ჟურნალი ნომერი 6 ∘ მარიამ თხინვალელი ელიადან ილიამდე (იტაციზმი ანთროპონიმებში ლუკასა და იოვანეს სახარებების ქართული ვერსიების მიხედვით) ქრისტიანობა მწიგნობრული რელიგიაა, რაც გულისხმობს რომ ღვთისმსახურების აუცილებელი ნაწილი წიგნია. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ აუცილებელი იყო წმინდა წერილის - ბიბლიის - თარგმნა, რათა წირვა-ლოცვა ქართულად აღსრულებულიყო. „თუ მთელი ბიბლიისა არა, ზოგიერთი წიგნის (სახარებების, სამოციქულოს, ფსალმუნის) ქართულ ენაზე თარგმნა IV ს-ის 40-იანი წლებიდან V საუკუნის 60-იან წლებამდე უნდა შესრულებულიყო“ [დანელია, 1998:166].
ქართული ბიბლია მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ ერთ გეორაფიულ არეალში არ თარგმნილა. იგი ითარგმნებოდა და მუშავდებოდა საუკუნეების განმავლობაში. „ოთხთავის ქართული ტექსტის შემცველი ხელნაწერების შესწავლის შედეგად დღეისათვის დადგენილია, რომ ქართულმა ოთხთავმა თარგმნა-რედაქტირების სამი ძირითადი ეტაპი განვლო: წინაათონური (V-X სს), ათონური (X საუკუნის ბოლო - XI საუკუნის შუა წლები) და ელინოფილური (XI საუკუნის ბოლო - XII საუკუნის დასაწყისი)“ [კვირკველია, 2019:7].
ქრონოლოგიურად ერთმანეთისგან დაშორებული თარგმანები სხვადასხვა ნიშნით განსხვავდებიან. ერთ-ერთი ასეთი განსხვავების მიზეზი შეიძლება ბერძნულ ფონემატურ სისტემაში მომხდარი ცვლილება იყოს. ბიზანტიურ ბერძნულში შეიცვალა წაკითხვის წესები, თუმცა დაწერილობა დარჩა იგივე. დიფთონგები იქცა მონოფთონგებად, ხშული თანხმოვნების ნაწილმა არტიკულაციურად ერთი საფეხურით უკან გადაიწია, ბერძნული Η η (ეტა) იკითხებოდა როგორც Ι ι (იოტა). სწორედ ამ პროცესს ეწოდება იტაციზმი. „ქართულში დაიწყო იმავე ბგერების გადმოღება ახალი ბერძნული გამოთქმის თანახმად: ამენ > ამინ, ელია > ილია, ეროდი > იროდი, ვასილი> ბასილი და სხვ. ძველი გამოთქმის ტრადიციები დიდხანს დარჩა ქართულში. ახალი გამოთქმის ასახვა ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით უფრო გვიან X-XI საუკუნიდან ხდება შესამჩნევი“ [შანიძე, 1954:42].
აღნიშნული ცვლილება ასახულია ელინოფილურ პერიოდში თარგმნილ ეგზეგეტიკურ თხზულებათა სახარების კიმენშიც. ჩვენი კვლევის ფარგლებში ქართული ოთხთავის პრეათონური და ათონური რედაქციების ნუსხები შევუდარეთ თეოფილაქტე ბულგარელის იოანესა და ლუკას სახარებების განმარტებების ქართული თარგმანების სახარების კიმენს (აღნიშნული თარგმანი შესრულებულია ულტრაელინოფილური სტილით), შედარების საფუძველზე გამოვავლინეთ იტაციზმის შემთხვევები ანთროპონიმებში, დავადგინეთ, ანთროპონიმთა საერთო რაოდენობის რა ნაწილშია თავჩენილი აღნიშნული ფონეტიკური პროცესი, არის თუ არა დაკავშირებული იტაციზმის შემთხვევები სახელთა ბრუნებასთან, განვსაზღვრეთ რამდენად მყარია ტრადიცია ანთროპონიმთა გადმოტანისას და რადგან იოანესა და ლუკას სახარებათა განმარტებები ერთსა და იმავე პერიოდშია თარგმნილი, ერთნაირადაა თუ არა აღნიშნული ფონეტიკური პროცესი ასახული ორივე ტექსტში.
თეოფილაქტე ბულგარელის „იოანეს სახარების განმარტების“ ქართული ვერსია ჩვენამდე ერთადერთი ხელნაწერითაა შემონახული - A52, დათარიღებულია XII-XIII საუკუნეებით. თ.ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ მისი მთარგმნელი უნდა იყოს იოანე პეტრიწი.
„იოანეს სახარების განმარტების“ ქართული ვერსიის სახარების კიმენში ანთროპონიმებში იტაციზმის არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. ისეთ ანთროპონიმებშიც კი, რომელთა გადმოტანის ტრადიცია საკმაოდ მყარი იყო, მაგ.: იისუ, იოანნი (ნაცვლად იესუ და იოანე ფორმებისა). ნაშრომში განხილული და გაანალიზებულია ასეთი შემთხვევები.
ანთროპონიმი იოანნე სახ.ბრუნვაში დასტურდება, როგორც იოანნე, ასევე იოანნი ფორმით. სტატისტიკურად თანაბარი რაოდენობით. პრეათონურსა და ათონურში - იოვანე, ხოლო განმარტების სახარების კიმენში - იოანნი ფორმით. იტაციზმთან ერთად გადმოტანილია ბერძნულისეული გემინირებული „ნ“ თანხმოვანი. მაგალითში წარმოდგენილია ფორმა იტაციზმით:
იოან. 1:6 და კაცი მოვლინებულ ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოვანე [ FGODER].
იყო კაცი მოვლინებული ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოვანე [NQHIK].
[იყო კაცი მოვლინებული] ღმრთისა მიერ, სახელი მისი იოანნი [თარგმან. იოანეს სახ., XII ს-ის დასაწ].
ἐγένετο ἄνθρωπος ἀπεσταλμένος παρὰ θεοῦ, ὄνομα αὐτῶ ἰωάννης·.
საინტერესოა, რომ თუ თარგმანების სახარების კიმენში ანთროპონიმის მოთხრობითი ბრუნვა გაფორმებულია ბრუნვის ნიშნით, მაშინ იტაციზმი არ დასტურდება, ხოლო თუ გაუფორმებელია - დასტურდება. პრეათონურსა და ათონურ რედაქციებში არც მოთხრობითი ბრუნვაა გაფორმებული და არც იტაციზმი დასტურდება.
იოან.1:32 და წამა იოვანე და თქუა, რამეთუ [ FGOERHKINQ].
და წამა იოანნემან, მეტყუელმან, ვითარმედ [თარგმან. იოანეს სახ. XII ს-ის დასაწ].
καὶ ἐμαρτύρησεν ἰωάννης λέγων ὅτι .
მოთხრობითი ბრუნვა გაფორმებულია, შესაბამისად, იტაციზმი არ დადასტურდა.
იოან. 1:15 იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: [FGODER].
იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: [ HIKNQ].
იოანნი წამა მისთჳს და ღაღადებდა, მეტყუელი [თარგმან. იოანეს სახ. XII ს-ის დასაწ].
ἰωάννης μαρτυρεῖ περὶ αὐτοῦ καὶ κέκραγεν λέγων.
ანთროპონიმში დასტურდება იტაციზმი და, შესაბამისად, მოთხრობითი ბრუნვა გაუფორმებელია.
ანთროპონიმი იოანეს ფუძის ბოლო ხმოვანია η (ეტა), ბერძნულში გენეტივში ეს სახელი იქნება - ἰωάννου. ბრუნვის ნიშნის დართვის გამო იკარგება η. გენეტივი ქართულში გადმოდის ნათესაობითი ბრუნვის ფორმით და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დასტურდება ფსევდოიტაციზმი.
იოან. 3:25-27 და იყო გამოძიებაჲ მოწაფეაგან მათ (იოვანჱსთა) იოვანესთა ჰურიათა მიმართ განწმენდისათჳს [ FGODERHIKNQ].
იქმნა უკუე ძიებაჲ მოწაფეთაგან იოანნისთა იუდეას თანა განწმენდისათჳს [თარგმან. იოანეს სახ. XII ს-ის დასაწ].
ἐγένετο οὗν ζήτησις ἐκ τῶν μαθητῶν ἰωάννου μετὰ ἰουδαίου περὶ καθαρισμοῦ.
ანთროპონიმი იესუ სახელობითში, მოთხრობითში, მიცემითსა და ნათესაობით ბრუნვებში დასტურდება. მოთხრობითში ყოველთვის გაფორმებულია ბრუნვის ნიშნით. გვხვდება როგორც იესუ, ასევე იისუ ფორმით, არ ჩანს რაიმე კანონზომიერება, სტატისტიკურად თავჩენილია თანაბარი რაოდენობით. წარმოვადგენთ ფორმებს იტაციზმებით:
იოან. 19: 19 და იყო წერილი ესრე: იესუ ნაზარეველი, მეუფჱ ჰურიათაჲ [ FGODERHIKNQ].
ხოლო იყო დაწერილი იისუ ნაზარეველი, მეფე იუდეანთაჲ [თარგმან. იოანეს სახ. XII ს-ის დასაწ].
ἦν δὲ γεγραμμένον, ἰησοῦς ὁ ναζωραῖος ὁ βασιλεὺς τῶν ἰουδαίων.
იოან. 1:47 იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მომავალი მისა [FGODERHIKNQ].
იხილა იისუმან ნათანაილი მომავალი მისდა მიმართ. [ თარგმან. იოანეს სახ. XII ს-ის დასაწ].
εἶδεν ὁ ἰησοῦς τὸν ναθαναὴλ ἐρχόμενον πρὸς αὐτὸν.
იოან. 11: 51 რამეთუ ეგულებოდა იესუს მოსიკუდიდ ნათესავისათჳს [FGODERHIKQN].
რამეთუ ეგულვა იისუსა სიკვდილი ნათესავისათჳს [თარგმან. იოანეს სახ. XII ს-ის დასაწ].
ὅτι ἔμελλεν ἰησοῦς ἀποθνῄσκειν ὑπὲρ τοῦ ἔθνους.
საინტერესო შედეგები მოგვცა ანთროპონიმ ნიკოდემოსზე დაკვირვებამ. სახელი დასტურდება ოთხჯერ, ოთხჯერვე იტაციზმით, თარგმანების სახარების კიმენში პარალელურად გაფორმებულია მოთხ.ბრუნვის ნიშნით. აღსანიშნია, რომ სახელი იტაციზმით გვხვდება არა მარტო ულტრაელინოფილურ თარგმანში, არამედ გიორგი მთაწმინდლისეულ სახარებათა რედაქციაში: გამოყენებულია ნიკოდიმოს ფორმა ნაცვლად ნიკოდემოსისა (გარდა ქურაშის ოთხთავში დადასტურებული შემთხვევისა).
იოან. 3:1 იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, სახელით ნიკოდემოს [FGODER].
იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, სახელით ნიკოდიმოს [HIK].
იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, რომლისა სახელი ნიკოდემოს [d].
ხოლო იყო კაცი ფარისეველთაგან, ნიკოდიმოს სახელი მისი, მთავარი იუდეანთაი [თარგმან. იოანეს სახ. XII ს-ის დასაწ].
ἦν δὲ ἄνθρωπος ἐκ τῶν φαρισαίων, νικόδημος ὄνομα αὐτῶ.
იოან. 3:4 ჰრქუა მას ნიკოდემოს [FGODER].
ჰრქუა მას ნიკოდიმოს [HIKQN].
იტყვის მისა მიმართ ნიკოდიმოსი [თარგმან. იოანეს სახ. XII ს-ის დასაწ].
ასევე საინტერესო შედეგები მოგვცა ანთროპონიმ იოსებზე დაკვირვებამაც, პრეათონურსა და ათონურ რედაქციებში ანთროპონიმი გადმოდის „იოსები“ ფორმით, მაშინ როცა სახელის ფუძეში „φ“ თანხმოვანი (ἰωσὴφ) დასტუდება. ამ რედაქციებში მოხდა ყრუ ბგერის გამჟღერება, ხოლო ელინოფილური სტილით შესრულებულ „იოანეს სახარების განმარტების“ ქართული ვერსიის სახარების კიმენში კი ბერძნულის „φ“ შენარჩუნებულია და მთარგმნელს ანთროპონიმი გადმოაქვს „იოსიფი“ ფორმით. იტაციზმი დასტურდება მხოლოდ იმ შემთვევაში, როცა მთარგმნელს ანთროპონიმი ყრუ „ფ“ ბგერით გადმოაქვს (დედნის მსგავსად), წინააღმდეგ შემთხვევაში იტაციზმი არ გვხვდება.
იოან. 6: 42 არა ესე არსა იესუ, ძჱ იოსებისი [FGODERHIKNQ].
არა ესე არსა იისუ, ძე იოსიფისი [თარგმან. იოანეს სახ. XII ს-ის დასაწ].
καὶ ἔλεγον, οὐχ οὖτός ἐστιν ἰησοῦς ὁ υἱὸς ἰωσήφ.
იოან. 1:45 ვპოეთ იესუ, ძჱ იოსებისი , ნაზარეთით [FGODERHIKNQ].
ვპოეთ იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით გამოჲ [თარგმან. იოანეს სახ. XII ს-ის დასაწ].
ἰησοῦν υἱὸν τοῦ ἰωσὴφ τὸν ἀπὸ ναζαρέτ.
ანთროპონიმების ელიასა და ნათანაელის შემთხვევებში გაბატონებულია ფორმა იტაციზმით. არ დასტურდება ტრადიციული ფორმები. ანთროპონიმი ესაია 4-ჯერ დასტურდება, მხოლოდ ერთხელ ტრადიციული ფორმით. განვიხილოთ მაგალითები:
იოან. 1:21 და ჰკითხეს მას: და უკუე ვინ ხარ შენ? ელია ხარა? [FGODERHIK]
და ჰკიხეს მას: რაჲ უკუე? ილია ხარ შენ? [თარგმან. იოანეს სახ. XII ს-ის დასაწ].
καὶ ἠρώτησαν αὐτόν, τί οὗν; σύ ἠλίας εἶ;
იოან. 1.47 იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მომავალი მისა [FGODERHIKNQ].
იხილა იისუმან ნათანაილი მომავალი მისდა მიმართ. [ თარგმან. იოანეს სახ. XII ს-ის დასაწ].
εἶδεν ὁ ἰησοῦς τὸν ναθαναὴλ ἐρχόμενον πρὸς αὐτὸν
იოან. 1:23 წარჰმართენით გზანი უფლისანი, ვითარცა თქუა ესაია წინაჲსწარმეტყუელმან [FGODER]
განჰმზადენით გზანი უფლისანი, ვითარცა თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან [HIK]
წარჰმართეთ გზაჲ უფლისაიჲ, ვითარცა თქუა ისაია წინაწარმეტყუელმან [[თარგმან. იოანეს სახ. XII ს-ის დასაწ]
εὐθύνατε τὴν ὁδὸν κυρίου, καθὼς εἶπεν ἠσαΐας ὁ προφήτης.
რომ შევაჯამოთ, თეოფილაქტე ბულგარელის „იოანეს სახარების განმარტების“ ქართულ ვერსიაში ანთროპონიმებში ხშირად გვხვდება იტაციზმები. იმ სახელებში, რომლებიც არც ისე ხშირია სახარებაში (ელია, იოსები, ნიკოდემოსი) ფორმა იტაციზმით არის გაბატონებული, ხოლო სახელებში, რომლებიც მყარი ტრადიციითა დამკვიდრებული (იესუ, იო(ვ)ანე) იტაცისტური ფორმა სრულად ვერ ანაცვლებს არაიტაცისტურს და გამოიყენება ერთმანეთის პარალელურად.
თეოფილაქტე ბულგარელის „ლუკას სახარების განმარტების“ ქართული თარგმანის ტექსტი დაცულია XII-XIII საუკუნეებისა და XVIII საუკუნის ხელნაწერებში. „მთარგმნელად გვიანდელ ნუსხებში (A-113, A-284, A-3625) დასახელებულია იოანე ჭიმჭიმელი. ქართული თარგმანი ელინოფილური მიმართულებისაა, მაგრამ ბოლომდე ცხადი არ არის იოანე ჭიმჭიმელის ავტორობა, რადგან XII-XIII საუკუნის ხელნაწერებში ამაზე არაფერია ნათქვამი“ [სარჯველაძე, 2010:VII].
„ლუკას სახარების განმარტების“ ქართული თარგმანის სახარების კიმენი შევუდარეთ სახარების პრეათონურსა და ათონურ რედაქციებს და გამოვავლინეთ იტაციზმის შემთხვევები ანთროპონიმებში. შედარების შედეგად მივიღეთ საინტერესო შედეგები, კერძოდ, ანთროპონიმებში, რომლებიც სახარებაში ხშირად გვხვდება და მათი გამოყენების ტრადიცია ძლიერია, არ დადასტურდა იტაციზმი (განსხვავებით „იოანეს სახარების განმარტების“ ქართული ვერსიის სახარების კიმენისა). ასეთი ანთროპონიმებია: იოვანე, იესუ, ელია, იოსები, ესაია - აღნიშნული ანთროპონიმების გადმოტანისას არცერთ ბრუნვაში არ გვხვდება იტაცისტური ფორმა, ხოლო ანთროპონიმები, რომლებიც იშვიათად გამოიყენება სახარების ტექსტში და, შესაბამისად, ტრადიცია არც ისე მყარია, დადასტურდა იტაციზმით. ესენია: ჰეროდია > იროდია, ჰეროდე > იროდი (გვხვდება იტაციზმითაც და ტრადიციული ფორმითაც), რესა > რისა, სალათიელი > სალათილი, ნერი > ნირი, ერი > ირი, იობედი > ოვიდი. ამ ბოლო შემთხვევაში იტაციზმთან ერთად ასახულია ბერძნულში მომხდარი კიდევ ერთი ფონეტიკური მოვლენა: „ბ“ ბგერის გადასვლა „ვ“ ბგერაში.
განვიხილოთ მაგალითები:
ლუკ.3:19 რამეთუ ამხილებდა მას ჰეროდიაჲსთვის [ FGODERHIK]
რამეთუ ამხილებდა მას იროდიადაჲსთჳს [თარგმან. ლუკას სახ. XII ს].
ἐλεγχόμενος ὑπ᾽ αὐτοῦ περὶ ἡρῳδιάδος.
ლუკ. 23:8 ხოლო ჰეროდე, ვითარცა იხილა იესუ, განიხარა ფრიად [FGODERHIKNQ].
ხოლო იროდი მხილველმან იესუჲსმან, განიხარა ფრიად [თარგმან. ლუკას სახ. XII ს].
ὁ δὲ ἡρῴδης ἰδὼν τὸν ἰησοῦν ἐχάρη λίαν,
ლუკ. 3:27 რომელი საგონებელ იყო ძედ ....რესაჲსა, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა [ FGHIK].
რომელი საგონებელ იყო ძედ ... რისაჲსა, ზოროვაველისა, სალათილისსა, ნირისსა [თარგმან. ლუკას სახ. XII ს].
τοῦ ἰωανὰν τοῦ ῥησὰ τοῦ ζοροβαβὲλ τοῦ σαλαθιὴλ τοῦ νηρὶ.
ლუკ. 3:28 რომელი საგონებელ იყო ძედ ..... ერისა [ FGODERHIKNQ].
რომელი საგონებელ იყო ძედ .... ირისსა [[თარგმან. ლუკას სახ. XII ს].
τοῦ ἢρ
ლუკ. 3:32 რომელი საგონებელ იყო ძედ იობედისა (ობედისა) [ FGODERHIKNQ].
რომელი საგონებე იყო ძედ .... ოვიდისსა [თარგმან. ლუკას სახ. XII ს].
τοῦ ἰωβὴδ
თეოფილაქტე ბულგარელის იოანესა და ლუკას სახარებათა განმარტების ტექსტებზე დაკვირვების საფუძელზე, კერძოდ, ანთროპონიმებში იტაციზმების გამოყენების შემთხვევების საფუძველზე, გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ამ განმარტებათა მთარგმნელი სავარაუდოდ არ იქნება ერთი და იგივე პიროვნება (შევნიშნავთ იოანე პეტრიწისა და იოანე ჭიმჭიმელის იგივეობის მოსაზრებასთან დაკავშირებით). შედარებამ აჩვენა, რომ „იოანეს სახარების განმარტების“ ქართული ვერსიის სახარების კიმენის ტექსტში ტრადიციულად მყარ ფორმებშიც (იოა(ვ)ანე, იესუ, ელია, ესაია) დასტურდება იტაციზმები და ზოგ შემთხვევაში მთარგმნელი მხოლოდ იტაციზმიან ფორმას იყენებს, ხოლო „ლუკას სახარების განმარტების“ ქართული ვერსიის სახარების კიმენის ტექსტში ანთროპონიმები, რომელთა გამოყენების ტრადიცია მყარია, იტაციზმით არ გვხვდება (იო(ვ)ანე, იესუ, ესაია, ელია). იტაციზმი დასტურდება მხოლოდ იმ ანთროპონიმებში, რომლებიც სახარების ტექსტში იშვიათად გამოიყენება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთსა და იმავე მთარგმნელს ორ ტექსტში ანთროპონიმები განსხვავებულად გადმოეტანა - ერთგან იტაციზმით, მეორე შემთხვევაში - ტრადიციული ფორმით.
მაშასადამე, ყოველივე ზემოთქმული რომ შევაჯამოთ, ულტრაელინოფილური სტილით შესრულებული იოანესა და ლუკას სახარებების განმარტების ქართული ვერსიის სახარების კიმენში არაერთგზის დადასტურდა ანთროპონიმი იტაციზმით, შედარების საფუძველზე გამოვლინდა, რომ ერთსა და იმავე ანთროპონიმებში იტაციზმის გამოყენება განსხვავდება იოანესა და ლუკას სახარებების მიხედვით, კერძოდ, პირველ მათგანში ტრადიციული ფორმების გვერდით თანაბრად დასტურდება ანთროპონიმი იტაციზმით, ხოლო მეორე შემთხვევაში მხოლოდ ტრადიციულად დამკვიდრებული ფორმები გვხვდება (გარდა გამონაკლისებისა), ზოგიერთმა ანთროპონიმმა მყარად მოიკიდა ფეხი და დამკვიდრდა ქართულში, მაგალითად ელია > ილია, თუმცა ვერ დამკვიდრდა სახარების ტექსტში, რიგ შემთხვევებში კი იტაციზმიან ფორმასთან ერთად სახელი ფორმდებოდა ბრუნვის ნიშნით. რაც შეეხება პრეათონურსა და ათონურ რედაქციებს, ანთროპონიმები იტაციზმით არ დასტურდება, გარდა ერთი შემთხვევისა, სახელი ნიკოდიმოსი გიორგი მთაწმინდლისეულ რედაქციაშიც უკვე იტაციზმითაა თავჩენილი.
გამოყენებული ლიტერატურა:
დანელია, კ (1998), რამდენიმე საკითხი ბიბლიის უძველესი თარგმანის ისტორიიდან, ნარკვევები ქართული სამწერლობო ენის ისტორიიდან: ტომი 1, თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა
კვირკველია, ე (2019), სახარების XI საუკუნის ქართული ხელნაწერების კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიური ანალიზი და ოთხთავის გიორგი მთაწმინდლისეული რედაქციის ჩამოყალიბების ისტორია, თბილისი
სარჯველაძე, ს (2010), თეოფილაქტე ბულგარელი, თარგმანებაჲ ლუკას სახარებისაჲ, თბილისი: „ნეკერი“
შანიძე, ა (1954) ანტონი I-ის გავლენა სალიტერატურო ქართულზე და ძველი ქართული ენის ძეგლების ვითარება ახალი აღთქმის წიგნების გამოცემებში, თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 9, 1954
ცქიტიშვილი, თ (2010), თეოფილაქტე ბულგარელი, განმარტება იოანეს სახარებისა, I, თბილისი: „ნეკერი“.
ინტერნეტ-რესურსები:
ქართული ოთხთავის აკადემიური ტექსტის ელექტრონული ვერსია:
ლუკას სახარება:
http://ogg.tsu.ge/post/1/16
იოანეს სახარება:
http://ogg.tsu.ge/post/1/17
სახარების ძველი ბერძნული ტექსტის ელექტრონული ვერსია:
ლუკას სახარება:
https://www.academic-bible.com/en/online-bibles/novum-testamentum-graece-na-28/read-the-bible-text/bibel/Error/lesen/ch/94e29d889ca279c9ce5454a47d6f5556/?tx_buhbibelmodul_bibletext%5Bcode%5D=text_unavailable
იოანეს სახარება:
https://www.academic-bible.com/en/online-bibles/novum-testamentum-graece-na-28/read-the-bible-text/bibel/text/lesen/stelle/53/10001/19999/ch/004cdf738f7bed02b14c891d2c9d2608/
პირობითი აღნიშვნები:
F – ურბნისის ოთხთავი (XI ს, A28)
G – პალესტინური ოთხთავი (1048წ. H1741)
O – ოპიზის ოთხთავი (Ath-83, 913წ)
D – ჯრუჭის ოთხთავი (H-1660, 936 წ)
E – პარხლის ოთხთავი (A-1453, 973 წ)
R – Sin. - 30 (975)
H – ვანის ოთხთავი (A-1335, XII-XIII ს.)
I – ეჩმიაძინის ოთხთავი , XII-XIII ს.
K – გელათის ოთხთავი Q-908, XII-XIII ს.
N – Sin.19 (1074წ).
Q – Jer. – 93, (XI ს.)
d – ქურაშის ოთხთავი, XII-XIII სს.