ჟურნალი ნომერი 6 ∘ ირინა ნოზაძე ევგენი ზამიატინის რომანის „ჩვენ“ იდეურ-მხატვრული ასპექტებისამეცნიერო ლიტერატურაში ერთხმადაა აღიარებული, რომ XX საუკუნის დიდი რუსი მწერალი კრიტიკოსი, პუბლიცისტი – ევგენი ზამიატინი ანტიუტოპიის ჟანრის ფუძემდებლად შეიძლება იქნეს მიჩნეული. მისი რომანი „ჩვენ“ სოციალური ფანტასტიკის ერთ-ერთი ქვეჟანრის – ანტიუტოპიის საუკეთესო ნიმუშია.
რომანი „ჩვენ“ მწერლის ინგლისიდან რევოლუციური განწყობით აღვსილ რუსეთში დაბრუნებიდან მალევე – 1920 წელს დაიწერა (ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ტექსტზე მუშაობა 1921 წლამდე გაგრძელდა). საბჭოთა რუსეთის ცენზურის პირობებში რომანის სამშობლოში გამოქვეყნება შეუძლებელი შეიქნა, თუმცა მწერალი მას ლიტერატურულ საღამოებზე კითხულობდა მოსკოვსა და ლენინგრადში. ამგვარად, რომანმა დიდი ინტერესი გამოიწვია და ხელნაწერის სახით გავრცელდა [ინტერნეტრესურსი 1].
თავის მხრივ, 1921 წელი მეტად რთული და წინააღმდეგობრივი ხასიათისა იყო. საბჭოთა რუსი მწერლისა და ჟურნალისტის, კ. ფედინის (1892-1977) თვალსაზრისით, ეს გახლდათ რევოლუციის ყველაზე გაურკვეველი წელი. სწორედ ამ დროს, ზამიატინის სტატია „მეშინია“ შეფასდა როგორც მომავლისადმი ღრმად პესიმისტური განწყობით აღსავსე. ის სტატიაში გამოთქვამს წუხილს, რომ რევოლუციის წლებში სამწერლობო ასპარეზზე „დაწინაურდნენ“ „გაქნილი“, აწმყოს შემყურე მწერლები, რომელთაც სულაც არ ანაღვლებდათ რა თემაზე დაწერდნენ, ოღონდაც ამ საქმეში ფული აეღოთ; დანარჩენი მწერლები კი გაჩუმებულები იყვნენ. ზამიატინი დარწმუნებული იყო, რომ ნამდვილ ლიტერატურას ქმნიდნენ არა მორჩილი მოხელეები, არამედ, „შეშლილები, განდეგილები, ერეტიკოსები, მეოცნებენი, მეამბოხენი და სკეპტიკოსები“. სწორედ მათ ძალუძთ დააშრონ ჭაობი და არ მისცენ საზოგადოებას გაჩუმების, თვითგანადგურების საშუალება: „მეშინია, რომ რუსული ლიტერატურის მომავალი მხოლოდ წარსულშია“ [ინტერნეტრესურსი 1].
1929 წელს „ჩვენ“ გამოიყენეს ევგ. ზამიატინის, როგორც მწერლის, მასობრივი კრიტიკისთვის. რომანი დაწერიდან მხოლოდ 70 წლის შემდეგ დაიბეჭდა რუსეთში, ჟურნალში „Знамя“ [ნარკვევები..., 2006: 96].
ზამიატინის ორგვარი საქმიანობა – თუ ორი სახის გატაცება: გემთმშენებლობა და მწერლობა – გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთმანეთთან თანხმობაში მოდიოდა. მწერალი თავის ორმაგ ცხოვრებას „ამფიბიურს“ უწოდებდა: „ამფიბიას, როგორც ცნობილია, ორმაგი ცხოვრება აქვს, ის ორგვარად მცხოვრებია, ასევე ორგვარია მისი სუნთქვაც: ხმელეთსა და წყალში“. სწორედ ასე ცხოვრობდა ის ორ სტიქიას შორის: „მაგიდაზე ერთდროულად მეწყო, ერთი მხრივ, ხომალდის გემბანის პროექტის ფურცლები, ხოლო მეორე მხრივ, – ჩემი პირველი მოთხრობის ფურცლები“. [ინტერნეტრესურსი 3]. საგულისხმოა, რომ ზამიატინის ადგილი ლიტერატურაში ისეთივე გაურკვეველი, ორმაგი აღმოჩნდა, როგორც მისი ცხოვრების თითქმის ყველა დეტალი. ევროპაში რუსი იყო, რუსეთში ევროპელად მიიჩნევდნენ. რუსი კრიტიკოსები მასში ევროპელს ხედავდნენ, სტილისტს, რომელიც ღვარჭნილობისა და ექსცენტრულობისკენ მიისწრაფოდა, ევროპელი კრიტიკოსები კი მოიაზრებდნენ, როგორც ძირძველ რუს მწერალს, გოგოლის, დოსტოევსკისა და ლესკოვის ტრადიციების გამგრძელებელს, რუსული ზნე-ჩვეულებების გამომხატველს [Давыдова, 2014: 27].
სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ზამიატინი ანტიუტოპიის ჟანრის ფუძემდებლად გვევლინება, ისევე, როგორც თომას მორი უტოპიის ჟანრისა. თუმცა, აღნიშნულში ერთგვარ უზუსტობას ვაწყდებით, მორის სახელს მხოლოდ ტერმინი „უტოპია“ უკავშირდება. საკუთრივ უტოპიები მასზე გაცილებით ადრე არსებობდა; საკმარისია დავასახელოთ პლატონის „სახელმწიფო“. მსგავსად, ანტიუტოპიის ელემენტები შეიძლება დავძებნოთ ზამიატინამდეც – სვიფტის, ჟიულ ვერნისა და ჰერბერტ უელსის შემოქმედებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯეკ ლონდონის „რკინის ქუსლზე“. და მაინც, ზამიატინმა ნამდვილად გულმოდგინედ შექმნა პირველი ტექნიკურად შემუშავებული და შემოწმებული მოდელი ახალი, მაგრამ არაც და არამც, მშვენიერი სამყაროსი. როგორც ოლდოს ჰაქსლი , ისე ჯორჯ ორუელი, სწორედ აღნიშნულ მოდელს ეყრდნობოდნენ (თუმცა, ჰაქსლი არ აღიარებდა, რომ გაეცნო ზამიატინის რომანს, განსხვავებით ორუელისგან, რომელმაც რომანი „ჩვენ“ არათუ წაიკითხა, არამედ, მისი რეცენზიაც დაწერა. ცალსახაა, რომ ორუელმა ზამიატინისგან ისესხა არა მარტო სიუჟეტი და მთავარი მოქმედი გმირები, არამედ, მათ მიერ აღწერილი საზოგადოების მრავალი მახასიათებელი). ამერიკელი მწერალი, დრამატურგი და ესეისტი კურტ ვონეგუტი ჟურნალ “Playboy”-სთან ინტერვიუში თავის „მექანიკურ ფორტეპიანოზე“ („Player Piano“) საუბრისას, აღნიშნავდა, რომ მისი რომანი ვალშია ზამიატინის რომანთან: „მე უდარდელად „ავაცალე“ ფაბულა „საოცარ ახალ სამყაროს“, რომლის ფაბულაც ასეთივე უდარდელობით „ააცალეს“ ევგ. ზამიატინის რომანს – „ჩვენ“ [W. R. Allen, 1999: 93].
ჯორჯ ორუელი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიჩნევდა თავს ზამიატინის რომანის „ჩვენ“ მემკვიდრედ, ზუსტად გააცნობიერა რა მისი ორიგინალურობის არსი, რომანის მოკლე, მაგრამ ზუსტი რეცენზიის დასკვნაში. „1906 წელს სამეფო მმართველობამ დააპატიმრა, – წერდა ორუელი, – ამ დროისთვის მას არ ჰქონდა არანაირი მიზეზი აღფრთოვანებულიყო არსებული პოლიტიკური რეჟიმით, ამასთან, მისი რომანი მხოლოდ სიბრაზის შედეგი არ ყოფილა. ესაა ერთგვარი გამოკვლევა „მანქანა-ჯინისა“, რომელიც ადამიანმა დაუფიქრებლად გამოუშვა ბოთლიდან, ახლა კი ვეღარ ახერხებს მის უკან დაბრუნებას“. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ორუელი ცნებაში „მანქანა“ მხოლოდ ტექნოლოგიის უკონტროლო განვითარების პროცესს გულისხმობდა. „მანქანად“, ე.ი. უსულო და უკონტროლო საგნად, თავად ადამიანთა ცივილიზაცია იქცა XX საუკუნეში. ორუელმა, რომელმაც ანტიუტოპია XX საუკუნის პირველ ნახევარში შეაჯამა, უკვე მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას უწყოდა „მანქანის“ არაადამიანური ბუნების, ოსვენციმისა თუ გულაგის შესახებ [ინტერნეტრესურსი 2].
თავის რეცენზიაში ორუელმა ყურადღება გაამახვილა რომანის „მხატვრულ ღირებულებაზე, ტოტალიტარიზმის ირაციონალურობის წინასწარგანჭვრეტაზე“. ამ სიტყვების დაწერიდან სამი წლის შემდეგ, მან გამოაქვეყნა ანტიუტოპიური რომანი „1984“, რომლის მთავარი პერსონაჟი, სახელად უინსტონი, მომავლის ქალაქში ცხოვრობს. „ჩვენ“ და „1984“ მრავალი მსგავსების დაძებნის საშუალებას გვაძლევს. როგორც Д-503, ისე უინსტონი უძლურნი არიან, წინ აღუდგნენ სახელმწიფოს ფილოსოფიას. ორივე რომანში თავისუფლება გააზრებულია ბოროტებად და მოწესრიგებული ცხოვრების მტრად. რომანში „ჩვენ“ ეს იდეა შემდეგი სახით გვხვდება: „როცა ადამიანები ჯერ კიდევ თავისუფალნი ცხოვრობდნენ, ეს იყო არორგანიზებული პრიმიტიულობის მდგომარეობა“. „1984“-ში კი მჟღავნდება პარტიის მიერ მრავალჯერ განმეორებული დევიზით: „ომი მშვიდობაა, თავისუფლება – მონობა, უმეცრება – ძალა“ [ინტერნეტრესურსი 3].
საგულისხმოა, რომ ზამიატინი დიდ ყურადღებას აქცევდა გოეთეს „ფაუსტს“. მწერალმა ის წარმოიდგინა როგორც ტექსტი-თაურსაწყისი, გმირთა სახეები კი, როგორც მითოპოეტური ხასიათისა. შედეგად, „ფაუსტური“ მოტივები რომანში „ჩვენ“ გადამუშავდა ენტროპიული (აპოლონური) და ენერგიული (დიონისური) პრინციპების საწინააღმდეგოდ და შეიქმნა მნიშვნელოვანწილად, „ანტიფაუსტური“ რომანი. თუმცა, საგულისხმოა, რომ „Литературная газета“-ს 1929 წლის 24 სექტემბრის ნომერში ზამიატინმა თავის ერთ-ერთ წერილში პარადოქსულად უწოდა რომანის მოწინავე იდეებს „ფაუსტური“: „რა უნდათ ჩემგან? ამ „ფაუსტური“ იდეების უარყოფა, დაუსრულებელ რევოლუციურ იდეებზე, ადამიანის მექანიზაციის საწინააღმდეგო პროტესტზე უარის თქმა, ყოველგვარი კონსერვატიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აღმოფხვრა?“ ექვსი წლით ადრე, ზამიატინი სტატიაში „ახალი რუსული პროზა“ („Новая русская проза“) აღნიშნავდა, რომ „თავისუფლებისა და თანასწორობის ანტინომია რეალურია, ეს „ფაუსტიდან“ მომდინარეობს“. სწორედ გოეთეს გმირმა ფაუსტმა განასახიერა ზამიატინისთვის ენერგიული პროტესტი, კონსერვატიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, თავისუფლებისკენ სწრაფვა (რუსულიდან თარგმანი ჩემია – ი. ნ.) [Давыдова, 2014: 384].
საგულისხმოა, რომ ერთიანი სახელმწიფოს ფილოსოფია პიროვნულობის შეზღუდვისკენაა მიმართული, რის მისაღწევადაც ძალმომრეობით დიქტატურას იყენებს. დეჰუმანიზაცია ბედნიერების ილუზიას ქმნის, რის საფუძველზეც ყველას ბრმად სწამს მწყალობლის. ნორმალური ადამიანების უსახურ ნომრებად გადაქცევას შედეგად განსხვავებული აზრის არარსებობა და მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა მოჰყვება. დასმენა მსხვერპლშეწირვის ერთ-ერთი უმაღლესი ფორმაა, ამასთან, ნებისმიერს შეუძლია ერთიანი სახელმწიფოს მშვენიერებისა და სიდიადის აღსაწერად შეადგინოს ტრაქტატი ან შექმნას პოემა. ადამიანი დამჯერ რობოტს ემსგავსება და საერთო შაბლონისა და სტანდარტის ნაწილი ხდება. პიროვნულობის გამომხატველი თვისებების გამოვლენა დანაშაულად ითვლება, აუცილებელია არარაობად ქცევა, ვინაიდან, ინდივიდუალურობა დაავადებაა – „გაღიზიანებული თვალი, დაჩირქებული თითი, მტკივანი კბილი“ (რუსულიდან თარგმანი ჩემია – ი. ნ.) [ინტერნეტრესურსი 4].
რომანში დიქტატორის – მწყალობლის გროტესკული სახეა დახატული: უემოციო, მეტალის ფიგურის მსგავსი. მისი ყოველი მოქმედების მოტივი შიშია. მწერალი მწყალობლის შინაგან სიცარიელესა და მეწვრილმანეობას, მისი გრძნობების პრიმიტიულობასა და უბადრუკობას უსვამს ხაზს. მის მიერ შემუშავებული ბედნიერების იდეა მოგვაგონებს ფ. დოსტოევსკის „დიდ ინკვიზიტორს“. როგორც ო. მიხაილოვი მიიჩნევს, სწორედ ამასთანაა დაკავშირებული ის ფაქტი, რომ ევგ. ზამიატინი თავის რომანს „სახუმაროს“ უწოდებს. სავარაუდოა, რომ აქ ადგილი ჰქონდეს „გონების თავისუფალ თამაშს, დოსტოევსკისეული თემების ვარიაციას“. დიდი ინკვიზიტორი საუბრობდა საყოველთაო ბედნიერებაზე, რასაც ზამიატინმა ხორცი შეასხა თავის რომანში: ამქვეყნიური სამოთხე ინკვიზიტორის რეცეპტის მიხედვითაა შექმნილი (მოთხოვნა, რომ საზოგადოებაში არსებობდეს თაყვანისცემის საჭიროება, საყოველთაო მთლიანობა, მორჩილებაში ცხოვრების ინსტინქტი). მწერლის მიერ შესანიშნავადაა დემონსტრირებული ძალდატანებითი ბედნიერების ფილოსოფია. ქრისტიანული მრწამსით, ადამიანისთვის უძვირფასესი თავისუფლება ბოდვად მოგვევლინა: ადამიანები სიხარულით თანხმდებიან თავისუფლების დათმობას არა მხოლოდ პურის, არამედ, სასტიკი წესის სანაცვლოდაც. მწყალობელი თვლიდა, რომ ხალხისთვის სიკეთის მოტანა მათთვის თავისუფლების ჩამორთმევით და მათზე ბატონობით მიიღწეოდა. ს.პ. რემიზოვა-დოვგელოს ალბომში რომანთან დაკავშირებით ასეთი წარწერაა გაკეთებული: „ძველი ლეგენდა სამოთხეზე – არსებითად ჩვენზეა, აწმყოზე და ღრმა აზრის მატარებელია. დაფიქრდით: სამოთხეში წარმოდგენილი იყო ორი არჩევანი – ბედნიერება თავისუფლების გარეშე, ან თავისუფლება ბედნიერების გარეშე; მესამე არჩევანი არ არსებობს. არჩეულ იქნა თავისუფლება, რის შედეგადაც ყველა ბორკილებით შეიმოსა“. ტყვეობის ტვირთი ადამიანური ბედნიერების გარანტია, რომელსაც მწყალობელი ხელმძღვანელობს. პოეტ R-13-ის მიერ მოთხრობილი „ძველი ლეგენდა სამოთხეზე“ (არჩევანი: ან „თავისუფლება ბედნიერების გარეშე, ან ბედნიერება თავისუფლების გარეშე“) იმ თეზისს ამყარებს, რომ ადამიანმა თავისუფლებას მიანიჭა უპირატესობა, თუმცა, სანაცვლოდ ბორკილებდადებული აღმოჩნდა [ინტერნეტრესურსი 4].
ვ. ა. ნედზვეტსკი ვარაუდობს, რომ მწყალობლის სახე და რომანის ის თავი, რომელიც ერთიან სახელმწიფოს შეეხება, მსგავსებას ავლენს ვლადიმერ სოლოვიოვის „სამ ამბავთან“ („Три разговора“). კერძოდ კი, იგულისხმება მისი „მოთხრობა ანტიქრისტეზე“ („Повесть об Антихристе“), რომელშიც განმგებელი ადამიანთა მოდგმის მწყალობლადაა დასახელებული. ის თავს ზეკაცად და სამყაროს ახალ მხსნელად მიიჩნევს. სოლოვიოვის გმირი ქრისტეს უტოლებს თავს და მიზნად ისახავს, ბედნიერების ქრისტიანული გაგებით, ხალხის გაბედნიერებას. მე ხალხს ყველაფერს მივცემ, – ამბობს იგი, – რაც საჭიროა. ზრუნავს, რომ ყველა თანაბრად დანაყრებული იყოს. ზამიატინთან მწყალობელმა ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებზე იზრუნა: ხალხი ხელოვნური საკვებით დააპურა (გამოიგონეს ნავთობისგან დამზადებული საკვები), შემოიღო ვარდისფერი ტალონები ფიზიკური სიახლოვისთვის. მოახდინა შიმშილისა და სიყვარულის რაციონალიზაცია, ამავდროულად, გააანალიზა ისეთი მნიშვნელოვანი მომენტიც, როგორიცაა მხედველობა [ინტერნეტრესურსი 4].
მწერალი მკითხველს საშუალებას აძლევს თვალი გაადევნოს მთავარი პერსონაჟის – Д-503-ის ბედს, ბედს იმ პიროვნებისა, რომელიც შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სახელმწიფო სისტემისთვის. მათემატიკოსი, ინჟინერი, კოსმოსურ ხომალდ „ინტეგრალის“ მშენებელი, ამავდროულად, რომანის ავტორად გვევლინება. სიუჟეტის სტრუქტურა („რომანი რომანის შესახებ“) საფუძვლად ედება ტექსტის შექმნის პროცესს და ავტორ-პერსონაჟის გამოსახულობას. დღიურის ფორმა, ჩანაწერები რომანს აღსარების ხასიათს სძენს. მთავარი გმირი ცდილობს, მათემატიკური ფორმულებით დაამტკიცოს სიბრძნე იმ პრინციპებისა, რომელთა საფუძველზეც წარმოიქმნა ერთიანი სახელმწიფო [ინტერნეტრესურსი 4].
ზამიატინი განზრახ წერს „ნუმერს“ (“нумер“) ნაცვლად „ნომრისა“ („номер“), რათა სიტყვისთვის რუსიფიკაციული ელფერი მოეშორებინა. მწერალი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სიტყვის ჟღერადობას, ცალკეული ბგერის ხმოვანებას და ცდილობდა თითოეულ მათგანში გარკვეული სემანტიკური შესაძლებლობა აღმოეჩინა. როგორც იური ანენკოვი იხსენებს, ზამიატინი თავის ერთ-ერთ ლექციაზე განიხილავდა თემას: „რაზე საუბრობენ ბგერები?“ სწორედ ამ პერიოდში მუშაობდა იგი რომანზე „ჩვენ“. „...Д და Т რაღაც დახშულს, მძიმეს, ნისლიანს, ბნელს მოგვაგონებს... А-სთან დაკავშირებულია სიფართოვე, სიშორე, ოკეანე, ბურუსი, მანძილი; О-სთან – რაღაც მაღალი, ღრმა, ზღვა, წიაღი; И-სთან სიახლოვე, რაღაც მცირე, შეკუმშული და ა.შ“. საინტერესოა, რომ ზამიატინს ესმის მათი ხმა; გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი მათგანი მწერალმა რომანის პერსონაჟთა სახელად შეარჩია. მთავარი პერსონაჟის სახელი – Д-503 – რაღაც გაურკვეველია, ბუნდოვანი, ისაა, რასაც თავად გრძნობს შინაგანად, რაღაც ბნელი, ბიოლოგიური, რაც, თავისი თმიანი ხელების შემხედვარეს, აშინებს – ესაა ადამიანის ბუნებითი ნიშანი, რომელიც მასშია და თანაც მასზე ძლიერია [Шайтанов, 2014: 344].
მანქანის მიერ ადამიანის შთანთქმა მხოლოდ ფიქციაა, ზმანება; ორგანზომილებიანი სამყაროს მინების მიღმა აღმოცენდება ადამიანური სამყაროს ჩანასახი, ერთი შეხედვით, აწ გამქრალი სიყვარულის, ეჭვიანობისა და წუხილის გრძნობებით განმსჭვალული. სწორედ ამიტომ აგებს ზამიატინი რომანის მთავარ სიუჟეტურ კონფლიქტს სიყვარულის ისტორიაზე, ვინაიდან ადამიანის არსებობისთვის მთავარ მოთხოვნად მას სიყვარული მიაჩნია. მწერალი რომანულ „კომპონენტს“ ანტიუტოპიურ სიუჟეტში ორგანულად მიუჩენს ადგილს.
ი. ზახარიევას თვალსაზრისით, Д-503 ნ. ჩერნიშევსკის რომანის „რა ვქნათ?“ გმირის მსგავსად, სამთა საქორწინო კავშირშია გაერთიანებული. ვერა პავლოვნას ადგილას ვარდისფერი О-90-ია, ხოლო მისი მეორე ქმარი – „სახელმწიფო პოეტი“ R-13 „შავტუჩება“ მაიაკოვსკის მოგაგონებდათ. მის სახელში არსებული „13“ კი პოემა „მეცამეტე მოციქულს“ უნდა დავუკავშიროთ“. სწორედ ქალის სახე ასხამს ხორცს რომანში ცხოვრებისა და სიყვარულის სტიქიას და უპრისპირდება ენტროპიას. ბუნებით მეამბოხეს საკუთარი თავი სამსხვერპლოზე მიაქვს, რათა თავისუფლების იდეა დაიცვას. ერთიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდიან ორგანიზაცია „მეფის“ წარმომადგენლები, რომელნიც ადამიანში მჩქეფარე სისხლის დასაბრუნებლად, მისი ბუნებასთან შეკავშირებისთვის იღწვიან. თუმცა, „მეფის“ ფილოსოფია, ისევე, როგორც ერთიანი სახელმწიფოსი, იძულებით ძალადობაზეა დაფუძნებული, ამიტომ, ამგვარად კეთილმოწყობილი სოციალური სამყაროს მოდელი იდეალურობისგან მეტად შორს დგას. ბოლომდე გაუტეხელი მხოლოდ I-330 რჩება – თუმცა, მისი მოქმედება მოტივირებულია არა იმდენად Д-503-ის სიყვარულით, რამდენადაც რევოლუციური ხასიათის მისწრაფებით – ისხნას კაცობრიობა და მწვანე კედლის მიღმა სამყაროში გადაიყვანოს. რომანის ამ პერსონაჟის სახე ბუნდოვანია. არსებობს მოსაზრება, რომ I-330 მაქციის სახეს მოგვაგონებს, მისი გარეგნობა დამაბნეველია: ორფეოსი, ქრისტე, ეშმაკი, ევა, მაცდუნებელი გველი (ტ. ლახუზენი, ე. მაქსიმოვა, ე. ენდრიუსი, ს. პისკუნოვა). ს. პისკუნოვას აზრით, I-330 ემსახურება „მეფის“ (უნდა ვიგულისხმოთ მეფისტოფელი ), ე.ი. ეშმაკის მსახურია [ინტერნეტრესურსი 4].
როგორც მკვლევრები შენიშნავენ, ზამიატინი პიროვნულობის დაკარგვას აპროტესტებს. ნათელი და ბნელი ძალების ბრძოლა Д-503-ის სულში („ჩვენ“ – ღმერთისგან ბოძებული, „მე“ – ეშმაკისგან) ცდუნებითა და განსაცდელით სრულდება. ოპერაციის შედეგად იღუპება სული და არა სხეული. შესაბამისად, ოპერაციის შემდეგ რომანის გმირი კვლავ დამჯერ, უგუნურ მონად იქცა, მონად, რომელმაც სიყვარულს უღალატა. ადამიანის რობოტით ჩანაცვლებისკენ სწრაფვა რეალიზებულ იქნა. ზამიატინი წარმოგვიდგენს Д-503-ის – ტიპიური ინტელიგენტის – ორად გახლეჩილ სულს, რომელიც ვერ ეწინააღმდეგება სახელმწიფო სისტემას. მწერალი მკითხველს არწმუნებს, რომ ადამიანი უძლურია წინ აღუდგეს ტოტალიტარულ რეჟიმს. რომანის დრამატიზმს განაპირობებს არა მხოლოდ მთავარი გმირის ბედი, არამედ, მთელი საზოგადოება. კრიტიკაში გამოთქმულია აზრი, რომ Д-503-ის სახით ზამიატინმა გვიჩვენა რუსული ინტელიგენციის სისუსტე, თუმცა, მოცემულ მოსაზრებას რიგ შემთხვევაში ვერ დავეთანხმებით. ტოტალიტარული სისტემა ანადგურებდა ადამიანის თვითშეფასების გრძნობას და ბევრს აიძულებდა, მას დამორჩილებოდა. ამავდროულად, ზამიატინი ცალსახად აღნიშნავს, რომ ადამიანში ადამიანურობის ბოლომდე ჩაკვლა შეუძლებელია, მწერალს სჯერა ადამიანის გონების და სწორედ მას აძლევს სამყაროს გარდაქმნის უფლებას.
გამოყენებული ლიტერატურა
სამეცნიერო ლიტერატურა:
ნარკვევები მე-20 საუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორიიდან 2006: მიქაძე მ., პრილიპკო რ., დიდებულიძე დ., ხახანაშვილი ც., ნარკვევები მე-20 საუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორიიდან, თბილისი.
Allen 1999: Allen W. R., Conversations with Kurt Vonnegut, University Press of Mississippi, Jackson.
Давыдова 2014: Давыдова Т. Т. „Мы“ Е. Замятина — роман-антиутопия, Е. И. Замятин, PRO ET CONTRA, Издательство Русской христианской гуманитарной академии, Санкт-Петербург.
Шайтанов 2014: Шайтанов И. О., Анатомия утопии: роман „Мы“ в творчестве и судьбе Е. Замятина, Е. И. Замятин, PRO ET CONTRA, Издательство Русской христианской гуманитарной академии, Санкт-Петербург.
საანალიზო წყაროები/ელექტრონული რესურსები:
Статья "Я боюсь" – рассуждения о будущем литературы – https://licey.net/free/13-literatura_20_veka_analiz_dlya_sochinenii/64-eretiki_v_literature__l_andreev__e_zamyatin__b_pilnyak__m_bulgakov/stages/2860-statya_ya_boyus_%E2%80%94_rassuzhdeniya_o_buduschem_literatury.html (მოძიებულია 05. 04. 2020).
Покоряя пространство и время... (Роман Е.И. Замятина «Мы» и его роль в становлении жанра антиутопии) – https://md-eksperiment.org/post/20160424-pokoryaya-prostranstvo-i-vremya-roman-e i-zamyatina-my-i-ego-rol-v-stanovlenii-zhanra-antiutopii (მოძიებულია 15. 03. 2020)
Stodola, S. (2015) We: The Novel That Inspired George Orwell’s „1984“ –https://www.mentalfloss.com/article/64492/we-novel-inspired-george-orwells-1984 (მოძიებულია 06. 03. 2020).
ТВОРЧЕСТВО Е. ЗАМЯТИНА (проблематика, стиль, поэтика) (1884-1937) –https://bsu.by/upload/pdf/204893.pdf (მოძიებულია 06. 03. 2020)