English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი9 ∘ თამარ ლალიაშვილი შალვა მილაშვილი

ოზაანის ამაღლების ფოლკლორული, ისტორიული და ხელოვნებათმცოდნეობითი ასპექტები

ქიზიყი - „უბატონო მხარე“, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარეობს. დღეს ის მოიცავს სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს. იგი იყოფა სამ ნაწილად: წინა, უკანა და შიდა მხარედ [თოდრია, 1982:74]. მე-15 საუკუნემდე ქიზიყს კამბეჩოვანს ეძახდნენ. ეს რეგიონი ყველა მხრიდან ვაკეებითა და ფერდობებითაა შემოსაზღვრული. იმის გამო, რომ მას ბუნებრივი დამცავი ზოლი არ გააჩნდა, სამხრეთიდან შემოჭრილ მტერს აქ მცხოვრები ხალხი პირველი ეგებებოდა. ქიზიყში ქრისტიანობა IV საუკუნიდანვე გავრცელდა, აქ განისვენებს წმინდა ნინოც. ადგილობრივი თქმულებებიც და ლეგენდებიც სწორედ ქრისტიანობას, ან მომხდურთა წინაშე გამოჩენილ გმირობებს ეხება.

რეგიონს მრავალი ისტორიული თუ რელიგიური ძეგლი შემოუნახავს. მაგალითად, ხირსის წმინდა სტეფანეს მონასტერი, ოზაანის ამაღლების ტაძარი,  ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერი, წმინდა ელიას სამლოცველო.

ჩვენი ინტერესის საგანია დედოფლისყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ ოზაანში მდებარე ამაღლების ტაძრის შესახებ არსებული ფოლკლორული, ხელოვნებათმცოდნეობითი და ისტორიული საკითხების შესწავლა (იხ. ფოტო ნომერი 1). უპირველეს ყოვლისა, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ტაძრის აგების  თარიღთან დაკავშირებით მკვლევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ერთნი თვლიან, რომ იგი IX-X საუკუნეებში აშენდა, სხვები კი მის აგებას XII-XIII საუკუნეების მიჯნას უკავშირებენ. პირველ მოსაზრებას ეყრდნობიან აკადემიკოსები გიორგი და ნიკოლოზ ჩუბინაშვილები. მათ ტაძრის შესწავლის შედეგად დაასკვნეს რომ ნაგებობის გარკვეული ნაწილები გადაკეთებულია. რაც სავარაუდოდ XVI საუკუნეში ალექსანდრე კახთა მეფის დროს უნდა მომხდარიყო.

ოზაანის ამაღლება სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით 4 კილომეტრში, ხშირი ტყით დაფარულ ფერდობზე მდებარეობს. როგორც ჩანს, იმ პერიოდში სოფელიც ეკლესიის მახლობლად ყოფილა გაშენებული, ხოლო შემდგომ გაფართოვდა გზისა და ვაკის მიმართულებით.

ოზაანის ამაღლების შესახებ ჩვენამდე ბევრ ცნობას არ მოუღწევია, თუმცა ჩვენს ხელთ არსებობს რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც ტაძრის შესახებ სხავადასხვა ინფორმაციას გვაწვდის. გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი, ვახუშტი ბატონიშვილი მას არ იხსენიებს, თუმცა დავით ინანაშვილი[1] ქიზიყის აღწერისას  აღნიშნავს, რომ „ხორნაბუჯის ჩრდილოეთ მთაში არს ეკლესია ამაღლებისა, კეთილშვენიერ ნაგები, გუმბათიანი, შეუმუსრავი და დახატული“. ოზაანის ამაღლების ტაძარი წარმოადგენს ცენტრალურ-გუმბათოვანი, ჩახაზული ჯვრის ტიპის ნაგებობას, რომელიც აღმართულია სოფლის ტყის პატარა გაშლილ ველზე. სალოცავი ნაგებია თანაბარი ზომის (23X23X5 სმ) ქართული აგურით, შენობის გარეთა კუთხეების გასამაგრებლად კარგად ნათალი ქვები, ხოლო იატაკისა და სახურავის მოსაპირკეთებლად მოჭიქული  კერამიკის ფილებია გამოყენებული. შემორჩენილია მოჩუქურთმებული კანკელიც. სახურავი მოპირკეთებული იყო მწვანე და ყავისფერ-იისფერი მოჭიქული კრამიტით [ცინცაძე, 1987:122].

ტაძარს აქვს სამი აფსიდალური შვერილი და სამი შესასვლელი: დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. შიდა სივრცის ცენტრში ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია მრგვალი გუმბათი რვა იმავე ფორმის სარკმლით. სამივე შესასვლელი გარედან ნახევარწრიულია, ხოლო შიგნიდან ნალისებრი თაღებითაა დასრულებული. სამხრეთისა და დასავლეთის შესასვლელები უმნიშვნელოდ, ხოლო ჩრდილოეთისა საფუძვლიანად არის გადაკეთებული.

საკურთხევლის აფსიდში ამოჭრილია სამი ნალისებრი სარკმელი. მათი თაღებიც შიგნიდან ნალისებრია, გარედან კი ნახევარწრიული. ბემისა და საკურთხევლის მთავარ სივრცეს შორის შემორჩენილია მოჩუქურთმებული კანკელი (იხ. ფოტო ნომ. 2), რომელსაც მხოლოდ ერთი გასასვლელი აქვს [დვალი, დევდარიანი, 2013:300].

XX საუკუნის პირველ ნახევარში ტაძარში არსებული ფრესკები დღევანდელ დღესთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ყოფილა. ამჟამად კი, ოზაანის ამაღლებაში შესვლისას ჩვენ ამ ფრესკებიდან მხოლოდ მცირე ფრაგმენტების გარჩევა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ისინი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნიან ნაგებობაზე. ვინ იცის, იქნებ, მათმა ბუნდოვანებამ წარმოშვა ის ლეგენდა, რომელსაც მოგვიანებით მოგახსენებთ. რაც შეეხება სამკვეთლოსა და სადიაკვნოს, აქ მხატვრობის კვალი არ ჩანს. შენობის საკურთხეველში სამხრეთ ნაწილზე დატანილია საღებავით, ასომთავრული დამწერლობით შესრულებული ხუთსტრიქონიანი წარწერა: „ქრისტე ღმერთო, შეუნდვენ მიქაელს, ამინ“ [ბარნაველი, 1962:124]. ამის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ ის, რომ ეკლესიის ხუროთმოძღვარი მიქაელი უნდა ყოფილიყო.

მეცნიერული სამუშაოების შედეგად, დადგინდა რომ ფრესკების მრავალფეროვანი სტრუქტურა რამდენიმე ქრონოლოგიური ფენისგან შედგება. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს რომ ისინი თავდაპირველი მოხატვის შემდეგ განაახლეს. სალოცავში ჩრდ-აღმ-ით ვხვდებით ღვთისმშობლის გამოსახულებას, ამ გამოსახულებიდან მარჯვენა და მარცხენა მხარეს ორი მთავარანგელოზი და ხუთი მოციქულია ასახული. გუმბათში უფლის ამაღლების კომპოზიციაა წარმოდგენილი, ხოლო ტაძრის თაღებში რვა წინასწარმეტყველის წელზედა გამოსახულება. ასევე  არის ფრესკა - ჯვრის გამზადება, „მოტირალთა დედები ქრისტეს საფლავიდან“, წმინდა კირილე, ბასილი და ათანასე (იხ. ფოტო ნომ. 3), წმინდა გიორგი (იხ. ფოტო ნომ. 4), ლაზარეს აღდგინება. ტრომპის მარცხენა ნაწილზე შესაძლებელია გამოსახული ყოფილიყო ელია და ელისე. სავარაუდოა, რომ ისინი მოხატული უნდა ყოფილიყო XI-XIV საუკუნეებში. 

ეკლესიის მხატვრობა  შესრულებული ყოფილა კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III დიდის მმართველობის პერიოდში (გუმბათის ყელი, ტრომპები და კედლის მონაკვეთები - XI საუკუნე). ტაძრის კედლების შემდგომი მოხატვა თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის მეფობის ხანაშიც გაგრძელდა  (გუმბათის ყელის ქვედა ნაწილი, ტრომპები და კედლის მონაკვეთები, მათ შორის საკურთხევლის აფსიდი, სამივე მკლავი, ქტიტორთა პორტრეტი - XII-XIII საუკუნეები).

ეკლესიაში არსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრესკათაგანია, გუმბათის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გამოსახული ჯვრის გამზადება; ჩრდილო-დასავლეთი თაღის დასავლეთ კედელზე შესრულებული განკითხვის დღე. ასევე ვხვდებით მღვდელმოძღვრების ფრესკასა და საკურთხევლის მოხატულობას, სადაც გამოსახულია წმინდა სტეფანე.

ტაძარში შემორჩენილი ფრესკები გარკვეულწილად ეხმიანება ბიზანტიური ხელოვნების სტილს, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით გავრცელებული იყო XII საუკუნის 80-იანი წლებიდან XIII საუკუნის ბოლომდე [დვალი, დევდარიანი, 2013:303].

ფრესკებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თაღების მხატვრობას. სამხრეთ-დასავლეთ თაღზე გამოსახულია იესეს ძელი (იხ. ფოტო ნომ 5). ის ქართული კედლის მხატვრობის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელზე დატანილი ქრისტეს სასწაულებიდან შემონახულია ორი სასწაულის ფრაგმენტი: განრღვეულის განკურნება, შეშლილთა განკურნება. სამხრ. კედლის ქვედა რეგისტრში გაირჩევა წმ. დიმიტრი (კონტურები მკრთალია), ხოლო ბურჯის სამხრ. წახნაგზე – ცხენოსანი წმ. გიორგი, რომელიც ტყვეობიდან იხსნის ბიჭს [დვალი, დევდარიანი, 2013:304-305].

XX საუკუნეში სალოცავი გადახურეს კრამიტით. 2011 წელს კი შენობა გაამაგრეს.

ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამლოცველო აშენებულია IX საუკუნეში, კანკელი შეიქმნა XI საუკუნეში, ხოლო XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე თამარ მეფისა და გიორგი IV ლაშას ზეობის ხანაში მასიურად მოიხატა [მაისურაძე, 1952:5].

გუმბათქვეშ, აღმოსავლეთის კედლის ფასადზე, ვხვდებით ერთ მეტად უჩვეულო ფრესკას: ორი მამაკაცისა და მათ შორის შუაში მდგომი ქალის გამოსახულებას, რომელთა სახეებიც წაშლილია (იხ. ფოტო ნომ. 6). მათ ხელში არ უჭირავთ ეკლესიის მოდელი, რაც გვაფიქრებინებს იმას რომ ისინი ტაძრის მშენებლები კი არა, მისი მოხატვის ინიციატორები არიან. ლოცვის ნიშნად ხელები მკერდის წინ აქვთ აპყრობილი. ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია უფლის ხელი, რომელიც მათკენ არის მიმართული კურთხევის ნიშნად. ეს ისტორიული პირები შესაძლოა იყვნენ ხორნაბუჯის ერისთავები მახატლისძეები. გარდა ამისა, გავრცელებული არის მოსაზრება, რომ ამ ორ მამაკაცს შორის წარმოდგენილი ქალის ფიგურა წითელ სამოსელში თამარ მეფე უნდა იყოს. ასე რომ მისი ფრესკა ვარძიის, ყინწვისის, ბეთანიისა და ბერთუბნის გარდა შეიძლება ოზაანის ტაძარშიც ყოფილიყო.

სვეტზე გამოსახულ ორი მამაკაცის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით მეცნიერთა შორის აზრთა სხვადსხვაობაა. ნაწილი აიგივებს გიორგი III და გიორგი IV ლაშასთან, ხოლო ნაწილი - დავით სოსლანთან და გიორგი IV დაშასთან.

არსებობს ერთი ხალხური ლეგენდა, რომელიც ამ ფრესკის განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს და მასთან ერთად ტაძრის იდუმალებასა და სიმბოლურ დატვირთვასაც ხსნის.

როგორც უკვე ვახსენეთ, ოზაანის ამაღლების ტაძარი ქიზიყში, კერძოდ, დედოფლისწყაროს მუნიპალიტეტ სოფელ ოზაანში მდებარეობს. ამ რეგიონში, ერთმანეთის მეზობლადაა განლაგებული ორი ისტორიული სოფელი – მირზაანი და ოზაანი. მათ საერთო არაერთი რამ აქვთ. მირზაანი ცნობილი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის სამშობლოა, ხოლო ოზაანი – ის ადგილია, სადაც, გადმოცემის მიხედვით, XII–XIII საუკუნეებში მოღვაწეობდა ფერმწერი მიქაელ მხატვარი. სწორედ მას უკავშირებენ ოზაანის ამაღლების ტაძრის ფრესკულ მხატვრობას.

მიქაელ მხატვრის შესახებ ზუსტი ისტორიული ცნობები არ მოგვეპოვება. გადმოცემის თანახმად, მას ეკლესიის ერთ-ერთ კედელზე თამარის ფრესკა დაუხატავს. ლეგენდა გვამცნობს - თამარის ფრესკას ერთი საკვირველება ახასიათებს, ხან გამოჩნდება, ხანაც გაქრება, თვალსა და ხელს შუა დაიმალება. მისი დანახვა ყველას არ შეუძლია, იდუმალი თამარის ხილვა, რომ შეძლოთ სამი რამ უნდა ირწმუნოთ: ღმერთი, სიყვარული და სასწაული.

ცისკარზე უნდა შეხვიდეთ ტაძარში, შესასვლელთან მოინანიოთ ყველა თქვენი ცოდვა და თუკი თქვენი სიყვარული ნამდვილი და წმინდაა, დაინახავთ სარკმლიდან შემომავალ სხივს, რომელიც დაეცემა ტაძრის შიგნითა სვეტს კარიდან მარჯვნივ და ამ დროს გამოჩნდება თამარის ფრესკა.

ამ თქმულებას გაგრძელებაც აქვს. ერთ დღეს, როდესაც  თამარ მეფე ბრძოლიდან ბრუნდებოდა, საღამო ხანს ოზაანის ამაღლების ტაძარს სწვევია. ამ დროს მიქაელი თურმე ხარაჩოზე  მდგარა და კედლებს ღებავდა. ტაძარში შესვლისას ჩაბნელებულ კედელს ნათელი მოჰფენია, რაზეც ფერმწერს შეშინებია, ჩამოვარდნილა და მხარი უღრძვია. თამარს თავისი ხელით შეუზელია მალამო ნაღრძობ ადგილას და საკუთარი რიდეთი შეუკრავს მიქაელისთვის მხარი. შემდგომში ფერმწერს ხელი და რიდე ბრძოლაში დაუკარგავს. ისტორიული დოკუმენტი „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ გვეუბნება, რომ გიორგი რუსი მივიდა „ქუეყანასა კამბეჩანისასა“ (დავით მუსხელიშვილი, ქიზიყის ძველი ისტორია). აქ სავარაუდოდ იგულისხმება გიორგი რუსის ის ცნობილი აჯანყება, რომელიც მან კონსტანტინოპოლში გაქცევის შემდეგ, 1191  წელს წამოიწყო საქართველოს სამეფო კარის წინააღმდეგ. იური ანდრიას ძე არანის მხრიდან შემოჭრილა საქართველოში და დაურბევია კამბეჩოვანის მხარე, თუმცა თამარის ლაშქარმა საღირ მახატლისძესთან ერთად იგი საბოლოოდ გააძევა ქვეყნიდან, ამიტომაც, სავარაუდოდ, ლეგენდა გარკვეულწილად სინამდვილესაც უნდა ასახავდეს, რომ თამარი ნამდვილად ესტუმრა ამ ადგილს.

დავუბრუნდეთ კვლავ ლეგენდას: ამის შემდეგ დაუხატავს ოსტატს თამარი. მეფე-დედოფალიც ალაზნის არხის გახსნისას კიდევ ერთხელ სწვევია ამ მიდამოს. ამ დროს სასწაული მოხდა ამოვარდა ქარი და უეცრად დაკარგული რიდე. იფრინა, იფრინა და მიქაელს შემოეხვია მარჯვენა ხელზე. იმ დღიდან მოყოლებული თამარისეულ მანდილს სულ თან დაატარებდა დიდოსტატი და, ამგვარად ინახავდა მის სახსოვარს. 18 იანვარს მიქაელს მეფე-დედოფლის გარდაცვალების შესახებ შეუტყვია. ძაძით შემოსილა და თავშიშველი გაეშურა თურმე ამაღლებიდან თბილისისკენ. შებინდებისას, ტაძრისთვის შეუფარებია თავი და სული უფლისთვის მიუბარებია.

წესის აგებისას მღვდელს შეუნიშნავს, რომ მიცვალებულს რიდე ჰქონდა შემოხვეული. გარდაცვლილისთვის ფრთხილად მოუხსნია რიდე ზამთრის სუსხიან ქარს და საკურთხეველზე სასოებით დაუსვენებია. დასწვდა თურმე მოძღვარი რიდეს ასაღებად.... უცებ ციური ხმა ჩაესმა, - „აიღე და შეწირეო“ და შეშინებულს ხელი აუშვია. აფრენილა თამარისეული სახსოვარი და ზეცაში გაუჩინარებულა. მას შემდეგ, საუკუნეში ერთხელ, თამარ მეფის გარდაცვალების დღეს გამოჩნდება ხოლმე მოფრიალე რიდე, რომელც შვიდასი წლის შემდეგაც გამოჩენილა. ერთხანს უფრენია და ღარიბი გლეხის ეზოში მოთამაშე ბიჭუნას დასვენებია მხარზე. ეს ბიჭუნა ნიკო ფიროსმანი გახლავთ. ამბობენ, ვისაც ეს მანდილი შემოეხვევა ეპოქის დიდ მხატვრად იქცევაო. ნიკალაც ხომ თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარია. ნიკო ფიროსმანს, სხვა ნახატებს შორის, დაუხატავს თამარ მეფის პორტრეტიც [ტუხაშვილი, 1992:71-75].

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ოზაანის ამაღლების ტაძარი წარმოადგენს ქიზიყის რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ, ხელოვნებათმცოდნეობით და ფოლკლორულ ძეგლს, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება როგორც საქართველოს ქრისტიანულ წარსულს, ასევე რეგიონალურ კულტურულ ტრადიციებს. ტაძრის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, არქიტექტურული თავისებურებები და ფრესკული მხატვრობა მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართულ ეკლესიურ ხელოვნებაში.

სამლოცველო 2011 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. მისი ფრესკები არაერთ ეტაპზე იქნა შესრულებული და განახლებული, რაც მის ხანგრძლივ სულიერ და კულტურულ ფუნქციაზე მიუთითებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია გუმბათში მოთავსებული ამაღლების სცენა და სხვა ბიბლიური მოტივები, რომლებიც ეკლესიის თემატურ და სახელწოდებით კავშირსაც ამყარებს, ხოლო ლეგენდა კიდევ უფრო აძლიერებს ტაძრის ფოლკლორულ ღირებულებას და მის იდუმალ ხიბლს.

ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არაერთი დეტალი ბუნდოვანია, ოზაანის ამაღლება რჩება არა მხოლოდ არქიტექტურულ ნაგებობად, არამედ კულტურულ და სულიერ სიმბოლოდ, რომელიც ქიზიყის, და ზოგადად, საქართველოს ისტორიულ-რელიგიურ რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

დღევანდელ დღეს ტაძრის მდგომარეობა სავალალოა, ფრესკები თითქმის განადგურებულია. წვიმიანობის დროს ტაძარი წყლით ივსება. ამიტომ ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ამ სამლოცველოს გაცნობა, არამედ ფართო საზოგადოებისათვის მისი მდგომარეობის შეტყობინებაა, რათა მოხდეს სწრაფი რეაგირება. ამ ფონზე გადაუდებელი ხდება კვალიფიციური კვლევის, სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ორგანიზება, რათა მომავალ თაობებს არ წაერთვათ შესაძლებლობა, უშუალოდ შეეხონ ეროვნული იდენტობისა და სულიერი მემკვიდრეობის ისეთ მნიშვნელოვან სიმბოლოს, როგორიც ოზაანის ამაღლების ტაძარია.

 

ბიბლიოგრაფია:

  1. ბარნაველი, თ. (1962). კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები. გამომცემლობა „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“.
  2. დვალი, თ და დევდარიანი, ფ. (რედაქტ.).  (2013). კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. I. გვ. 299-307.  გამომცემლობა „თბილისი 2013“.
  3. თოდრია, თ. (1962). ქიზიყის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ.VI. გამომცემლობა „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“.
  4. მაისურაძე, ზ. (1959). ოზაანის კერამიკა.  გამომცემლობა „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“.
  5. ტუხაშვილი, ლ. (1992). ფარაონთა და ხალიფათა ტახტების მფლობელი. წიგნი 1. გამომცემლობა „მარიხი“.
  6. ჩიტაიშვილი, თ. (2013). ოზაანის „ამაღლება“. გამომცემლობა „თბილისი“.
  7. ცინცაძე, ვ. (რედაქტ). (1987). ქართული ხელოვნება. გამომცემლობა „მეცნირება“.

სტატიაში გამოყენებული ფოტო-მასალები ეკუთვნის გურამ ხარშილაძეს.