ჟურნალი ნომერი 6 ∘ ანი ბაღდადაშვილი სიცილ-ტირილის თემა დავით გურამიშვილისა და სულხან -საბა ორბელიანის შემოქმედებაშიანი ბაღდადაშვილი
სიცილ-ტირილის თემა დავით გურამიშვილისა და სულხან -საბა ორბელიანის შემოქმედებაში
ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის ძალიან დიდ როლს ასრულებს ორი ემოცია; ესენია 1. სიცილი და 2. ტირილი. ჩვენთვის წერის საფუძველიც სწორედ ეს ორი ემოცია გახდა ლიტერატურულ კონტექსტში , კერძოდ, დავით გურამიშვილისა და სულხან საბა ორბელიანის შემოქმედების მიხედვით. საუბრის დასაწყისში ხალხურ ანდაზას მოვიშველიებთ „სიცილი გამოსავალს გაპოვნინებსო“ და ჩვენც ჩვენი კვლევით დავიწყებთ გამოსავლის ძიებას.
ხალხურ თქმულებებში ხშირად გაგვიგია ასევე „სიცილს ტირილი მოსდევსო“, „სიცილით დაკარგული ტირილით ვერ დაიბრუნესო“ ,თუ ხალხური თქმულებები ადამიანის ქვეცნობიერში ჩამალულ ყველაზე მნიშვნელოვან განწყობებსა და ემოციებს ინახავენ, გამოდის, რომ მათ რეალურად იმდენად დიდი როლი აქვთ ცხოვრებაში ,რომ მუდმივად იქცევენ ყურადღებას. მაშინ უცილობლად უნდა განვიხილოთ ეს თემა ლიტერატურულ კონტექსტში და თავდაპირველად განვიხილოთ ეპოქა,რომელშიც დავით გურამიშვილსა და სულხან-საბა ორბელიანს უწევდათ ცხოვრება-მოღვაწეობა - ეს XVII-XVIII საუკუნეებია, საქართველოს ისტორიაში არცთუ სახარბიელოდ წოდებული ხანა, როდესაც ქვეყანა დანაწევრებულია და სამეფო-სამთავროების მფლობელები აქტიურად ცდილობენ საკუთარი პირადი პოზიციებისა და გავლენების განმტკიცებას, საგარეო სივრცე კი, რა თქმა უნდა, ჩვეულად კრიტიკულად სახიფათოა ევროპა-აზიის გასაყარზე მყოფი ქვეყნისათვის.სულხან-საბა ორბელიანისა და შემდგომ უკვე დავით გურამიშვილის სიცილ-ტირილიც ამიტომ იქცევა ხოლმე არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის სიცილ-ტირილად, არამედ იმ პერიოდის საქართველოს სიცილ-ტირილის გამოძახილად, გამორჩევა უნიკალურობითა და ინიდვიდუალიზმით, რთულად ვერშესამჩნევი ექსპრესიულობით. ბუნებრივია, ყველა მათი ნაწარმოების განხილვა ჩვენთვის მეტად რთული აღმოჩნდება, შესაბამისად, შეძლებისდაგვარად შევეხებით იმ ნაწარმოებებსა და ჩანართებს, რომელნიც ჩვენთვის საინტერესონი აღმოჩენილან.
1. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს სულხან-საბა ორბელიანის იგავი “მოტირალი და მოცინარი“ და მისი „სწავლანის“ ზოგიერთი პასაჟი. ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა თეიმურაზ დოიაშვილის სტატია „მოტირალ-მოცინარი - სულხან -საბა“, რომელშიც ნათქვამია, რომ მოტირალსა და მოცინარს ერთი რამ აქვთ საერთო-წუხილი კაცთა მოდგმის მდაბალი არსებობის გამო, თუმცა რელიგიური მსოფლგანცდით მოტირალს მოსალოდნელი „საუკუნო სასჯელი“ „ასევდიანებს“, „მოცინარი“ კი არჩევანის წინაშეა-მან ან მოთქმით ტირილი უნდა დაიწყოს, ან საკუთარი „მოდუს ვივენდი“ ეძიოს. იგი საბოლოოდ კი სიცილს ირჩევს. საკითხით დაინტერესებულა ფსიქოლოგი ალექსანდრე ფრანგიშვილიც, რომელსაც მიუჩნევია, რომ „მოცინარის“ ფილოსოფია რეალისტური ფილოსოფიაა, ხოლო მოტირალის ფილოსოგია საწუთროს საქმეების დაგმობაა და საუკუნო სამსჯავროზე ,იმქვეყნიურ ცხოვრებასა და ბედნიერებაზე ლოცვაა. ჩვენი აზრით, სულხან -საბა ორბელიანთან მოცინარ-მოტირალის დაპირისპირება საყურადღებოა არა მხოლოდ იმით, რომ გვთავაზობს ორი მსოფლმხედველობის გაერთიანებას, არამედ იმითაც, რომ ორივე მსოფლმხედველობა არგუმენტირებულია, დასაბუთებული მ.გ. ვეცნობით მოტირალის მოსაზრების არგუმენტსაც [„მან ეგრე თქვა: რა ვქმნა, ეს სოფელი მოკლეა, ყოველნი კაცნი ამ საწუთროს საქმეს შვრებიან, საუკუნო სასჯელი დაუვიწყებიათ, და მით ვტირი, ყოველნი ჯოჯოხეთს იშენებენო.“] და მოტირალის მოსაზრების არგუმენტსაც [„მან ასრე თქვა: ეს სოფელი მოკლეა, ყოველნი კაცნი ავს შვრებიან, კარგს არ იქმონენ. ყოველს კაცს ვუქადაგე, ვურჩიე, ვერა დავაჯერებინე რა და აწ სიცილს ძალი მივეც. მეც რომ ზრუნვით თავი მოვიკლა, რას მარგია და ან მათი რა სარგებელია“], რაც მკითხველს მოვლენის ობიექტური აღქმის შესაძლებლობას აძლევს და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი რამაა, ამასთან ვეხებით იმასაც, რომ აქაც შეიძლება შევამჩნიოთ ის, რომ სიცილ-ტირილი განუყოფელია-ასე ვთქვათ ყოველთვის არსებობს მიზეზი სიცილისთვისაც და ტირილისთვისაც, მთავარი პერსონა ამ შემთხვევაში ადამიანია,რომელმაც თავად უნდა აირჩიოს და გადაწყვიტოს იცინოს თუ იტიროს სამყაროს გამოუსწორებლობაზე. კერძოდ, ნაწარმოებში მოყვანილი არგუმენტებისდა მიხედვით შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ სულხან-საბა ორბელიანი არჩევანის შესაძლებლობას არა მხოლოდ „მოცინარ კაცს“ აძლევს, არამედ მოტირალსაც და მკითხველს თვალწინ უშლის სიცილ-ტირილის გადაჯაჭვულობის საკითხს - სადაც სიცილია, იქვეა ტირილიც და პირუკუ, სადაც გვაქვს ტირილის მიზეზი, იქვეა სიცილის მიზეზიც, ამასთან აქ ერთი ადამიანისთვის ხსნა მწუხარებისა იპოვნება სიცილში, ხოლო მეორე (მოტირალი კაცისათვის) ხსნა მწუხარებისა იპოვნება ტირილში. ასევე, როდესაც ვსაუბრობთ სულხან-საბა ორბელიანზე უცილობლოდ უნდა მივაპყროთ ჩვენი ყურადღება მის „სწავლანს“ კერძოდ პასაჟებს „სწავლა ჯოჯოხეთისა სატანჯველისათვის“ და „სწავლა მეორედ მოსვლისა ქრისტესა“, სადაც მწერალი ქრისტიანულ მარადიულ სიცილ-ტირილის საკითხზე საუბრობს, ქრისტიანული მსოფლმხედველობით გაჟღენთილ“ სწავლანში“ მწერალი გამოხატავს ჯოჯოხეთის სატანჯველისთვის განწირული სულების მარადიულ ტირილს „ჰოი, ადამიანნო, ჯოჯოხეთი არს ერთი ცეცხლიანი ზღვა-სასოწარკვეთილებისა, გულიწყრომისა და ცრემლისა ადგილი, რომელი არა დაშრტების უკუნითი უკუნისამდე...“- შესაბამისად ჩვენ თვალნათლივ შეგვიძლია დავინახოთ, რომ თუ სულხან-საბა ორბელიანი იგავში „მოცინარი და მოტირალი“ სიცილისა და ტირილის არჩევანს სთავაზობს ადამიანს, „სწავლანის“ ამ კონკრეტულ პასაჟში კი მკითხველის თვალს მიაპყრობს ჯოჯოხეთის სატანჯველსა და მარადიული ტირილის თემას (აქ თითქოსდა „მოტირალი“ კაცის შიში ხდება- თვალნათლივ გვესახება რეალურად რისი ეშინოდა „მოტირალ“ კაცს ,რაზე ტიროდა იგი), ხოლო პასაჟში „სწავლა მეორედ მოსვლისათვის ქრისტესა“ მწერლის ყურადღება გამახვილებულია, როგორც მარადიულ ტირილზე, ასევე მარადიულ სიცილზეც, კერძოდ „განვემზადენით დღესა მას საშინელსა /და გავემზადენით აღდგომისა ჩვენისათვის და მოველოდით ქრისტესა და შევიტკბოთ მარხვა ესე მომავალი და უფროის გვიხაროდეს ზატიკობისა და დღესასწაულისა, რათა მარხვისაამის მიერ განვიწმიდოთ შებღალული სული ჩვენი და განწმენდილი მივაგებოთ ქრისტესა...“ აქ მწერალი თვალნათლივ გამოხატავს ქრისტეს შეგებების სიხარულს მართალი ადამიანებისათვის ,მარადიული სიხარულის თემას ეხება.შესაბამისად, როგორც ვხედავთ სიცილ-ტირილის თემა საკმაოდ ფართოდ და საინტერესოდაა სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებაში გნახილული და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ ნაწილს შევეხეთ მისი შემოქმედებისა, ვფიქრობთ, რომ შევძელით მნიშვნელოვან პასაჟებზე ყურადღების გამახვილება.
2. დავით გურამიშვილი კი თვისორივად აგრძელებს სულხან-საბა ორბელიანის ხაზს, მისი „დავითიანი“ და კონკრეტული პასაჟები ამის ნათელი მაგალითია, როგორც ჩანს, სულხან-საბა ორბელიანის მსგავსად დავით გურამიშვილსაც ემპირიული გამოცდილება ასაუბრებს ასე ღრმად და საფუძვლიანად სიცილ-ტირილზე:
„კარგია,თუ კაცს საწუთრო გრძლად საქმეს დააცლიდესა,
წაუბორძიკოს არ ფეხი გზასა ,რაზომსაც ვლიდესა!,
მაგრამ რაღა ვქნათ ,თუ ლხინსა სწრაფ ჭირად შეგვიცვლიდესა“.
სტროფმა ყურადღება მიიქცია იმით, რომ გვესაუბრება საწუთროს უცაბედ ცვალებადობაზე და იმაზე, რომ საწუთრო ხშირად გადააქცევს ხოლმე ლხინს ჭირად, შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანს ჰქონია მიზეზი სიცილისთვისაც (ლხინი) და ტირილისთვისაც (ჭირი), სამყაროს ცვალებადობა კი იწვევს იმას, რომ სიცილი ტირილს ცვლის და ტირილი სიცილს.
ამასთან, დავით გურამიშვილი ამგვარად მიმართავს მკითხველს :
„ღმერთმან თქვენ, ძმანო ცოცხალნო, გიხსნათ ყოვლისა ჭირითა !
გარდაგიქციოთ სიცილად , რასაც რომ ღმერთს შესტირითა;“
აქაც, მწერალი მკითხველს ლოცავს ტირილის სიცილად გადაქცევით, მისი ყურადღება გამახვილებულია მწუხარების -სიხარულად გადაქცევაზე ,მაგრამ დალოცვასთან ერთად იგი საკუთარ პიროვნულ განცდებსაც გვიზიარებს :
„ ამისთვისა ვარ მოწყენით, ვსტირი და არ მემღერების ,
პირს შემდები არს სიკვდილი არავის დაეფერების“...
“მით ცრემლი ჩემი ზღვად გახდა თვალთაგან ნაწანწკარავი“,
სწორედ ტირილის/გოდების მეშვეობით ცდილობს დავით გურამიშვილი საკუთარი უბედურების გადმოცემას.
ამ მხრივ მნიშვნელოვანია „დავით გურაიშვილისგან საწუთროს სოფლის სამდურავი“, სადაც წუთისოფლის ამაოებასა და ლხინის /ჭირად ან პირუკუ ჭირის /ლხინად გადაქცევას კვლავ ეთმობა ჩვენი ყურადღება :
„ ვიცნობ, მეც ვიყავ სოფელსა განცხრომასა და შვებასა,
მიყვარდა , კარგად მიმაჩნდა , ვცდილობდი არ გაშვებასა ,
ახლა თქვენც ხედავთ აწ ჩემსა მის გამო პირქუშევასა ,
გული დაუწვავს სახმილით სულთვქნას და უშებასა“...- განცხრომა ,შვება საწუთროს მისთვის ტირილად , სულთქვნად და უშად შეუცვლია, მსგავსი აზრის მატარებელია შემდგომი სრტოფიც:
„ ამაზედ არის ჩემი და ცრუის საწუთროს ჩხუბია,
სად კაცს არ უნდა, წარიყვანს, ყელზედ საბელი უბია ;
მისთვის ვსტირ ცხელის ცრემლითა, სველი მაქვს კალთა-უბია „
მწერალი ყველაფერთან ერთად საწუთროს ბრალს დებს იმაში, რომ მას უმეტესწილად უტირია:
„სამ-ოთხ რიგად მუხანათმან გულს ლახვარი მამაღერა.
სულ მატირა ჩემი დღენი , აროდეს არ მამღერა“
შემდგომი სტროფი კი უნიკალურია სწორედ იმით, რომ აქაც გამახვილებულია ყურადღება სიცილის ტირილად და ტირილის სიცილად გადაქცევაზე.
„ ორს მიაგებს კაცს საწუთრო , არა ერთსა დანაჯერებს ;
ხან მოაწყენს, აატირებს, ხან მოალხენს, აამღერებს.
ერთნაირად განატაროსმ ასე არვის დანაბერებს“
განსაკუთრებული ესთეტიკით გადმოგვცემს სიცილ-ტირილის საკითხს დავით გურამიშილი პასაჟში „გოდება დავითისა, საწუთროს სოფლის გამო ტირილი“ , სადაც საწუთროს შემდეგნაირად მიმართავს იგი :
„ ხარ სატირალი, არ საცინარი ,
ხარ საჭირალი, არ სალხინარი, გაქვს საწყინარი“.
ტირილის თემას ეხება მწერალი „უკვდავების იგავშიც“, სადაც ბიბლიურ პარადიგმებთან გვაქვს შეხება:
„შემოეხვივნენ გარშამო, დაუწყეს ჭრა და კოდება!
ძის დასჯისათვის დედასა მიხვდა სახმილის მოდება,
შექმნა თავს ცემა და ტყება, ტირილი, მოთქმა, გოდება“
ვფიქრობთ, რომ დავით გურამიშვილის შემოქმედებაში ტირილი თითქოს სამსახად იყოფა:1. როდესაც იგი საუბრობს სამყაროში ლხინისა და ჭირის (სიცილისა და ტირილის) ცვალებადობაზე 2. როცა ის საუბრობს საკუთარი ბედის უკუღმართობაზე და ამის გამო ტირის 3. როდესაც კაცობრიობის ყველაზე დიდი ცოდვის - იესოს გაყიდვისა და ჯვარცმის გამო ტირის.
განსაკუთრებული ექსპრესიულობით გამოირჩევა „ჯვარცმის ამბავი „ და „ ღვთისმშობლის ტირილი“ ,რომელსაც ხალხური „დატირების“ელფერი და ინტონაცია სდევს.
„მოდით, ყოველნო შვილმკვდარნო დედანო , შეიყარენით!
შემწყნარებელი აწ თქვენი მარიამ შეიწყნარენით,
ისმინეთ მისი ტირილი ,თქვენც ცრემლნი გადმოყარენით“
... პასაჟის უნიკალურობას მოწმობს ის, რომ მთელი ექსპრესიულობით, მთელი გრძნობითაა ტირილის ესთეტიკა წარმოსახული. დავით გურამიშვილისეული ღვთისმშობლის ტირილი და შემდგომი პასაჟი „ მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“ მკითხველის გულს იმთავითვე შეაგრძნობინებს ღვთისმშობლის ტირილის სიმძაფრეს, მისი ტკივილის (მწუხარების) მთავარი გამოხატვისა და გადმოცემის საშუალება სწორედ ტირილია, ტირილი, რომელიც უნდა იქცეს შემდგომ მარადიულ სიცილად, მარადიულ სიხარულად:
„ რა ესმა დედის ტირილი ძეს მიკრულს ჯვარსა ზედაო ,
შაემუღაბნა მშობელი და მისკენ გადმოხედაო.
გამოეძრახა, უბრძანა : ეჰა , ნუ მტირი დედაო!
მე წავალ, შენ ჩემ სანაცვლოდ იოანე გყვანდეს ძედაო“, შესაბამისად, დავით გურამიშვილი გადმოგვცემს რა ღვთისმშობლის სულისშემძვრელ ტირილს, იქვე გადმოგვცემს იესოს სიტყვებსაც „ნუ სტირ დედაო“ და მისივე შემოთავაზებულ გამოსავალს/ალტერნატივაც, რომელიც არამც და არამც არაა ტირილი.
ტირილის სიცილად /სიხარულად გადაქცევაა გამოხატულილ შემდგომ პასაჟში „უკვდავებისა წყაროს იგავთ ახსნა“ :
„ იესო ქრისტე ეჩვენა კართა ხშულთ მხნობთ მსხდომარესა,
გვერდ-ჭრილი ,ხელ-ფეხ ნალურსმნი იცნეს და განიხარესა.“
ბიბლიურ პასაჟს ურთავს შემოქმედებაში და ევას ტირილსაც შეგვაცნობინებს :
„ევა სტირს, ვამე წავხდეო.
მომიხდა ეშმაკთ საფრთხეო!“ [ ნზ. ანრია , „რომელ არს გოდება ,რუსულად ახ კაკ სკუშნო. გვ.244.]
რაც შეეხება სიცილს, მიუხედავად იმისა ,რომ თავად იგი ამბობს საწუთროზე „ხარ სატირალი, არ საცინარიო“, მაინც შეგვიძლია ჩვენი ყურადღების მიპყრობა მის შემოქმედებაში ლხინსა და სიცილზე, რომელიც, მართალია, ტირილზე მეტი არაა, მაგრამ მაინც გვხვდება, ძირითადად მის შესხმებში მ.გ. ავიღოთ „სხვა ხმა“, სადაც იგი მოგვიგებს :
„ მოწყალების კარო, შენს ზღურბლს მოვეკარო...
რაც მე გითხარო,შენ რით განმახარო,
მახუმრ -მამასხარო, მაცინ-მახარხარო“ (აქ შეიძლება ითქვას,რომ ერთგვარი თხოვნაა სიცილისა).
ამრიგად, ორივე მწერლის მემკვიდრეობაში სიცილისა და ტირილის ასპექტების განხილვამ გვიჩვენა მათი დამოკიდებულება სამყაროსა და საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებისადმი, არსებული ვითარებისადმი, რასაც ადამიანის ფსიქოლოგიური განწყობა უდევს საფუძლად, ასევე გამოიკვეთა ის ,რომ ორივე მწერლის შემოქმედებაში შეგვიძლია დავინახოთ ქრისტიანული მსოფლმხედველობის გავლენა, ემპირიულ გამოცდილებასთან გადაჯაჭვული მძაფრი გრძნობები ,რომლებსაც მიუხედავად გარკვეული მსგავსებებისა, აშკარად ეტყობათ ინდივიდუაილიზმი.
გამოყენებული ლიტერატურა:
ალიბეგაშვილი გიორგი, სირაძე რევაზ,სულავა ნესტან „ქართული ლიტერატურა „გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, ტომი I, თბილისი.
გურამიშვილი დავით , 2013 , “დავითიანი“ ,გამომცემლობა „Carpe Diem”, თბილისი.
ორბელიანი სულხან-საბა ,1992, „სიბრძნე სიცრუისა“,გამომცემლობა განათლება, თბილისი.
ორბელიანი სულხან-საბა, 1963, “თხზულებანი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, ტომი III, თბილისი.
დოიაშვილი თეიმურაზ „მოტირალ-მოცინარი სულხან-საბა“, www.textualscholarship.blogpost.com