ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალი სტუდენტური წელიწდეული ჰუმანიტარული კვლევები |
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘ პავლე ყიფშიძე ამერიკანიზმები იაპონურ ენაში იაპონური კულტურის ყველაზე ზედაპირული გაცნობის დროსაც კი ნებისმიერს შეუძლია შეამჩნიოს, რომ უამრავი მისი კომპონენტი, ყველაზე „იაპონურიც“ კი, ნასესხებია. კულტურის ტრადიციული კომპონენტების დიდი უმრავლესობა ჩინეთიდან გადმოვიდა. თავიდან ეს კორეის გავლით ხდებოდა, შემდგომ კი უშუალოდ ჩინეთიდან. ბოლო ოთხი საუკუნის განმავლობაში ბევრი რამ იქნა გადმოღებული ევროპიდან, ხოლო ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე განუზომლად იზრდება აშშ-ს როლი. როგორ თანაარსებობს, უდავოდ თვალსაჩინო, იაპონიის თავისებური კულტურა შეთვითხორცებულ ელემენტებთან? იაპონია - იზოლირებული კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელიც მუდამ განიცდიდა გარე ზეგავლენას, მაგრამ მოახერხა დამოუკიდებლობის შეინარჩუნება და მხოლოდ ერთხელ იყო ოკუპირებული. უცხოური ზეგავლენა ზოგჯერ ნულამდე ჩადიოდა, დრო და დრო კი საგრძნობლად იზრდებოდა, მაგრამ ამ პროცესის მასშტაბი და საზღვრები თავად იაპონიაში იყო განსაზღვრული. თავდაპირველად იაპონია ჩინეთის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ XIX საუკუნიდან დასავლური ქვეყნების ზეგავლენა ხდება განმსაზღვრელი. ცნობილი იაპონელი სოციოლინგვისტის სუძუკი ტაკაოს თვალთახედვით, იაპონური კულტურა შერჩევის უნარის მქონეა. სესხების უნარის მქონე იაპონელები უცხოური კულტურებიდან, იქნება ეს ჩინური, თუ ამერიკული, იღებენ მხოლოდ იმ ელემენტებს, რომლებსაც თავისთვის საჭიროდ თვლიან. ეს ელემენტები შემდგომ ერწყმიან იაპონურ კულტურას და ზოგჯერ ისეთ წარმოუდგენელ ცვლილებებს განიცდიან, რომ მათი ცნობა შეუძლებელი ხდება. იაპონიას ჩინური კულტურის შეთვისების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გააჩნია. კერძოდ, იაპონელებმა ჩინეთიდან გადმოიღეს დამწერლობა. გარკვეული დროის შემდეგ ჩინურ იეროგლიფებზე დაყრდნობით შეიქმნა ორი ნაციონალური ანბანი - ჰირაგანა და კატაკანა, რითაც შეიქმნა იაპონური ენისთვის საკმაოდ მოსახერხებელი შერეული დამწერლობა : იეროგლიფები (კანჯი), ჰირაგანა და კატაკანა. იეროგლიფებთან ერთად ნასესხები იყო ჩინური ფესვები და სიტყვები, რაც ტრადიციული ლექსიკის საფუძველია. ამ ლექსიკის უმეტესი ნაწილი თავად იაპონიაში, წარმომავლობით ჩინური ფესვებიდანაა შექმნილი. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ზემოთთქმულის მიუხედავად, იაპონელები ვერასდროს ლაპარაკობდნენ ჩინურად. გლობალიზაციის პროცესმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე ადრე იაპონიაზე იმოქმედა. XX საუკუნის შუა წლებიდან, 1945-1952 წლებში, იაპონია ჯერ ოკუპირებული იყო აშშ-ს მიერ, ხოლო შემდგომ ამერიკის ძლიერი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს ზეგავლენა კიდევ უფრო გაძლიერდა. ეს ტენდენციები თავის ასახვას ენაშიც პოვებდა და შედეგად, დღეს იაპონურში უამრავ ამერიკანიზმს ვხვდებით. მაშინ როდესაც იაპონელისთვის ამ სიტყვების ამერიკული წარმომავლობა მარტივად მისახვედრია, ენის მატარებლის უმეტესობისთვის მათი მნიშვნელობა ხშირად გაუგებარია. მართალია, ამერიკანიზმების რაოდენობა ლექსიკის 10%-ს არ აღემატება, მაგრამ ცალკეულ სფეროებში მისი წილი ძალიან მაღალია. მაგალითად, მენეჯმენტის ტერმინოლოგიაში ისინი 53%-ს აღწევენ, მარკეტინგში - 75%-ს, ხოლო კომპიუტერულ ტერმინოლოგიებში 99%-ს შეადგენენ. ამერიკანიზმების, როგორც იაპონელები უწოდებენ გაირაიგოს {外来語}, გამოყენების არეალი შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: მაღალ ტექნოლოგიების სფერო და ყოველდღიური ლექსიკა. ამ უკანასკნელის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ამერიკული მასობრივი კულტურა ახდენს. საინტერესოა, რომ იაპონიაში ინგლისური ენის ცოდნის დონე არც ისე მაღალია. უფრო მეტიც, ეს დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე აზიის სხვა ქვეყნებში. იაპონურ ენაში ამერიკანიზმები ერთგვარ „გეტოშია“ თავმოყრილნი და ისინი ენის „ბირთვში“ ვერ/არ შედიან. ანალოგიური ვითარებაა ჩინურიდან შესული ლექსიკის შემთხვევაშიც. ეს ე.წ. ჩინური ბარბარიზმები იეროგლიფური დამწერლობის განუყოფელი ნაწილია, ასოცირდებიან წიგნებთან და ყველაფერთან, რაც წიგნებს უკავშირდება. რაც შეეხება, ამერიკანიზმებს, ისინი მასობრივ გამოყენებასთან, მექანიზირებულ ყოველდღიურ ნივთებთან და გართობის სფეროებთანაა ასოცირებული. შესაბამისად, ემოციების, ხასიათის, ახლო ადამიანთა ურთიერთობის აღწერა ძირძველი იაპონური ლექსიკის მეშვეობითაა შესაძლებელი. რაც შეეხება გრამატიკულ სტრუქტურებს, ისინი უცვლელადაა შენარჩუნებული. გავრცელებული შეხედულებისგან განსხვავებით, იაპონური კულტურა სულაც არ გაურბის გარე ზეგავლენასა და სესხებას. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერ ნასესხებს საკუთარი ადგილი აქვს მიჩენილი, ამავდროულად საწყისი ბირთვიც უნარჩუნდება. სხვა კულტურათა მიმართ გახსნილობის მიუხედავად, იაპონური კულტურა არ კარგავს თავის იდენტურობას. ამიტომაც დასავლურ ქვეყანათა ამა თუ იმ ელემენტების ათვისება, კოკა-კოლით დაწყებული და ფორმალური დემოკრატიული პროცესებით დამთავრებული, სულაც არ ნიშნავს იაპონიის გლობალურ ვესტერნიზაციას. აქვე აღსანიშნავია, რომ იაპონელთა მასობრივ ცნობიერებაში მიუღებელია უცხოელთა მიერ იაპონური ენის ცოდნა. ისინი თავის ტერიტორიაზე უცხოს დიდი სიამოვნებით არ უშვებენ და სწორედ ამის გამო, ჩვენს დროში იაპონური ენის საერთაშორისო როლი არ შეესაბამება თავად იაპონიის საერთაშორისო როლს. მუდამ სხვათა მითვისებით, იაპონური კულტურა არ კარგავს თავის იდენტურობას. ამიტომაც დასავლურ ქვეყანათა ამა თუ იმ ელემენტების ათვისება, დაწყებული კოკა-კოლიდან დამთავრებული ფორმალურ დემოკრატიულ პროცესებამდე, სულაც არ აღნიშნავს იაპონიის გლობალურ ვესტერნიზაციას. იაპონურ ენაში ნასესხები სიტყვების აღსანიშნად სპეციალური ტერმინი – გაირაიგო (გარედან მოსული სიტყვა) გამოიყენება. ეს ტერმინი ყველა ნასესხებ სიტყვას გულისხმობ ჩინურების გარდა. ამ უკანასკნელს კანგოს {漢語} უწოდებენ. გაირაიგო იაპონიაში სხვადასხვა ენიდანაა შესული. XVI საუკუნეში სიტყვების სესხება პორტუგალიური და ჰოლანდიური ენებიდან ხდებოდა. მოგვიანებით, როცა XIX საუკუნის მეორე ნახევარში იაპონიამ იზოლაციურ პოლიტიკაზე უარი თქვა, ჩნდებიან სიტყვები სხვა ევროპული ენებიდანაც. ომის შემდგომ პერიოდიდან დღემდე გაირაიგოს სიაში სულ უფრო მეტი ინგლისური სიტყვაა. 1970-იან წლებში ჩატარებულმა აღრიცხვამ აჩვენა, რომ ნასესხები სიტყვების 94,1% ინგლისურიდანაა შემოსული, ბოლო პერიოდში კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. უცხოენოვანი ლექსიკის სესხებისა და ენაში ასიმილაციის პროცესი მთელი რიგი თავისებურებებითა და კანონზომიერებებით ხასიათდება. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს: ა) სესხების დროს ინგლისური სიტყვების ადაპტირება იაპონური ენის ფონეტიკური წესების მიხედვით ხდება. კერძოდ, გვერდიგვერდ მყოფი თანხმოვნები იყოფა ხმოვნებით, სიტყვის ბოლოში კი თანხმოვანს ხმოვანი ემატება: gram (გრამი) - „გურამუ“ {グラム}; best (საუკეთესო) – „ბესუტო“ {ベスト}. ბ) ასო «ლ» იცვლება «რ»-თი : «არუმინიუმუ» {アルミニウム} - ალუმინი (aluminium); «დორირუ» {ドリル} - საბურღი (drill). გ) ინგლისური ასოთშეთანხმებები ar, er, ir, ur გადმოიცემა როგორც -aa : girl – gaaru {ガール}; afutaa {アフター} – after; intaabu {インターブ} – interview და ა.შ. დ) დიფთონგი [ei] წარმოითქმის გრძელი [e]-თი : «ტეებურუ» {テーブル} - მაგიდა (table). დიფთონგი [ou] წარმოითქმის გრძელი [o]-თი. ე) ინგლისური th წარმოითქმის იაპონური [s] და [dz] ხმებით : «რიძუმუ» {リズム} - რიტმი (rhythm); «აასუ» {アース} - მიწა (earth); «არუგორიძუმუ» {アルゴリズム} - ალგორითმი (algorithm). ვ) თუ ინგლისური სიტყვა სესხებისას იკვეცება, ჩვეულებისამებრ მისგან რჩება პირველი ან ორი მარცვალი (anime {アニメ} – animation-იდან, puro {プロ} – puroguramu-დან {プログラム} [ინგ. programm]). თუმცა გვაქვს გამონაკლისებიც. «გაირაიგო'ნერუ'» წარმოიშვა ინგლისური flannel-იდან, «კეტტო» {ケット} blanket-იდან. მოცემულ მაგალითში აღებულია ინგლისური სიტყვების ბოლო მარცვლები. ზ) შეკვეცა და ფონეტიკური ადაპტაცია ზოგჯერ ისე ცვლის სიტყვას, რომ გაირაიგოს გაგება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. General strike (საყოველთაო გაფიცვა) გადაიქცა «ძენესუტო»-დ {ゼネスト} (საწყისი «ძენერარუსუტორაიკუ» {ゼネラルストライク}); second hand – sekohan {セコハン}; mass communication – masukomi {マスコミ}. თ) ფონეტიკური ცვლილებების გამო გაირაიგოში ჩნდებიან ომონიმები, განსხვავებული საწყისის მაგრამ მსგავსი ჟღერადობის სიტყვები. სიტყვა «კუროსუ» {クロス} ნიშნავს სამოსს (cloth), აგრეთვე ნიშნავს ჯვარს (cross); სიტყვა «ბორუტო» {ボルト} - ბოლტი (bolt), ასევე ძაბვის ერთეული ვოლტი (volt). გაირაიგო იაპონური ორი მარცვლოვანი ანბანიდან ერთ-ერთით, კერძოდ კატაკანით ჩაიწერება. ზუსტად ამიტომ იაპონელს სიტყვაზე ერთი შეხედვით შეუძლია დაადგინოს მისი უცხოური წარმოშობა. გაირაიგოს კატაკანაგოსაც უწოდებენ, «სიტყვა, რომელიც კატაკანით იწერება». იშვიათად, ნასესხებ სიტყვებს წერენ იეროგლიფებით. ისე ირჩევენ, რომ იყოს მსგავსება მნიშვნელობითაც და ჟღერადობითაც. მაგალითად, სიტყვა boki (book keeping, booking “ბუღალტერია”) ჩაიწერება იეროგლიფებით «bo» {簿} (აღწერის წიგნაკი) და «ki» {記} (ჩაწერა). გაირაიგო იაპონურ ენაში თავისუფლად ცხოვრობს და ახალ მნიშვნელობებსაც იძენს, რომელიც ინგლისურ საწყისში არ მოიძებნება. ინგლისური კუთვნილების ნაცვალსახელიდან my (ჩემი) იაპონურში „პირადი, კერძოს“ მნიშვნელობით გამოიყენება: mai-kaa {マイカー} (კერძო მანქანა), mai-hoomu {マイホーム} (კერძო სახლი). სიტყვა feminisuto {フェミニスト} ხშირად გამოიყენება არა როგორც «ფემინისტი», არამედ როგორც «თავაზიანი მამაკაცი» ან «მეწარმე, რომელიც აწარმოებს პროდუქციას კონკრეტულად ქალებისთვის». საინტერესოა, რომ სიტყვა baikingu {バイキング} (ინგ. Viking) იაპონურში «შვედურ მაგიდას» ნიშნავს. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ისეთი გაირაიგოები, რომლებიც იაპონური ენის საზღვრებს გაცდენ. ამგვარი სიტყვებიდან ყველაზე ცნობილია anime. წარმოიშვა ინგლისური animation და შემდეგ შევიდა ყველა სხვა ენაში (მათ შორის ქართულშიც) და აღნიშნავს უშუალოდ იაპონურ მულტიპლიკაციას. ინგლისურ ენაში ასევე შევიდა სიტყვა puroresu {プロレス}, გამარტივებული ვერსია სიტყვისა purofesshonaruresuringu {プロフェッショナルレスリング} (ინგ. professional wrestling). ინგლისურში puroresu აღნიშნავს ამგვარი შოუს ნაირსახეობებს. ისეთი ცნობილი იაპონური სიტყვაც, როგორც კარაოკე, შეიცავს იაპონური საწყისის ელემენტს. Karaoke – არის შემოკლებული ვარიანტი სიტყვიდან karaokesutora {カラオケストラ}, რაც პირდაპირ ითარგმნება - «ცარიელი ორკესტრი», ანუ მუსიკის შესრულება სიტყვების გარეშე. ბოლო წლებში ქართულში შეაღწია სიტყვამ «ქოსფლეი». ამერიკულ ინგლისურში სიტყვა cosplay დაფიქსირდა ჯერ კიდევ 1980 წელს. ეს ტერმინი შედგება ინგლისური სიტყვებისგან costume + play, მაგრამ მისთვის სამაგალითო გახდა იაპონური შესატყვისი kosupure {コスプレ}. ეს არის ერთგვარი ჰობი, გატაცება – სხვადასხვა ფილმებისა და თამაშების საყვარელი პერსონაჟების ფორმების დამზადება და მათი ტარება. ეს მოვლენა დასაბამს იაპონური ანიმეს მოყვარულებისგან იღებს, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. საინტერესოა, რომ თანამედროვე იაპონელების მიერ გაირაიგოს აქტიური გამოყენება ზიანს არ აყენებს იაპონურ ენას. საინტერესოა ისიც, რომ იაპონელმა შეიძლება არ იცოდეს, თუ როგორ იწერება ან წარმოითქმის მისთვის ცნობილი სიტყვა-გაირაიგო ორიგინალში, ინგლისურად. მათ უკვირთ, როცა მათთვის ცნობილი სახელი Sumiisu {スミース} სინამდვილეში არის Smith. დიდი რაოდენობით გაირაიგოს ცოდნა იაპონელებს უადვილებთ ინგლისურის სწავლას, მაგრამ ამას საპირისპირო მხარეც აქვს, რადგან იაპონელები გაირაიგოს მიიჩნევენ ჩვეულებრივ ინგლისურად და ლაპარაკისას იყენებენ. მაგალითად, შეუძლიათ გამოიყენონ სიტყვა rimokon {リモコン} (პულტი) იმის გაუთვალისწინებლად, რომ საწყისი არის remote control, და მათი ვერსია აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში უცნობია. sutoobu {ストーブ} (stove, ღუმელი) – იაპონურად ნიშნავს ელექტრონულ გამათბობელს, რაც ორიგინალს საერთოდ არ შეესაბამება. მრავალსაუკუნოვანი ჩვევები, რომლებიც იაპონიამ სხვა ქვეყნებისა და ხალხისგან იზოლაციის დროს გამოიმუშავა ეხმარება მას გლობალიზაციის პირობებშიც შეინარჩუნოს იდენტობა. ასეთი მექანიზმები კარგად მოქმედებდნენ იაპონიის ეკონომიკის მაქსიმალური წარმატების პერიოდში, 1950-80-იანი წლებში. თუმცა ბოლო ათწლეულში ერთპოლარული ქვეყნის და იაპონიის ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში ლიდერის პოზიციის შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება. 2001 წელს იაპონიის მმართველობაში მოსული კოიძუმას კაბინეტი აქტიურად ცდილობს დანერგოს დასავლური, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ამერიკული ფასეულობები და ქცევის სტანდარტები. ეს აშკარად აისახება ინგლისური ენის პოზიციების გაძლიერებაშიც. დრო გვაჩვენებს, თუ რამდენად საფუძვლიანი აღმოჩნდება ეს ცვლილებები. გამოყენებული ლიტერატურა: 1. Заимствование Английских слов в Японском языке – Слюсаренко Анастасия Евгеньевна (Статья опубликована в рамках : VI Международной научно-практической конференции «Научное сообщество студентов XXI столетия. ГУМАНИТАРНЫЕ НАУКИ» (Россия, г. Новосибирск, 06 Декабря 2012 г.) 2. Эйго : АНГЛИЙСКИЙ В СОВРЕМЕННОЙ ЯПОНИИ - http://uchebnik-online.com/131/306.html 3. Япония : Язык и Общество – 6.2 Гайрайго и американизация японской массовой культуры – В. М. Алпатов 4. Японская Культура в Глобализирующемся Мире — Мошняга Павел Александрович [Журнал : «Знание. Понимание. Умение.» Выпуск №3. 2008г.]. |