ჟურნალი ნომერი9 ∘
ნინო შიომღვდლიშვილი
∘
გივი მარგველაშვილის პოსტმოდერნისტული რომანი - ,,მუცალი“
ქართველმა პოეტმა, ვაჟა ფშაველამ, 1888 წელს დაწერა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი პოემა - ,,ალუდა ქეთელაური“. ამ დროს მან, ნამდვილად, არ იცოდა, რომ საუკუნის შემდეგ წარმოიქმნებოდა ისეთი ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც მის პერსონაჟებს სხვა ტექსტში გადასახლების შესაძლებლობას მისცემდა.
გივი მარგველაშვილმა რომანი ,,მუცალი“ გამოსცა 1991 წელს. ქართველი მკითხველისათვის ეს სათაური ნაცნობი აღმოჩნდა, ვინაიდან, ჩვენ ამ პერსონაჟს ვიცნობთ ,,ალუდა ქეთელაურის“ სიუჟეტიდან. მუცალი, როგორც ვაჟა ფშაველას პერსონაჟი, კვდება პირველივე ფურცლებზე. ერთადერთი, რაც მასზე ვიცით, რომ იყო ვაჟკაცი. სწორედ ამის გამო, ალუდა ქეთელაურმა მას არ მოჭრა მარჯვენა. გივი მარგველაშვილისთვის ეს პროტაგონისტი აღმოჩნდა საინტერესო, ღირსეული, როგორც ჩანს, დასაფასებელიც და გააცოცხლა თავის ტექსტში. მწერლის შემოქმედებით თავისებურებაზე ამბობენ ,,მისი პოეტიკის ბირთვს წარმოადგენს მცდელობა ,,დააბრუნოს ადამიანი მის თავდაპირველ ძირეულ მდგომარეობაში - სამყაროს ღიაობის წიაღში“ (მარგველაშვილი, 1997:46). მუცალის პერსონაჟის გამოქომაგება სწორედ მის თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება იყო, კერძოდ, ღირსეულობის მდგომარეობაში.
რატომ დაწერა გივი მარგველაშვილმა მაინცდამაინც მუცალის შესახებ?! რატომ აირჩია კონკრეტულად ეს ტექსტი?! შეეძლო აერჩია ვაჟა-ფშაველას სხვა პოემა ან, საერთოდაც, სხვა ავტორით დაინტერესებულიყო. მაგრამ, არა, გივი მარგველაშვილი წერს მუცალზე და ამას თავის მიზეზი აქვს, რადგან ეს პერსონაჟი ავტორის ჩანაფიქრის უკეთესად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. მარგველაშვილის მუცალი არის ქისტი, რომელიც ქისტეთში არ ცხოვრობს. მოხვდა ხევსურეთში, აქ მოკლეს და ამ ტერიტორიაზე გაიყინა. ხევსურები მას თავისიანად არ თვლიან, ხევსურთა მიწაზე მუცალი უცხოა (მარგველაშვილი, 1991:153). ამავე დროს, მუცალი უცხოა ქისტებისთვისაც, არ სჯერათ მისი ქისტური წარმომავლობის. ეს ისტორია ძალიან ჰგავს გივი მარგველაშვილის ისტორიას, რომელიც გერმანიიდან საქართველოში მოხვდა, სადაც მისი ქართველობა არ სჯეროდათ, ამ ,,თემს“ ვერ აკუთნებდნენ. მუცალის ანალოგიურად, ის თვით გერმანელებისთვისაც უცხო იყო, უცნაური გვარით და ვერ აღიქვამდნენ შინაურად. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ მუცალი გივი მარგველაშვილისთვის ახლობელი პერსონაჟი იყო.
პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი თავისებურებაა მეტატექსტუალობა. ტექტები იქმნება ტექსტების შესახებ და ისინი, ამავდროულად, პალიმფსესტებს წარმოადგენენ, ერთი ტექსტის ქვედა შრეებში იკითხება კიდევ სხვა ტექსტი. ტრადიციული რომანების წერის პერიოდში ძირითადად ლინეალურ თხრობას ვხვდებოდით, რომელშიც გადმოიცემოდა სქემის მიხედვით დალაგებული ამბები, ყოველგვარი აურზაურის გარეშე. მწერალი ახალ ნაწარმოებს ქმნიდა სუფთა ფურცელზე, მას, როგორც წესი, წინაპირობა არ ჰქონდა (გარდა რემინისცენციების, ალუზიების და მსგავსი მხატვრული საშუალებებისა). პოსტმოდერნისტული ლიტერატურა იმითაც გამოირჩევა, რომ ტექსტი სუფთა ფურცელზე აღარ იწერება. ასეთია გივი მარგველაშვილის ,,მუცალიც“, რომელშიც ჩვენ ვხვდებით ვაჟა ფშაველასა და ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებებს.
,,ალექსანდრე კარტოზია აღნიშნავს, რომ ყოველი ქართველი, რომელიც რომან ,,მუცალს“ წაიკითხავს, მიხვდება, რომ გივი მარგველაშვილის მიერ აღწერილი ულამაზესი ცხენი სწორედ ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანია“ (წიკლაური, 2005:51). საინტერესოა, საიდან გამოჩნდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანი“ ამ ტექსტში.
,,მუცალში“ ალუდა ქეთელაურის ცხენს ეძახდნენ მერანს. ეს ცხენი პროტაგონისტი მუცალისთვის გახდა სანუკვარი, ის ამბობს: ,,მუდმივად ვნადირობდით მასზე, მოხელთება კი ვერავინ შეძლო“ (მარგველაშვილი, 1997:25). მიუწვდომელი და სანატრელი იყო ეს ცხოველი, მას გაეკიდა ხევსურთა საზღვრისკენ და საბედისწეროც აღმოჩნდა ეს აკვიატება. შემდეგ ამბობს: ,,უცნაურია, მაგრამ მერანი დიდხანს არ ჩნდებოდა. მე კი, მოლოდინით დაქანცული, მერანზე შექმნილ რომელიმე ლექსს ზეპირად წარმოვთქვამდი“ (მარგველაშვილი, 1997:26). უფრო კი ერთი ლექსი იზიდავდათ ქისტებს, ხევსურის შექმნილი ლექსი, რომელშიც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევად შიში და ფატალურობა. ,,ყურადღებიანი მსმენელი პირველი სტრიქონიდანვე ბევრ საგულისხმოს იგებს: მირბის მიმაფრენს, უგზოუკლოდ ჩემი მერანი“ (მარგველაშვილი, 1997: 27). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, ეჭვი აღარ უჩნდება ქართველ მკითხველს რომ ეს სანუკვარი ცხოველი, სწორედ ბარათაშვილის მერანია.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი ,,მერანის“ მთავარი აზრი ადამიანის არსებობის საკითხს და, თავის მხრივ, ბედისწერას უკავშირდება. ბედისწერა, ბარათაშვილის აზრით, გადალახვადი ფენომენია, რომელიც უნდა დაიძლიოს მერანის მეშვეობით, რათა თავისუფლება მოიპოვოს, მთავარი იდეალი არის სწორედ თავისუფლება. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი საინტერესოა იმითაც, რომ თავისუფლების მოპოვება პირვონული ინტერესებით არ არის ნასაზრდოები, საზოგადოებრივ მიზნებასც მოიცავს. პოეტი წერს:
,,ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირული სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა, სიძნელე გზისა გაუადვილდეს
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს“
(ბარათაშვილი, 1895:57).
რა მიზნით გამოიყენა გივი მარგველაშვილმა ,,მერანის“ ალუზია? მერანს გამოყვა მუცალი, მერანის წყალობით მოხვდა ხევსურეთის მიწაზე, სადაც მისი სიცოცხლე ფატალურად დასრულდა. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის მისი ბედისწერა, ასე უნდა მომხდარიყო. აქაც, სწორედ პირვონული თავისუფლების გზა არის საზოგადოებრივი თავისუფლების გზა. მუცალი პირადი ტრაგედიის გავლით მოიპოვებს და მოუპოვებს სხვებსაც თავისუფლებას.
ამბის მსვლელობას ორი დამკვირვებელი ჰყავს, ერთი რეალური თავი, რომელიც ზემოდან იყურება და მეორე - გარდაცვლილი პერსონაჟები, რომლებიც ,,კულისებიდან“ იყურებიან. საინტერესო არის ის, რომ რეალური თავი სიტუაციას ისე აღიქვამს, როგორც პერსონაჟი, ანუ თუ მას ინტერპრეტაციაში დაემთხვევა, პერსონაჟის მიზნები განხორციელდება. მუცალს სურს მერანის მეშვეობით არსებული რეალობიდან გაქცევა, რათა ბედისწერა თავიდან აირიდოს. ის ,,რეალური თავის“ წარმოდგენებს გაყვა და თეთრი მერანის მეშვეობით თავისუფლებისკენ სვლა დაიწყო, ამ გზით გადალახავდა ხევურეთის საზღვარს. უეცრად, რეალურამა თავმა წარმოდგენა შეწყვიტა, მუცალი კი მასზე დამოკიდებული იყო, შედეგად, რა თქმა უნდა ძირს დაენარცხა. მანამდე, მუცალი ამბობს: ,,მე თქვენ გეკითხებით, შეიძლება კი უგზოუკვლოდ ჭენებით გზის გაკვალვა - ამას დასაწყისშივე უარვყოფდი და ახლაც იმავეს გავიმეორებ“ (მარგველაშვილი, 1997:29).
ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გივი მარგველაშვილის ,,მუცალი“ არის მეტატექსტი - ტექსტი ტექსტის შესასხებ. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ნაწარმოების ერთი ადგილი. მუცალი მსჯელობს მკითხველის ფენომენზე, რა მოსწონს მას, როგორი ლიტერატურა უფრო ხიბლავს და ა.შ. მისი აზრით, დაშიფრულ ტექსტებს არ ჰყავს დიდძალი მკითხველი, ადამიანები უფრო მეტად ისეთ წიგნებს ირჩევენ, რომლის ძირისძირობამდე შემეცნების საჭიროება არ არის და თავის ტკივილის გარეშე წაიკითხავენ. თითქმის ყველას სასიამოვნო ტექსტი დაშიფრულს ურჩევია. ჩვენ ეს მომენტი შეგვიძლია ჩავთვალოთ პოსტმოდერნისტული რომანის თეორიის გამოძახილად. პოსტმოდერნიზმის ეპოქაში ტექსტები დაშიფრულია, მკითხველი თავშესაქცევად ვერ წაიკითხავს ამ ტიპის რომანს. შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ გივი მარგველაშვილი, მუცალის პოზიციით მიგვითითებს თავისი ნაწარმოების სტრუქტურაზე.
დაწერილი ტექსტის განადგურება მარტივია. აქედან გამომდინარე, პერსონაჟები მუდმივ შიშში ცხოვრობენ. მკითხველი თუ არ არის, წიგნი ნადგურდება. უარესიც შეიძლება მოხდეს - ამბოხი. მკითხველისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, მისი დაზარალება, წიგნის სამყაროდან გაძევება საშიშია პერსონაჟებისთვისვე. გაბრაზებული მკითხველი, მუცალის აზრით, წიგნის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს აღძრავს. შეიძლება ეს წიგნი დახიონ, დაჭმუჭნონ და საბოლოოდ დაივწიყონ. ასეთი შემთხვევაში ყველა პერსონაჟი მოკვდება. თვითონ მუცალი წიგნის დაჭმუჭვნას ეძახის ,,წარღვნას“, ,,მეორედ მოსვლას“ ან ,,ატომურ სიკვდილს“ (მარგველაშვილი, 1991:124). ეს ცნებები ერთი მხრივ ბიბლიური ალუზიაა, მეორეს მხრივ მეცნიერული.
წიგნის რეალობა დაცული გარემო უნდა იყოს. თუ ამ სამყაროს განადგურების საფრთხე დადგება, პერსონაჟებიც გარდაიცვლებიან. იქამდე ცოცხლობს ყოველი მათგანი, ვიდრე ვინმე მათზე დაწერილ ამბავს კითხულობს. (მარგველაშვილი, 1991: 271).
ფიქციურ ტექსტში საყურადღებოა ქრონოტოპი, ვინაიდან ასეთი ტიპის თხზულებაში ყველაფერი დასაშვებია, ყველაფერი რეალურია და ისეთი სამყარო უნდა ირწმუნო, როგორიც ავტორმა შემოგთავაზა. ,,მუცალი“ ამ თვალსაზრისითაც საინტერესოა. ტექსტში დრო გაყინულია, პერსონაჟები როგორც დაიწერნენ, როგორც შეიქმნენ ისეთებად რჩებიან. გამონაკლისი, შეიძლება, იყვნენ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები (მარგველაშვილი, 1991: 207).
მუცალი და ყველა სხვა პერსონაჟი ერთ დროს, როგორც ჩანს, რეალური სამყაროს ნაწილი იყო. მუცალს ჰყავდა ნათესავები, რომელებიც ცოცხლები აღარ არიან. როდესაც მუცალი წიგნის უბნის ნაწილი გახდა, მისმა დრომ სხვანაირად დაიწყო დინება, უკვდავი გახდა. მუცალის სოფელი ისეთი აღარაა, როგორიც ახსოვს, იმ სოფელში აღარც ის ადამიანები ცხოვრობენ, ვის გარემოცვაშიც იზრდებოდა და მეტიც, თქმულებებიც კი, რომლებიც მუცალს წინაპრების შესხებ დაამახსოვრდა ახლა დავიწყებას მისცემოდა (მარგველაშვილი, 1991:153). აქედან გამომდინარე ვხვდებით, რომ მუცალის მხარეს განვითარება არ შეუწყვეტია, იქ დრო სტანდარტული წესისამებრ გადის. განსხვავება, რაც ფიქციურობას შეგვიძლია დავაბრალოთ, არის ის, რომ წიგნის უბნის პერსონაჟები არ კვდებიან, ისინი შეიმეცნებენ სიახლეებს, მაგრამ დროში მოგზაურებად იქცევიან. მუცალისთვის საყვარელი ადამიანები წარსულს ჩაბარდნენ, ერთი თაობა მეორემ ჩაანცვლა. მათი სიკვდილი ალბათ იმით აიხსნება, რომ არ არსებობენ ნაწარმოების სიბრტყეზე, უბრალოდ მოიზარებიან.
ტარნსცენდენტურია ის, რასაც ვერ სწვდება ადამიანის თვალი, ფიქრი, გონება... რაც არ შეგვიძლია შევიმეცნოთ, შევიწსავლოთ. ამ ტექსტში ტრანსცენდენტურია რეალური სამყარო (მარგველაშვილი, 1991:208). განსხვავება ის არის, რომ ჩვენთვის ფაქტობრივად შეუძლებელია ტრანსცენდენტურობაში გადასვლა, მაგრამ წიგნის სიუჟეტში ეს ამბავი აბსოლუტურად შესაძლებელია. თავდაპირველად, პერსონაჟებს რეალური სამყაროს შესახებ ზუსტი ცნობები არ ჰქონდათ. საინტერესოა, როგორ ცდილობდნენ შესწავლას. მათი ცოდნა მხოლოდ მეცნიერული იყო, სცადეს საჰაერო ბუშტებით, კამერებით, ატმოსფერული ხელსაწყოებით შეეგროვებინათ ინფორმაცია. ეს იყო ე.წ. ასტრონომიული დაკვირვება, რასაც ჩვენც ვხვდებით თანამედროვე რეალობაში.
,,მუცალში“ გვხვდება ერთი ასეთი დასათაურება - ,,ჩემი რმწენა მკითხველის თავისადმი“. ,,რეალური თავი“ ანუ მკითხველი ამ ტექსტის ონტოლოგიურ სამყაროში ზეციური ძალაა. რელიგია ფიქციური თუ რეალური სამყაროების მთავარი კომპონენტია. კაცობრიობის ისტორიას თვალს რომ გადავავლებთ, ვხედავთ, რომ ადამიანი განვითარების ყველა ეტაპზე საჭიროებდა ზეციური ძალის რწმენას, გარდა პოსმოდერნისტული პერიოდისა. ტრანსცენდენტურობისადმი ინტერესი და მის ყოვლისშემძლეობისა თუ წინასწარგანზრახულების დაჯერება თანამედროვეობამდე ყველა ეპოქის მოთხოვნილება იყო. შესაბამისად, შეიძლებოდა შექმნილიყო ფიქციური სამყარო, სადაც რელიგია არ იქნებოდა განხილული?! ცხადია, არა. ამ ტექსტის ფსკერზე ვხვდებით მიღმიურ, ,,ზეციურ“ ძალას, რომელიც ყველაფერს წყვეტს, რომლის ხელშიც არის საზოგადოების (ამ შემთხვევაში პერსონაჟების) ბედი და ეს არის ,,რეალური თავი“. ჩვენ მას შეგვიძლია ვუწოდოთ ღმერთის ალუზიაც. თვითონ მუცალიც ამბობს, თუ ჩვენ წაკითხული პერსონაჟები ვართ, მაშინ მკითხველი უფალია, რადგან ის ჩვენ ,,გვკითხულობსო“ (მარგველაშვილი, 1991: 74).
პოსტმოდერნისტ ავტორებს არ სჯერათ წინასწარგანსაზღვრულობის და ტრანსცენდეტურობის. მიუხედავად ამისა, ,,მუცალში“ ვხვდებით ასეთ მომენტს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ავტორის სუბიექტური ხედვაა.
აქვე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, პერსონაჟის დამოკიდებულება რელიგიისადმი. თვითონ მუცალი ღმერთს ყველა ეკლესიაში დაეძებდა, იყო ქრისტიანულ ტაძრებში, მეჩეთში, სინაგოგაში, მაგრამ ეს ყველაფერი ფორმალობად შეაფასა, ვინადიან, ღმერთის ხმა ვერ გაიგო. საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ღმერთი (ანუ მაინც არსებობს რაღაც სხვა ძალა) თვალს უხელს მკითხველს და მკითხველი ამავე დროს თვითონ არის ღმერთი.
სამყაროს დუალურობას არ აღიარებდნენ პოსტმოდერნისტ ავტორები, იქ არ არის დიქოტომია კეთილსა და ბოროტს შორის. ჩვენ ტრადიციული ტექსტების მიხედვით ვიცით, რომ სამყარო დუალურია, შესაბამისად, ყოველ კეთილ ძალას თავის საპირისპირო სჭირდება. ტექსტის ონტოლოგიურ სიბრტყეზე არსებობს კეთილი საწყისი, შესაბამისად უნდა იყოს ბოროტიც. ასეც არის, ბოროტის, ეშმაკის ადგილი, როგორც მუცალი გვეუბნება ტექსტის მიღმა არ არის, ის თვითონ ტექსტშივეა, მაგრამ ბურუსით მოცული. საინტერესო მომენტია ის, რომ ნაწარმოების ავტორი დაკავშირებულია ეშმაკთან. სხვაგავარად შეუძლებელიაო, გვეუბნება მუცალი, ვინადან ჩვენი სიუჟეტი ისეა დაწერილი ავტორი აუცილებლად ეშმაკთან შეკრული იყოვო (მარგველაშვილი, 1991:75-76). ეს მომენტიც, ისევე როგორც ტრანსცენდენტურობის საკითხი, პოსმოდერნისტული თეორიისათვის უცხოა, რადგან ეს მიმდინარეობა არ აღიარებს სამყაროს დუალისტურობას. თვით ეს ბოროტისა და კეთილის განაწილება მოგვაგონებს ბიბლიას. კეთილი არსებობს, რაც გულისხმობს ბოროტის არსებობას და ბოროტი სად უნდა იყოს თუ არა ტექსტში, რომელიც დედამიწის პროტოტიპია. ბიბლიურად ხომ ასეა, ეშმაკი დაცემული და ბურუსით მოცულია.
,,მუცალი“ ისეთი ტიპის პოსტმოდერნისტული ტექსტია, რომლის პალიმფსესტური შრეები თითქმის ამოუწურავია. ავტორი ფაქტობრივად ყველა ფურცელზე ტოვებს რემინისცენციებს, კოდებს, რომელთა ამოხსნითაც მკითხველი სიამოვნების უსაზღვრო მორევში შეჰყავს.
ბიბლიოგრაფია
• ბარათაშვილი ნ. 1895. ლექსები და წერილები. ტფილისი.
• ბებურიშვილი ლ. 2016. ინდივიდუალიზმის პრობლემა ვაჟა ფშაველას შემოქმედებაში. თბილისი.
• ბრეგაძე კ. 2018. მოდერნი და მოდერნიზმი. თბილისი.
• ბრეგაძე კ. 2023. მოდერნისტული რომანი. კრებულში: ლიტერატურული ჟანრები. ტომი I. თბილისი.
• ბრეგაძე კ. 2023. პოსტმოდერნისტული რომანი (1960-იანი -2010წწ). კრებულში: ლიტერატურული ჟანრები. ტომი I. თბილისი.
• გამეზარდაშვილი დ. (რედაქტორი). 1972. ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია I. თბილისი.
• გაფრინდაშვილი ნ. სიმონიშვილი მ. აფციაური ნ. 2016. გივი მარგველაშვილის ,,მუცალი“: პოსტმოდერნიზმის ესთეტიკა და კლასიკური ტექსტების დეკონსტრუქციის პრობლემა. თბილისი.
• გაფრინდაშვილი ნ. 2012. შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის თეორიული საფუძვლები. თბილისი.
• ევგენიძე იუზა, ვაჟა-შაველა, ქართული ლიტერატურა II (XIX საუკუნე), 2013, თბილისი, გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე“.
• ევგენიძე ი. 2013. ნიკოლოზ ბარათაშვილი. ქართული ლიტერატურა II (XIX საუკუნე). თბილისი.
• კარტოზია ა. 1995. ენა, ტექსტი, თარგმანი. თბილისი.
• კიკნაძე გ. 2010. ვაჟა-ფშაველა. ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია II. თბილისი.
• კიკნაძე გ. 1978ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის საკითხები. თბილისი.
• ლომიძე გ. 2016. მოდერნიზმი, როგორც ინვარიანტი. კრებულში:ქართული მოდერნიზმის ტიპოლოგია. თბილისი.
• მარგველაშვილი გ. 2018. მე წიგნის გმირი ვარ. თბილისი.
• მარგველაშვილი გივი, მუცალი, 1991, თბილისი.
• მილორავა ი. 2016. მოდერნიზმის ესთეტიკური ორიენტირები (ზმანება, ნიღაბი). კრებულში: ლიტერატურათმცდონეობის თანამედროვე პრობლემები ნაწილი II. თბილისი.
• სიგუა ს. 2002 ქართული მოდერნიზმი. თბილისი.
• სირაძე რ. 1982. სახისმეტყველება. თბილისი.
• ტაბუცაძე ს. 2016. მოდერნისტული პარადიგმის დამკიდრება და განვითარება. კრებულში: ქართლი მოდერნიზმის ტიპოლოგია. თბილისი.
• წიკლაური ნ. 2005. გივი მარგველაშვილის რომანი ,,მუცალი“ ქართული ლიტერატურის კონტექსტში. თბილისი.
• წიფურია ბ. 2008. პოსტმოდერნიზმი. კრებულში: XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობანი. თბილისი.
• ჯალიაშვილი მ. 2016. ქართული მოდერნისტული რომანის ნარატივი. კრებულში: ლიტერატურათმცდონეობის თანამედროვე პრობლემები ნაწილი II. თბილისი.
• Beebe, M. “Introduction: What Modernism Was.” Journal of Modern Literature 3, no. 5 (1974): 1065–84. http://www.jstor.org/stable/3830997.
• BISHOP, WENDY, and DAVID STARKEY. “Postmodernism.” In Keywords in Creative Writing, 131–34. University Press of Colorado, 2006. https://doi.org/10.2307/j.ctt4cgr61.30.
• Fischer, Rachel K., and Aimee Graham. “Postmodernism.” Reference & User Services Quarterly 54, no. 1 (2014): 29–33. http://www.jstor.org/stable/refuseserq.54.1.29.
• Genette G. 1982. Palimpsests. Nebraska.