ჟურნალი ნომერი9 ∘
ელენე ხუბაშვილი
∘
ამირანის ეპოსის ოსური ვერსიები
ქართულმა „ამირანიანმა“ ოსურ ფოლკლორში შეაღწია და ოსი ხალხის ზეპირსიტყვიერების ორგანული ნაწილი გახდა, თუმცა მან გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა.
ოსურ ვერსიებში მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა ის ეპიზოდები, რომლებიც ამირანის ეპოსის ქართულ ვარიანტებში დასტურდება; ნაწილი კი ოსური ნართების ეპოსიდან, უმეტესად კი მისი გამორჩეული გმირის - ბათრაძის თავგადასავლიდან ისესხა. უაღრესად მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა სახის ტრანსფორმაცია განიცადა ამირანის თავგადასავალმა ოსურ ფოლკლორში, რამდენად ბუნებრივად შეერწყა ერთმანეთს ამირანის ოსურ თქმულებაში ორი ხალხის კულტურის ელემენტები და განსხვავებული მახასიათებლები.
ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაინტერესებს არა მხოლოდ სიუჟეტები, რომლებიც განსხვავებულია ქართული ვარიანტებისგან და მიახლოებულია ნართების ეპოსთან, არამედ ისიც, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ამ განსხვავებებს თხრობის დროს და ხომ არ ცვლის ეს გადახვევები ამირანის ეპოსის მთავარ სათქმელს.
პირველი განსხვავება, რომელიც თვალში გვხვდება, არის ის, რომ ოსურ თქმულებებში ამირანი, ბათრაძის მსგავად, გენეტიკურადაა დაკავშირებული ზღვის ხალხთან და შესაბამისად, წყლის სტიქიასთან, ამიტომ მას დაბადებისას მონადირე კუროს ფაშვში კი არ გაახვევს გამოსაშუშებლად, როგორც ამას ქართული ეპოსი, მოგვითხრობს, არამედ ზღვაში გადააგდებს, რათა იქ მას თავისი დედის ძმებმა უპატრონონ, ხოლო როდესაც ის ცოტა მოიზრდება, ზღვიდან ამოდის და ჩაგრავს მონადირის შვილებს, ისევე, როგორც ბათრაძი - ნართების ბავშვებს.
ამირანი გადაგდებული ბავშვია ქართულ ვარიანტებშიც, რომელსაც მონადირე იამანის წყაროზე დატოვებს და მას დედის მუცლიდან თანდაყოლილ დანას ატანს. მსგავსი სიუჟეტები, ვლადიმერ პროპის აზრით, წინააღმდეგობრივია, რადგან ერთი შეხედვით, თითქოს სასიკვდილოდ გადაგდებულ, განწირულ ბავშვს ხსნის შანსი ეძლევა [Пропп, 1976: 272]. ამ ნარატივს ფრეზერი ბავშვის შობის კანონიერების შემოწმებით ხსნის: მისი გადარჩენით დასტურდებოდა ბავშვის კანონიერება, ხოლო დაღუპვით - უკანონობა [Фрэзер, 1985: 296-297], რაც არ მიესადაგება ამირანის გადაგდების არც ოსურ და არც ქართულ ვარიანტებში მოცემულ ბავშვის გადაგდების სიუჟეტებს, მათთვის უფრო შესაბამისია არნოლდ ჯეიმს ტოიმბის ,,წასვლა-დაბრუნების“ კონცეფცია“, რომლის მიხედვითაც ,,შემოქმედებითი პიროვნება ან შემოქმედებითი უმცირესობა ,,წასვლა-დაბრუნების“ გზას ადგება გარკვეული სოციალური კრიზისის დასაძლევად, რათა უპასუხოს იმ საზოგადოების გამოწვევას, რომელსაც იგი წარმოშობით ეკუთვნის“ [Тойнби, 2001: 271], მართლაც, როდესაც ამირანი მოიზრდება, იგი იწყებს ბოროტ ძალებთან ბრძოლას ადამიანთა გადასარჩენად.
ფ.რ.ს. რაგლანს, რომელმაც ტრადიციული გმირის თავგადასავლის საერთო მოდელი გამოიკვლია, შენიშნული აქვს, რომ გმირს ყველაზე საოცარი, ანუ გმირისთვის ნიშანდობლივი ამბები მხოლოდ მოწიფულობის ხანაში გადახდება, ხოლო დაბადებასა და ამ ასაკს შორის არაფერი ხდება [Reglan, 1934: 34, 154], რასაც არ ადასტურების ამირანის არც ქართული და არც ოსური ვარიანტები, რადგან ამირანისთვის მახასიათებელია ბობოქარი ბავშვობა, ქართული ვარიანტებისაგნ განსხვავებით, რომლებშიც იგი კოკებს უმსხვრევს მოხუც დედაბერს, ოსურ ვერსიებში ის ბათრაძის მსგავსად ზღვიდან ამოდის და ჩაგრავს მონადირის შვილებს, აქ განსხვავება მხოლოდ სიუჟეტურია, რადგან მთავარია ის, რომ ამირანი გადაგდებული ბავშვია, რომელიც ბავშვობაშივე გამოავლენს საკუთარ მოზღვავებულ ენერგიას.
მეორე ძირეული განსხვავება ისაა, რომ ამირანი ნათლობისას მიიღებს ღვთიურ ძალას, ხოლო ბათრაძი - წრთობის შედეგად, ამ შემთხვევაშიც ,,ამირანიანის“ ოსური ვარიანტები ბათრაძის განვითარების მოდელს მიჰყვება და ამირანი ღვთაებრივ ძალას ზეციური მჭედლის - ქურდალაგონის ქურაში წრთობის შედეგად მიიღებს, თუმცა ბათრაძივით მასაც უწრთობი ადგილი დარჩება, რაც ასევე საბედისწერო აღმოჩნდება ამირანისთვის. დასახელებული სიუჟეტები უცვლელი სახით მეორდება ,,ამირანიანის“ თითქმის ყველა ოსურ ვარიანტში. ამასთან, ოსურ ვერსიებში ამირანი გამორჩეულია არა საკუთარი ძალის, არამედ წრთობის შედეგად მიღებული სახის გამო: ,,ამირანი დევს შეება, დევი პირდაპირ ცეცხლსა ჰყრის, მაგრამ ცეცხლი ამირანს ვერას აკლებს, რადგან ფოლადია“ [ამირანიანი, 2019: 464].
რადგან ოსური ვერსიები არ იცნობენ ნათლობის სიუჟეტს, შესაბამისად, ამირანის გაბუდაყებისა და სასჯელის ეპიზოდებიც მოკლებულია იმ სიმძაფრეს, რაც დამახასიათებელია ქართული ეპოსისთვის. ის, რაც ორივე ეპოსისთვის საერთოა უცვლელად გადმოდის ამ ვარიანტშიც: ამირანი ებრძვის ბოროტ ძალებს დევების სახით და ქორწილის დღეს დახოცავს მათ, რასაც განსაკუთრებული დანიშნულება აქვს და ამ შემთხვევაშიც გადარჩება უკანასკნელი დევი, რომელიც მოიკვლება ამირანთან ბრძოლაში და ამცნობს მას ყამარის ადგილსამყოფელს. ამ ეპიზოდიდან ყამარის მოტაცებამდე ოსური ვერსიები ,,ამირანიანის“ ტიპურ მოდელს მიჰყვება: ის და მისი ძმები გზად შეხვდებიან დევის მოკლულ დარეჯანიანს, შურს იძიებენ მისი სიკვდილისთვის, თუმცა ამირანს გველეშაპი, ან ზოგიერთი ვარიანტის მიხედვით, დევი გადაყლაპავს, როგორც ეს სვანურ ვარიანტშია და იგი გადის ხელახლა შობის საფეხურს. ოსური ამირანიანის ეს ნაწილი უფრო მეტ სიახლოვეს სვანურ ვარიანტებთან ამჟღავნებს.
ამ ზღურბლის გადალახვის შემდეგ ამირანი ისევ უნდა მოინათლოს და რადგან ,,ამირანიანის“ არც ერთ ოსურ ვერსიაში არ გვხვდება მისი ნათლობის ეპიზოდი, ამიტომ იგრი ბატონის წყლის სიუჟეტიც, შესაბამისად, კარგავს თავის ფუნქციას და თმაგაცვენილი ამირანი ძველი სახის დაბრუნებას შეძლებს ახსართაგების ბაღში მდგარი მაგიური ხის ნაყოფის ჭამის შემდეგ.
ხელახლა შობის შემდეგ ამირანი უკვე მზად არის საცოლის მოსაპოვებლად, ამ სიუჟეტებში საგულისხმოა ამირანის გარდაცვალების ეპიზოდი. ოსური ვერსიების ფინალურ ეპიზოდებში მთავარი გმირი ინარჩუნებს თავის მთავარ მახასიათებელს და საუკუნო მიჯაჭვით ისჯება, ნართების ეპოსის ბათრაძი კი იღუპება. ოსური ვერსიების ამირანს ბათრაძის მსგავსად უწრთობი ადგილი დარჩება, ბათრაძისთვის ეს სუსტი ადგილი ნაწლავია, ამირანისთვის კი - იღლია: ქურაში წრთობის შემდეგ ,,ზღვაში ამირანი დასველდა, გაგრილდა და გამოიწრთო, მხოლოდ ერთს იღლიაში არ მოხვდა წყალი და ის ადგილი უწრთობი დაურჩა“ [ამირანიანი, 2019: 464], მსგავსი სიუჟეტია მოცემული ნართების ეპოსშიც: ,,ბათრაძი მთლიანად ფოლადად იქცა, ერთი ნაწლავი დარჩა მხოლოდ უწრთობი, რადგან წრთობისას წყალი დაშრა.“ [ნართები, 1988: 220]. უწრთობი ადგილის ქონა გმირის მოკვლის საიდუმლოს ინახავს, რაც მისი ბედიწერაა და რადგანაც ქართული ვარიანტებიც იცნობს ამირანის სიკვდილის ეპიზოდებს ყამარის მამასთან შეხვედრის მონაკვეთში, რომელსაც ზებუნებრივი ბალახით კვლავ გაცოცხლება მოსდევს, ოსურ ვერსიებში ამირანის სუსტი ადგილი საბედისწერო აღმოჩნდება სწორედ ამ სიუჟეტში: ,,ამ დროს მიეპარა დამბლიანი, აიღო შუბი და ამირანს დასცა იმ იღლიაში, რომელიც ზღვაში დაუსველებელი დარჩა და არ გამოიწრთო. დასცა შუბი გლახამ და მოკლა ამირანი.“ [ამირანიანი, 2019: 466]. მართალია, ამირანის სიკვდილს კვლავ მისი გაცოცხლება მოსდევს მაგიური წყლის ან ბალახის გამოყენებით, მაგრამ ეს ეპიზოდი შინაარსობრივად ემსგავსება ბათრაძის გარდაცვალების სიუჟეტს: ,,ახლა ეს უწრთობი ნაწლავი გადაწვა. დაეცა ბათრაძი და მოკვდა.“ [ნართები, 1988: 271].
აღსანიშნავია, რომ ნართებსა და ,,ამირანიანს“ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განსხვავება ის არის, რომ ამირანის ტანჯვა გააზრებულია საერთო სასჯელად, ხოლო ნართებში რჩეული გმირის დაღუპვა არ ატარებს საზოგადო სასჯელის ხასიათს, რადგან ეპოსში ზეციერთა რჩეულები არიან არა მხოლოდ კონკრეტული გმირები, არამედ, ზოგადად, ნართების საზოგადოება, ისინი ყოველთვის გამარჯვებულები რჩებიან, ფლობენ სტიქიურ მოვლენათა მართვისა თუ სხვა მისტიურ უნარებს, ,,ნართებს ლოცვა ყოველთვის აუხდებოდათ ხოლმე“ [ნართები, 1988: 125]. ნართების მსგავსად გამორჩეულია დარეჯანიანების სოციუმიც ,,ამირანიანის“ ოსურ ვერსიებში: ,,დარჯანიანები ისეთი ხალხი იყო, რომ ღმერთისთვის რაც უნდა ეთხოვათ, ის ყველაფერს შეუსრულებდა“ [ამირანიანი, 2019: 467]. საბოლოოდ, გაბუდაყებულნი არიან არა მხოლოდ ნართების კონკრეტული გმირები, არამედ მთლიანი საზოგადოოება, რომლებიც გადაწყვეტენ ღმერთის გამოწვევას და მისი ღონის გამოცდას, შემდეგ კი დაივიწყებენ ღმერთის სახელს, სახლებს მაღალ კარებს შეაბამენ იმ მიზნით, რომ დახრისას ღმერთს არ ჰგონებოდა თაყვანს მცემენო. შედეგად კი, ღმერთმა ისინი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ,,ყველამ თავისთვის დაიწყო საფლავის გათხრა და შიგ ცვიოდნენ“ [ნართები, 1988: 270]. ასევე ღმერთის გამოწვევა აღმოჩნდება დარჯანიანთა აღსასრულის მიზეზიც ,,ამირანიანის“ ოსურ ვერსიაში: ,,აქამდე შენ იყავი ღმერთი და შენ გლოცულობდით, ახლა შევცვალოთ, ჩვენი რიგია და შენ ილოცე ჩვენზეო“ [ამირანიანი, 2019: 494], შეუთვლიან ისინი ღმერთს, რის გამოც დარჯანიანებიც ნართების მსგავსად ცოცხლად დამარხვით დაასრულებენ სიცოცხლეს: ,,მაშინ ღმერთმა დარჯანიანთ მინდორი გადააფარა, მერე დიდი ქარი გამოუშვა და სულ ზღვაში გადაყარა“ [ამირანიანი, 2019: 495].
დარჯანიანების სოციუმი არ გვხვდება ,,ამირანიანის“ ქართულ ვარიანტებში, მაგრამ მისი ეპითეტი ,,დარეჯანიანი“ ამირანის გარკვეულ გამორჩეულებაზე მიუთითებს, ზოგიერთ ვარიანტში არ ჩანს თუ ვინ არის ამირანის გამზრდელი, თუმცა მისი ეპითეტი - დარჯანიანი გვხვდება თითქმის ყველა ვარინტში, ოსურ ვერსიებში კი ამიარანიანის ეპითეტი, როგორც ჩანს, სოციუმის სახელადაა გადააზრებული, რაც ნართების ეპოსის გავლენა უნდა იყოს.
შემდეგი განსხვავება ისაა, რომ არც ერთ ქართულ ვარიანტში ამირანი არასოდეს მიმართავს ეშმაკობას, ნართი გმირებისგან განსხვავებით, იგი ყოველთვის ფიზიკური ძალით ამარცხებს მტერს. ამირანი ასევე არასოდეს სთხოვს ღმერთს, რომ რაიმე ხრიკებით დაამარცხებინოს მოწინააღმდეგე. ამ მხრივ განსხვავებულია ოსური ვერსიები, რომელთა მიხედვითაც ამირანს და ზოგადად, დარეჯანიანებს (დარძანიანებს) ნატვრა ყოველთვის აუხდებოდათ ხოლმე და გარდა ნატვრისა, ამირანი ხშირად ეშმაკობასაც მიმართავს, რაც უფრო ნართი სოსლანის სახეს მოგვაგონებს, რომელიც ათასგვარ ეშმაკობას იყენებს მოწინააღმდეგის დასამარცხებლად და გარდა ხრიკებისა, იგი ხშირად ითხოვს ყინვასა თუ ქარიშხალს, რაც მას ყოველთვის უსრულდება, ამიტომ ოსურ ვერსიებში ამირანის ტრაგიზმი ვერ აღწევს ჩვეულ სიმძაფრეს და მასი ამბის თხრობას უფრო მსუბუქი, გასართობი ფუნქცია აკისრია.
ამ ეპიზოდებს უკვე მოსდევს ამირანის მიჯაჭვის საფეხური, რომლის შესახებაც ოსური ვარიანტები ბევრს არაფერს გვეუბნება, ზოგი ვერსიის მიხედვით, ამირანმა ღმერთი გააბრაზა, სხვაგან კი მითითებულია, რომ ,,ამირანი ძლიერი იყო და ღმერთს ეს სწყინდა“ [ამირანიანი, 2019: 460], რაც ასევე ნართების ეპოსის გავლენა უნდა იყოს, რადგან აქ მთვარი გმირები ხშირად ღვთაებებზე ძლიერები და ეშმაკები არიან: ძერასა ატყუებს ვასთირჯის, ბათრაძი კი ანგელოზებს ხოცავს. მართალია, ოსური ვერსიებში დასტურდება ღმერთთან გატოლების ეპიზოდი, როდესაც ამირანის გამოწვევას ღმერთი სიცილით პასუხობს და მას ძირს დავარდნილი მათრახის მიწოდებას სთხოვს, რასაც ამირანი ვერ შეძლებს [ამირანიანი, 2019: 492], შემდეგ კი ღმერთი მას მიჯაჭვით დასჯის: ,,მე დარეჯანიანთ ამირანი ვარ, მძლავრი ვიყავი, დედამიწაზე ხალხს მოსვენებას არ ვაძლევდი, თვითონ ღმერთსაც არაფრად ვაგდებდი, ამის გამო ღმერთმა ჩემზე გამოილაშქრა, აქ შემომაგდო და აჰა, ჰხედავ, მიჯაჭვული ვარ“ [ამირანიანი, 2019: 461], - უამბობს ამირანი მის დასახსნელად მისულ მონადირეს, თუმცა ეს ეპიზოდიც მოკლებულია ქართული ვარიანტებისთვის დამახასიათებელ ტრაგიზმს, რადგან ამ შემთხვევაში ღმერთი ამირანის ბიძაა და არ მისი ნათლია და ძალის მიმნიჭებელი.
დასასრული ეპიზოდები ,,ამირანიანის“ ქართულ ვარიანტებთან უფრო მეტ მსგავსებას გვიჩვენებს, ამირანი ამ შემთხვევასიც მაღალ მთაზეა მიჯაჭვილი, რომელსაც მონადირე შემთხვევით გადააწყდება, მას ამირანი დაავალლებს ზეციდან ჩამოშვებული ჯაჭვის მოტანას, რისთვისაც საჭიროა, რომ მონადირემ დაიცვას დუმილის აღთქმა, რასაც იგი ვერ შეძლებს და შედეგად, ერთხელ ზეციური ძალით გახსნილი გამოქვაბულის კარი მონადირისთვის კვლავ საფარველდადებული აღმოჩნდება და ამირანი ოსურ ვერსიებშიც სამარადჟმოდ განაგრძობს ტანჯვას. [ამირანიანი, 2019: 492-493]. განსაკუთრებით საინტერესოა ,,ალმასის ხმალის“ სახელწოდებით ცნობილი ოსური ვერსია, რომლის მიხედვითაც ამირანი ბურსაბძელაზეა მიჯაჭვული და ამ ეპიზოდშიც მას მშველელად კვლავ მონადირე მოევლინება, ამირანი მას გაგზავნის სულთან-ჰანის ალმასის ხმლის მოსატანად, რადგან მისი ხსნის ერთადერთ საშუალებად ის ესახება. მონადირეც შეასრულებს დავალებას, მაგრამ, როდესაც ის კვლავ ცდილობს მთაზე ასვლას, გარს შემოეხვევივიან ანგელოზები და მის დაღუპვას ეცდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ცა კვლავ განსაცდელს უგზავნის ამირანს და ჯერ კიდევ წინააღმდეგია მისი გათავისუფლებისა, ამის მაუწყებელია ასევე პალოზე შემომჯდარი ჩიტიც ქართულ ვარიანტებში. ამასთან, ეს ეპიზოდი მოგვავგონებს ასევე ბათრაძის დაღუპვის სცენას ნართების ეპოსიდან, რომელშიც ანგელოზები ადამიანებთან დაპირისპირებულ ძალას წარმოადგენენ. ისინი სუსტები არიან და ყოველთვის მარცხდებიან რჩეულ გმირებთნ ბრძოლაში, გავიხსენოთ ეპიზოდი, როდესაც გაბუდაყებულმა ბათრაძმა ბოლოს ანგელოზებსა და ღვთაებებს დაუწყო დევნა და სადაც კი მისაწრებდა, იქვე ხოცავდა მათ. მონადირეც შეძლებს ანგელოზების დახოცვას, რომლებიც მას ჭექა-ქუხილის ღმერთთან უჩივლებენ და სწორედ ის შეძლებს მონადირის დამარცხებას, მაგრამ არა საკუთარი, არამედ უზენაესი ღვთაების მიერ მინიჭებული ძალით: ,,წამს წამოებურნენ ბურსაბძელას შავი ღრუბლები და ვაჩილამ დაუწყო სროლა მონადირეს, რომლითაც აცნობა მას, რომ ღმერთს იმაზე კარგი მონადირე ჰყავსო“[ჩიქოვანი, 1947: 390]. ვაჩილა ღმერთის მონადირეა, ამიტომ ის საუკეთესოა, რომლის დამარცხებასაც მიწიერი მონადირე ვერასოდეს შეძლებს. სხვა ვერსიების მიხედვით კი, ამირანის დახსნას კვლავ მონადირე, ძუდტაანთ ქუცი, ცდილობს, რომელიც ასევე ვერ დაიცავს დუმილის აღთქმას და ამირანი საბოლოოდ მიჯაჭვული დარჩება.
და რადგანაც კაცობრიობა, რომელსაც ამ შემთხვევაში მონადირე განასახირებს, ვერ მიმხვდარა, რომ ხსნის გზა სინანულსა და ღმერთის წინაშე საკუთარი უმწეობის აღიარებაზე გადის, მონადირე იღუპება, ამირანი კი სამარადჟამოდ რჩება ბურსაბძელაზე მიჯაჭვული.
საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ,,ამირანიანის“ ოსური ვარიანტებში არ გხვდება მხოლოდ ამირანისთვის, ან ნართების რომელიმე ერთი გმირის განვითარების მოდელისთვის დამახასიათებელი სიუჟტები, ეს ვარიანტები წარმოადგენს ნაზავს ქართული ,,ამირანიანისა“ და ოსური ნართების ეპოსისა, რომელშიც ორგანულად შეერწყა ერთმანეთს ორივე ეპოსისთვის ნიშანდობლივი ეპიზოდები, რასაც არ უნდა ჰქონდეს შემთხვევითი ხასიათი და გამოწვეული უნდა იყოს ქართველი და ოსი ხალხის კულტურულ-ისტორიული სიახლოვით.
გამოყენებული ლიტერატურა:
• კიკნაძე ზ. 2001. ქართული ხალხური ეპოსი. თბილისი: ,,ლოგოს პრესი“
• ჩიქოვანი მ. 1947. მიჯაჭვული ამირანი, თბილისი: თსუ-ს გამომცემლობა.
• ჩიქოვანი მ. 2019. ამირანიანი, ქართული ხალხური პროზა, ტ. II. თბილისი: თსუ-ს გამომცემლობა.
• ცხოვრებოვა მ. 1988. ნართები, ცხინვალი: ,,ირისთონი“, ცხინვალი.
• Lord Reglan 1934. The hero of Tradition, Folklore, Vol. 45, n. 3.
• Пропп В. Я. 1976 Фолклор и действительност, M. ,,Наука“ .
• Тойнби А. 2002. Постижение истории: Избранное, Айрис прессю.
• Фрэзер Джеймс Джодж 1985 . Фольклор в ветхом завете. М ,,Политиздат“.