ჟურნალი ნომერი9 ∘
ელენე თამაზაშვილი
∘
ქართული და დარგუული ბალადების ქალი პერსონაჟები კომპარატივისტულ ჭრილში
ბალადა არის ლირიკულ-ეპიკური ჟანრის მძაფრსიუჟეტიანი ლექსი, რომელიც გამოირჩევა დრამატული სიუჟეტით, ასახავს ჭაბუკთა ცალკეულ ბრძოლებს, სიცოცხლის გაწირვას სახელის შესანარჩუნებლად. ქართული ბალადის გმირისთვის აუცილებელია ომში სიკვდილი, სხვაგვარად გარდაცვალება, როგორც ხევსური კაი ყმა იტყოდა, „სირცხვილ ას“. გიორგი კალანდაძე ქართულ ხალხურ ბალადებს რვა ძირითად ჯგუფად ყოფს, ამათგან უდიდესი წილი ეკუთვნის საგმირო ბალადებს, რომლებსაც სინკრეტული ხასიათის გამო ხევსურეთში „სიმღერეს“ უწოდებენ [კალანდაძე, 1957: 33].
დარგუული ბალადებიც ქართულის მსგავსად გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებით. მოგვითხრობს ცალკეულ პიროვნებათა დრამატულ ბედსა და ოჯახურ კოლიზიაზე. დარგუული ბალადები უმღერის უბრალო ხალხის უანგარო, თავდადებულ, თავგანწირულ სიყვარულს [აბაქაროვა, 1999: 6].
როგორც უკვე აღვნიშნე, საგმირო ხასიათის ლექსს ენიჭებოდა უპირატესობა სხვა შინაარსის ლექსებთან შედარებით. ტრისტან მახაურმა საგმირო ბალადების ოთხი მოდელიც გამოყო [მახაური, 2003: 21-52]. რამ გამოიწვია ეს ყოველივე? კავკასიის მთიელებში საგმირო პოეზიის განვითარებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა გამუდმებული ლაშქრობები მტრების წინააღმდეგ, მათ უწევდათ თანამემამულეებისა და ტერიტორიის დაცვა, შესაბამისად, მათი რეალობა აისახებოდა სიმღერებში. ადრე ბალადა კი სწორედ საცეკვაო სიმღერას ერქვა. სიმღერა თან ახლდა ხალხის სიხარულსა და მწუხარებას, ეს უკანასკნელი კი ბევრად მეტი იყო.
ტერიტორია, რომელიც დარგუელებს უკავიათ, საზოგადოებრივ კავშირებად იყოფოდა, ეს კავშირებიც კი განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ტრადიციებითა და ენით, ამიტომ, ლოგიკურია, რომ ქართულ და დარგუულ ბალადებს შორის მსგავსებასთან ერთად შეინიშნება მკვეთრი განსხვავებებიც. ქართველები ბინადარ მეურნეობას ეწეოდნენ, მოსავალი ჰყოფნიდათ წლიდან წლამდე, დარგუელები კი მუდამ იბრძოდნენ. მსგავსებების სავარაუდო მიზეზი ისაა, რომ კავკასიელი ხალხი ცხოვრობდა ერთმანეთის მეზობლად, ჰქონდა მსგავსი შეხედულება ერთსა და იმავე საკითხზე, ეს შეხედულებები მისაღები იყო თემის ყოველი წევრისთვის. ბალადებში აისახა დღენიადაგ ბრძოლაში ჩაბმული ხალხის ცხოვრებისეული ეპიზოდები. საერთოა, ბალადების დასაწყისი, რომელიც წამიერი და მოულოდნელია, როგორც ქართულ, ისე დარგუულ ბალადებში. ყველა ბალადა დამოუკიდებელ სიუჟეტურ ქარგაზეა აგებული. განსხვავებათა შორის საყურადღებოა ქალი პერსონაჟების როლი ქართულ და დარგუულ ბალადებში. ქართულ ბალადებთან შედარებით აქ შეინიშნება ქალი პერსონაჟების სიმრავლე.
ქალ პერსონაჟებთან დაკავშირებული ბალადები კავკასიაში მცხოვრებ ხალხთა ფოლკლორში უმეტესად აგებულია უფლებაშელახული, უძმო ქალისა და შურისძიების მოტივებზე, თუმცა ქართულ ბალადებში გვაქვს სხვა შემთხვევებიც. განვიხილოთ ბალადები, რომლებშიც ქალი პერსონაჟი წარმოდგენილია, როგორც დედა, და ან სატრფო [მახაური, 2016: 5-17].
„ბაღათერა ჯაბუშანური“ გამორჩეული ქართული ბალადაა. ლექსის ფინალურ ნაწილში წარმოდგენილია მგლოვიარე დედა, რომელიც მეტად ძუნწად არის დახასიათებული: „ბაღათერაის დედამა თმანი დაიჭრნა ძირითა“. ტრადიციის მიხედვით, ქალი მაშინ იჭრის ნაწნავს, როდესაც ახლობელი მოუკვდება. ბაღათერას დედა არ ტირის, მხოლოდ საკუთარი ძმების მიმართ გამოთქვამს საყვედურს: „ბიძამ არ მოგცა ჩაჩქანი, აწ გაძღას შენი ჭირითა!“ [შანიძე, 2009: 65]. დედა მეორეხარისხოვანი პერსონაჟია, გლოვობს ისე, როგორც მთის ქალს შეეფერება. ხევსურული ტრადიციის მიხედვით, ქალს შვილის ხმით დატირება ეკრძალება. გამონაკლისის სახით გვხვდება ბალადა „ვეფხვი და მოყმე“, თუმცა ეს ბალადა, როგორც აკაკი შანიძე აღნიშნავს, თავდაპირველად ათ სტრიქონზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ის ეპიზოდი, რომელშიც „იარებოდა დედაი ტირილით თვალცრემლიანი“, შემდეგ დაემატა და, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, გიორგი ჯაბუშანურს ეკუთვნის. დარგუულ ბალადებში ეს წესი არ არის დაცული. ბალადაში „მამაცი ბეკბულათი“ ნათქვამია, რომ დედა მწარედ ატირდა. შეიძლება გვეფიქრა, რომ ის ხმით სულაც არ ტირის, მაგრამ ამ სტრიქონებს მოსდევს მისი მოკლე მონოლოგი. ისიც აღსანიშნავია, რომ ბეკბულათის დედა არის შვილის მტერი [აბაქაროვა, 1999: 21]. იგი დაუცხობს შვილს საგზალს, მაგრამ ისეთი განზრახვა არ აქვს, როგორიც ივანეურის დედას: „დედა დაუცხობს საგძალთა, მამა უბანდავს ჯღანთაო“ [შანიძე, 2009: 113]. აქ დედა შვილს აცილებს, რადგან იგი დაკარგული ღირსების აღსადგენად მიდის. მშობელი თავის მოვალეობას პირწმინდად ასრულებს, მამაცი ბეკბულათი კი დედისგან განწირულია. ამ ბალადაში ჩანს შურისძიების მოტივი. დედამ გაწირა შვილი, გზაჯვარედინზე მტერი დაახვედრა, ღამით დაჭრილს კარიც არ გაუღო. ასევე მოიქცა ბეკბულათის დაც. ხოლო, როდესაც მან საცოლეს მიმართა: „საყვარელო, ისე ვარ ტყვიით ამოტენილი, როგორც მგლის ტყავი – ჩალით“, მან კარი გაუღო. აღსანიშნავია, რომ საცოლე თითქმის ყველა ბალადაში დადებითი თვისებებით არის წარმოდგენილი. „კუბაჩელი ბიჭის ამბავია“ გამონაკლისი. საცოლე უღალატებს საქმროს, მტერს ჩაუგდებს ხელში, ამიტომაც ის ბალადაში უარყოფითად არის დახასიათებული: „ქალი ისე გამოიზლაზნა ლოგინიდან, ვით გველი – წყლიდან“. ბალადის ბოლოს კუბაჩელი ბიჭი ვაჟკაცებს მოუწოდებს, რომ არ ენდნენ ვერაგ დედაკაცს, რადგან ის გულის სწორმა, რომელსაც ღამე გულში იკრავდა, დილით გასცა. ქართული ბალადა „ხოგაის მინდი“ გადმოგვცემს როგორ დაასმინა ხოგაის მინდი „ალაჩაის ქალმა“:
„ეს მიზუც აკლებულია, შიგ ალაჩაის ქალია,
ქავჩიით გამაგიტანათ ქეშხით ნაკერი ტყავია;
შაგყარნათ სიმაგრეჩია, გამოგიკეტათ კარია“
[შანიძე, 2009: 94-95].
მინდმა თავისი ხმლის ელვარება აჩვენა მტერს, ლაჩრულად სიკვდილს ბრძოლა ამჯობინა, მაგრამ ვერ გაუმკლავდა მტერს, რომელმაც გათელა სავაჟკაცო კოდექსი.
დარგუული ბალადა „გაყიდული მესედუ“ ასევე წარმოგვიდგენს მოღალატე დედას, მან შვილი მატერიალური ფასეულობების სანაცვლოდ „ურჯულო“ შუშის ხანზე გაათხოვა. ამის გამო მესედუ ბალადის ბოლოში მას წყევლის. ესაა უფლებაშელახული ქალის მოტივი, მესედუს გრძნობები გათელეს, შვილი უნდოდათ იმისთვის, რომ „შუშის ხანისთვის ქონებაში გაეცვალათ“. მას სამი ძმა ჰყავდა, მაგრამ არც ძმები იყვნენ წინააღმდეგნი მისი გათხოვებისა, რადგან ნაჩუქარ ცხენებზე არ ამბობენ უარს. ამიტომაც წყევლის მათაც ქალი: „ალისფერი აბრეშუმი კი ხალხს ჩემი ძმების სულის მოსახსენიებლად დაურიგე, როცა ისინი დაიხოცებიან“ [აბაქაროვა, 1999: 27-29]. ამას ამბობს ძმებზე და, დარგუელი ქალი, რომელიც სხვა ბალადების პერსონაჟად ძმის მტერზე შურისმაძიებლად წარმოგვიდგება. მესედუ ზიზღით არის განწყობილი მომავალი მეუღლის მიმართ: „იმ გიგაურს სახელიც კი საზიზღარი აქვსო“. მას არ სიამოვნებს ეკლესიების სიახლოვეს ჩავლა, რადგან ამ პერიოდში დაღესტანში ისლამის მოძღვრებამ ძლიერად მოიკიდა ფეხი. როგორც უკვე აღვნიშნე, მესედუ ბოლოს წყევლის მშობლებს. ასეთი ფაქტი ჩანს ერთ ქართულ ბალადაშიც „ია მთაზედა“. სიძეს კლავს სიმამრი, რის გამოც საკუთარი შვილი ასე მიმართავს მას:
„შენ მამაჩემო, დარბაისელო,
შენ ჩემი ცოდვით არ მაისვენო“
[კიკნაძე, მახაური, 2010: 97].
თუმცა აღსანიშნავია, რომ აქ ქალი უფლებაშელახული არაა. ამ ბალადაში უაღრესად დახვეწილი ლექსიკით წარმოდგენილია ერთგული ცოლის სათუთი გრძნობები.
უფლებაშელახულ ქალებს თუ შევადარებთ ერთმანეთს უნდა გავიხსენოთ ქართული ბალადა „ქალი ტიროდა ქანანა“ : „ჩემნიმც დღენ დაადგებიან, ვინც ქალი ენდოს ქმარსაო“. ქანანა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. დარგუული ბალადების ქალების ხვედრი მასთან შედარებით მსუბუქია. დარგუულ ბალადებში არაა ნათქვამი, როგორ ექცევა ქალებს ყარაბაღის ხანი ან როგორ ამთავრებენ სიცოცხლეს. ქართველი ქალის ძმები შორს არიან, არაფერი იციან. დაღესტანში ძალით ღალატობენ დებს, ფულსა და ქონებაზე ყიდიან. ქანანა გაწირულია: „ჩამამსვეს ხალიჩაზედა, ჩამკაფეს, როგორც მხალია“. აქ იკვეთება უძმო ქალის მოტივი. ამისგან განსხვავებით ქართველ ქალებს ხშირად უცხოებიც ძმებად მოევლინებიან ხოლმე:
„ხუთნი შეაჭრნა ხმალზედა,
ქალებ შინ გამაისტუმრა:
„მშვიდობით, დებო, გზაზედა!“
[მახაური, 2003: 33]
ქართველი ქალები უფლებებშელახულნი არ არიან ყოველთვის, უდიდესი ჰუმანიზმი იკვეთება ქართული სამონადირეო ბალადა „ავთანდილ გადინადირას“ ფინალურ ეპიზოდში. სასიკვდილოდ დაჭრილი ავთანდილი მუხის ძირში დაჯდა, წერილი დაწერა და მტრედს გაატანა დედასთან. მომაკვდავი მონადირის წერილი ანდერძია, რომელშიც დედას სთოვს სათანადო პატივი მიაგოს მის იარაღს, ხოლო მისი ცოლი ღირსეულ მოყმეს გაატანოს [კიკნაძე, მახაური, 2010: 83].
შურისძიება განსაკუთრებული გრძნობაა, რომელიც ჭარბად იყო კავკასიის მთიელებში. ამას განაპირობებდა მათი ცხოვრების წესი, ყოველდღიურობა, ჩვეულებები, მეზობელ ტომებსა და თემებს შორის არსებული დამოკიდებულება, ამით წესრიგდებოდა მათი დაძაბული ურთიერთობა. მათი მთავარი დევიზი იყო: „თვალი თვალისა წინ და კბილი კბილისა წინ“, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ხშირად შურისმაძიებლებად ქალებიც კი გვევლინებიან.
შურისძიების მოტივზე არის აგებული დარგუული ბალადა „მშვენიერი ბიქა“, რომლის მიხედვითაც ბიქას საქმრო ომში დაიღუპა, მას საცოლე დაიტირებს: „რატომ აღარ მიყურებენ შენი შავი თვალები?“ აღსანიშნავია, რომ ხევსურეთში იკრძალებოდა ქმრის დატირება ცოლის მიერ, მაგრამ საცოლეს შეეძლო საქმროზე ხმამაღლა ეტირა, დარგუულ ბალადებშიც საცოლე არათუ ტირის საქმროს, არამედ მის მკვლელებზე შურის საძიებლადაც მიდის. შურისმაძიებელი ქალები არაა უცხო არც ქართული ბალადებისთვის.
შურისმაძიებელი ქალი გვხვდება ქართულ ბალადაში „გიგაის ცოლი“: „გიგაის ცოლმა გაიგო, წელს შემოირტყა ხმალია, შეახტა გიგას ლურჯასა, შავარდენივით მალია.“ ქალი თათრებზე შურს იძიებს და აწ უკვე გამარჯვებული გარდაცვლილ ქმარს მიმართავს: „ისე ავკეპე ლეკები, როგორც ბოლოკა მხალია“. კავკასიელ ხალხთა ზეპირსიტყვიერებაში შეინიშნება შურისძიების მოტივის წამყვანი ადგილი, უბრალოდ თვითონ შურისძიების ფორმებია განსხვავებული [მახაური, 2016: 11].
უნდა აღინიშნოს, დარგუული ბალადა „მურთაზა ალი და მესედუ“. ცოლს, რომელსაც ცხრა წელი უყვარდა და მხოლოდ მეათე წელს მისთხოვდა ქმარს, არ სურს იგი ბრძოლაში გაუშვას. ეს ბალადა მოგვაგონებს ქართულ ბალადა „თავფარავნელ ჭაბუკს“. ავსული დედაბერი, რომელიც „ვაჟის ანთებულ სანთელს აქრობდა, აბეზარობდა“ ჰგავს ქვრივ დედაკაცს, რომელიც ავისმომასწავებელი ხმით ეძახის ცოლ-ქმარს:
„ნუთუ ისევ სძინავს მურთაზა ალის,
როცა საომრად ემზადება მთელი სოფელი?“ [აბაქაროვა, 1999: 39-43]
დარგუული ფოლკლორი იცნობს აგრეთვე ძმის სისხლის ამღებ დას. ბალადაში „სულეიმანის და“ სანადიროდ წასულ სულეიმანს მტერი შეხვდება და მოკლავს. ძმის მოსაძებნად წავა და, იპოვის სულეიმანის ცხედარს, მოატყუებს მტერს და მოკლავს. ცხედარს ხურჯინით შინ დედას მიუტანს და პატივით დაკრძალავენ. მსგავსი სტრიქონები, როდესაც და ძმის მკვლელებს მიმართავს, ქართულ ფოლკლორშიც დასტურდება:
„ფასიორათამც დაღლევს ღმერთიო,
მისცეს დვარბინი იმედასაო,
აკუშოს ღელით გამახენაო,
ძმის მამკლავ იცნა ახოსთავსაო“ [კიკნაძე, 2007: 316].
აღსანიშნავია, დარგუული ბალადა „სულთან-ახმედი“, რომელშიც წარმოდგენილია ერთგული და, რომელიც თვლის, რომ თუ სამართლიანობა მოითხოვს, ძმაც უნდა მოკვდეს. ეს ეპიზოდი გვახსენებს ქართულ ბალადა „შიოლა და მთრეხელს“, რომელშიც წარმოდგენილია სტუმარმასპინძლობის ტრადიციის დამცველი ქალი, რომელიც საკუთარი სტუმრის მოკვლას, ძმასაც არ აპატიებს: „ნუ მახკლავთ, ჩემო მამულნო, ნაჭაპნს ნუ მამჭრით თმისასა“ [შანიძე, 2009: 50-51].
ამრიგად, ბალადების განხილვამ აჩვენა, რომ ქართულ ფოლკლორში ქალი პერსონაჟების სახეები ისევე მკრთალად გასდევს ბალადებს, როგორც „თავფარავნელი ჭაბუკის“ სატრფოს ხატება – მთელ ლექსს. როგორც ამ ქალის ზღვის გაღმა ანთებული სანთელი :„ გამოღმა კელაპტარობდა“, ქართველი ქალი პერსონაჟების სახეთა ელვარებაც ასევე სადღაც შორიდან მოჩანს. დარგუულ ბალადებში ასახულია იდეალი მთიელი ქალისა, რომელსაც, თუ საჭიროა, სიყვარულთან ერთად უდიდესი სიძულვილიც შეუძლია. ეს გვავარაუდებინებს, რომ მთიელი ქალები უუფლებოები არ ყოფილან. დარგუელი ქალები არ ერიდებიან არც შვილების დატირებას, არც – სისხლის აღებას, მათ უყვართ ქმრები და გვევლინებიან კიდეც ბალადების მთავარ პერსონაჟებად. დარგუული ბალადა ქალი პერსონაჟის საშუალებით უმღერის უბრალო ხალხის უანგარო, თავდადებულ სიყვარულს. ქართველი და დარგუელი ქალები ერთმანეთს ხისტი ხასიათით, გაუტეხლობითა და სიამაყის მეტად გაფაქიზებული გრძნობით ემსგავსებიან.
ლიტერატურა:
1. აბაქაროვა ფ. 1999. დარგუული ფოლკლორი. თბილისი: „კავკასიური სახლი“.
2. კალანდაძე გ. 1957. ქართული ხალხური ბალადა. თბილისი.
3. კიკნაძე ზ. 2007. ქართული ფოლკლორი. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
4. კიკნაძე ზ, მახაური ტ. 2010. ხალხური პოეზიის ანთოლოგია. თბილისი: „მემკვიდრეობა“.
5. მამისიმედიშვილი ხ. 2017. „ჩეჩნური საგმირო „ილი“ და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ბალადები“. „სპეკალი“. N11. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი. თბილისი.
6. მახაური ტ. 2003. ქართული ხალხური საგმირო ბალადა. თბილისი: „ლომისი“.
7. მახაური ტ. 2016. ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები. წიგნი IV. თბილისი: „უნივერსალი“.
8. სიხარულიძე ქს. 1970. ქართული ხალხური საგმირო პოეზიის საკითხები. თბილისი.
9. შანიძე ა. 2009. ქართული საგმირო პოეზია, ხევსურული. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.