East and West, Renaissance Humanists and the Ottoman Turks. Philadelphia: University of Pennsylvania Press.
4. McKitterick R. 2004. History and Memory of Carolingian World. Cambridge: Cambridge University Press.
Runciman S. 1935. Charlemagne and Palestine. Article in the journal „English Historical Review“ Vol. L. Oxford: Oxford University Press.
Gautier L. texte critique traducteur. 1875. La chanson de Roland. Vème édition, Ière partie, VIII. Tours : Alfred Mame et Fils, éditeurs.
Morrissey R. 1997. L'Empereur à la barbe fleurie: Charlemagne dans la mythologie et l'histoire de France. Paris: Gallimard.

 

 


bahçe dekorasyonu evde ek gelir eskişehir haber sondakika haberleri magazin haberleri seo sorgulama site analiz seo analiz google sıra bulucu backlink sorgulama sunucu tarama çekiliş çekiliş sitesi Who is html kod şifreleme seo hacklink hacklink satış hacklink panel youtube video indir instagram video indir facebook video indir wso shell php shell hacklink hacklink panel hızlı seo hacklink seo nedir wso shell instagram takipçi hilesi instagram takipçi hilesi
Warning: file_get_contents(): php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known in /var/www/html/index.php on line 108

Warning: file_get_contents(https://seolink.in/data.php?x=asj.tsu.ge): failed to open stream: php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known in /var/www/html/index.php on line 108