ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალი სტუდენტური წელიწდეული ჰუმანიტარული კვლევები |
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘ გიორგი არქანია აჰმად ფაშა ალ-მანიქლი - სუდანის ქართველი მმართველი XVIII საუკუნის საქართველოში მონათვაჭრობის მასშტაბები განსაკუთრებით გაიზარდა. ქართველ ახალგაზრდებს იტაცებდნენ და ოსმალეთის იმპერიაში ყიდდნენ. მონად ქცეული ქართველები ძირითადად იმპერიის არმიაში მსახურობდნენ და მამლუქთა უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენდნენ. მრავალი ქართველი დაწინაურდა როგორც სულტნის კარზე, ისე ოსმალეთის ცალკეულ პროვინციებში. ქართული წარმოშობის მამლუქები სხვადასხვა დროს განაგებდნენ ეგვიპტეს, სირიას, ერაყს, ალჟირს და დიდი როლი შეასრულეს ამ ქვეყნების პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ჩვენი ინტერესის სფერო ხდება სუდანიც, რომელსაც 1843-1845 წლებში განაგებდა ქართული წარმოშობის მქონე ჰუქუმდარი[i] აჰმად ფაშა ალ- მანიქლი[ii] (არაბ. المنكلي باشا أحمد). ისტორიკოსები დღემდე დაობენ ამ პიროვნების წარმოშობის შესახებ, თუმცა ვიდრე ამ საკითხის განხილვას დავიწყებთ, აუცილებელია მივყვეთ მოვლენათა ქრონოლოგიურ განვითარებას და მიმოვიხილოთ ბიოგრაფია სამხედო მეთაურისა, რომელიც ასპარეზზე გამოვიდა ეგვიპტეში მუჰამად ალი ფაშას (1769-1849) მმართველობის დროს. მუჰამად ალი ეგვიპტეს განაგებდა 1805-1848 წლებში. მან მამლუქები[iii] საბოლოოდ დაამარცხა, შიდა არეულობა დაარეგულირა და ეგვიპტეს ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოუპოვა. მანვე გაატარა უმნიშვნელოვანესი სამხედრო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო რეფორმები და დაიწყო მთავარი მიზნის განხორციელება - ერთიანი არაბული სახელმწიფოს შექმნა. 1811-1818 წლებში მუჰამად ალიმ მოახერხა ვაჰაბიტთა საამიროს განადგურება და ჰიჯაზის შემომტკიცება; მექის შარიფის დანიშვნაც ეგვიპტის გამგებლის პრეროგატივა გახდა. 1820 წელს მუჰამად ალის ყურადღების ცენტრში მოექცა ეგვიპტის სამხრეთით მდებარე სუდანი. ამ ტერიტორიიდან ეგვიპტეს უძველესი დროიდან მიეწოდებოდა ოქრო, მონები, ხის ძვირფასი ჯიშები და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტები. მუჰამად ალის დიდი იმედი ჰქონდა, რომ სუდანში ოქროთი მდიდარ საბადოებს აღმოაჩენდა და საკუთარ ხაზინას გაამდიდრებდა; მას ასევე ესაჭიროებოდა ცოცხალი ძალა არმიის გასაძლიერებლად. სუდანის დამორჩილებით იგი გაანადგურებდა მამლუქთა უკანასკნელ თავშესაფარსაც. სამხრეთისაკენ ლაშქრობას ხელმძღვანელობდა მუჰამად ალის ვაჟი - ისმაილი. სამხედრო კამპანია დიდ სიძნელებთან არ იყო დაკავშირებული - თანამედროვე სუდანის ტერიტორია იმ პერიოდში დაყოფილი იყო რამდენიმე მცირე და დიდ სახელმწიფოებრივ გაერთიანებად. ისმაილის არმიას გზად ხვდებოდნენ პროვინციებისა და ტომების ხელმძღვანელები და მორჩილებას უცხადებდნენ. მაგალითად, ყველაზე ძლიერი ერთეულის - სენარის სასულტნოს მმართველი ბადი VII (1805-1821) თავად ეახლა ისმაილს და მუჰამად ალის უზენაესობა აღიარა. 1822 წლისთვის ეგვიპტელებმა კორდოფანიც დაიპყრეს და მსვლელობა დარფურის სასულტნოსაკენ უნდა გაეგრძელებინათ, მაგრამ საბერძნეთის მოვლენებმა[iv] მუჰამად ალი აიძულა ძირითადი ყურადღება ევროპისათვის დაეთმო. სამხრეთით შემომტკიცებული ახალი ტერიტორიების ცენტრი გახდა ხარტუმი. სწორედ აქ იყო სუდანის ჰუქუმდარის რეზიდენციაც. მართალია, სუდანი, ისევე როგორც ეგვიპტე, ფორმალურად ოსმალეთის პროვინციას წარმოადგენდა და სუდანელები ახალ რეჟიმს თურქულად (არაბ. „თურქჲჲა“) მიიჩნევდნენ [ტიკაძე, 2015: 64], მაგრამ ამ ქვეყანას მართავდნენ მუჰამად ალის მიერ დანიშნული გუბერნატორები, რომელთა დიდი ნაწილიც წარმოშობით კავკასიიდან იყო. ეგვიპტელებმა სუდანის ძარცვა-რბევა დაიწყეს, რამაც მალე გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება და აჯანყებები. 1822 წელს აჯანყებას ემსხვერპლა თავად ისმაილიც. აქედან მოყოლებული სუდანის მმართველებს უხდებოდათ სხვადასხვა ტომის წინააღმდეგ დამსჯელი ექსპედიციების წარმოება. ეგვიპტელებს ძალიან გაუჭირდათ ჰადენდოას[v] (ინგლ.Hadendoa) ტომის დამორჩილება. ის სახლობდა სუდანის ჩრდილო-დასავლეთით და ეკუთვნოდა ბეჯას[vi] ეთნიკურ ჯგუფს. 1831-1832 წლებში მუჰამად ალის სარდალმა ხურშიდ ფაშამ ჰადენდოას წინაღმდეგ ლაშქრობა მოაწყო და მათი განსახლების ძირითადი რაიონი ტაკა დაიკავა. აბორიგენებმა პარტიზანული ომი წარმატებით წარმართეს და ხურშიდი იძულებული გახდა ხარტუმში დაბრუნებულიყო. როგორც ისტორიკოსები წერენ, მან მადლობა შესწირა უფალს, რომ ექსპედიციიდან ცოცხალი დაბრუნდა [Holt, Daly, 2011:46-47]. ხურშიდმა 1834 წელს მეორე წარუმატებელი ლაშქრობა მოაწყო ჰადენდოას დასამორჩილებლად, რის გამოც იგი კაიროში დაიბარეს სუდანში არსებული სიტუაციის შესახებ ანგარიშის წარსადგენად. 1835 წელს ხურშიდი ხარტუმში მთელი სუდანის ჰუქუმდარის რანგით დაბრუნდა. „მისი მეთაურობით ეგვიპტელებმა გააფართოვეს კონტროლირებადი ტერიტორია, მაგრამ ტომების წინააღმდეგობა მაინც ვერ გატეხეს. 1839 წელს სუდანში ჩავიდა თავად მუჰამმად ალი, რასაც მოჰყვა სამი დიდი სამხედრო ექსპედიცია სამხრეთ სუდანში“ [ტიკაძე, 2015:64]. 1838 წელს სუდანის ჰუქუმდარად დაინიშნა აჰმად ფაშა აბუ ვიდანი[vii], რომელმაც შეძლო ტაკას რეგიონის დაკავება. ჰადენდოას ტომების წინააღმდეგობის საბოლოოდ ჩახშობა უკავშირდება აჰმად ფაშა ალ-მანიქლის. 1843 წლის 6 ოქტომბერს აბუ ვიდანი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ ცნობა კაიროში 19 ოქტომბერს ჩავიდა. მუჰამად ალიმ იმ დღესვე მოიწვია სამხედრო საბჭო, რომელმაც მიიღო შემდეგი გადაწყვეტლება - სუდანში უნდა მოშლილიყო ცენტრალიზებული მმართველობა ხარტუმიდან, ქვეყანა დანაწევრებულიყო ავტონომიურ პროვინციებად, რომელთა მმართველები უშუალოდ კაიროს დაექვემდებარებოდნენ. ამ საპასუხისმგებლო საქმის განხორციელება მუჰამად ალიმ ალ-მანიქლის დაავალა. ალ-მანიქლიმ გააუქმა ხარტუმის გენერალ-გუბერნატორის ინსტიტუტი და პროვინციებში ფინანსური შტაბები გააძლიერა (ფინანსური სექტორის მართვა მთლიანად გადავიდა კოპტი მოხელეების ხელში). კაიროდან ახალი გუბერნატორები დაინიშნენ, რომელთაც მიენიჭათ „ფაშას“ ტიტული, ნაცვლად უწინდელი „ბეი“-სა, რათა მათი სტატუსი მოსახლეობის თვალში გაზრდილიყო. გაუქმდა ბერბერის პროვინცია და მისი ტერიტორია გაიყო ხარტუმსა და დონგოლას შორის [ჰილი: 81]. პოლიტიკური მისიის დასრულების შემდეგ ალ-მანიქლი სუდანში დარჩა და დაიწყო მეორე მისიის განხორციელება - დაზვერვითი ექსპედიციის ხელმძღვანელობა. ექსპედიციას ევალებოდა სუდანის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ძებნა და ამის შესახებ მუჰამად ალისათვის ანგარიშის ჩაბარება. 1844 წელს ფაზუღლიდან გაგზავნილ მოხსენებაში ალ-მანიქლი კაიროს ატყობინებდა, რომ სენარი მდიდარი იყო კაჟით, რკინის ოქსიდითა და თიხით, თუმცა ოქრო ამ რეგიონში ნაკლებად იყო [ჰილი:81]. რამდენიმე თვეში მუჰამად ალიმ გადაწყვეტილება შეცვალა, სუდანის პროვინციები ისევ ხარტუმს დაუქვემდებარა და 1844 წელს ალ-მანიქლი მთელი სუდანის ჰუქუმდარად დანიშნა [Holt,Daly, 2011: 50]. ალ-მანიქლიმ ჩაატარა სამხედრო კამპანია ჰადენდოას წინააღმდეგ და სრულად დაიმორჩილა ის. მართალია, ჰადენდოელების წინააღმდეგობა აბუ ვიდანის დროს შესუსტდა, მაგრამ ისინი კაიროსთვის მაინც პრობლემას წარმოადგენდნენ - ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას, გადასახადების ცუდად იხდიდნენ და მათი საქონელი მთავრობისათვის ძნელად მისაწვდომი იყო [ჰილი:81]. სამხედრო ოპერაციის დროს ალ-მანიქლი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, ამიტომაც მას „ალ-ჯაზარი“ (არაბ.الجزار- „ყასაბი“) შეარქვეს[viii]. მან მოახერხა სუდანში ეგვიპტელთა ბატონობის განმტკიცება და ამ ქვეყანას მართავდა 1845 წლამდე. „ტომების წინააღმდეგობა გატყდა და 40 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ უცდიათ თავიანთი ქვეყნის ოკუპაციის გაპროტესტება“ [Cumming, 1937:19]. სუდანში მოხვედრამდე ალ-მანიქლის შთამბეჭდავი სამხედრო კარიერა ჰქონდა. იგი დაიბადა 1795 წელს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხვდა მუჰამად ალის ვაჟის იბრაჰიმ ფაშას მებრძოლებს შორის და გახდა ძალიან ცნობილი გენერალი. 1829 წელს დაინიშნა მუჰამად ალის კავალერიის ერთ-ერთი ბრიგადის სარდლად და მიენიჭა „მირლივას“[ix] ტიტული [Hill, 1967: 35]. მონაწილეობდა ეგვიპტე-ოსმალეთის პირველ ომში[x] და 1832 წელს შეასრულა უდიდესი როლი კონიის ბრძოლაში (ხელმძღვანელობდა ეგვიპტის კავალერიას), რომელმაც გადაწყვიტა ომის ბედი - ოსმალეთი ეგვიპტესთან კონფლიქტში სასტიკად დამარცხდა, სულტანმა უზარმაზარი ტერიტორიები დაკარგა, მათ შორის ადანას პროვინციაც. ამ უმნიშვნელოვანესი რეგიონის მმართველად სწორედ ალ-მანიქლი დაინიშნა. 1837 წელს იგი გადაიყვანეს კაიროში, სადაც გახდა მუჰამად ალის სამხედრო მინისტრი [Hill, 1967: 35]. 1838 წელს ალ-მანიქლი მონაწილეობდა დრუზების აჯანყების[xi] ჩახშობაში და სერიოზულად დაშავდა [რიზკი, 2005]. ოსმალეთთან მეორე კონფლიქტის დროს (1839-1841) იგი კვლავ ჩაერთო საომარ მოქმედებებში და მონაწილეობდა ნისიბის ბრძოლაში[xii]. 1840 წელს, ეგვიპტის არმიის ფართომასშტაბიანი უკანდახევის დროს (სირიიდან ნილოსის სანაპირომდე სინას ნახევარკუნძულის გავლით), ალ-მანიქლი მეთაურობდა ერთ-ერთ სამხედრო კოლონას. გარკვეული დროის განმავლობაში იგი ეგვიპტის ფინანსთა მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა [Marsot, 1984:79]. როგორც რამდენიმეჯერ ითქვა, 1843-1845 წლებში ის სუდანს მართავდა. 1848 წელს იბრაჰიმი გახდა ეგვიპტის მმართველი. მან ალ-მანიქლი კვლავ მაღალ სამხედრო პოსტზე დააბრუნა და არმიის რეფორმირება დაავალა [რიზკი, 2005]. იბრაჰიმის მმართველობა საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა, ის იმავე წელს გარდაიცვალა. ეგვიპტის სათავეში მოსულმა აბას I ჰილმიმ (1848-1854) აჰმად ფაშა თანამდებობიდან გადააყენა [რიზკი, 2005]. 1853-1855 წლებში ალ-მანიქლი ხელმძღვანელობდა მეორე ეგვიპტურ დივიზიას ყირიმის ომში, სადაც რევმატიზმით დაავადდა და 1862 წელს ალ-ამამინში გარდაიცვალა (ეგვიპტე) [Hill, 1967:35]. რაც შეეხება ალ-მანიქლის პიროვნულ თვისებებს, ამასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობებს გვაწვდის ეგვიპტელი ისტორიკოსი იუნან ლაბიბ რიზკი (1933-2008). იგი წერს, რომ ალ-მანიქლი იყო ერთ-ერთი უძლიერესი მაღალჩინოსანი ეგვიპტეში, რომელიც გამოირჩეოდა იშვიათი სიმამაცითა და ძლიერი სიყვარულით იბრაჰიმ ფაშასადმი, ვისაც სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა. ალ-მანიქლი იყო პირდაპირი, თავდაჯერებული და იმდენად დამოუკიდებელი ადამიანი, რომ ერთხელ მუჰამად ალიმ იბრაჰიმ ფაშას მოსთხოვა თავხედობისათვის მისი დასჯა [რიზკი, 2005]. პრუსიელი მოგზაური და მეცნიერი კარლ რიჰარდ ლეპსიუსი, რომელიც ალ-მანიქლის მმართველობის დროს სუდანში იყოფებოდა, მას დადებითად ახასიათებს და მოგზაურთა მფარველად წარმოაჩენს [Lepsius, 1853:133]. ამავე დროს, ალ-მანიქლის თვისებებზე მეტყველებს მისი ლაკაბი[xiii] „ალ-ჯაზარი“. რუსი მედიკოსი და მოგზაური არტემ რაფალოვიჩი ალ-მანიქლისთან შეხვედრას იხსენებს: „აჰმად-ფაშას ეცვა სტამბულის ახალი კოსტიუმი; ის საკმაოდ მომხიმბვლელი მამაკაცია, ორმოცდაექვსი ან ორმოცდარვა წლისა, მაღალი, შესანიშნავი აღნაგობის; მისი ფიზიონომია მეომრული, მკაცრი და ამავე დროს გახსნილია. ის მუჰამად ალის უანგარო მაღალჩინოსანი და ერთ-ერთი საუკეთესო გენერალია; მან თავი გამოიჩინა ჰიჯაზისა და სირიის ლაშქრობების დროს და სამი წელი მართავდა სენარს, სადაც ხშირი ამბოხების გამო იძლებული იყო ძალიან მკაცრად ემოქმედა, რის გამოც იქაური მცხოვრებლების მეხსიერებაში შემორჩა; ასევე ძალიან აქტიურად ინტერესდება ევროპული პოლიტიკით და გამოწერილი აქვს რამდენიმე ჟურნალი, რომელთა შინაარსსაც ევროპელი მდივანი თურქულად უთარგმნის; მე განმაცვიფრა იმან, რომ მან საკმაოდ კარგად იცოდა დასავლეთში საქმეების მდგომარეობისა და მსვლელობის შესახებ და ხშირად იმოწმებდა გაზეთ „აუგსბურგს“. ჩემი ვიზიტი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და მე დავემშვიდობე ფაშას, რომლის პიროვნებაზეც საკმაოდ სასიამოვნო შთაბეჭდილება შემექმნა“ [Рафалович, 1850]. ბოლოს, ძალიან საინტერესოა განვიხილოთ აჰმად ფაშა ალ-მანიქლის ეთნიკური კუთვნილების საკითხი. სამწუხაროდ, ისტორიულ ნაშრომებში იშვიათადაა საუბარი მისი წარმოშობის შესახებ და მხოლოდ რამდენიმე მათგანიდან შეიძლება საკმაოდ მწირი ინფორმაციის მიღება. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი - აფაფ ლუტფი ას-საიდ მარსო, საკუთარ წიგნში „ეგვიპტე მუჰამად ალის მმართველობის დროს“ წერს, რომ ალ-მანიქლი იყო „ოსმალო“ (Ottoman) [Marsot, 1984:79], რაც საკმაოდ განზოგადებული ტერმინია. „ოსმალო“ არ არის ეროვნული კუთვნილების აღმნიშვნელი ტერმინი - იგი უკავშირდება ოსმალთა იმპერიის მმართველ დინასტიას. მოცემულ შემთხვევაში „ოსმალო“ ხალხში მოიაზრება ყველა ის ერი, რომლებიც ემორჩილებოდნენ სულტნის ხელისუფლებას. მარსო წერს: „მისი (მუაჰამად ალის - გ.ა.) ოჯახის უშუალო წევრების გარდა, მთავარი მხარდამჭერები იყვნენ ალბანელები კავალადან, მისი დაბადების ადგილიდან, ან ოსმალები იმპერიის სხვადასხვა მხარეებიდან, მაგალითად: ჩრდილო კავკასიელები, ქართველები, მეგრელები, ლაზები, ბერძნები“ [Marsot, 1984:78]. ავტორი ალ-მანიქლის და ქართული წარმოშობის მუჰამად ლაზოღლუს მოიხსენიებს ერთი ტერმინით - „ოსმალო“. ამავე ავტორის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ალ-მანიქლი ნამდვილად არ არის ალბანელი, ან ბერძენი. ინგლისელი ისტორიკოსი რიჩარდ ლესლი ჰილი იუწყება, რომ ალ-მანიქლი ცნობილია როგორც ქართველი („მეგრელი“): „he has been called a mingrelian from the Caucasus”[xiv] [Hill, 1967:35], მაგრამ ის ეჭვის თვალით უყურებს ამ ფაქტს და გამოთქვამს ორ ვარაუდს: 1. მისი თქმით, სინამდვილეში იგი უნდა იყოს რუმელიელი თურქი, მანლიქიდან (კავალას მუდირია[xv]). ხოლო „ლი“ სუფიქსით (“-li”) გადმოცემულია მისი წარმოშობა ან 2. ეს სახელი მას ეწოდა სახეზე თანდაყოლილი ნიშნის გამო. თუმცა იგი არ ამბობს, კონკრეტულად რა სახის ნიშანი ჰქონდა ალ-მანიქლის სახეზე. წიგნში „სუდანის ისტორია ახალ და უახლეს პერიოდში“ რუსი ისტორიკოსი იური კობიშანოვი საუბრობს კავკასიური წარმოშობის გენერალ-გუბერნატორებზე: „ევროპელი მოგზაურები აღფრთოვანებულნი იყვნენ თურქების (კერძოდ კავკასიური და ალბანური წარმოშობის) სტუმართმოყვარეობით, ხელგაშლილობითა და სიმამაცით. გენერალ-გუბერნატორებს, გუბერნატორებსა და უფრო დაბალი რანგის მმართველებს (რომლებიც „ფაშას“ და „ბეის“ ტიტულებს ატარებდნენ) შორის იყვნენ გამოჩენილი პიროვნებები, დიდი ენერგიითა და მტკიცე ხასიათით. ასეთები იყვნენ ამ თავში მოხსენიებული გენერალ-გუბერნატორები: ჩერქეზები - აჰმედ აბუ ვიდანი, აბდ ალ-ლატიფ აბდალლა, ისმაილ აიუბი, ჯაფარ სადიკი, ალი ჯარქასი, მუსა ჰამდი, მუჰამედ რაუფი, მეგრელი - აჰმედ ალ-მანიქლი, ქურთი - ისმაილ ჰაქიმ აბუ ჯაბალი, ალბანელი - ალი სირრი, ეგვიპტელი თურქი - აჰმედ მუმთაზი“ [История Судана в новое и новейшее время, 1992:35]. ამრიგად, ეს ავტორი ადასტურებს ალ-მანიქლის ქართულ წარმოშობას და ეყრდნობა იმ რუს მოგზაურებს, რომელნიც იმყოფებოდნენ სუდანის ტერიტორიაზე მე-19 საუკუნეში. უმნიშვნელოვანესია არტემ რაფალოვიჩის წიგნი „მოგზაურობა ქვემო ეგვიპტესა და დელტის შიდა რაიონებში“, სადაც ავტორი წერს: „[ალ-მანიქლი] შესახვედრად ოთახის შუაგულამდე შემომეგება: ეს არის პატივი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია მაღალი მუსლიმი წარჩინებული პირის მხრიდან ახალგაზრდა ევროპელის მიმართ, ამას ადვილად მიხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც იცნობენ აღმოსავლურ ტრადიციებსა და თურქების სიამაყეს. მაგრამ რუსის სახელი ოსმალურ სამფლობელოებში ახლა უმაღლესი რეკომენდაციაა. მოგვართვეს ნარგილე და ყავა და დავიწყეთ საუბარი ჭირსა და კარანტინზე, სირიისა და პეტერბურგის შესახებ, კავკასიასა და საქართველოზე: ეგვიპტეში თურქი ჩინოვნიკების დიდი ნაწილი ფაშას მამლუქებია, ბავშვობაში მოყვანილი ამ უკანასკნელი რეგიონებიდან, ამიტომაც რუსებთან შეხვედრის დროს ისინი, რა თქმა უნდა, საკუთარ სამშობლოზე გეკითხებიან“ [Рафалович, 1950]. რაფალოვიჩის ცნობა ფაქტობრივად პასუხობს ჩვენს მთავარ კითხვას; ის, რომ მანიქლისთან მან საქართველოზე ისაუბრა, პირადპირ თუ არა, ირიბად მაინც ადასტურებს მის ქართულ წარმოშობას. მართალია, რიჩარდ ლესლი ჰილი უარყოფს ალ-მანიქლის ქართულ წარმომავლობას, მაგრამ გასაბათილებლად მას არ მოჰყავს ერთი კონკრეტული არგუმენტი და რამდენიმე ვარაუდს გამოთქვამს [Hill, 1967:35]. მათ შორის, იგი ამბობს, რომ შესაძლებელია ეს სახელი მას ფიზიკური ნაკლის გამო დაერქვა, რაც არ გულისხმობს, რომ იგი აუცილებლად თურქი იყო. ბუნებრივია, ეს სახელი მას ოსმალურად დაერქმეოდა და არა რომელიმე ქართველურ ენაზე. როგორც ზემოთ ითქვა, ჰილის აზრით, ალ-მანიქლი არის კავალას პროვინციიდან. საგულისხმოა, რომ აფაფ ლუტფი მარსოც ეხება მუჰამად ალის კავალელ მაღალჩინოსნებს, რომელთა შორის ალ-მანიქლის არ ახსენებს [Marsot, 1984:78]. აშკარაა, რომ აჰმად ალ-მანიქლის სახელიდან უშუალოდ არ მტკიცდება მისი ქართული წარმოშობა[xvi], მაგრამ ერთი რამ უდავოა - ალ-მანიქლი ისტორიაში ცნობილია როგორც ქართული წარმოშობის მმართველი და ზოგიერთი გამოთქვამს ამასთან დაკავშირებით ეჭვს (და არა პირიქით). საინტერესოა, რას ნიშნავს „მანიქლი[xvii]“. საკუთრივ სიტყვაზე დაყრდნობით გამოვთქვამთ ვარაუდს: სავსებით შესაძლებელია „მანიქლი“ უკავშირდებოდეს نكل (ნქლ) ძირს. სავარაუდოდ, მისი მნიშვნელობა ეფუძნება نكل (ნაქალა) ზმნას. ეს ზმნა მეორე თემაში (نكّل - ნაქქალა) აღნიშნავს "მკაცრად დასჯას", "წამებას". ამ ზმნიდან წარმოებული მიმღეობა იქნება منكّل (მუნაქქილ), რომელიც უნდა ნიშნავდეს "მკაცრად დამსჯელს", "მწამებელს". რომელსაც ემატება ىّ ნისბა - მიმართებითი ზედსართავისა და წარმომავლობის აღმნიშვნელი სუფიქსი. ამავე ძირზეა სიტყვები: تنكيل (თანქილ) – „სამაგალითო, მკაცრი დასჯა“, نكال (ნაქალ) - "სასჯელი" და نكْل (ნიქლ) – „ბორკილი“, „ლაგამი“. მხედველობაში შეიძლება მივიღოთ სხვა ძირის ზმნა - نكى (ნაქა), რომელიც ნიშნავს "დარბევას", "განადგურებას" (მტრის), "ლიკვიდაციას", "წამებას", "ტანჯვას". ამ ზმნის მეორე თემიდან წარმოებული მიმღეობაა منكّ (მუნაქქინ) - "დამრბევი", "გამანდგურებელი", "მწამებელი". ხოლო لي (-ლი) სუფიქსი, შესაძლებელია, ოსმალურის გავლენით დაერთო. მით უმეტეს, რომ იდენტური შემთხვევები გვხვდება, მაგალითად, სუდანში მოღვაწეობდა ასეთი მამლუქი - იბრაჰიმ ბეი ჯეზარლი (Ibrahim Bay Djezarli) [Robinson,. 1922:92]. რა თქმა უნდა, ზემოთმოყვანილი ვერსიები ჟღერადობით განსხვავდება „მანიქლისგან“, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მომენტი - ოსმალურ და არაბულ წყაროებში სიტყვები იწერება გაუხმოვნებლად. გრაფიკული თვალსაზრისით „მანიქლი“ (منكلي), „მუნაქქილ“ (منكّل) და „მუნაქქინ + ლი” (منكّلي) ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ისიც საყურადღებოა, რომ აჰმად ფაშას სახელის სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს, რაც ავტორთა მიერ მისი სახელის თავისებურად წაკითხვაზე მიუთითებს (იხ. სქოლიო, გვ.1). ჩვენი აზრით, მიზანშეწონილია ამ ვარაუდზე დაფიქრება, ვინაიდან აჰმად ფაშას ზედწოდება „ჯაზარი“ კარგად ეთანხმება მოყვანილი ზმნების მნიშვნელობებს. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: 1. აჰმად ფაშა ალ-მანიქლი არის უაღრესად საინტერესო და გამორჩეული პიროვნება სუდანისა და ეგვიპტის ახალ ისტორიაში. 2. აჰმად ფაშა ალ-მანიქლი არის ფიგურა, რომელიც ჩვენთვის ცნობილ ისტორიულ ნაშრომთა უმრავლესობაში აღიარებულია ქართველად. საჭიროა კვლევის გაგრძელება, ეგვიპტური და ოსმალური საარქივო მასალების საფუძვლიანი შესწავლა, რადგანაც შესაძლებელია სრულიად ახალი ცნობების მიღება ამ საკითხზე. 3. თემა არ ამოიწურება მხოლოდ ალ-მანიქლით. მუჰამად ალი ფაშას რეპრესიებს გადარჩენილი მამლუქები სუდანში გაიქცნენ იბრაჰიმ ბეი შინჯიკაშვილის[xviii] მეთაურობით. სავარაუდოდ, მათ შორის ქართული წარმოშობის სხვა მამლუქებიც იყვნენ. იბრაჰიმ ბეი 1813 წელს დონგოლაში[xix] გარდაიცვალა. ქართველი მეცნიერების საკვლევი ობიექტი ხდება სრულიად ახალი სფერო - სუდანის ისტორია და ქართველთა კვალი ამ ქვეყანაში.
აჰმად ფაშა ალ-მანიქლი ცხენზე ამხედრებული ალ-მანიქლი
გამოყენებული ლიტერატურა: 1. არქანია გ., მაჰდის სახალიფო - რადიკალური ისლამური სახელმწიფო სუდანში. სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი „ისტორიანი“. #1 (61), 2016, იანვარი, გვ.54-61. 2. თურქულ-ქართული ლექსიკონი. ლია ჩლაიძის რედაქციით, მეორე ნაწილი (K-Z), სტამბოლი, 2001. 3. მარგველაშვილი თ., ლექსიკურ-გრამატიკული განმარტებანი გიორგი წერეთლის „არაბული ქრესტომათიისათვის“. თბ., თსუ გამომცემლობა, 1981. 4. სანიკიძე გ., ალასანია გ., გელოვანი ნ., ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან (XIX ს. – XXI ს.-ის დასაწყისი). თბ., ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011. 5. სილაგაძე ბ., ქართველი მამლუქები ეგვიპტის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში 1798-1807 წლებში. თბ., გამ. „განათლება“, 1984. 6. ტიკაძე მ., არაბული ქვეყნების ახალი ისტორია (XIX ს. – XX საუკუნის დამდეგი). თბ., გამ. „უნივერსალი“, 2015. 7. ჯაფარიძე გ., საქართველო და ეგვიპტის მამლუქები. თბ., გამ. „კლიო“, 2016. 8. Bjørkelo A., Prelude to the Mahdiyya: Peasants and Traders in the Shendi Region, 1821-1885. Cambridge University Press. 1989. 9. Crecelius D., Djaparidze G., Georgians in the Military Establishment in Egypt in the Seventeenth and Eighteenth Centuries. Annales islamologiques 42 – 2008. 10. Cumming, D.C., The history of Kassala and the province of Taka. . Sudan Notes and Records. Vol. XX, (Part 1), Khartoum, 1937. გვ. 1-47 11. Daly M.W., Darfur's Sorrow: The Forgotten History of a Humanitarian Disaster. Cambridge University Press, New York, 2010. 12. Firro K., A History of the Druzes, Volume 1, Brill Academic Pub, 1997. 13. Hassan Ahmed Ibrahim, The Egyptian Empire, 1805- 1885. The Cambridge History Of Egypt /volume 2/, Cambridge University Press, 2008. გვ. 198-216. 14. Hill R.L., A Biographical Dictionary of the Sudan /second edition/. London, 1967. 15. Egypt in the Sudan /1820-1881/. Oxford University Press. 1963. 16. Rulers of the Sudan 1820-1885. Sudan Notes and Records. Vol. XXXII, Khartoum, 1951. გვ. 85-95 17. Holt P. M., Daly M.W., A History of the Sudan: From the Coming of Islam to the Present Day /6th Edition/. New York, 2011. 18. Keane A. H., Ethnology of the Egyptian Sudan, London, 1884. 19. Lepsius R., Discoveries in Egypt, Ethiopia and the Peninsula of Sinai, in the years 1842-1845. London, 1853. 20. Marsot, Afaf Lutfi Al-Sayyid. Egypt in the Reign of Muhammad Ali / Cambridge Middle East Library/. Cambridge University Press, 1984. 21. McGregor A. A Military History of Modern Egypt: From the Ottoman Conquest to the Ramadan War. London, 2006. 22. Mengin F., Jomard E. F., Histoire Sommaire de L'Egypte Sous Le Gouvernement de Mohammed-Aly, Ou, Recit Des Principaux Evenements Qui Ont Eu Lieu de L'An 1823 A L'an 1838. Nabu Press. 2011 23. Robinson A.E., The Mamelukes in the Sudan. Sudan Notes and Records. Vol. V, Khartoum, 1922. გვ. 88-95. 24. The Encyclopaedia Of Islam (New Edition). Vol. IV, Leiden pp. 1978. გვ. 686 25. Wallis Budge E. A., The Egyptian Sûdân, its history and monuments. Vol. II, London, 1907. 26. Баранов Х.К., Арабско-Русский словарь. Москва. 1957 27. Громыко Ан. А., (отв. ред.)История Судана в новое и новейшее время (ავტორთა კოლექტივი). „наука“, Москва, 1992. 28. Рафалович А.А., Путешествие по Нижнему Египту и внутренним областям Дельты. СПб. 1850 http://homlib.com/read/rafalovich-aa/puteshestvie-po-nijnemu-egiptu-i-vnutrennim-oblastyam-delty/1 29. Смирнов С. Р., Восстание махдистов в Судане. Издательство Академии наук СССР, Москва – Ленинград, 1950. არაბულად: 30. رزق لبيب يونان. (იუნან ლაბიბ რიზკი). www.ahram.org.eg/Archive/2005/4/14/FILE1.HTM 31. عمر طوسون (უმარ ტუსუნი). صفحة من تاريخ مصر في عهد محمد علي - الجيش المصري البري و البحري. 1931. |