English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 6 ∘ კესო კუპრაშვილი
სიკვდილის თემატიკა კონსტანტინე გამსახურდიას ნოველა ,,მკვდართან შეხვედრის“ მიხედვით

დიდი მწერალი მხოლოდ რომანების მწერალს შეიძლება ვუწოდოთ? მონუმენტური ნაწარმოებების შემქმნელს, რომელიც უხვი სიუჟეტებითა და პერსონაჟთა მრავალფეროვნებით იწონებს თავს? რა თქმა უნდა, არა, მხოლოდ ლამაზ წინადადებებს ფასი არ აქვს, თუ ღრმა შინაარსის მატარებელი არ არის. დიდი შეიძლება იყოს ნოველების, მცირე მოცულობის ნაწარმოებების, მწერალიც, რომელიც სულ 3-4 გვერდზე ატევს სათქმელს, მაგრამ ეს სათქმელი ისეთი ძლიერი და ღრმაა, რომ ბევრ რომანს უცილობლად სჯობს.
კონსტანტინე გამსახურდია სწორედ ასეთი ნოველისტია. შესანიშნავი რომანების გვერდით მან შექმნა ნოველებიც, რომლებიც თავისი თემატიკით, გადმოცემის ხერხებით, ავტორის ინდივიდუალური შტრიხებით გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში.
საზოგადოდ, XX საუკუნის სალიტერატურო კრიტიკაში დამკვირდებული იყო მოსაზრება, ,,რომ ,,ნოველათა თხზვის ხანა“ მწერლის შემოქმედების ე.წ. მოსამზადებელი ეტაპია“ [პაიჭაძე,2018:346], რაც, მცდარია, ამას კონსტანტინე გამსახურდიას ნოველებიც ნათლად მოწმობს, როგორც სრულქმნილი და ჩამოყალიბებული მხატვრული ნაწარმოებები, შინაარსისა და ფორმის გათვალისწინებით. ამ დროს, ქართულ სინამდვილეში ნოველების მწერალი ბევრი იყო, მაგრამ არა კონსტანტინე გამსახურდიას მსგავსი, მან ნოველის სტრუქტურა, ფორმა, შინაარსი, სრულებით განსხვავებულ შემოქმედებით ღერძზე ააგო და ორიგონალური წერის სტილით და იშვიათი გამომსახველობითი ფორმებით დატვირთა, მისი სამყარო არ ჰგავს შიო არაგვისპირელის, ნიკო ლორთქიფანიძის, ჭოლა ლომთათიძისა და სხვათა ლიტერატურულ გარემოს, სამყარო, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიამ თავისი ნოველებით მოიტანა, განსხვავებულია.
სანამ უშუალოდ ნოველაზე გადავიდოდეთ, ვფიქრობ, აუცილებელია ორიოდე სიტყვით შევეხოთ იმ ისტორიას და გარემოებას, რომელმაც ხელი შეუწყო ჩამოყალიბებულიყო ის მსოფლმხედველობა, რომელიც საფუძვლად უდევს ნოველას ,,მკვდართან შეხვედრა“.
კონსტანტინე გამსახურდიამ უმაღლესი განათლება ევროპაში მიიღო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიაში ყოფნის წლები. სამშობლოში დაბრუნებისას ევროპიდან საუკეთესო და ,,ნარჩევი“ ცოდნა წამოიღო ჩვენი ლიტერატურის განსავითარებლად. მისი მიზანი ნათელი იყო , ,,კარგად ესმოდა, რომ პროვინციული კარჩაკეტილობიდან თავის დასაღწევად აუცილებელი იყო იმჟამინდელ ევროპულ ლიტერატურაში აღზევებული მოდერნისტული მიმდინარეობების ფართოდ დამკვიდრება ჩვენს ლიტერატურაში“ [პაიჭაძე,2018:340]. ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს მწერალს ამ ყველაფრის გაკეთება ეროვნულის განადგურების ხარჯზე სურდა, ეს არასწორი იქნება. კონსტანტინე გამსახურდია ეროვნულ ნიადაგზე აღზრდილი, ეროვნული სულისკვეთებითა და სამშობლოს სიყვარულით ნასაზრდოები იყო და კარგად ესმოდა ნაციონალური ღირებულებების ფასი. მას სურდა, უკვე არსებულზე, ეროვნულსა და ტრადიციულზე დაეშენებინა ახალი და მოდერნისტული, ისე, რომ ორივე მხარეს საკუთარი იდენტობა შეენარჩუნებინა. თავად მწერლის პიროვნებაშიც ეს ორი, რადიკალურად განსხვავებული საწყისი თანაარსებობდა. სოსო სიგუა მასზე წერდა: ,,ამ დიდი შემოქმედის სულში ორი საწყისი ებრძოდა და ერწყმოდა ერთმანეთს. ატარებდა ხან კავკასიურ ჩოხა ახალუხს,ხან ევროპულ კოსტუმს, ხან ცილინდრსა და ხელჯოხს, ხან-ბოხოხსა და ხანჯალს.“(ინტერნეტრესურსი), გასაკვირი არც არის, რომ ენციკლოპედიურად განსწავლულ მწერალს, იმ დროის ევროპულ მოწინავე სულისკვეთებას ნაზიარებს, ესმოდა რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული სფეროს განვითარება. თან ჩამოიყოლა ევროპული სკოლების ლიტერატურული გავლენები, განსაკუთრებით ექსპრესიონისტული, ყველაფერი ერთად, განათლება, გამოცდილება, ევროპული მოდერნისტულ-ექსპრესიონისტული აზროვნება, ქართულ ქურაში გამოწვა, ეროვნულ ნიადაგს დააყრდნო და შექმნა მშობლიურისა და უცხოს შესანიშნავი ნაზავი, რაც ყველაზე კარგად მის ადრეულ შემოქმედებაში, კერძოდ, ნოველებში ცნაურდება.
სიკვდილის თემა მხატვრულ ნაწარმოებში ფაქიზ მიდგომას საჭიროებს, რთულია, მწერალმა არ შექმნას შემზარავი სურათი სიკვდილისა, რადგან თავად ეს მოვლენაა შემზარავი და ვერანაირი მსუბუქი საუბარი ან აღწერა ვერ ჩრდილავს მის რეალურ სახეს. ადამიანიც გარდაცვალების მიმართ საოცრად მგრძნობიარეა. სიკვდილის სურათის ტექსტში დახატვით ავტორი უნდა ეცადოს, გავლენა მოახდინოს მკითხველის სულიერ მდგომარეობაზე და თითოეულ მათგანს აჩვენოს, რომ დიახ, ჩვენ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, მაგრამ ეს ფაქტი არ არის ტრაგიკული, ტრაგიკული არის ის, როცა შენი გარდაცვალების შემდეგ არაფერი რჩება და შენი სიკვდილიც ისეთივე უაზროა, როგორიც სიცოცხლე იყო. სიკვდილთან შეხვედრა რთულია, განსაკუთრებით სხვის სიკვდილთან შეხვედრა. გეუფლება უსუსურობის, სასოწარკვეთილების გრძნობა, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ წარმოიდგენ შენს თავს ამ მდგომარეობაში, მეორე მხრივ, იმიტომ, რომ არ შეგიძლია დახმარება, არ შეგიძლია ამ სურათის შეცვლა. გეუფლება უარყოფითი ემოცია, რომლისგან თავის დაღწევაც ძალიან რთულია.
ნოველა ,,მკვდართან შეხვედრა“ კონსტანტინე გამსახურდიას დეკადენტური გატაცების ერთ-ერთი პირველი ნიმუშია, ექსპრესიონისტული მსოფლაღქმის კლასიკური მაგალითი. სიუჟეტი ვითარდება ტყეში, სადაც ერთი ახალგაზრდა გამორიდებულია დამქანცველ ყოველდღიურობას და ეძებს სიმშვიდეს. მოულოდნელად შეხვდება ხეზე ჩამოკიდებულ მკვდარს და ეს შეხვედრა დიდი ცვლილებების დასაწყისის საფუძველი ხდება. პერსონაჟი დგას, აკვირდება ამ შემზარავ სურათს, თითქოს ესმის კიდეც მკვდრის თხოვნა, რომ ჩამოხსნას ხიდან და მიწაზე დაასვენოს, მაგრამ ამისთვის ძალ არ ყოფნის და შეშინებული გამორბის, ,,აქედან იწყება გაუარესება მძაფრი შეგრძნების და სამყაროსთან შეუთავსებლობის, ადამიანის არარაობის ცალსახა განცდა“ [პაიჭაძე,2018:348]. სახლში მისულს მოსვენება ეკარგება, ვერ იძინებს, ვერაფერზე ფიქრობს, გარდა მიცვალებულისა, სინდისი ქენჯნის, რომ მისი თხოვნა ვერ აასრულა და შიგნიდან თავისი უსუსურობა, უმწეობა უღრღნის გულს.
მოქმედებები საკმაოდ დინამიკურად ვითარდება. ეპიზოდი, როდესაც პერსონაჟი თანდათან უახლოვდება ხეზე ჩამოკიდებულ ადამიანს, საოცრად დაძაბული და ემოციურია, მოკლე ფრაზები ერთმანეთზე მიჯრითაა მიწყობილი, სიტყვებს შორის ამოსუნთქვას ვერ ასწრებ, გული გეკუმშება და ემოციურად დაზაფრული მთავარ გმირთან ერთად ხდები საბოლოო სურათის თვითმხილველიც, რჩები სიკვდილთან მარტო, უმწეო და დაუცველი. ,,მკვდართან შეხვედრა“ვითარდება, როგორც გრძნობათა ლტოლვის, აზრთა სწრაფი მოძრაობა-ცვალებადობის გამოვლინება. თხრობის ხაზი განიცდის ბოლომდე გაურკვეველ ვიბრაციას“ [კიკაჩეიშვილი,1982:29].
შინაარსი ერთი შეხედვით მარტივია, თხრობის სტილი-სადა, არ გვხვდება თვალწარმტაცი ბუნების სურათები, რთული ფრაზები, მეტაფორები. ავტორი თავს არიდებს სიუჟეტის ზედმეტ განშტოებებს, უსარგებლო პარალელებს. რეალურად, ეს ყველაფერი მოჩვენებითია და ნოველის სირთულეც მის ზედაპირულ ,,სიმარტივეშია“. სიღრმეში უამრავი მნიშვნელოვანი დეტალი იმალება და ბევრი გასაღები მოდერნიზმის კარის გასაღებად.
სურათი რეალურად საკმაოდ რთული და დეტალურად გასაანალიზებელია. ,,კ.გამსახურდიას შემოქმედებას ორი აზრობრივი განზომილება აქვს-პირველი, უშუალოდ თვალხილული და იმთავითვე იოლად შესაცნობი და მეორე, ღრმა და შინაგანი ქვეტექსტური მინიშნებებითა და დაშიფრული სახე-სიმბოლოებით გამოხატული“ [ნიკოლეიშვილი, 2012: 444}. ამ მხრივ საყურადღებოა მკვდრის თვალები, უსიცოცხლო, სინათლედაკარგული თვალები, სიკვდილის სიმბოლოდ ქცეული. ,,თვალები ოდნავ ღია დარჩენია. სიკვდილი ტრიუმფით შესულა თვალების ჭიშკარში და სინათლე გაუნადგურებია.“ ციტატით ყველაფერი ნათქვამია, ასე მაღალმხატვრულად და ექსპრესიულად გვიხატავს ავტორი სიკვდილის შემზარავ სურათს.
ნოველის დასაწყისში გმირი გამორბის ქალაქიდან, სურვილი აქვს, შეისვენოს, ამოისუნთქოს, არ ამჟღავნებს ურთიერთობის სურვილს საზოგადოებასთან. თუმცა, მარტო არც ტყეში რჩება. აქ საინტერესოა ტექსტში შემოყვანილი შეყვარებული წყვილი. იქმნება ორი ურთიერთსაპირისპირო მხარე/სახე, ერთი-დაღლილი, თავის თავში ჩაკეტილი, დაბნეული, გაორებული ადამიანისა და მეორე-შეყვარებული, ხალისიანი წყვილისა. ერთი გამოერიდა ქალაქს, რადგან დაიღალა ყველაფრის უსაგნობით, მეორე გამოერიდა ქალაქს თავისუფლებისთვის, რათა დაუფარავად გამოამჟღავნოს თავისი გრძნობები. ბოლოს, ტყე მთავარი გმირისთვის ხდება სასაფლაო, სიკვდილისა და ამაოების ადგილი, შეყვარებული წყვილისთვის კი, განმარტოების, მყუდროების, თავდავიწყებისა და მჩქეფარე სიცოცხლის ადგილი. ამ ხერხით კონსტანტინე გამსახურდიამ დაგვიხატა სამყაროს ორი საწყისის მუდმივი ჭიდილისა და თანაარსებობის სურათი და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ იქ, სადაც არის უბედური, არის ბედნიერიც, იქ, სადაც არის სიკეთე, არის ბოროტება და იქ, სადაც არის სიცოცხლე, არის სიკვდილიც.
ნოველაში ვხედავთ პერსონაჟის სულიერი მდგომარეობის გრადაციის ნათელ გამოვლინებას. პერსონაჟის ფსიქიკა შესაბამისად ეხმაურება შემზარავი სურათის ნახვას, ექცევა რთულ მდგომარეობაში და ცდილობს დაძლიოს ეს სირთულე, მაგრამ ამაოდ, მას ვერ შველის ადამიანის ყველაზე უსაფრთხო ადგილიც კი, საკუთარი სახლი. ტყიდან გამოქცეულს იმედი აქვს, რომ დაივიწყებს ნანახს და ეს გაქცევა ყველაფერს მოაგვარებს. მთავარი გმირისთვის უკან დახევა უცხო არ არის, ამას თავადაც აღიარებს: ,,გავიქეცი, გავიქეცი მე მშიშარა. ისე როგორც ბავშვობისას ეკლესიიდან გავქცეულვარ ხოლმე“ [გამსახურდია,1959:13]. გაქცევა გმირის სულიერი მდგომარეობისთვის, მისი ბუნებისთვის მისაღები ნორმაა. მაგრამ გაქცეულ ადამიანს ხომ ყველაზე მკაცრად სთხოვს ცხოვრება პასუხს.
ნოველის ბოლო სურათი ყველაზე საყურადღებო და ამაღელვებელია. ადამიანი ყველაზე მარტოსული და დაუცველი თავის საწოლშია, ძილის წინ, ფიქრებში გართული. ეს ის დროა, როდესაც თითოეული შენი იმდღევანდელი ქმედება წარსდგება სამსჯავროზე და უნდა გადააფასო კარგიც და ცუდიც, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს. ათასი ფიქრი ტრიალებს შენს თავში და თითქოს დაძაბულობისგან საცაა გული წაგივა, ვერ უმკლავდები და ეს ჭიდილი გაცილებით რთულია, როდესაც უპატიებელი საქმის განსჯის დრო დგება. მთავარი გმირი ვერ პატიობს საკუთარ თავს გაქცევას, შიშს, რომ ვერ აუსრულა მიცვალებულს თხოვნა და არ ჩამოხსნა ხიდან, მიატოვა, მხეცთა სამსხვერპლოდ.
მოქმედება დროისა და სივრცის უკიდურესად ლოკალიზებულ ფარგლებში მიმდინარეობს და დასრულებასაც კი ასწრებს, იწყება საღამოს და სრულდება ღამის 12 საათისთვის. საინტერესოა სივრცის თანდათანობითი დავიწროებაც, პერსონაჟი ქალაქის გარეუბნის სივრციდან ოთხ კედელს შუა არსებულ პატარა სივრცეში ხვდება.
,,კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გამოხატული ადამიანის სპეციფიკურ ნიშანს მასში რაღაც ზოგადმნიშვნელოვანის არსებობა წარმოადგენს. მაშინაც კი, როცა გმირი პირად გრძნობათა სიღრმეშია ჩაფლული, იგი რაღაც თვალსაზრისით, მაინც ეროვნულ თუ ზოგადკაცობრიული ტკივილებისა და ინტერესების გამომხატველია“ [კიკაჩეიშვილი, 1982: 47-48}. მართლაც , პერსონაჟის განცდა ფართო ფილოსოფიური განსჯისა და განზოგადების მასშტაბს და საბოლოოდ ამგვარად შეჯამებული დასკვნის სახეს იღებს, რომ ადამიანს თანამგრძნობი არავინ ჰყავს, რომ ადამიანი განწირულია მარტოობისთვის როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდეგაც, რომ მოჩვენებითი გამბედაობის უკან ყოველთვის ადამიანური სიმხდალე იმალება და რომ ,,ჩვენ ყველანი საგნების თოკზე ვკიდივართ დღე და ღამ და გამვლელ-გამომვლელს, ვეღრიჯებით: "ძირს ჩამომიღე, დამასვენე, შე ქრისტიანო"[გამსახურდია, 1959: 13}. ნაწარმოების უმთავრესი მიზანიც ეს აზრობრივი ქვეტექსტი და მხატვრულ-ფილოსოფიური მსჯელობაა.
დასასრულს, აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება. კონსტანტინე გამსახურდია სხვა მწერლებისაგან გამოირჩევა წერის სტილის თავისებურებით. რეალურ ცხოვრებაში ის საოცრად თამამი, მებრძოლი, ამაყი ადამიანი იყო და ეს ეტყობა მის ნაწარმოებებსაც. კითხულობ სიტყვებს, წინადადებებს და თითქოს შენ თვალწინ ეს ადამიანი ცოცხლდება, გესმის როგორ მეტყველებს, როგორ გესაუბრება თავისი დარბაისლური, თავდაჯერებული ტონით, როგორი გამომეტყველებით გიყურებს და ეს სხვა არაფერია, თუ არა ჭეშმარიტი ნიჭი მწერლისა და დასტური მისი გენიალურობისა.
ამგვარად, კონსტანტინე გამსახურდიას სახით ქართულ ლიტერატურულ სივრცეში გვყავს ქართული ორიგინალური ნოველის ფუძემდებელი, საოცარი ნიჭით დაჯილდოებული მწერალი, უჩვეულო შემოქმედებითი ენერგიით სავსე, რომელმაც ოქროს მელნით დამსახურებულად ჩაწერა საკუთარი სახელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ მწერლობაში.

 

 

 

 

 


გამოყენებული ლიტერატურა:

გამსახურდია კ. 1959, ,,რჩეული თხზულებანი“,ტომი II,თბილისი;
კიკაჩეიშვილი თ. 1982, ,,კონსტანტინე გამსახურდიას მხატვრული პროზის პოეტიკა“, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა,თბილისი;
ნიკოლეიშვილი ა. 2012, ,,ქართული ლიტერატურა“,ტომი III,გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე“;
პაიჭაძე თ. 2018, ,,მოდერნიზმი და ქართული ლიტერატურა ტექსტი,როგორც კულტურა“,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,თბილისი;
სიგუა ს.- ,,ქართული სული ევროპული თვალთახედვით“(https://burusi.wordpress.com/2014/04/17/gamsakhurdia-2/) ;
,,უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია“,ავტორთა კოლექტივი,თბილისი,1994

 


bahçe dekorasyonu evde ek gelir eskişehir haber sondakika haberleri magazin haberleri seo sorgulama site analiz seo analiz google sıra bulucu backlink sorgulama sunucu tarama çekiliş çekiliş sitesi Who is html kod şifreleme seo hacklink hacklink satış hacklink panel youtube video indir instagram video indir facebook video indir wso shell php shell hacklink hacklink panel hızlı seo hacklink seo nedir wso shell instagram takipçi hilesi instagram takipçi hilesi
Warning: file_get_contents(): php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known in /var/www/html/index.php on line 108

Warning: file_get_contents(https://seolink.in/data.php?x=asj.tsu.ge): failed to open stream: php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known in /var/www/html/index.php on line 108