ჟურნალი ნომერი9 ∘
გიორგი ბარბაქაძე
∘
კლდის მხატვრობიდან რიტუალურ ინსტრუმენტამდე: incense shovel კულუტურული ევოლუცია
არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ქართლის სამეფოს (კავკასიის იბერიის) ტერიტორიაზე აღმოჩენილია მრავალი მნიშვნელოვანი არტეფაქტი, რომელთა შორის ბრინჯაოს ბატილუმებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ.
სამეცნიერო ლიტერატურაში, ბატილუმი საკულტო–სარიტუალო დანიშნულების ნივთად არის მიჩნეული. გამოიყენებოდა საკმეველის ან სხვა სურნელოვანი ნივთიერების დასაწვავად ღვთისმსახურობის დროს [გაგოშიძე 1973: 78] დღევანდელი მონაცემებით, ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე, ოთხი ბატილუმია აღმოჩენილი: ორი ერთეული დედოფლის გორაზე,[Gagoshidze,2008:156] თითო ცალი სევსამორასთან [ნიკოლაიშვილი, 2005:96] და დედაქალაქში არის რკინის ბატილუმი აღმოჩენილი.[Abramishvili,et al.,2008:442]
ამ ნივთის წარმომავლობასთან დაკავშირებით უამრავი ვერსია არსებობს, თუმცა ნიჩაბის ფორმის გამომსახველობითი სიუჟეტები ჯერ კიდევ კლდის პეტროგლიფებზე ფიქსირდება ჩრდილოეთ იტალიაში.
ვალკამონიკას ხეობა მდებარეობს ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, ქალაქ ბრეშას ჩრდილოეთით ის წარმოადგენს კლასიკური “U”–ს ფორმის მყინვარულ ხეობას, ციცაბო ფერდობებით, რომელიც გადაჭიმულია იზეოს ტბასა და ტონალეს უღელტეხილს შორის, შვეიცარიის საზღვრთან. ხეობა დაახლოებით 80 კილომეტრის სიგრძისაა, (სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით არის განფენილი), მისი სიმაღლე იზეოს ტბასთან 200 მეტრია, ხოლო გარკვეულ ადგილებში ზღვის დონიდან 300–600 მეტრზე მდებარეობს. განსაზღვრულია ვიწრო ხეობითა და ალპური მთიანეთის ლანდშაპტით. მდინარე ოლო მოედინება ხეობის სიგრძეზე, ხოლო მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ადგილები კონცენტრირდება ნაქუანეს ეროვნულ პარკში, კაპო დი პონტესთან ახლოს. ხეობის ფერდობებზე გვხვდება შავი და ნაცრისფერი მეტამორფული ქვიშაქვები, რომელზედაც მრავლად არის ამოკვეთილი პრეისტორიული პერიოდის კლდის მხატვრობა. ამ ხეობის ფერდობებზე (დღევანდელობაში) გვხვდება მაღალმთიანი საძოვრები (altopiani-პლატო) და ტერასებად გაშენებული ვენახები, განსაკუთრებით სერადინასა და ბედოლინას რაიონებში, რომლებიც მდებარეობს თანამედროვე სოფელ კაპო დი პონტეს მაღლობზე. [Bevan: 2006:1]
ვალკამონიკა წარსულში მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშუტი იყო, ვენეციასა და ბრეშადან მომავალი ვაჭრებისთვის. ისინი ჯორების ქარავნებს იყენებდნენ სხვადასხვა პროდუქტის გადასატანად ვალკამონიკას გავლით, ტირანოსკენ, საიდანაც შემდეგ ირჩევდნენ მიმართულებას – ან დასავლეთით ვალტელინაში, ან ჩრდილოეთით შვეიცარიასა და გერმანიისკენ. სავარაუდოდ, ეს გზა პრეისტორიულ ხანაშიც აქტიურად გამოიყენებოდა, რასაც ამ რეგიონში აღმოჩენილი კლდის პეტროგლიფებიც ადასტურებს. [Bevan: 2006:1]
პრეისტორიული კლდის ხელოვნება თარიღდება პალეოლითიდან რკინის ხანის ჩათვლით, მათ შორის (ეპი–პალეოლითი). მთავარი კერები კონცენტრირებულია ნაქუანეს ეროვნულ პარკში. შედგება ხუთი ურთიერთდამაკავშირებელი ხეობისგან, დაახლოებით 300, 000 კვადრატული მეტრის ფართობზე, პიცო ბადილეს მთის ქვემოთ (Pizzo Badile), ძირითადი ტერიტორია მოიცავს ნაქუანეს, სადაც კონცენტრირებულია ასეულობით კლდეზე შესრულებული გამოსახულებები, რამდენიმე პარკისგან მოშორებით მდებარეობს, ზოგი კი მაღალი წერტილებიდან გადაჰყურებს ხეობას. რამოდენიმე მნიშვნელოვანი პეტროგლიფი კონცენტრირებულლია ვერდის (Verdi) ტერიტორიაზე, ბაიტო დელ პედუში, დი ვალენტოში და სხვა. [Bevan 2006:1-2]
ვალკამონიკას ხეობა არქეოლოგიურად მეტ–ნაკლებად არის შესწავლილი, ლინ ბევენიც აღნიშნავს, რომ ამ ხეობასთან დაკავშირებით სრულყოფილი არქეოლოგიური ნაშრომი არ არსებობს. [Bevan 2006 :2] პრეისტორიული პერიოდის დიდ მონაკვეთზე, ვალკამონიკას ხეობა გამოიყენებოდა, როგორც გზა ჩრდილოეთ იტალიიასა და ცენტრალურ ევროპას შორის. მასიმო პალოტინოს აზრით იტალიის ტერიტორია, როგორც ისტორიული და პოლიტიკური ერთეული, მხოლოდ რომაული დაპყრობის შემდეგ ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ნაწილი ოფიციალურად შევიდა იმპერიულ ხანაში. გვიანი რკინის ხანის წინარომაულ იტალიას განიხილავდნენ, როგორც „ხალხთა ნარევს ყოველგვარი საერთო წარმოშობის, ენისა და კულტურის გარეშე“, რომელთა განვითარების დონეები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ძვ. წ 350 წელს ალპები და უღელტეხილები 60 ან მეტი ტომის ხელში იყო, რომლებიც დროდადრო რომაელების წინააღმდეგ იბრძოდნენ, სანამ ოქტავიანე ავგუსტუსის პერიოდში საბოლოოდ არ შევიდნენ იმპერიის ადმინისტრაციულ სისტემაში. ვალკამონიკას „Camunni” და სხვა ტომების სახელები დღემდე შემორჩენილია იმ ხეობებში, სადაც ისინი ოდესღაც ცხოვრობდნენ. ეს სახელი გვხვდება ოქტავიანე ავგუსტუსის მონუმენტზე, საფრანგეთში (მონტე–კარლო), რომელიც აღიმართა ძვ.წ 7-6 წელს, ძვ.წ 16 წელს კი რომაელებმა დაარსეს ქალაქი ალპებში, რომლის მიზანი დაპყრობილი ტომების მართვა და დაშოშმინება იყო. (ლათ. Civitas Cammunnorum) [Bevan 2006:4-5]
არსებობს ორი პოლარიზებული შეხედულება ვალკამონიკას პრეისტორიულ ხელოვნებასთან და კულტურასთან დაკავშირებით:
I. ექსტერნალისტური შეხედულება – ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ წინარომაული იტალიური ტომები არ იყვნენ ინოვატორები, არამედ მხოლოდ „რეციპიენტები“ (მიმღებები) იყვნენ გარე გავლენების, განსაკუთრებით ბერძნული და ცენტრალური ევროპის კულტურების. მათი აზრით, ვალკამონიკას კლდეზე ამოკვეთილი გამოსახულებები და კულტურა უმეტესწილად წარმოქნილი იყო გარე გავლენების შედეგად და არ წარმოადგენდა ადგილობრივ თვითმყოფად კულტურულ განვითარებას. მასიმო პალოტინო მიიჩნევდა, რომ იტალიის წინარომაულ პერიოდში მცხოვრები ხალხი, მხოლოდ იღებდნენ გავლენებს და ვერ ავითარებდნენ საკუთარ უნიკალურ კულტურას. [Bevan, 2006:5]
II. ლოკალური ინოვაციისა და უწყვეტობის თეორია – მეორე შეხედულების მიხედვით, ვალკამონიკას ხელოვნება და კულტურა ადგილობრივი, დამოუკიდებელი და უწყვეტი იყო, რომელიც ავლენდა შიდა განვითარების ტენდენციებს. ამ თეორიის მიმდევრები მიიჩნევდნენ, რომ ამ ხალხმა შექმნეს უნიკალური მხატვრული და კულტურული ტრადიცია, რომელიც რომაული დომინაციის წინაც არსებობდა და შემდგომ გარკვეული სახით გაგრძელდა. ემანუელ ანატი ამტკიცებდა, რომ ვალკამონიკას კლდეზე კვეთილი გამოსახულებები ასახავს თვითმყოფად ტრადიციას, რომელიც სიღრმისეულად უკავშირდება ადგილობრივ საზოგადოებას და მის კულტურულ მემკვიდრეობას. [Bevan,2006:6]
ჩვენი აზრით, ვალკამონიკას კლდის მხატვრობა მოიცავს სტილისტურად და თემატურად უნიკალურ გამოსახულებებს, რომლებიც ნაპოვნია მხოლოდ ამ რეგიონში. გამოსახულებები დროთა განმავლობაში იცვლება, მაგრამ მათში ვლინდება შიდა ევულუციური ხაზები, რაც მიანიშნებს, რომ კულტურა თავისთავადობით ვითარდება და არა სხვა რეგიონებიდან მიღებული გავლენებით, შემქნელი არ ღალატობს ტრადიციას და ერთსა და იმავე პასაჟსს ავითარებს განსხვავებული დატვირთვით, ამას მიუთითებს ნიჩაბის გამოსახულებების ხანგრძლივი გამოყენება განსხვავებული შინაარსებით: ამ ინსტრუმენტს ვალკამონიკას ხეობაში, კლდეზე ბრინჯაოს ხანიდან რკინის ხანის ჩათვლით ვხვდებით, რაც აჩვენებს მის მნიშვნელოვან როლს ადგილობრივ კულტურაში.
მიგვაჩნია, რომ ეს გამოსახულებები არ არის ერთი პერიოდის კულტურული სესხება – ისინი დროთა განმავლობაში იცვლება, ვითარდება და ახალ მნიშვნელობებს იძენს, რაც განვითარებისა და ფიქრის უწყვეტობის ნიშანია, ზოგიერთი მკლვევარი ნიჩაბს რიტუალურ მნიშვნელობას ანიჭებს (ჩვენთვისაც ეს აზრია მნიშვნელოვანი). თუ გავითვალისწინებთ, რომ ვალკამონიკას კლდის მხატვრობაში ნიჩაბის გამოსახულებები ასოცირდება რიტუალურ და ცერემონიალურ კონტექსტებთან, შესაძლოა, რომ ეს გამოსახულებები წარმოადგენდნენ იმ ინსტრუმენტების წინაპარ ფორმებს, რომლებიც ჯერ ეტრუსკებამდე, შემდგომ თავად ეტრუსკებში და რომაულ კულტურაში ბატილუმის სახით განვითარდა.
ჩვენი აზრით, ეტრუსკულ კულტურაში ბატილუმის დიფერენციაცია (აქანდაზი, საკმევლის ნიჩაბი, რიტუალური ნიჩაბი) განპირობებული იყო მათი რელიგიური და სოციალური სტრუქტურების მრავალფეროვნებით.
დღეს სავსებით გარკვევით შეიძლება ვილაპარაკოთ ეტრუსკთა სამარხის ტიპებზე. მათში გამოირჩევა ე. წ. ტომბები – გამოქვაბული სამარხები და ტუმულუსები – ე. წ. ყორღანული ტიპის სამარხები. ორივე სამარხს აერთიანებს ერთი რამ – განსაკუთრებული ყურადღება გარდაცვლილის მიმართ [გორდეზიანი, კობახიძე, 2022:65]
ეტრუსკული პლასტიკის ტრადიციების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ხმელთაშუაზღვისპირეთის ძველაღმოსავლური, განსაკუთრებით კი ელინური გავლენებით. მიცვალებულთა კულტის თაყვანისცემამ ეტრურიაში, ხელი შეუწყო დასაკრძალავი ურნების ე. წ. კანოპების პლასტიკის განვითარებას. კანოპი/კანოპუსი არის თიხის ან ბრინჯაოს დასაკრძალავი ურნა, რომელთა თავსახურზე ადამიანის თავის სკულპტურაა გამოსახული. [გორდეზიანი, კობახიძე, 2022:141]
ყველაზე გავრცელებული და დომინანტური დაკრძალვის წესი ცენტრალურ იტალიაში გვიანბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანაში იყო მიცვალებულის დაწვა საგანგებოდ გამართულ ხის შემაღლებულ კონსტრუქციაზე. რიტუალისას მიცვალებულის სხეულს ათავსებდნენ სპეციალურად განკუთვნილ ხის ტახტრევანზე, მის ქვეშ ანთებდნენ ცეცხლს და წვავდნენ ცხედარს. მრავალი კვლევის შედეგადად დადასტურდა, რომ კრემაციის ცერემონია რამდენიმე ფაზად შესაძლოა დაიყოს სხვადასხვა რეგიონში. ასეთი რიტუალის ვარიაციები შენარჩუნებულია: ჩრდილოეთ ეტრურიაში (ვოლტერა, ჩიუსი, პერუჯა), ინჰუმაციური მეთოდი კი გავრცელებული იყო სამხრეთ რეგიონში: ტარკვინია, კაერე და სხვა. [Stoddart, 2009:60] იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, არნობიუსის ცნობით, მოგვითხრობენ ეტრუსკული ე. წ. აქერონტული წიგნები ( 2.62 ). ამ წიგნებს სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოუღწევია.[გორდეზიანი, კობახიძე, 2022:66]
კრემაციისთვის განკუთვნილ ურნებს ათავსებდნენ ორმოებში. ამოჭრილი სივრცე მწყობრ ხაზებად, ქვით იყო მოპირკეთებელი (რამდენიმე შემთხვევაში), გარდაცვლილს, როდესაც კრემაცია ჩაუტარდა ასვენებდნენ თიხისგან შექმნილ დასაკრძალავ ფორმებში, რომელიც მოპირკეთებულია ერთმანეთზე დადებული ქვებით. ფერფლსა და ძვლებს კი კერამიკულ ჭურჭელში ანთავსებდნენ. [Robertson, Blackmun, 2021: 291]
ვვარაუდობთ, რომ კრემაციის შემდგომ მიცვლებულის ფერფლს, შესაძლოა, ბატილუმის მსგავსი ხელსაწყოს დახმარებით ათავსებდნენ საკრემაციო ურნებში ან სარკოფაგებში. ამხელა რიტუალის ჩატარების შემდეგ, წარმოუდგენელია იმ პერიოდის საზოგადოებას არ ჰქონოდა ისეთი დამხმარე ხელსაწყო, რომელიც გამოადგებოდათ ფერფლის ან ძვლების ასაღებად და, ვფიქრობთ, რომ ეს ინსტრუმენტი ბატილუმი ან მისი წინამორბედი, აღნაგობით მსგავსი ხელსაწყო შეიძლება ყოფილიყო. კატეგორიულად გამოვრიცხავთ აზრსს, რომ შესაძლოა მიცვალებულის ძვლებს და ფერფლს შიშველი ხელებით იღებდნენ და ისე ათავსებდნენ საკრემაციო ურნებში, მიგვაჩნია, რომ ასეთი დიადი და გრაციოზული კულტურის მატარებელი ხალხი, რომელიც გარდაცვლილს ასეთ დიდ პატივს მიაგებდა ემოქმედათ რიტუალის დროს ასე პრიმიტიულად, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ალში გახვეული მიცვალებული ძვლები გავარვარებული და ცხელი იქნება, ამიტომ შიშველი ხელებით აღება მიცვალებულის დარჩენილი ნეშთის საკმაოდ არაკომფორტული იქნებოდა, რადგან დაეწვებოდათ კანი.
რიჩარდ დანიელ დე პუმამ შეადგინა მეტროპოლიტენ მუზეუმის ბაზაზე არსებული ხელოვნების ნიმუშების კატალოგი, მკლევარი აღწერს სხვა ძვირფას მონაპოვართან ერთად ეტრუსკული პერიოდის ნიჩაბს, რომელიც ძვ. წ. V საუკუნით თარიღდება. იგი საუბრობს ამ ნივთის დანიშნულებაზე და გვაუწყებს, რომ მართკუთხა ფორმის ნიჩაბი გარკვეული გავარვარებული ნახშირის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა, კოლოფის მაგვარ ჭურჭელში დებდნენ გაცხელებულ მინერალს, გამოდიოდა კვამლი ამ მოწყობილობიდან და თბებოდა მოსახლეობა. როგორც ვახსენეთ ნიჩაბი მართკუთხა ფორმისაა, 25.2 სმ–ია სიგრძე, წარმოდგენილია რელიეფური დეკორით, თუმცა ნიჩაბის ტარი დაბოლოებულია ზოომორფული გამოსახულებით, რომელიც ცხოველის კუდს ან ჩლიქს წააგავს [Puma,2013:160]
ეტრუსკული ბრინჯაოს ნიჩაბი (batillum), რომელიც ჯ. პოლ გეტის მუზეუმში ინახება, უჩველო დეკორაციით გამოირჩევა. მისი დანიშნულება, სავარაუდოდ, საკრალურია და დაკავშირებულია მსხვერპლშეწირვის ან დაკრძალვის რიტუალთან. თარიღდება ძვ. წ. III-II საუკუნით, ჩამოსხმულია ბრინჯაოსგან. ნიჩაბის ფუძეზე წარმოდგენილია მწოლიარე, მსუქანი მამაკაცი. ტარი დაბოლოებულია ძუ ლომის გამოსახულებით. სიგრძე - 40 სმ–ია. კარგად არის შემონახული. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ნივთი უკონტექსტოა, ძნელია ამ ნივთის შესახებ დაზუსტებით რამეზე ვიმსჯელოთ. იგი მუზეუმს შესწირეს ფილანტროფებმა (ბარბარა და ლოურენს ფლეიშმენებმა). ამჟამად, ამ ნივთის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე გავამახვილებთ ყურადღებას :
I. ბატილუმის მნიშვნელობა კვლავ საკულტოა და სამარხეულ კონტექსტს უკავშირდება
II. ეტრუსკულ სარკოფაგებსა და ურნებზე, ხშირად ვხვდებით მწოლიარე ფიგურებს (მიუთითებს იმაზე, რომ ოსტატი სამარხეულ სარკოფაგების,ურნების და სხვა. მინიატურულ ვერსიას გვთავაზობს და გადმოაქვს დასაკრძალავ ინსტრუმენტზე, ბატილუმზე).
III. რელიგიური ფუნქციის გაფართოება – სიცოცხლისა და სიკვდილის კავშირი, გამოსახულება საკულტო კონტექსტში დამკვიდრდა
IV. სტატუსისა და იდენტობის გამოხტვა
ეს პროცესია რელიგიური პრაქტიკის ინსტიტუციონალიზაციის მაგალითა, სადაც სამარხის ინტერიერისთვის განკუთვნილი სიუჟეტი საკულტო ინსტრუმენტზეა გამოსახული.
ჟირარდინომ და მილანომ ივარაუდეს, რომ რიტუალური ნიჩაბის გამოსახულება შეიძლება იყოს ცნობილი ბრინჯაოს სიტულაზე, რომელიც ბოლონიაში, სერტოზას ნეკროპოლში აღმოჩნდა (ტაბ.XII). ეს ნივთი გამოიყენებოდა, როგორც ურნა ძვ.წ. V საუკუნეში, თუმცა დიდი ალბათობით ძვ. წ. VI საუკუნეშია შექმნილია დეკორატიული მიზნებისთვის. რიტუალური ნიჩაბი წარმოდგენილია მეორე რეგისტრში, რომელიც ასახავს შესაწირის მსვლელობას, ბოლოსწინა ფიგურას, მარცხენა ხელში (რამდენიმე?!) მახვილი (სატევარი?!, რაპირა?!) უჭირავს და მხარზე აქვს გადებული, მარჯვენაში კი – ხიშტი. მოგვიანებით დუკატიმ ამ ობიექტს ნაჯახი უწოდა, მიიჩნია რა, რომ იგი წააგავს სხვა რეგისტრებში მსვლელობაში მონაწილე მეომრებს, რომელთაც ეს ნივთი ამშვენებს, დაზიანების გამო ზუსტად ვერ ხერხდება ამ ობიექტის დაზუსტება, ნიჩაბია თუ ნაჯახი. სახელური წარმოდგენილია გამოსახულების ზედა ნაწილში. [Sacchetti, 2016:321]
ჩვენი აზრით, თუ გავითვალისწინებ იმ ფაქტორებს, რომ რეგისტრში მყოფ მეომარს მარცხენა ხელში მახვილი (სატევარი?!, რაპირა?!), (რამდენიმე?!) უჭირავს და მხარზე აქვს გადებული, ხოლო მარჯვენაში ხიშტი?!, ბარძაყის არეში იქმნება ჯიბის იმიტაცია, სადაც ერთის მხრივ ნიჩაბის მსგავსი მართკუთხა ფორმის ინსტრუმენტია მოთავსებული, ხოლო მის ზემოთ ცალკე მეორე სიკვდილის სიმბოლო, დიდი ალბათობით ჩაქუჩი, აშკარაა, რომ ტარი მართკუთხა ფორმის ნიჩაბის წვერთან გადაბმაში, თანაფარდობაში, თანხვედრაში არ არის, რეგისტრები, სარიტუალო მსვლელობა, დიდი ალბათობით ანატოლიური ფესვების მატარებელი სიუჟეტით გამოირჩევა ზემოთაღნიშნული სიტულა.
ბოლონიის მუზეუმში დაცულ სტელაზე, გამოსახულია დემონი ხარუნი, რომელსაც მარჯვენა ხელში მცირე ზომის ნიჩაბი (batillum) უჭირავს, ხოლო მარცხენა ხელი ჩავლებული აქვს მის წინ მდგომი ქალის ხელთან. იმიტაცია იქმნება, რომ დემონ ხარუნს ის ქვესკნელში სამოგზაუროდ მიჰყავს. ნიჩაბი კი მსგავსებას ამჟღავნებს ვალკამონიკაში ქვაზე შესრულებულ სიმბოლოებთან, ეს ხელსაწყო კი სიკვდილის სიმბოლოა აშკარად. (Bevan,2006: 133) ამ ობიექტს აქვს მასიური სახელური, რომელსაც ტარი გახვრეტილი აქვს, ტრაპეციული პირითაა წარმოდგენილი, თარიღდება ძვ.წ V საუკუნით. [Sacchetti, 2016:321]
ქვიშაქვის ფელსინურ სტელაზე – დემონი მეგზურობას უწევს მიცვალებულს, მარცხენა ხელში ნიჩაბის ფორმის ინსტრუმენტი უჭირავს, მარჯვენა ხელი კი ჩავლებული აქვს ეტლში შებმულ ცხენის აღვირთან. [Sacchetti, 2016:322–323]
ჩვენი შეხედულებით, ფელსინურ სტელებზე გამოსახული რიტუალური ნიჩაბის ფუნქციები შესაძლოა სამ კატეგორიად დაიყოს:
I. მიწიერი ცხოვრების ნაწილი (ძალაუფლება და სტატუსი) – ნიჩაბი შეიძლება წარმოადგენდეს პრესტიჟისა და ძალაუფლების სიმბოლოს, რომელიც გარკვეულ პირებს – ქურუმებს ეკავათ ხელში. მისი ფლობა შეიძლება მიანიშნებდეს მაღალი თანამდებობის სტატუსზე. მას განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა რელიგიურ და საზოგადოებრივ იერარქიაში, განსაკუთრებით მსხვერპლშეწირვისა და „წმინდა ცეცხლის“ მართვის კონტექსტში.
II. გარდამავალი ფუნქცია – დაკრძალვის რიტუალი – როგორც ზემოთ ვახსენეთ აუცილებლად დაკავშირებული იქნებოდა (ossilegium) პროცესთან. ნიჩაბი არის იარაღი, რომელიც გარდაცვლილს მიწიერიდან ზესკნელში გადასვლის პროცესში „ხელმძღვანელობდა“.
III. ზესკნელის სიმბოლო – სულის გზა დემონების ხელმძღვანელობით – ამ სტელებზე ნიჩაბი შესაძლოა ასოცირდებოდეს იმიერ სამყაროსთან, გარდა დემონებისა, მიგვაჩნია, რომ ნიჩაბი ასრულებს სულის მეგზურათან ერთად ერთ ფუნქციას, დემონი და თვითონ ეს ინსტრუმენტი შესაძლოა ერთ საგნად განვიხილოთ,სადაც ნარჩუნდება სიკვდილის მნიშვნელობა, როგორც ობიექტი რიტუალური და სულიერი კავშირისა.
ბიბლიოგრაფია
1) გაგოშიძე, ი. 1973. ბატილუმები არადეთიდან. ძეგლის მეგობარი N33, გვ.77–82. თბილისი: „საბჭოთა საქართველო“
2) გორდეზიანი რ., კობახიძე ე. 2022. ანტიკური სამყაროს ტრიტაგონისტები. თბილისი: პალიტრა L.
3) ნიკოლაიშვილი, ვ. 2005. დიდი მცხეთის ისტორიული ტოპოგრაფია (არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით). იბერია–კოლხეთი, გვ.93–108.
4) Abramishvili, M., Bolkvadze, G., Gagoshidze, I., Nemsadze, G., & Kadagishvili, G. 2008. Ancient Near Eastern Studies, Archaeology in the Southern Caucasus: A Perspective from Georgia, and the Roman Aristocracy in Tbilisi? Leuven, Paris, Dudley, MA: Peeters.
5) Bevan, Lynne. (2006). Worshippers and Warriors. Oxford: BAR International Series 1485.
6) Furtwängler, A., Gagoshidze, I., Löhr, H., & Ludwig, N. (Eds.). (2008). Iberia and Rome: The excavations of the palace at Dedoplis Gora and the Roman influence in the Caucasian Kingdom of Iberia. Beier & Beran
7) Robertson, J., & Hutton, D. 2021. The history of art: A global view: Prehistory to the present. Thames & Hudson.
7) Sacchetti, F. 2016. Funerary practices and sacerdotal rank in pre-Roman northern and central Italy: new data for interpreting the "ritual shovel". Journal of Roman Archaeology, Vol 29, 312-326
8) Stoddart, S. K. 2009.. Historical Dictionary of the Etruscans. Lanham, Maryland • Toronto • Plymouth, UK: The Scarecrow Press, Inc.